ქიმიოთერაპიიდან - "ქიმიაში"
font-large font-small
ქიმიოთერაპიიდან - "ქიმიაში"
...ახლა ის გამოჯანმრთელებაში სხვებს ეხმარება

"ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ამ ვიტრინასთან ვიდექი და პარიკს ვარჩევდი. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთი წლის შემდეგ, იმავე ვიტრინასთან, იმავე რიცხვში, ბედნიერად ჩავივლიდი, თან უკვე - საკუთარი თმით", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში ანა სააკაძემ ახლახან გამოაქვეყნა. ის ტელესერიალ "ქიმიის" მეცხრე სერიაში, პარიკების მაღაზიის ვიტრინაში მომზირალი ხუჭუჭთმიანი გოგონაა.



ზუსტად ერთი წლის წინ მან ქიმიოთერაპიის მძიმე კურსი დაიწყო. მკურნალობდა, როცა სერიალის კონსულტანტობა სთხოვეს. როგორც ფილმის შემქმნელები ამბობენ, ეგონათ, უარს მიიღებდნენ, ეტყოდა, ამ თემაზე საუბარი არ მსურსო, მაგრამ შეცდნენ. ანა მათ სიამოვნებით დათანხმდა და მაყურებლისთვის სათქმელის სწორად მიწოდებაში დაეხმარა. დღეს ანა ჯანმრთელია და გამოჯანმრთელებაში სხვებს ეხმარება.

- რატომღაც ადამიანებს ხშირად ჰგონიათ: "მე ავად არ გავხდები", "ეს დაავადება არ დამემართება". მეც დაახლოებით ასეთი ვიყავი, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას ყოველთვის ვაკონტროლებდი. ადამიანების ნაწილს ონკოლოგიური დაავადებების ძალიან ეშინიათ, მაგრამ ექიმთან არ მიდიან. ახალი წლის წინა პერიოდში, ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა შედარებით მეტი თავისუფალი დრო მქონდა, ექიმთან გამოკვლევაზე მივედი. ეჭვი დაიბადა, რომ საქმე ონკოლოგიურ პრობლემასთან გვქონდა. კვლევას იმ ეჭვის გასაქრობად შევყევი - მინდოდა დამემტკიცებინა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.
- პირველი ემოცია რა იყო?
- უი, ეს მეც დამემართა?!
- დაიბენით?
- ამ დროს თავში უამრავი აზრი ერთდროულად მოდის. პირველად ის ამბები გამახსენდა, რაც ამ დაავადებაზე საზოგადოების მხრიდან მქონდა გაგებული. შემდეგ, დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ბევრი წარმოდგენა მცდარი იყო. რა თქმა უნდა, შიშიც მქონდა. რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო, რომ ტყუილია, დიაგნოზი გადაამოწმო, იარო კლინიკებში, მაგრამ რაღაც მომენტში უნდა გაჩერდე და მოქმედება დაიწყო. მთავარია, თავი ხელში დროზე აიყვანო.
GzaPress
- პრობლემის შესახებ პირველად ვის უთხარით?
- მამას. ბავშვობიდან ეს ჩვევა მქონდა - წავიქცეოდი თუ რაიმე ხიფათი შემემთხვეოდა, მამასთან მივრბოდი და ვეუბნებოდი. მამა პროფესიით მიკრობიოლოგია, პრობლემას ჯანსაღად მიუდგა. პროფესია დაეხმარა, თუმცა ამ დროს, პირველ რიგში, მშობელი ხარ და მერე - პროფესიონალი. ნერვიულობას არ იმჩნევდა თუ არ მაგრძნობინებდა. მამამ მკურნალობის პროცესი გამიადვილა. გარშემო ქაოსი იყო. ამ ქაოსის მიმართ პროტესტი მქონდა. დამინიშნეს მკურნალობის კურსი და პრობლემის აღმოფხვრა ნელ-ნელა დავიწყეთ. როდესაც მედიცინა, რწმენა, განწყობა, სურვილი ერთმანეთში ზავდება, დიდ რეაქციაში შედის და სასწაულს ახდენს.
- როდესაც "ქიმიიდან" დაგირეკეს, გადასხმაზე იყავით, ეს დღე გაიხსენეთ.
- დიახ, ქიმიოთერაპიის კურსი დასრულებული არ მქონდა, მაგრამ იმ დღეებში სახლში ვიყავი გამოკეტილი. ამ ზარმა ძალიან გამახარა. აზრი მკითხეს, როგორც ონკოპაციენტს, დიდხანს ვისაუბრეთ. ამ დიალოგიდან რამდენიმე დღე რომ გავიდა, ვიჯექი და ვფიქრობდი, ეს ზარი ხომ ნამდვილი იყო, ხომ არაფერი მომეჩვენა? ყოველთვის მინდოდა, ამ პერიოდში დაგროვილი სათქმელი ამომეთქვა.
- საზოგადოების მიმართ პროტესტი რის გამო გქონდათ? ამ დროს რა შეცდომებს ვუშვებთ, რა უნდა ვისწავლოთ?
- ხშირ შემთხვევაში, საზოგადოებას ონკოლოგიაზე წარმოდგენა არა აქვს და პაციენტის ამ ისედაც რთულ მდგომარეობას, საკუთარი მძიმე წარმოდგენებით ტვირთავენ. ამ თემაზე ხშირად ვფიქრობდი, მქონდა პროტესტი და სულ მინდოდა მომეყოლა ადამიანებისთვის, - ეს ასე კი არ არის, ასეა... ქიმიოთერაპია მკურნალობის სერიოზული მოდელია და ტაბუდადებული თემა არ უნდა იყოს. ქიმიოთერაპია საშინელება ჰგონიათ და მკურნალობაზე უარს ამბობენ. როცა ჩემზე იგებენ, - შენ ქიმია გაიკეთეო? - მერე უცნაურად მიყურებენ. ტელესივრცეში ამ ახალი პროექტის დაბადებამ ძალიან გამახარა, თან ასეთ მგრძნობიარე თემას შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ძალიან ფაქიზად და ფრთხილად მიუდგნენ. უცნაური შეგრძნებაა, როცა რეალური ქიმიოთერაპიიდან პროექტში "ქიმია" ხვდები. მახსოვს, მსახიობმა ჩემი ნააზრევი და გზავნილი პირველად რომ წარმოთქვა, სუნთქვა შემეკრა. ეს ეპიზოდი ჯერ არ გასულა.
ჩემს ცხოვრებაში დასრულდა რეალური ქიმიოთერაპია და დავრჩი პროექტში "ქიმია", გამოვჯანმრთელდი. ეს ისეთი დაავადებაა, რაღაცები შენი თავიდან თავად უნდა გაუშვა, ჰოდა, მეც გავუშვი. დიდი გამოცდილება და სათქმელი დამიტოვა. მერწმუნეთ, ამ დროს ზედმეტი სოლიდარობაც გამაღიზიანებელია.
- თქვენს შემთხვევაში, ასეთი მაგალითი მრავლად იყო?
- იყო. ერთს გავიხსენებ. კლინიკაში ვიწექი, სანახავად ერთი გოგო მოვიდა. ის ჩემი არც ძალიან ახლობელი იყო, არც ძალიან უცხო, მაგრამ ვფიქრობ, ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, შეიძლება, საერთოდ არც შევხვედროდი. გამიხარდა, კონტაქტური ვიყავი, ბევრი ვილაპარაკეთ, გავიცინეთ, მაგრამ... მან მხარი შემომთავაზა, რომ მეტირა. გარკვეული დროის შემდეგ, ძალიან წარბშეკრულმა და დადარდიანებულმა მკითხა, ქიმიას გიწყებენო? მისი იქ ყოფნისას ექთანი რამდენჯერმე იყო ჩემთან შემოსული, ერთი სისტემა მომიხსნა, მეორე დამიყენა. ვუპასუხე, ქიმიის გადასხმა ამ წუთში ხდება-მეთქი. ისე შეეშინდა და დაფეთდა, უკანაც კი დაიხია. ქიმია ხალხს რაღაც საშინელება ჰგონია. ბევრი შიშის გამო ექიმთანაც არ მიდის, არადა, სკრინინგი იმისთვისაა საჭირო, რომ სხვადასხვაგვარი დაავადებისგან თავი დავიზღვიოთ. მნიშვნელოვანია დროული გამოვლენა, ასე ყველაფერი გაცილებით მარტივია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემის შესახებ გვიან იგებენ, მაგრამ მკურნალობას თუ სწორად წარმართავენ, მათი შანსებიც ძალიან დიდია. მეოთხე სტადიის პაციენტები თავად მინახავს. მუშაობენ, ცხოვრობენ და ბედნიერად არიან. შანსი ყველას აქვს, მთავარია, პრობლემას არ გაექცნენ.
- ანა, ამ პროექტის მიღმა რას საქმიანობთ?
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ამჟამად ცხოველთა უფლებების დაცვით ვარ დაკავებული. ასევე მაქვს ჩემი სტარტაპი, რომელიც იმ პერიოდში აღორძინდა, როცა ამ დაავადების შესახებ გავიგე და პატარა პაუზა გამომივიდა. ამის გამო დაავადებაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი.
GzaPress
- ამ თემაზე ლაპარაკი არ გიყვართ, მაგრამ ვიცი, დღეს ონკოპაციენტებს მხარში უდგახართ, ექიმთან მიჰყვებით გამოკვლევებზე, ამხნევებთ, გამოცდილებას უზიარებთ...
- არანაირი წინასწარი განწყობა არ მქონია, რომ ეს უნდა მეკეთებინა. როცა შეგიძლია, ვიღაცას დახმარების ხელი გაუწოდო, ამაზე უარი რატომ უნდა თქვა?! მთავარია, პაციენტი არ გამექცეს. ამ დროს უმრავლესობა დაბნეულია. სულ ცდილობენ, უფრო მარტივი გზა იპოვონ. მხოლოდ ის გაიგონ, რისი გაგებაც უნდათ.
- ძალიან ბევრის ამბავი გექნებათ მოსმენილი. ემოციურად ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- ამ შემთხვევამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. მაშინ ქიმიოთერაპია დაწყებული არ მქონდა, კვლევის პროცესში ვიყავი. ამ დროს უამრავ პაციენტთან მიწევდა შეხვედრა, ზოგიერთს მეორე დღესაც ვხვდებოდი. ერთი ქალბატონი იყო, რომელსაც მკურნალობა უნდა დაეწყო. ძალიან მარტივი მდგომარეობა ჰქონდა. შემდგომ დღეებში ეს ქალბატონი ვეღარ ვნახე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომ აღარ გამოჩნდა, მოვიკითხე და მითხრეს, თვითნებური მკურნალობა დაუწყია, რაღაც დაულევია, რის გამოც კუჭი და სხვა ორგანოებიც დაუზიანებია, მდგომარეობა იმდენად გაურთულებია, ქიმიოთერაპიის გაკეთება აღარ შეიძლებოდაო. ძალიან მალე დაღუპულა. ეს ამბავი ჩემთვის შოკი იყო. ახლაც სულ მეშინია, ადამიანი რომ დაბნეულია, არასწორი არჩევანი არ გააკეთოს.
- ბოლოს რას გვეტყვით?
- ადამიანებს, რომლებსაც ონკოლოგიურ პრობლემასთან შეხება არ ჰქონიათ, ძალიან ვთხოვ, მცდარ, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ. ხანდახან სოციალურ ქსელში ვრცელდება ქიმიოთერაპიაზე, რომ საშინელებაა; ამ ამბის გამზიარებელი 2 საათში ხაჭაპურის რეცეპტს აზიარებს და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება, გაუცნობიერებლად ვიღაცას ქიმიოთერაპიით მკურნალობაზე უარი ათქმევინა და გამოჯანმრთელების შანსი ხელიდან გააშვებინა.
გთხოვთ, არ გადადოთ კვლევები და მკურნალობა ბოლომდე მიიყვანეთ!.. ვფიქრობ, ცნობიერების ამაღლებაში მაყურებელს "ქიმია" ძალიან დაეხმარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა რეალური პაციენტები იწერებიან, - თქვენ ჩვენს სათქმელს ამბობთო. ზოგიერთს ეგონა, ვერ უყურებდა, დაამძიმებდა, მაგრამ დღეს ეს პროექტი მოსწონთ.
ძალიან ბევრ ადამიანს ამ დაავადებასთან თავისი წილი ტკივილი აკავშირებს. ზოგმა დედა დაკარგა, ზოგმა - შვილი, ახლობელი... როცა ამ დაავადებაზე ამ ფორმით ვლაპარაკობთ, იმას არ ნიშნავს, რომ მას ვამსუბუქებთ. ონკოლოგია რთულია, მაგრამ ბევრი მეთოდი არსებობს იმისთვის, რომ პროცესი ნაკლებად მტკივნეული გავხადოთ.
სერიალი "ქიმია" ნამდვილად ამსხვრევს სტერეოტიპებს. ის პაციენტს დაეხმარება, ექიმის კაბინეტამდე მივიდეს, კარზე მისულს კი გამბედაობას მისცემს, რომ დააკაკუნოს და თამამად შევიდეს. სიტყვა "ონკოპაციენტი" უთმო, ფერმკრთალ ადამიანს არ ნიშნავს!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.