ახალგაზრდა მოდელის 7-წლიანი ემიგრაცია
font-large font-small
ახალგაზრდა მოდელის 7-წლიანი ემიგრაცია
"შემეცვალა აზრი, მეტად დავაფასე საკუთარი ქვეყანაც და ქართველი ბიჭებიც..."

სოციალურ ქსელში ულამაზესი ქართველი გოგოს ფოტოებს წავაწყდი - ის ავსტრიაში მცხოვრები 25 წლის ანთისა ბუცხრიკიძეა. ახალი ჩასული იყო ავსტრიაში, მისი ფოტო იტალიური "ვოგის" საიტზე რომ აიტვირთა. კონტრაქტი გააფორმა ერთ-ერთ მსხვილ სამოდელო სააგენტოსთან, იღებენ ცნობილი კომპანიების რეკლამებში, თან სწავლობს, თან ავსტრიული და ამერიკული ჟურნალებისთვის სტატიებს ამზადებს.


- ქუთაისში დავიბადე, მაგრამ თბილისში ვიზრდებოდი. 19 წლამდე საქართველოში ვცხოვრობდი. 13 წლისა სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელში" მივედი თაკო ჩხეიძესთან, შემდეგ - "ლუქმოდელსში" ნინო ცქიტიშვილთან. 2011-ში "მის საქართველოს" კონკურსში ვმონაწილეობდი და "მის ფოტოგენურობა" გავხდი, მიღებდნენ რეკლამებშიც. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელი სეუში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ყოველთვის ვოცნებობდი ამერიკაში წასვლასა და იქ სწავლაზე. ვიზის მისაღებადაც გავედი, მაგრამ უარი მივიღე. ავსტრიაში მყავდა მეგობარი, რომელმაც მირჩია, საბუთები, ნიშნების ფურცელი გამეგზავნა და უნივერსიტეტში მიიტანდა. 3 თვეში მომივიდა პასუხი, რომ მიმიღეს და 2014 წლის სექტემბერში ჩამოვედი ვენაში, სადაც დღემდე ვცხოვრობ. სკოლის პერიოდში ვცეკვავდი და ხშირად დავდიოდით გასტროლებზე. ეს არ იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, მაგრამ აქაურობამ მაინც სხვა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პირველ რიგში, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა, წესრიგი და სისუფთავე იყო, ასეთი სისუფთავე ევროპის არც ერთ ქალაქში არ მინახავს.
- სად სწავლობთ?
- თავდაპირველად საბუთები პუბლიცისტიკისა და კომუნიკაციების ფაკულტეტზე შევიტანე. აქ, სადაც უნდა სწავლობდე, აუცილებლად უნდა აიღო გერმანული ენის სერტიფიკატი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო პროცესი ინგლისურენოვანია. წელიწად-ნახევარი გერმანულს ვსწავლობდი. ამასობაში აზრი შევიცვალე და საბუთები ამერიკული კვლევების ფაკულტეტზე შევიტანე. აქ შედის მედია, კულტურა და ლიტერატურა, 4-წლიანია და უკვე ერთ წელიწადში სწავლას დავამთავრებ.
- სამოდელო კარიერა ავსტრიაშიც გააგრძელეთ, ხომ?
- ავსტრიაში ჩამოსვლის შემდეგ გავაფორმე კონტრაქტი სააგენტოსთან, რომელსაც ასევე "ლუქმოდელსი" ჰქვია, თუმცა არანაირი კავშირი არა აქვს ქართულ სამოდელოსთან. კონტრაქტი 5-წლიანია. სააგენტოს თანხმობის გარეშე არ მაქვს უფლება, გადაღებას დავთანხმდე, ყველა საკითხს თვითონ აგვარებენ. ეს საკმაოდ დიდი და ცნობილი სამოდელოა, სადაც მარტო გოგონების რაოდენობა 800-ს აღწევს, ბიჭების - ზუსტად არ ვიცი. მისი მფლობელი კი ისეთ ცნობილ მოდელებთან მუშაობდა, როგორებიც არიან ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო და ა.შ. საკმაოდ ხშირადაა ფოტო და ვიდეოგადაღება, თუმცა ამ წელს ბევრი სამეცადინოც მაქვს და გადაღებებისთვის ცოტა დრო მრჩება. ეს პროფესია ჩემთვის ჰობის დონეზეა, არ არის ის, რისი გაკეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. ამ ეტაპზე პრაქტიკას 2 სხვადასხვა ჟურნალში გავდივარ - ვწერ ინგლისურენოვან ჟურნალში, რომელიც ვენაში გამოდის და "მეტროპოლი" ჰქვია; ასევე ვთანამშრომლობ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ჟურნალთან. "მეტროპოლი" ორიენტირებულია საზღვარგარეთიდან ავსტრიაში ჩამოსულ ხალხზე, რათა დავაკვალიანოთ და გავუადვილოთ აქ ცხოვრება. ძალიან მომწონს ეს საქმე და ამ სფეროში გავაგრძელებ მუშაობას. შეიძლება, ამერიკაშიც წავიდე.
GzaPress
- 19 წლის ჩახვედით უცხო ქვეყანაში და რა სირთულეების გადალახვა მოგიხდათ?
- ბავშვობიდან ვოცნებობდი მოგზაურობაზე, მარტო ცხოვრებაზე და ეს ნატვრაც ამიხდა. თავდაპირველად ენის ბარიერი თუ მაწუხებდა, მერე და მერე ნოსტალგია დამეწყო. 2-3 წლის შემდეგ გამიჭირდა - როდესაც დავფიქრდი იმაზე, ჩემი ქვეყნისა და ახლობლებისგან რამდენად შორს ვიყავი, საქართველოში დაბრუნება მომინდა. 7 წელი გახდება, რაც ავსტრიაში ვცხოვრობ და ახლა უკვე მივეჩვიე აქაურ რიტმს, თუმცა ზაფხულის 2-3 თვეს მაინც მანდ ვატარებ. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან.
- სამომავლო გეგმები რომელ ქვეყანას უკავშირდება?
- სწავლას რომ დავამთავრებ, ცოტა ხნით ამერიკაში მინდა წავიდე სამუშაოდ, ჩემი პროფესიით. ისე კი, მანდ მირჩევნია ცხოვრება. გეგმაში მაქვს საქართველოში დაბრუნება და მანდ ცხოვრება მინდა, თუმცა არ ვიცი, რა მოხდება.
- თუ მანამდე არ დაოჯახდით... ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ...
- (იცინის) არა მაქვს ისეთი განწყობა, რა დროს შვილები და ოჯახია, ჯერ კარიერა და მერე შვილები-მეთქი, რომ ვამბობდე. თუ კარგ ადამიანს შევხვდები, ამაზე ვიფიქრებ. ავსტრიელები ძალიან განსხვავდებიან ქართველი კაცებისგან - ჩემს სამეგობროს რომ ვუყურებ, ქართველ ბიჭებს ვგულისხმობ, გამორჩეულები არიან, სხვანაირად უყურებენ ბიჭისა და გოგოს ურთიერთობას და ეს ყველაფერი მომწონს, ჯენტლმენები არიან. ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ჩემს მეგობარს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ნახვა და ჩამოვიყვანე. 20-კილოიანი ჩანთა მქონდა, რადგან დიდი ხნით ვრჩებოდი და ის მოდიოდა პატარა ზურგჩანთით. აეროპორტში დამხვდა მეგობარი ბიჭი და როდესაც დაინახა, თვითონ მოვათრევდი ამ ტვირთს, გაუკვირდა, ვერ მიხვდა, რატომ არ მეხმარებოდა ის ავსტრიელი. მიზეზი ვკითხე, რატომ იქცევით-მეთქი ასე? მიპასუხა, - შენც გაქვს შესაძლებლობა და ძალა, თვითონაც შეგიძლია ჩანთის წამოღება, არ მინდოდა, ამით შეურაცხყოფა მომეყენებინა და მეჩვენებინა, რომ შენზე ძლიერი ვარო. შეიძლება, ამაში მართლაც არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ მაინც არც მესმის და არც მომწონს ასეთი რამეები.
- როგორია თქვენთვის "კარგი ადამიანი", პრეტენზიული ხომ არ ხართ?
- სანდო უნდა იყოს. ურთიერთობაში ურთიერთპატივისცემაა მთავარი. არ მიყვარს შეზღუდვები, ასე არ ვიზრდებოდი. ერთ დღეს მივედი დედასთან და ვუთხარი, - დედა, საზღვარგარეთ მინდა სწავლა და თუ დამეხმარები-მეთქი? - კი, თუ მიგიღებენ, წადი, მე ყველანაირად შეგიწყობ ხელსო. მენდო. შეშინებული და დაზაფრული არასდროს ვყოფილვარ - ეს არის პირველი, რაც უნდა ვიგრძნო პარტნიორისგანაც.
- აქვს მნიშვნელობა, თქვენი რჩეული ქართველი იქნება თუ არა?
- რა თქმა უნდა, მირჩევნია, იყოს ქართველი, რომელსაც ესმის ჩემი კულტურა, ესმის ჩემიანების და ა.შ. თუმცა, თუ კარგი ადამიანია, უარს არ ვიტყვი მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველი არ არის. ხშირად აქილიკებენ ქართველ კაცებს და ერთხანს მეც სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ უნდა იცნობდე სხვებსაც, რომ შეადარო და ისე გადაწყვიტო, უკეთესი რომელია. კარგები და ცუდები ყველგან არიან. რაც აქ ჩამოვედი, აზრი შემეცვალა ქართველებზეც და საქართველოზეც, მეტად დავაფასე საკუთარი... მანდედან ლამაზ ფერებში გეჩვენება ბევრი რამ - ასეა საერთოდ. მე თბილ გარემოში გავიზარდე, სადაც იცოდნენ მეგობრობა, მეზობლობა და აქ ასე არ არის. ამიტომაც უფრო ვაფასებ ქართველებს.
GzaPress
- რა სჭირდება მოდელს წარმატებისთვის?
- თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ვიღაცამ უნდა შეგამჩნიოს და შანსი მოგცეს. პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ გარეგნობასთან ერთად ხიბლავთ შენი ხასიათიც. ბევრჯერ კასტინგზე ჩემზე ბევრად ლამაზი გოგონები ყოფილან, მაგრამ მაინც მე ავურჩევივარ. ჩემი მენეჯერი მეუბნება ხოლმე, - მუდმივად ბედნიერებას ასხივებ, სულ იღიმი, ენერგიული ხარ და მგონი, ეს უფრო ხიბლავთო. შავთმიან და შავთვალა გოგოს თუ ეძებენ, მე არ ამირჩევენ, მაგრამ ხასიათსა და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- როგორც ჩანს, სხვისი სილამაზის აღიარება არ გიჭირთ.
- რას ამბობთ, მეგობრები სულ მაგაზე იცინიან - როდესაც ქუჩაში მეგობარ ბიჭებთან ერთად ვარ, მე უფრო ვამჩნევ ლამაზ გოგონებს და უფრო გამოვხატავ აღტაცებას, ვიდრე ისინი. სულ არ მაკომპლექსებს სხვისი სილამაზე. არასდროს მქონია იმის შეგრძნება, რომ ვიღაცაზე ლამაზი ვარ, რადგან 13 წლის შემდეგ სამოდელო სააგენტოებში უამრავ ლამაზ გოგოს ვხედავდი.
- დაბოლოს, ავსტრიაში პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზეც უნდა გკითხოთ.
- თავიდან წესრიგი იყო, ინფიცირებულთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა, ზაფხულის შემდეგ კი საშინელება ხდება. ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოგვაცხადა წითელ ზონად, დღეში 3-დან 5 ათას კაცამდე ემატება. ავსტრია პატარა ქვეყანაა და ეს კატასტროფაა მისთვის. თითქმის ყველაფერი დაკეტილია. რესტორნები მუშაობს, მაგრამ სანამ რამეს შეუკვეთ, სპეციალური ანკეტა უნდა შეავსო, ვინ ხარ, სახელი, გვარი და ნომერი, რომ ვინმეს როცა დაუდასტურდება, დაგირეკონ. ალბათ კვლავ კარანტინს გამოაცხადებენ, ასე ამბობენ. ამ ყველაფერს წინა კვირას მომხდარი ტერაქტიც დაემატა. სამწუხაროდ, ტერორისტები თვითონ აჩენენ უნდობლობას მუსლიმანური სამყაროს მიმართ, თორემ მე უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ღირსეული ადამიანები არიან. ქუჩაში პირბადეების გაკეთებას არ გვთხოვენ, მაგრამ დახურულ სივრცეში ყველგან უნდა გეკეთოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადგილობრივების განწყობა მშვიდია, მუდმივად დაუმორჩილებლობასა და აჯანყებაზე არ ფიქრობენ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რის გამო სწყდება გული პედაგოგად და ფეხბურთელად დაბადებულ თამაზ ჯავახიშვილს
ქართველი მხატვრის კიდევ ერთი წარმატება საზღვრებს მიღმა
ახლახან ნათელა იანქოშვილის ერთი მხატვრის მუზეუმმა საქართველოს თანამედროვე მხატვართა საშემოდგომო გამოფენას უმასპინძლა.
წარმატებული კარიკატურისტის გამარჯვებები და... სატკივარი
თუ გინდა იყო ბედნიერი, გააშენე ბაღი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.