არტ-თერაპიის სერვისი კლინიკაში და "მოლაპარაკე" საპნები პატარებისა და მოზრდილთათვის
font-large font-small
არტ-თერაპიის სერვისი კლინიკაში და "მოლაპარაკე" საპნები პატარებისა და მოზრდილთათვის
როდესაც "ფეისბუკ"-გვერდზე მისი ნამუშევრები ვნახე, ძალიან მომეწონა - იდეაც კრეატიული იყო და ნამუშევარიც, მით უმეტეს, რომ საახალწლო და სასაჩუქრე თემატიკა ჭარბობდა. ამიტომაც დავურეკე გასაცნობად და მაკარონებით გაკეთებულ ნაძვის ხეებსა და ორიგინალურ საპნებზე დავუწყე ლაპარაკი, თუმცა 29 წლის სალომე ცხვიტავამ სასიამოვნოდ გამაოცა, როდესაც თავის პროფესიასა და საქმიანობაზე მიამბო.


- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. ფსიქოლოგის სპეციალობით ბაკალავრიატი დავამთავრე. დაახლოებით 5 წელიწადია, ბავშვთა ფსიქოლოგად ვმუშაობ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში. ფსიქოსოციალური სერვისის ხელმძღვანელი ვარ, თუმცა მანამდეც საკმაოდ დამიგროვდა გამოცდილება: რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ - ბავშვთა სოფელში, ოჯახის გაძლიერების კუთხით დაწყებულ ინტეგრირებულ პროექტში ჩავერთე და დედათა და ბავშვთა ფსიქოლოგი ვიყავი. რაც შეეხება მაკარონის საახალწლო ნაძვის ხეებს, მას ძირითადად, ჩემთვის ვაკეთებ. ერთხელ მაგდაგვარი რამ ინტერნეტში ვნახე, მერე ჩემებური შტრიხები შევმატე და ჩემს უფროს შვილთან ერთად გავაკეთე. მაშინ მეორე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ.
მერე გამოფენა-გაყიდვაც მოვაწყვეთ, ჩვენს ნამუშევრებს და სხვა ადამიანების, მათ შორის სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებიც დაემატა და იქ სიმბოლურ ფასად გაყიდული ნივთებით შემოსული თანხა სწორედ ჩვენი კლინიკის პალიატიურ განყოფილებას მოხმარდა.
GzaPress
- კლინიკაში მუშაობამ რითი მიგიზიდათ?
- ჩემი სერვისი ინტეგრირებულ მუშაობას გულისხმობს სამედიცინო პროცედურების დროს. ყველა სამედიცინო პროცედურას ვესწრებოდი, რომელსაც ბავშვს უტარებენ, ვთქვათ, მინიოპერაციას, ანალიზების აღებას ან ნებისმიერ კვლევას. პროცედურის დაწყების წინ და მიმდინარეობისას, ასევე - დასრულების შემდეგ ბავშვსა და მის მშობელს ვუხსნი კონკრეტული პროცედურის არსს, მიზანს და ა.შ. ეს არის ამერიკული პროგრამის - "ჩაილდ-ლაიფის" მოდელი, რომელიც ჩვენთან, საქართველოში შემოიტანა ქართველმა, რომელიც ოფიციალურად, თავად არის სერტიფიცირებული "ჩაილდ-ლაიფის" სპეციალისტი და იმ უცხოური ორგანიზაციის ბორდის წევრი, რომელიც ხელს უწყობს ამ პროგრამის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. ეს სერვისი ციციშვილის კლინიკაში მე დავნერგე და თითქმის ყველა განყოფილებაში დავიწყეთ - პალიატიურში, ინტენსიურში, დიაბეტის ცენტრში, ქირურგიაში, ემერჯენსიში, თერაპიაში და ა.შ. სხვათა შორის, ჩვენი კლინიკა მულტიპროფილურ კლინიკებს შორის პირველია, სადაც ეს სერვისი დაინერგა. ცხადია, იოლი არ არის კლინიკაში ფსიქოლოგიური მუშაობა, მით უფრო - სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებთან, მათ მშობლებსა და სამედიცინო პერსონალთან.
შენობაში გვაქვს რამდენიმე სათამაშო სივრცე, სადაც ჰოსპიტილიზაციის შემდეგ ბავშვები ჩადიან და თამაშობენ. ბევრი მოხალისე-სტუდენტი ფსიქოლოგი გვყავს, რომელიც ბევრ დროს ატარებს ამ ბავშვებთან, თუმცა თავდაპირველად მარტო ვიყავი და ბავშვებთან, ასევე მათ მშობლებთან ერთად საინტერესო ნივთებს ვაკეთებდი. არტთერაპევტი არა ვარ, ამას ცალკე განათლება სჭირდება, მაგრამ მომწონს თერაპიის დროს არტის ელემენტები. რაც მთავარია, ბავშვებსა და მათ მშობლებსაც მოსწონთ, ძალიან ამართლებს.
GzaPress
- მოდი, იმ შემოქმედებაზე ვილაპარაკოთ, რამაც თქვენამდე მომიყვანა. ნაძვის ხეების გარდა, ულამაზესი საპონიც ბლომად გაგიკეთებიათ. რაიმე კურსი გაიარეთ თუ ეს მხოლოდ გატაცებაა?
- ორი შვილი მყავს - 3 და 8 წლის. როცა თავისუფალი დრო და საშუალება მაქვს, მიყვარს მათთან ერთად საკუთარი ხელით სხვადასხვა ნივთის დამზადება. პანდემიის პერიოდში საამისოდ საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს და ახალ-ახალი იდეებიც გვიჩნდება. ჩემს გატაცებას ხელოვნებას ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ საპნები ძალიან მოგვწონს, რადგან პანდემიისას განსაკუთრებით საჭიროა და თანაც, უბრალოდ საპნები არ არის: თითოეულში ბავშვებისთვის "ბრელოკი"-სათამაშო დევს. სათამაშოები ერთმანეთისგან განსხვავდება. რაც უფრო ხშირად დაიბანს ბავშვი ამ საპნით ხელს, მით უფრო მალე მიიღებს საჩუქარს, ასე რომ, პანდემიის პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციისთვის მას მოტივაციაც აქვს. სხვათა შორის, მოზრდილებზეც ვიზრუნეთ. ხანდახან ხელების დასაბანად მათაც სჭირდებათ მოტივაცია, ოღონდ უფროსებისთვის განკუთვნილ საპნებში გზავნილი დევს, წერილის სახით - მას ვათავსებთ კაფსულაში, კაფსულას - საპონში. იდეა კი ის არის, რომ თუ ერთ ადამიანს მეორისთვის წერილით რაღაცის თქმა უნდა, თუნდაც - სიურპრიზს უწყობს და იმას ეუბნება, რისი გაგონებაც მეორეს ძალიან ესიამოვნება, ან კიდევ - რამე დღესასწაულის ორიგინალურად მილოცვა უნდა, ჩვენ გვიმჟღავნებს და გვიკვეთავს კონკრეტულ საპონს შესაბამისტექსტიანი წერილით. მოტივი აქაც ისეთივეა - რაც უფრო ხშირად დავიბანთ ხელებს, სასურველი ადამიანისგან სასურველ წერილსაც უფრო მალე მივიღებთ.
GzaPress
- საპნის დამზადების ტექნოლოგია სად შეისწავლეთ?
- ინტერნეტით ვისწავლე - ინგლისურენოვანი საიტებია, სადაც ყველაფერს გასწავლიან იმის მიხედვით, თუ რა ტიპის საპნის დამზადება გინდა, გამჭვირვალესი თუ პირიქით - ფერადის, ერთფერიანის, ასევე - რომლის დამზადებას რამდენი გრადუსი სჭირდება და ა.შ. მივაკვლიე, სად იყიდებოდა საპნის ბაზა - მასალა ქიმიური დანამატების გარეშე, თანაც სერტიფიცირებული, რაც ძალიან გვამშვიდებს - უსაფრთხოა ბავშვებისა და დიდებისთვისაც.
ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ჩემი შვილებიც ჩაერთვნენ, მეგობარიც შემოგვეშველა და ჩემთან სახლში სწორედ ამ ბაზით ვამზადებთ საპნებს.
ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო კლინიკაში ვეღარ მივდივართ, რადგან კოვიდკლინიკად გადაკეთდა. ახლა ვმუშაობთ და ვემზადებით დისტანციურ რეჟიმზე გადასასვლელად. ეს ინტერვიუ რომ დაიბეჭდება, ალბათ უკვე დაწყებულიც გვექნება დისტანციურ რეჟიმში მუშაობა.
საუბრის ბოლოს კი მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. პანდემიის გამო, 2020 ყველასთვის რთული იყო და 2021 წელი უკეთესი, იმედისმომცემი და ბედნიერი ყოფილიყოს!
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.