"ბებო წითლებში" - ემიგრანტების მხიარული კონკურსი
font-large font-small
"ბებო წითლებში" - ემიგრანტების მხიარული კონკურსი
ყველა ქალი საუკეთესოს იმსახურებს!

სულ რამდენიმე კვირაა, რაც სოციალურ ქსელში ჯგუფი "ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან" დავიმეგობრე და რაც იქ ხდება, ნამდვილი ზეიმია. პირველ რიგში, ამ ჯგუფის მიერ გაწეული ქველმოქმედების შესახებ უნდა აღვნიშნო: მისმა წევრებმა ბევრი ოჯახი გაახარეს ახალი წლის დღეებში. მადლობა ემიგრანტებს ამისთვის!


თუმცა, ახლა არც მათ ქველმოქმედებაზე საუბარს ვაპირებ და არც იმაზე, რომ ვიღაცებს სხვების სიკეთით ხელის მოთბობა სურთ და არც ისეთი ადამიანების დასახელებას დავიწყებ, რომლებიც ყველაფრით უკმაყოფილოები არიან და კარგშიც კი ცუდის დანახვას, კომენტარებით სხვებისთვის გულის ტკენას ცდილობენ ცრუპროფილებს ამოფარებულები. უბრალოდ მინდა, ამ ჯგუფში კიდევ ერთი მხიარული ჟრიამულის შესახებ გიამბოთ - ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე კონკურსის - "ბებო წითლებში" შესახებ დააანონსეს. უამრავმა ლამაზმა ბებომ გაგზავნა საკუთარი ფოტო მონაწილეობის მისაღებად. არ გადავაჭარბებ, თუ გეტყვით, რომ თითოეული ანგრევდა იმ სტერეოტიპს, რაც სიტყვა "ბებოსთან" ასოცირდება, თვალს უხაროდა ლამაზი ქალბატონების ფოტოების თვალიერება...

მზია წულუკიძე, ჯგუფის ადმინისტრატორი:
- ეს ჯგუფი ემოციურ ფონზე შეიქმნა. არც სახელის შერჩევაზე მიფიქრია ბევრი. რა უნდა რქმეოდა, თუ არა "ემიგრანტის დღიურები", საიდანაც მხოლოდ რეალურ ამბებს მოგითხრობდით ემიგრანტული ცხოვრების შესახებ. უფლისგან საოცარი თვისება დამებერტყა, ჩემი ხასიათის გამო ადამიანები ჩემთან კომფორტულად გრძნობენ თავს და ამიტომ თანამოაზრეების შემოკრება არ გამჭირვებია. ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ ჩემს ცხოვრებაში, ალბათ სულიერად დავითრგუნებოდი.
დღეს მსოფლიოში სიკვდილი დაძრწის. დაუნდობლად მუსრს ავლებს დიდსა თუ პატარას, ამ სენმა ემიგრანტების ოჯახშიც კი შეაღწია, ბევრი მოტირალისთვისაც მომისმენია, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითქვამს. ერთ დღესაც ჯგუფის ადმინისტრატორები ვმსჯელობდით, რა შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა თანამემამულეებისათვის ისეთი, რაც ცოტა ხნით მოწყვეტდა მათ პრობლემებს და ყურადღებას სხვა რამეზე გადაატანინებდა. ჰოდა, მსჯელობისას დაიბადა კონკურსის იდეა, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეეძლო, ნებისმიერი ქვეყნიდან და ადგილებიც საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა; გაიმარჯვეს ემიგრანტებმა იტალიიდან, საბერძნეთიდან და ქალბატონმა საქართველოდან.
GzaPress
- რატომ ბებიების კონკურსი და რატომ მაინცდამაინც წითლებში?

- ემიგრაციის ძირითადი ნაწილი ბებიის სტატუსს ატარებს და მათ შორის - მეც, ამიტომ გადავწყვიტე, - რატომაც არა, ბებიების კონკურსი იყოს-მეთქი. წითელი ფერი ჩემთვის სიხარულთან, სილამაზესა და სიყვარულთან ასოცირდება. მეორე მხრივ, ის ასახავს მტრობას, შურს, ომს, ანუ წითელი არის აგრესიულობისა და სექსუალურობის, ძალაუფლებისა და დიდების ნიშანი, ვნების ფერი, ენერგიულობის სიმბოლოა - და ყველა ეს თვისება, რაც ჩამოვთვალე, ქალშია თავმოყრილი. ვისაც წითელი ფერი უყვარს, ის თამამი, ძლიერი ნებისყოფის მქონე, ძალაუფლების მოყვარული და კონტაქტურია. ფაქტობრივად, ამ კონკურსში ჩემი მსგავსი ადამიანები გავაერთიანე და არც შემშლია. მინდა მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებსა თუ კერძო პირებს, ვინც სპონსორობა გაუწია კონკურსს და მასში მონაწილე ქალბატონები გაახარა... სხვათა შორის, ახალი კონკურსის იდეაც გვაქვს და როგორც კი ბებიების კონკურსის ფინალური საღამო დასრულდება, რომელიც 6 თებერვალსაა ჩანიშნული, ახალი ძალებით შევუდგებით მის ორგანიზებას.
დაბოლოს, მსურს მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი და მშვიდობა ვუსურვო. ღიმილიანი, ბედნიერი სახეების ხილვა, გულიდან ამოხეთქილი სიცილის გაგონება მინდა ნიღბების გარეშე. ემიგრანტებს კი ოჯახებში მალე დაბრუნებას და შვილებთან ჩახუტებას, კარგად ყოფნას ვუსურვებ. გილოცავთ 2021 წელს!
GzaPress
კონკურსის გამარჯვებული - ქალბატონი ლეილა შატაკიშვილი-გაგნიძე ქალაქ გორში დაიბადა. 2006 წლიდან ემიგრანტია:
- უკვე ორგზის ემიგრანტი ვარ, 2006-დან 2013 წლამდე ვიმყოფებოდი საბერძნეთში, ხოლო 2013 წლიდან იტალიაში ვმუშაობ. ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება, როგორც სხვა ქართველებს, მეც გართულებულმა მატერიალურმა პირობებმა გადამაწყვეტინა. ეს ურთულესი გზაა, რომელზეც მხოლოდ ფიზიკურად დგახარ, მაგრამ სული, გონება და ფიქრი სამშობლოში დატოვებულ შვილებთანაა.
მძიმე ემიგრანტის ხვედრი განგებამ მარგუნა. იოლი არაა მეორედ შეიცვალო საცხოვრებელი ადგილი. არა, არასდროს ვწუწუნებ, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ, რაც ღმერთმა მარგუნა... რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ორივე ქვეყნის, რომლებსაც მეორე და მესამე სამშობლოს ვეძახი.
ძალიან მიჭირდა ჩემი ბერძენი ოჯახის დატოვება, რომლებთანაც შვიდი წელი გავატარე და დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს როგორც მათთან, ისე მათ მეზობლებთანაც, მაგრამ იქ არ იყო საბუთის გაკეთების პერსპექტივა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩავსულიყავი სამშობლოში, ჩემს მონატრებულ ოჯახში და ამიტომ გადმოვედი იტალიაში. რას წარმოვიდგენდი, რომ აქაც შვიდი წელი მომიხდებოდა ლოდინი, მაგრამ მადლობა ღმერთს, 14-წლიანი ლოდინის შემდეგ, ფრთები შეესხმევა ჩემს ოცნებას და ალბათ, სულ მალე ჩავეხუტები საყვარელ ადამიანებს.
- ემიგრანტისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება რა არის?
- ენის არცოდნა და ამას ემატება ახალ გარემოში, ახალ წეს-ჩვეულებებთან შეგუება... ბევრია დაბრკოლება, მაგრამ გადაულახავი არაფერია. მთავარი მონდომება და მოთმენის უნარია. საბედნიეროდ, ენებს სწრაფად ვითვისებ. საბერძნეთში ჩასვლიდან მეოთხე დღეს დავიწყე მუშაობა და ერთი თვის შემდეგ, გინდ დამიჯერეთ, გინდ - არა, "ჩემს" ბებიას კინოფილმის - "ფესვები" შინაარსი შეძლებისდაგვარად ვუამბე (იცინის).
- როგორ ფიქრობთ, თქვენთვის ემიგრანტობა როდის დასრულდება?
- სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი იცით, როდის დავიწყე - როდესაც ავტობუსში ჩავჯექი და ჩემმა 10 წლის მარიამმა ხელი დამიქნია, დამემშვიდობა და მითხრა, - შემპირდი, რომ თვეში ერთხელ ჩამოხვალო. პირობა არ მიმიცია... იანვარში თვითონ ჩამომაკითხა იტალიაში და უბედნიერესი ერთი კვირა გავატარეთ ერთად... რა გითხრათ, არ ვიცი, როდის აღარ მერქმევა ემიგრანტი...
- რას საქმიანობდით მანამ, ვიდრე სამშობლოდან ბედის საძიებლად გაემგზავრებოდით?
- პროფესიით ეკონომისტი ვარ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე. ემიგრაციაში წასვლამდე ვიყავი სამი ცელქი შვილის დედა და დიასახლისი. დედამთილი, სიდედრი და ბებია ემიგრაციაში ყოფნის დროს გავხდი. სამწუხაროდ, მეუღლე 2008-ში გარდამეცვალა, დედა კი - 2015-ში, 9 წლის უნახავი მყავდა...
GzaPress
- შვილებზე მიამბეთ...
- ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი მყავს. შუათანა ვაჟი საფრანგეთის მოქალაქეა, იქ ცხოვრობს ოჯახით. გამოდის, რომ თავად ემიგრანტი, ემიგრანტის დედაც ვარ. 6 შვილიშვილი მყავს: სამი ბიჭი და სამი გოგო, ჯერჯერობით ყაიმია (იცინის). სამივე გოგონა საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ მშობლების დამსახურებით, ქართულადაც საუბრობენ.
საქართველოში დაბადებულ სამ ვაჟკაცს მხოლოდ ვირტუალურად ვიცნობ, საფრანგეთში დაბადებულ სამ პრინცესასთან, რომლებმაც "მადამ ბებო" შემარქვეს, ორი უბედნიერესი თვე გავატარე.
- რას გვეტყვით კონკურსზე, რომლის გამარჯვებულიც გახდით...
- კონკურსის შესახებ შემთხვევით შევიტყვე და რადგან მქონდა წითელ სამოსში გადაღებული ფოტო, ვიფიქრე, - რატომაც არა, ბედს ვცდი-მეთქი. კონკურსს საოცარი და სამართლიანი ქალბატონი ედგა სათავეში, ქალბატონი მზია წულუკიძე. მინდა, მას უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის. ეს რომ სილამაზის კონკურსი ყოფილიყო, ალბათ მონაწილეობას ვერ გავბედავდი, რადგან უამრავი ლამაზი ქალბატონის ფოტო აიტვირთა. ჩემთვის ისინიც გამარჯვებულები არიან. უბრალოდ, მე ცოტა მეტმა ადამიანმა დამიჭირა მხარი: ჩემმა მეგობრებმა, მათმა მეგობრებმა თითო გულის დასმით ვეებერთელა გული შექმნეს და აი, ეს არის ჩემთვის მთავარი პრიზი, ამდენი ხალხის სითბო და სიყვარული, რომელსაც მეც უსასრულო რაოდენობით გავცემ. ასევე, მგულშემატკივრობდნენ ოჯახის წევრები - მადლობა მათ მხარდაჭერისთვის.
კონკურსს გამოუჩნდა ბევრი სპონსორი, რომლებმაც გაგვახარეს. პირადად მე, წილად მხვდა სიმბოლურად კონკურსისა წითელი ჩანთა, რომელიც იქცევა ჩემი ოჯახის რელიკვიად. ასევე, კიდევ რამდენიმე პრიზი მერგო - მადლობა ყველას ამ საჩუქრებისთვის!
მცირე საჩუქარი მეც დავაწესე საქართველოში მცხოვრები ორი ბებიისთვის და სულ მალე გადავცემ მათ ჩემს რჩეულებს. რაც მთავარია, კონკურსმა შემძინა ახალი მეგობრები - კონკურსანტები, რომლებთანაც მალე გამოვნახე საერთო ენა. ყველა ბებიას ვუსურვებ მხოლოდ წითელ სამოსში გაეტარებინოთ თავიანთი ცხოვრება. აქვე მინდა, დიდი სიყვარულით მივულოცო გამარჯვება მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ულამაზეს ქალბატონებს: ნანა დანელიას და ნანა მიქავას.
GzaPress
- სხვა კონკურსებში თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული?

- ბავშვობაში, ალბათ შვიდი წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ კონკურსზე ჩემი ნაქსოვი სამოსით გავედი. სკოლის პერიოდშიც ვმონაწილეობდი კონკურსებში, აქტიური ბავშვი ვიყავი...
- დაბოლოს, ჩვენი ჟურნალის მეშვეობით რას ეტყვით ქალებს?
- ქალები მართლაც, რომ ქვეყნის თვალები არიან. ხანდახან აუცილებლად უნდა გავანებივროთ და პატივი ვცეთ საკუთარ თავს. ხშირად ჩავიხედოთ სარკეში და გავეპრანჭოთ, ვუთხრათ ბევრი კომპლიმენტი. სულ მუდამ ვიყოთ მოწესრიგებული: დედებიც, ბებიებიც და დიდი ბებიებიც. მე ასე ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას.
ბევრი მაქვს სათქმელი, როგორც ყველა სამშობლოდან შორს მყოფ ადამიანს, მაგრამ უპირველესად მინდა მოგიწოდოთ, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს. ჩვენი აქ კარგად ყოფნა, ჩვენი აქ მუშაობის ხალისი შვილებისა და ახლობლების კარგად ყოფნაზეა დამოკიდებული. ახალ წელს ვულოცავ მთელ დედამიწას. ღმერთო, აღარ დაგვაყენო ამხელა განსაცდელის წინაშე. ვულოცავ ჩემს სამშობლოს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს. ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიყვარულს, სიხარულს, გამრავლებას, ხვავს, ბარაქას გისურვებთ ყველას.

ნანა დანელია 13 წელია, ემიგრანტია. როგორც სხვები, ისიც ოჯახში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრმა წამოიყვანა სახლიდან. შეიძლება მისი ფოტოს ნახვისას ვერ დაიჯეროთ, მაგრამ ნანაც ბებო გახლავთ:
GzaPress
- პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს მიმუშავია, ჩემი დრო და ენერგია ოჯახს მიჰქონდა... მერე, როცა ძალიან გაგვიჭირდა, ემიგრანტობა გადავწყვიტე. წამოსვლამდე ყველაფერი იოლი გეჩვენება. გგონია, ყველაფერი მზამზარეული დაგხვდება, მაგრამ ჩამოსვლისთანავე ხვდები, რომ ცდებოდი. დატოვე ოჯახი, ვერ ხარ მათ გვერდით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდები, შორიდან გიწევს შვილების ბედნიერების გაზიარება. ასევე, რთულია სამსახურის პოვნა, ამას ემატება ისიც, რომ არ იცი ენა და არ გაქვს საბუთები... ყველაზე მეტად რამაც გამაბედნიერა, 7 წლის შემდეგ საბუთის აღება იყო და ის ემოციები, რაც საქართველოში ჩასვლისას მივიღე. მოკლედ, ვისაც არ გამოუცდია, ვერასდროს გაიგებს, ჩვენ რა გზას გავდივართ და როგორ გვიჭირს. ყველაზე რთული ოჯახის დატოვებაა და მერე - მონატრება, რომელიც არასდროს ნელდება. რთული იყო იმის გააზრება, რომ ჩემი გოგო დედა ხდებოდა და მე მის გვერდით არ ვიყავი; რთული იყო, როდესაც უფროსმა შვილმა უნივერსიტეტში ჩააბარა და მისი ბედნიერება ბოლომდე ვერ გავიზიარე, ვერ ჩავიხუტე... არავის ვუსურვებ მსგავსი დღეების გავლას.
- როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება თქვენი ემიგრანტობა?
- საქართველოში მხოლოდ ახალი ემიგრანტები თუ დაბრუნდებიან, რომლებმაც სამსახურები ვერ იშოვეს და ამ კრიზისის ფონზე, უკვე პერსპექტივაც საეჭვო გაუხდათ. ჩვენ ვიცით, რა ხდება რეალურად საქართველოში და აქ დაკლებული ხელფასების აღება გვირჩევნია, სამშობლოში უქმად ჯდომას. დაბრუნებით აუცილებლად დავბრუნდები, მაგრამ ჯერ ვერა.
- საქართველოში ვინ გელოდებათ?
- ჩემი ოჯახი მელოდება: მეუღლე, 2 შვილი და 2 შვილიშვილი. უფროსი გოგო 30 წლისაა და პროფესიით იურისტია, პატარა - 26 წლის გახლავთ, დიასახლისია და 2 შვილს ზრდის.
- რას გვეტყვით კონკურსზე "ბებო წითლებში"?
- როდესაც მსგავს გამოწვევაში მონაწილეობ, ძირითადად, საკუთარ გამარჯვებაზე ხარ ორიენტირებული. ამ კონკურსში მეორე ადგილზე გასვლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ძლიერი კონკურენციის გამო. გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მონაწილეები დავმეგობრდით და თან - გავერთეთ - ამ შანსისთვის უღრმესი მადლობა ქალბატონ მზია წულუკიძეს... გამარჯვება ჩემი ოჯახის და ახლობლების დამსახურებაა. რომ არა მათი მხარდაჭერა, ვერაფერს ვიზამდი.
GzaPress
- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა კონკურსის შესახებ გაიგო?
- მეუღლე ჩემი პირველი მხარდამჭერია ყველა საქმეში. ცხოვრების ყველა ეტაპზე მგულშემატკივრობდა და გვერდით მედგა. მისი თანადგომა განაპირობებს იმას, რომ დღეს მე ძალიან აქტიური ვარ. გარდა ამისა, ის თბილი, მზრუნველი, ყურადღებიანი მამა და ბაბუაა - მადლობა მას ამისთვის.
- სხვა დროს თუ მიგიღიათ მონაწილეობა რაიმე კონკურსში?
- რამდენიმე წლის წინ საბერძნეთში გამართულ, ასევე "ბებოების" კონკურსში ვმონაწილეობდი და იქაც მეორე ადგილი მხვდა წილად (იცინის).
- რას ეტყვით ქალებს?
- ცხოვრების ყოველი დღე სავსეა საოცარი თავგადასავლებითა და გამოწვევით... ჩვენ, ქალებს ყოველდღე გვიწევს საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება, გამოწვევების მიღება. გახსოვდეთ, თუ რაიმე უსიამოვნებას წააწყდებით, ნუ დაყრით ფარ-ხმალს, გაიღიმეთ და ლაღად გააგრძელეთ ცხოვრება, რომელიც მშვენიერია.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს ახლობლებს ვუთხრა, რომ ყველა ძალიან მენატრება და მიყვარს. მოუთმენლად ველოდები, როდის გაიხსნება ფრენები, რომ მათთან ჩავიდე და ყველას ჩავეხუტო.
გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. მჯერა, 2021 იქნება სიმშვიდის, წარმატების, წინსვლისა და სიხარულის მომტანი.
P.S. მესამეადგილოსან ქალბატონს, ნანა მიქავას კი "გზის" მომდევნო ნომერში გაგაცნობთ. გილოცავთ შობა-ახალ წელს, ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას და ყველა ქართველს, ღირსეულ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებას ვუსურვებთ.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.