ხელნაკეთი მინიატიურული ნივთებით შექმნილი საახალწლო განწყობა
font-large font-small
ხელნაკეთი მინიატიურული ნივთებით შექმნილი საახალწლო განწყობა
"ჩემს შექმნილ ყველა სახლში სიამოვნებით ვიცხოვრებდი"

დიდი ფანტაზია, დრო, სიმარჯვე და ნებისყოფა სჭირდება იმ ფიგურებზე მუშაობას, რომლებიც მხოლოდ თავისი მცირე ზომების გამო განსხვავდება რეალურისგან. ხე, თაბაშირი, ბისერები, ქაღალდი, ქსოვილები, პოლიმერული თიხა, განათება, მელოდია - ეს ყველაფერი იმ მინიატიურების ერთობლიობაა, რომლის ყველა დეტალი დიდი ხნის განმავლობაში შეგიძლია ათვალიერო. ამა თუ იმ სახლს თავის მელოდიაც აქვს ჩამონტაჟებული და განათებაც. ამ უკანასკნელის გამო, სურვილისამებრ შეიძლება ნივთებს სანათის დატვირთვაც მივანიჭოთ.


თემა მრავალფეროვანია: რეტრო კაფე, საშობაო დახლი, საფუნთუშეები, სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ინტერიერი და წითელი ოთახი, სადაც ნაძვის ხის მორთვა დასრულებულია, საჩუქრებიც გამზადებულია და ახლა ბუხრის წინ სავარძლებში მოკალათებულებმა, შეგვიძლია მარწყვის ტორტი ჩაისთან ერთად მივირთვათ.

2020 წლის გაზაფხულზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინი რომ გამოცხადდა და რამდენიმე კვირით შინ გამოვიკეტეთ, ადამიანებმა თავის ნიჭი სხვადასხვა სფეროში გამოავლინეს. ერთმა ნაწილმა თავის ჰობი მეტად განავითარა და დახვეწა, მეორემ სრულიად ახალ გატაცებას მისცა გასაქანი. პროფესიით ფინანსისტმა ელენე ნემსაძემ, სწორედ მაშინ დაიწყო და დღემდე აგრძელებს მინიატიურული სახლებისა და სხვადასხვა ნივთის შექმნას.
GzaPress
- სულ სიახლეებს ვეძებ. ბავშვობიდან დავდიოდი ხატვაზე და მთელი ცხოვრება მომდევს. დედა კარგად ქარგავდა, მისი ყურებისას ეს საქმე მეც შევისწავლე და სერიოზული ნამუშევრები მაქვს შექმნილი. ხატვა ქარგვით ჩავანაცვლე და ის ჩემთვის საუკეთესო რელაქსი იყო. საერთოდ, რასაც ხელსაქმეს ეძახიან, იქნება ეს ქსოვა, კერვა, კედლის ღებვა, რესტავრაცია და ა.შ., თითქმის ყველაფერი მეხერხება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კერამიკაზე მუშაობით დავინტერესდი. ძერწვაც გამომივიდა და კერამიკის კურსებზე დღემდე დავდივარ. მომავალში კიდევ ბევრი რამის შესწავლა მინდა და იმედი მაქვს, გაზაფხულზე ჩემი იდეების სისრულეში მოყვანას დავიწყებ.
- კერამიკის ჭურჭელს ქმნით თუ სხვა ნივთებს?
- კარგი კითხვაა. კერამიკული ფილების ინტერესით დავიწყე. მომწონს და მინდოდა შინ კერამიკული ფილების კედელი გამეკეთებინა. ეს საქმე იმდენად მომეწონა და გამიტკბა, შემდეგ ჭურჭლის კეთებაზეც გადავინაცვლე. გაკეთებული მაქვს: თეფშები, ჭიქები, სხვადასხვა ფიგურა და კომპოზიცია. რაც შეეხება მინიატურებს, მათშიც მაქვს გამოყენებული კერამიკა - საახალწლო ატრიბუტიკა და ჭურჭელი ასე მაქვს გაკეთებული, რადგან ვფიქრობ, გაცილებით ეფექტური გამოდის.
GzaPress
- თქვენი მინიატიურული სახლები და ოთახები რომ ვნახე, იმდენად დახვეწილია, სხვადასხვა კუთხითაც გექნებოდათ გამოცდილება...
- ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლაც ვცდილობ, სხვადასხვა საქმეს დავეუფლო. ამ პანდემიისას, ბედის ირონიით ისე მოხდა, რომ ყველა ჩემი ცოდნა ერთი მიმართულებით გავაერთიანე. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ ხეზე და პოლიმერულ თიხაზე მუშაობაც ვისწავლე. შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ ვინაიდან მინიატიურებისთვის დამჭირდა, გავაკეთე ხის ავეჯი, ბუხარი და სხვა ნივთები. არავითარი დანადგარი არ მაქვს, ხელით ვმუშაობ და ვცდილობ, არ იყოს პრიმიტიული, ეფექტიც ჰქონდეს. რაც შეეხება პოლიმერულ თიხას, პლასტილინივითაა და როცა ნივთებს გამოვძერწავ, ჩვეულებრივ ღუმელში 10 წუთით გამოწვა საკმარისია. დასაფერად ცარცს ვიყენებ. ასეა დამზადებული პური, ნამცხვრები თუ სხვა ტკბილეული. სახლებში ყველა ნივთი თუ დეტალი ჩემი შექმნილია, მათ შორის ნაძვის ხის სათამაშოებიც, რომელიც ბისერებით გავაკეთე.
GzaPress
- რაც უფრო პატარაა ნივთი, მით რთულია მისი დამზადება, თუმცა სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ხვდება. სანამ მუშაობას დაიწყებთ, წინასწარ თუ გაქვთ მაკეტი ან მონახაზი და თქვენი ნამუშევრებიდან რომელ ინტერიერში იცხოვრებდით დიდი სიამოვნებით?
- სამი ბლოკნოტი მაქვს. სულ ვცდილობ წინასწარ ჩავხატო და ჩამოვწერო მათში გეგმა, მაგრამ ამას ვერასდროს ვახერხებ. მუშაობისას ხდება ცვლილებები, რადგან ზოგჯერ რაღაცის ფერი ან ზომა არ მომწონს. ასე რომ, მონახაზი უფრო მეტად გონებაში მაქვს, ვიდრე ფურცელზე. სახლებში შექმნილი ყველა დეტალი თავიდან ბოლომდე ჩემი გაკეთებულია. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ 1 დღე საკმარისი იქნება რაღაცის შესაქმნელად, მაგრამ სინამდვილეში, ეს დრო შეიძლება მხოლოდ ირმის ან სხვა ფიგურის შესაკერად დაგჭირდეს. მარტიდან დღემდე 25-მდე მინიატიურული სახლი შევქმენი. ყველა ინტერიერი პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს. ასე რომ, ჩემს შექმნილ ყველა მინიატიურულ სახლში სიამოვნებით ვიცხოვრებდი.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.