ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივი და წელიწადის დროების ფოტოგენურობა
font-large font-small
ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივი და წელიწადის დროების ფოტოგენურობა
"შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრიდან იწყება"

მის ფოტოებს მოწონება და გავრცელების არეალი არასდროს აკლდა, თაყვანისმცემლების მრავალრიცხოვანი არმია კი სოციალური ქსელების გაჩენამ გაზარდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ქვეყნებს შორის საზღვრები ჩაიკეტა და ერთხანს ჩვენც რამდენიმე კვირით შინ გამოვიკეტეთ, "ფეისბუკზე" გამოფენილმა მისმა ფოტოებმა "გვამოგზაურა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და - არა მხოლოდ.


ბადრი ვადაჭკორია და მე ერთმანეთს თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობის წინ შევხვდით და ძველი თბილისის ქუჩებსა და აბანოთუბანში გავისეირნეთ. შემოდგომის თბილი დღე იყო, ალაგ-ალაგ მცხუნვარებადაკარგულ მზეს მუქი ღრუბელი ჩრდილავდა. გზად არაერთი ნაცნობი შეხვდა და ფოტოს გადაღების გარეშე არც ერთი არ გაუშვია... რამდენიმე მექორწილესაც გადავეყარეთ - წყვილები არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ცხოვრების ერთმანეთთან დაკავშირებას, ვიწრო წრის თანხლებით აღნიშნავდნენ.
ბოლო ხანს ჩვენს რეალობაში ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელება, მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს დაემსგავსა. როცა ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ამა თუ იმ ალბომში ფოტოს ბეჭდავს, სწორედ ასეთ მოკლე "ანოტაციას" ურთავს ხოლმე. მინდოდა, ჩვენი საუბარიც ასეთივე, ბლიცინტერვიუს მსგავსი გამოსულიყო, ოღონდ - ინფორმაციული...
- ყოველთვის ბევრს მოგზაურობთ, თუმცა, როცა საქართველო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობდა, ფოტოაპარატით ხელში ფეხით დადიოდით და ძველი თბილისის ქუჩებს იღებდით. იმ დროს ალბათ მეტად გამახვილებული გქონდათ ყურადღება ყველაფერზე და თუ აღმოაჩინეთ რამე ახალი, რაც მანამდე ყურადღების მიღმა რჩებოდა?
- როცა საქართველოსა და თბილისში მოძრაობა შეზღუდული იყო და ჩემი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში გადაადგილება შემეძლო, მაინც ვახერხებდი, 300 მეტრშიც "გავმძვრალიყავი". არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ ყოველდღიურად, როცა შინიდან გამოვდივარ და ჩემს პატარა, ერთ ციცქნა ქუჩაზე ვხედავ რაიმე ისეთს, რაც მანამდე არ შემიმჩნევია, - იქნება ეს ფანჯარა, კარის სახელური თუ რამე ახალი ფერი. ადამიანი თუ ეცდები, ყოველთვის აღმოაჩენ ახალს და ამით არის ეს ცხოვრება საინტერესო. მთავარია, ყურები არ ჩამოვყაროთ. რასაც ვერ შეცვლი, იმაზე არ უნდა ინერვიულო.
GzaPress
- ჰო, მაგრამ ხშირად არ გამოდის ასე...
- გასაგებია... შეიძლება ხასიათი მაქვს ასეთი და ამას იმიტომ ვამბობ, მაგრამ როცა გამოუვალი მდგომარეობაა, ვცდილობ, არსებულ რეალობას მოვერგო და საჩემოდ გამოვიყენო. მარტო ჩვენ ხომ არ ვართ ასე?! მთელი მსოფლიო გასაჭირშია და ვირუსის გამო სხვა ქვეყნებში უარესი მდგომარეობაა. ძნელია, შენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს არ ჩაეხუტო, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რეგულაციები დავიცვათ და ექიმების რჩევები გავითვალისწინოთ.
- თვის განმავლობაში ბევრს მოგზაურობთ, არაერთ რეგიონში ჩადიხართ, სათვალავი გერევათ ალბათ. შემოდგომაზე ყველაზე კარგი გადასაღები თქვენთვის რომელი მხარეა?
- შემოდგომის ყველაზე კარგი ფერები 20 ოქტომბრის შემდეგ იწყება. ულამაზესია: სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა. საერთოდ, შემოდგომა ძალიან ლამაზია საქართველოში.
- პირადად თქვენ, რომელი სეზონი გიყვართ გამორჩეულად?
- ყველაზე ფოტოგენური გაზაფხული და შემოდგომაა. თუმცა, რასაკვირველია, ყველა სეზონს აქვს თავის ხიბლი. შემოდგომასა და ზამთარში საბადურის ტყეა ულამაზესი. შემოდგომაზე გომბორის გზით მივდივარ თელავში, მერე - შუამთის ტყეში და იქ იშვიათი ფერები და ფანტასტიკა მხვდება. ამ დროს საფარაც ზღაპარია. ყველაზე ფოტოგენური კი ადიგენი მგონია.
- თქვენს ფოტოებს შორის, ყვავილებით სავსე მდელოები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს...
- კი, ასეა. ფოტოგენურობის თვალსაზრისით, ყაყაჩოებისა და სოსანების მდელოებია ულამაზესი, ან ორივე ერთად - ამ ორი მცენარის ნაზავი. სპეციალურად მივდივარ სოფელ ასპინძაში, ამ მდელოების გადასაღებად.
- დიდი ხანია, ფოტოგრაფიით ხართ დაკავებული. რამ მოგცათ ბიძგი?
- გურამ თიკანაძის არსებობამ გადამაწყვეტინა, ჟურნალისტი გავმხდარიყავი და ფოტოაპარატისთვის მომეკიდა ხელი. გურამი მრავალმხრივი ნიჭის პატრონი და გამორჩეული პიროვნება იყო. მისი ფოტოები რომ ვნახე, მაშინ გამიჩნდა გადაღების სურვილი. ეს იყო 60-იანი წლები. ლანჩხუთელი ბიჭი, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა თანამშრომლობა დავიწყე იმ დროის ცენტრალურ გაზეთებთან: "კომუნისტი", "ლელო", "სოფლის ცხოვრება"... ჩემს რეგიონზე პატარ-პატარა პუბლიკაციებს ვწერდი და თან ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვურთავდი. მამას არ ეგონა, უმაღლესში თუ წარმატებით ჩავაბარებდი. 60 მანეთი გამომატანა, თბილისიდან ტილოს შარვალი მაინც ჩამომიტანეო, მაგრამ "იმედი გავუცრუე" და სტუდენტი გავხდი. საერთოდ, ბედი მაქვს, არ ვუჩივი (იღიმის).
- უამრავ ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობა, აქ თუ საზღვარგარეთ, ფოტოალბომები და წიგნები - ეს ყველაფერი დაგითვლიათ?
- არა, არ ვითვლი. ასევე - ტელევიზია, სადაც ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო 34 წელი გავატარე. შტატში ვიყავი და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მაშინდელი ყველა თანამშრომლისთვის ზეიმი იყო სამსახურში მისვლა.
- ბევრი თქვენი გადაღებული ფოტო მოგწონთ ალბათ, მაგრამ რომელია კადრი, რომლითაც ამაყობთ?
- თავისთავად, ბევრი ჩემი ფოტო მიყვარს, იქნება ეს პორტრეტი, თუ რეპორტაჟული კადრი ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას პორტრეტები. არაერთი წიგნისა და ჟურნალის ყდაზეა გამოყენებული და კაციშვილმა არ იცის, ავტორი რომ მე ვარ.
GzaPress
- ბევრი ფოტოგრაფი განიცდის ამ ფაქტს, გწყინთ?
- რა თქმა უნდა, ავტორობის დაკარგვა რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, ვფიქრობ ხოლმე, კარგია - ხალხმა ნახა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში, ამერიკული ჟურნალის - "ლაიფის" ფოტოგრაფები პრეზიდენტებზე პოპულარულები იყვნენ. იქ ფოტოს მიხედვით ეწყობოდა მთელი ჟურნალი. წესით, ასეც უნდა იყოს, თუკი ღირებული და მნიშვნელოვანი ფოტოა. ჩვენთან ასე არ ხდებოდა. ტექსტის ავტორის გვარ-სახელი დიდი ასოებით ეწერა, ხოლო ფოტოსი - პატარა შრიფტით. 2005 წელს "ოქროს ფრთა" მივიღე, როგორც პუბლიცისტმა. იმ პერიოდში შეიძლება, ვიღაცამ იცოდა, რას ვწერდი, მაგრამ ახლა ეს არავის ახსოვს, სამაგიეროდ, სხვადასხვა წელს გადაღებული ჩემი ფოტოები გაცილებით მეტს ახსოვს, რადგან, როგორც ჩანს, ადამიანს ვიზუალური მახსოვრობა მეტად აქვს გამახვილებული.
- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თქვენივე გადაღებული ფოტო ვერ გეცნოთ?
- როგორ გითხრათ?.. დღეს უკვე ბევრი იმავე რაკურსით იღებს ფოტოებს, რომლითაც მე - წლების წინ. ამიტომ ზოგჯერ, ამგვარი მიმბაძველობის გამო, მიჭირს გარჩევა... ასე რომ, მიმდევრები მყავს, თან - ბევრი (იღიმის).
- პორტრეტები, პეიზაჟები, რეპორტაჟები... მაინც რომელია თქვენი?
- რეპორტაჟი. როცა წერა მომენატრება, ძირითადად "ფეისბუკზე" ვწერ პოსტებს. დრო არ მაქვს, სულ დავდივარ და... ჩემს წიგნებშიც კი სპეციალურად, მწირ ინფორმაციას ვაწვდი მკითხველ-დამთვალიერებელს. მინდა, ფოტომ გაუღვივოს ადამიანს მეტის გაგების ინტერესი და საქართველოს ამა თუ იმ კუთხის მონახულების სურვილი გაუჩინოს.
- ვფიქრობ, XXI საუკუნეში ვრცელი ტექსტები არც იკითხება. 3-4 აბზაცით გადმოცემულ სათქმელს მეტი მკითხველი ჰყავს...
- კი, ვრცელი ტექსტები არ იკითხება. ასეა მთელ მსოფლიოში.
- ბატონო ბადრი, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები რომ დასრულდება და მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ, აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდება, იმ დროისთვის რა გეგმები გაქვთ?
- ცენტრალური ამერიკის ქვეყნები უნდა მომევლო. გარდა ამისა, წელს მიწვეული ვიყავი მაროკოში, სადაც დაახლოებით ორი თვე უნდა გამეტარებინა; შემდეგ - მექსიკაში, ხელოვნების ფესტივალზე, სადაც საქართველოზე ლექციები უნდა წამეკითხა. შინ მაქვს მიწვევები, თვითმფრინავის ბილეთები, მაგრამ რას ვიზამთ?! მარტო მე ხომ არ ვარ ასე?! ვნახოთ, რა იქნება (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.