"თავს საცოდავად არ ვთვლი, სხვისგან ეს დამოკიდებულება არ მსიამოვნებს"
font-large font-small
"თავს საცოდავად არ ვთვლი, სხვისგან ეს დამოკიდებულება არ მსიამოვნებს"
40 წლის მზევინარ ირემაძე ხულოში, ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან სოფელ ღორჯომში ცხოვრობს. როგორც ამბობს, მისი სოფელი ძალიან ლამაზია. ამაში უკეთ დარწმუნდებით, თუ მესტუმრებითო, - მიმიპატიჟა კიდეც აჭარაში. სოციალურ ქსელში ვნახე მზევინარის ხელნაკეთი ჩანთები და ძალიან მომეწონა. როდესაც ინტერვიუზე შესათანხმებლად დავურეკე, არ ვიცოდი, შშმ პირი თუ იყო, საუბრისას მითხრა. გამაკვირვა მისმა შეუპოვრობამ, მებრძოლმა ხასიათმა და შრომისმოყვარეობამ.



ახლახან დაუფინანსეს პროექტი და სოფელში სამკერვალო გახსნა, თვითონაც დასაქმდა და სხვებიც დაასაქმა. გამოფენებსა და ფესტივალებში მონაწილეობს, შეკვეთებს კი "ფეისბუკ"-გვერდის საშუალებითაც იღებს.

- პროფესია არ მაქვს, რადგან შშმ პირი ვარ და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. პატარაობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ დაუგეგმავი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში: მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ძალა საერთოდ აღარ მქონდა. ნევროპათია, კუნთის მოდუნება დამიდგინეს. ეს დაავადება არ იკურნება. გერმანიაშიც გავგზავნეთ ანალიზები და იქიდანაც უიმედო პასუხი მოვიდა. მკურნალობას აზრი არ ჰქონდა და არც გამიგრძელებია. ორი წელია, საერთოდ ვეღარ დავდივარ. მანამდე, სხვისი დახმარებით, მაგრამ მაინც შემეძლო გადაადგილება. რთული პერიოდი გავიარე, შშმ პირისთვის სოფლის პირობებში ცხოვრება უფრო პრობლემატურია. კიდევ კარგი, რომ ძალიან კარგი მშობლები, ძმა და რძალი მყავს და ისინი მეხმარებიან.
GzaPress
- მზევინარ, როდის ისწავლეთ ქსოვა?
- ბებიამ იცოდა და მისგან ვისწავლე 6-7 წლის ასაკში. ზოგს უჭირს სწავლა, მაგრამ ჩემთვის რთული არ აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მიყვარდა ეს საქმე. თავიდან პატარა-პატარა რამეებს ვქსოვდი - წინდებს, ხელთათმანებს, მერე - თავშლებს, ფარდაგებს, თუმცა ძალიან შრომატევადია და ბევრ დროს საჭიროებს. შესაბამისად, ხალიჩები ძვირადაც იყიდება. რაც უნდა რთული ორნამენტი იყოს, თვალდახუჭულიც კი მოვქსოვ, თან ტელევიზორს ვუყურებ, თან ვსაუბრობ და თან ვქსოვ. გასულ ზამთარს ასამდე ხელთათმანი მოვქსოვე. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი ვარ. 3 წლის წინ რეწვის ასოციაციიდან გვესტუმრნენ, ჩამოგვიტანეს ქსოვილები, ძაფები და ბევრი სხვა მასალა. გარდა ამისა, აჭარის კულტურის სამინისტრომ ხალხური რეწვის ოსტატები დააფინანსა. ხარიტონ ახვლედიანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლების ხელშეწყობით შევისწავლეთ იქ დაცული ნიმუშები, უძველესი აჭარული ორნამენტები და ტექნიკა. ეს ცოდნა ახალი ნამუშევრების შესაქმნელად გამოვიყენეთ.
ერთი თვის წინ პროექტი 7.000 ლარით დამიფინანსეს და სამკერვალო გავხსენი. საკერავი და საქსოვი მანქანები ვიყიდე და რამდენიმე ადამიანიც დავასაქმე. ვკერავთ ყველაფერს - თეთრეულს, ფარდებს, სუფრებს, ვქარგავთ კიდეც. ქსოვასთან ერთად, ესეც ბებიასგან ვისწავლე. ყოველ წელს აქტიურად ვმონაწილეობდი გამოფენებსა და ფესტივალებში, მაგრამ წელს პანდემიის გამო მხოლოდ ერთხელ ჩატარდა და ტურისტებიც არ იყვნენ.
- მითხარით, ხალიჩებსაც ვქსოვო. მატყლსაც თვითონ ამუშავებთ?
- მატყლს ბევრი დამუშავება სჭირდება, მერე უნდა შეღებო, მოქსოვო. 20 დღე მაინც არის საჭირო ამ ყველაფრისთვის. როცა მასალა რეწვის ორგანიზაციას მოჰქონდა, მატყლი დამუშავებული და შეღებილი იყო, მაგრამ როცა ვყიდულობთ, თვითონვე ვამუშავებთ. შესაღებად ვიყენებთ ბუნებრივ საღებავებს, რადგან ფერი არ გადადის და უფრო ლამაზიცაა. სხვადასხვა ბალახით ვღებავთ.
GzaPress
- ჩანთებს რა მასალისგან კერავთ?
- ტილოს ნაჭრისგან ვკერავ და ვქარგავ. მოსწავლეებიც მყავს, დაახლოებით ათამდე. მიხარია, რომ ბავშვებს ქსოვა და ქარგვა აინტერესებთ, მე კი ჩემი საქმე მაქვს. თუ ადამიანს მუშაობა უნდა, არა აქვს მნიშვნელობა, ეტლით მოსარგებლეა თუ არა. ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ხელის ჩაქნევა არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, არ მინდოდა, ვინმეს შევბრალებოდი და ეთქვა, რა ცოდვააო!.. დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეგუე. ერთხელ მაღაზიაში შევიდა ჩემი რძალი, მე კი, რადგან პანდუსი არ იყო, გარეთ დავრჩი ეტლით. ვიღაც ქალი მოვიდა, საფულე ამოიღო და 50 თეთრი გამომიწოდა. ძალიან გავბრაზდი და ვეჩხუბე. ვინც სთხოვს, იმ ადამიანებს მისცეს, მისთვის დახმარება ხომ არ მითხოვია!.. თავს საცოდავად არ ვთვლი და სხვისგან არ მსიამოვნებს ეს დამოკიდებულება. იმიტომაც ვიბრძვი, რომ მინდა, შევძლო და ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია მაქსიმალურად მოვახდინო.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.