"ჩემი შემოქმედება არავისას ჰგავს..."
font-large font-small
"ჩემი შემოქმედება არავისას ჰგავს..."
მანანა ძიძიკაშვილის ფერადი სამყარო

გობელენის უბადლო ოსტატად მიჩნეულ ქალბატონს - მანანა ძიძიკაშვილს უამრავ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: ესპანეთში (ორგზის), საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში (ორგზის)... ამბობს, რომ ყველაზე დიდი წარმატება ჩინეთში ხვდა წილად, სადაც მისი არაერთი ნამუშევარი მოხვდა რჩეულთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი მანანა სამშობლოდან არსად წასულა, აქ ცხოვრობს და მომავალ თაობებსაც უნერგავს ხელოვნების სიყვარულს, მათ საკუთარ ცოდნას გადასცემს, სამწუხაროდ, როგორც ამბობენ, მას საქართველოს ფარგლებს გარეთ უკეთ იცნობენ, ვიდრე მის საყვარელ ქვეყანაში.


- ხატვით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. ვფიქრობ, კარგად ვხატავდი. სკოლაში რომ შევედი, ამ ნიშნით კლასში გამორჩეული მოსწავლე გახლდით. მერვეკლასელს უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი მომავალი პროფესია და ამ არჩევანში გადამწყვეტი როლი გენეტიკურმა ფაქტორმაც ითამაშა: მამიდა, ლამარა ძიძიკაშვილი (პროფესიით გეოგრაფი) საოცრად კარგად ხატავდა; თითოეული მისი ზეთის საღებავით შესრულებული ტილო ჩემ თვალწინ იქმნებოდა და ამან ჩემში მხატვრობის სურვილი გაამძაფრა... ამჟამად ოჯახში 5 მხატვარი ვართ: მე და ჩემი და - ინგა ძიძიკაშვილი (სამხატვრო აკადემიის პედაგოგი) და ძმისშვილები: ხატია, მარიამი და ნინო. თავის ქებაში თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ ყველა გამორჩეული ნიჭითაა დაჯილდოებული და წარმატებულებიც არიან თავიანთ საქმეში.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი პედაგოგი...
- ჩემი პირველი მასწავლებელი გახლდათ გოდერძი სომხიშვილი, უნიჭიერესი ადამიანი, თვითნასწავლი მხატვარი (პროფესიით ისტორიკოსი).
GzaPress
- სამხატვრო აკადემიაში რა განხრით ჩააბარეთ?
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე და წარჩინებით დავამთავრე კიდეც. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე, ტექსტილის დიზაინის მიმართულებით.
- როგორი იყო სტუდენტობის პერიოდი? აქვე იქნებ გაიხსენოთ ის პედაგოგები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს თქვენს ცხოვრებაში.
- სტუდენტობამ მძიმე 90-იან წლებში მომიწია. მიუხედავად ყველაფრისა, წარჩინებული სტუდენტი და ელენე ახვლედიანის სახელობის სტიპენდიატი ვიყავი. აკადემიაში საკმაოდ თბილი და კეთილგანწყობილი გარემო იყო. არაჩვეულებრივი, მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობოდა პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. არ მინდა რომელიმე გამოვყო (აქედან ბევრი უკვე აღარ არის ცოცხალი), რადგან მიმაჩნია, რომ თითოეულმა დიდი გავლენა იქონია ჩემზე, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. რომ არა ისინი, ალბათ არც მე მექნებოდა დღეს ისეთი შედეგი, როგორიც მაქვს.
- მუშაობთ როგორც ფერწერულ ტილოებზე, ასევე გობელენზე. რომელი საქმე უფრო შრომატევადია?
- ფერწერა ყოველთვის მიყვარდა. ვფიქრობ, თითოეული ჩემი გობელენისთვის შექმნილი ესკიზი ფერწერაა. რაც შეეხება სირთულეს, გობელენი ბევრად რთულად შესასრულებელია. ურთულესია მოსამზადებელი სამუშაო (ძაფის ამოხვევა, შეღებვა, შაბლონის მომზადება და დაზგის დაქსელვა), ამის შემდეგ იწყება ქსოვა, რომლებიც თვეები ან შესაძლოა, სულაც წლები გაგრძელდეს.
- როცა ქსოვილზე ნახატი გადაგაქვთ, ყოველთვის ნახატის ხაზს მიჰყვებით? ექსპრომტად გაკეთებული ნამუშევრები უფრო საინტერესო გამოდის თუ ის, რომელზეც ბევრი გაქვთ ნაფიქრი?
- ქსოვილზე ნახატი ყოველთვის ესკიზის მიხედვით მომზადებული შაბლონით გადამაქვს. გადატანისას სიზუსტის დაცვას ვცდილობ, მაგრამ როცა მუშაობას ვიწყებ, ზოგჯერ რაღაცას ვცვლი (ეს დამოკიდებულია იმაზე, რის საშუალებასაც მაძლევს მასალა), მაგრამ არა ისე, რომ თვალში საცემი იყოს და ესკიზისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს.
ექსპრომტად გობელენს ან ბატიკას ვერ გააკეთებ, რადგან ორივე ტექნიკა დიდ დროს მოითხოვს. ამის შესაძლებლობა მხოლოდ ე.წ. აბრეშუმის ქაღალდის კეთების დროსაა შესაძლებელი.
სამაგიეროდ, ექსპრომტად ხშირად ვაკეთებ ესკიზს და ამ დროს შედეგმა შესაძლოა, დიდხანს ნაფიქრს ნამდვილად გადააჭარბოს. იდეა რომ მომივა, ვჯდები და ვიწყებ მუშაობას, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობა მაქვს.
GzaPress
- დიდი მხატვრებიდან ვის სცემთ თაყვანს და თქვენს ნამუშევრებში ვინმეს გავლენა თუ აღმოგიჩენიათ დასრულების შემდეგ?
- დიდი მხატვრებიდან ჩემთვის გამორჩეული და უსაყვარლესია ვან გოგი, რომლის შემოქმედება და ცხოვრება უდიდეს ძალას, ენერგიას მაძლევს საიმისოდ, რომ არ მოვეშვა, არ მოვდუნდე. თუმცა, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩემი შემოქმედება არავისას ჰგავს, ის მხოლოდ ჩემეული ხელწერაა, განსხვავებული და მასში ნამდვილი მე ვარ.
- საერთაშორისო ბიენალეში არაერთგზის მონაწილეობდით. გვიამბეთ თქვენს წარმატებებზე...
- ვარ 11-გზის ბოჭკოვანი ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს მონაწილე, 2004 წლის მესამე ბიენალეს ბრინჯაოს პრიზიორი და მრავალგზის "ბრწყინვალების ჯილდოს" მფლობელი. წელს ჩემი გობელენი - "ანარეკლი" შევიდა ბიენალეს გამარჯვებულ ნამუშევართა რიცხვში და დაჯილდოვდა "ბრწყინვალების ჯილდოთი".
2018 წლის ბიენალეს საორგანიზაციო კომიტეტმა და ჟიურიმ ჩემი გამარჯვებული ნამუშევარი, გობელენი - "ქოხი, რომელშიც იცინიან" შეიტანა საერთაშორისო 30 საუკეთესო ნამუშევართა რიცხვში. რადგან წარმატებებზე ვსაუბრობ, იმასაც აღვნიშნავ, რომ 2000 წელს, საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ ჩემი გობელენი - "საღამო" დასახელდა "წლის საუკეთესო ნამუშევრად". მიღებული მაქვს მხატვართა კავშირის მედალი და ფულადი პრემია. ასევე ვამაყობ იმით, რომ ჩემი ბიოგრაფია და გობელენი "ანარეკლი" 2006 წელს, პეკინის უნივერსიტეტის სახელმძღვანელო წიგნში შეიტანეს.
ჩემი ნამუშევრები შესულია 20-ზე მეტ კატალოგსა და წიგნში. 2017 წელს ამერიკულმა ჟურნალმა - "ამერიკული გობელენის ალიანსმა" AთA გამოაქვეყნა ჩემზე სტატია, რისთვისაც ვუმადლი უნიჭიერეს მხატვარს - თეა ოქროპირიძეს.
არ შემიძლია წარმატებებზე ვილაპარაკო და არ დავასახელო ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან იდგნენ. ვგულისხმობ აწ გარდაცვლილებს: ბატონ გივი ყანდარელს და ბატონ თამაზ ნუცუბიძეს (ეს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი მონაცვლეობით უძღვებოდა ტექსტილის კათედრას) და ბატონი გივის მეუღლეს, ქალბატონ მალი ლუ ყანდარელს, ბრწყინვალე ადამიანს. სწორედ მათი ხელშეწყობითა და თანადგომით მოვხვდი პეკინის საერთაშორისო ბიენალეზე, საიდანაც ჩემი წარმატება დაიწყო.
GzaPress
- ამაჟამად თავად ხართ პედაგოგი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ასწავლით, ტექსტილის დიზაინის მიმართულებით. რას იტყვით ახალ თაობაზე და თუ გყავთ გამორჩეული სტუდენტები?
- არ ვღალატობ აკადემიის ტრადიციას, არაჩვეულებრივი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს სტუდენტებთან. რაც შეეხება ნიჭიერებას: ზოგს ბევრი შეუძლია, ზოგს ნაკლები, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად, შრომისმოყვარეობის შედეგად, ე.წ. ნაკლებად ნიჭიერები ბევრად უკეთეს პროფესიონალებად ყალიბდებიან, ვიდრე ის, ვისაც ნიჭი აქვს, მაგრამ ზარმაცობს, შრომა ეზარება. რაც შეეხება საბოლოო შედეგს (სადიპლომო ნამუშევრების დაცვას ვგულისხმობ), თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დიპლომანტების ნამუშევრები ყოველთვის უმაღლესი - 100 ქულით ფასდება.
- როგორ ფიქრობთ, კარგ პედაგოგს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?
- სტუდენტების პატივისცემასა და კეთილგანწყობას სიმკაცრით ვერ დაიმსახურებ. უნდა შეაფასო სტუდენტის ფსიქოლოგია და ამის მიხედვით დაიწყო მუშაობა მასთან. მყოლია რთული ხასიათის სტუდენტები, რომლებთანაც მიწევდა რაღაც დათმობაზე წასვლა და ბოლოს თვითონვე მიხვედრილან, რომ მათი ქმედება არასწორია. ამის შემდეგ ზოგს ბოდიში მოუხდია, ზოგი კი წასულა ჩემგან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუფასებია რაღაცები. უნდა იყო არც ძალიან მკაცრი და არც ძალიან ლოიალური, ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო.
- თქვენი ნამუშევრის თვალიერებისას ვფიქრობდი, რომ ალბათ გამორჩეულად მოგწონთ ლურჯი და თეთრი. რა არის მხატვრისთვის ფერები?
- მხატვრისთვის ფერი არის შინაგანი ენერგია, რომლის აღქმა განისაზღვრება ადამიანის ინდივიდუალურობით. დიახ, ჩემს შემოქმედებაში დომინირებს თეთრი და ლურჯი: თეთრი ჩემთვის სიწმინდის, სისუფთავის, ჰაეროვნების გამომსახველია, ლურჯი კი ამშვიდებს გონებას და ქმნის სრულ ჰარმონიას.
- გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ, რომელიც ისეთი განწყობის, ემოციის მიხედვით შეიქმნა, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია?..
- არსებობს ასეთი სიბრძნე: "ქოხი, რომელშიც იცინიან, უფრო ბედნიერია, ვიდრე მდიდრული სასახლე, სადაც მოწყენილები არიან". სწორედ ეს გახდა ჩემთვის ინსპირაციის წყარო და შეიქმნა გობელენი - "ქოხი, რომელშიც იცინიან" და რომელიც გამორჩეულად მიყვარს.
- დაბოლოს, რა არის თქვენთვის ის, რასაც ხელოვანები მუზას ეძახიან?
- მხატვრისთვის მუზა არის ძლიერი ემოცია, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას შენამდე უნებურად მოაქვს, რომელიც შენში გადამუშავდება და მერე, ფერებად, ხაზებად დაიღვრება...
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
"ერთ ნამუშევარში დაახლოებით ხუთიდან ათ სახეობამდე ხის მერქანს ვიყენებ"
"ძნელია, როცა არ გინახავს, თუმცა უფრო ძნელია, რომ ნახავ!"
30 იანვარს ფილადელფიაში ქართველმა ემიგრანტებმა პროექტში "სამოსი - სამშობლო" მიიღეს მონაწილეობა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.