ცნობილი ხარები, მათი განწყობები და მოლოდინები
font-large font-small
ცნობილი ხარები, მათი განწყობები და მოლოდინები
ის იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს.

"ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც ხშირად პრობლემის შექმნის საბაბი ხდება. თავდაჯერებულია, რჩევებს გარშემო მყოფებს არასდროს ეკითხება, ყველაფერს საკუთარი ჭკუით და ძალისხმევით აგვარებს. რომანტიკისგან შორს დგას, მაგრამ მზრუნველი და ერთგული მეუღლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ადამიანებს.


"შემიძლია, საშიშიც ვიყო და ულმობელიც"
GzaPress
მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე ხარის წელში დაბადებული მორიელია. აქვს მოლოდინი, რომ წელს მის ცხოვრებაში ბევრი კარგი ამბავი მოხდება:
- ჩემი წელი დაიწყო, მოლოდინიც განსაკუთრებული მაქვს. ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად შევხვდი, ადრეც შინ ვხვდებოდი და მერე მეგობრებთან გავდიოდი. წელს ყველანი ოჯახებში ვიყავით, რადგან კარგად გვესმის ის მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია. 2021 წლისგან რას ველი? პირველ რიგში, ველი, რომ ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით. დავისვენე, ენერგია მოვიკრიბე და დიდი სურვილი მაქვს, შემოქმედებითად დატვირთული წელი მქონდეს.
- შრომისმოყვარე ხარ?
- შრომა არ მეზარება, მით უმეტეს - ჩემი საქმის კეთება. მიზანდასახულიც ვარ. ის წარმატება, რასაც აქამდე მივაღწიე (თუ შეიძლება, ასე ითქვას), ალბათ ჩემი საქმის სიგიჟემდე სიყვარულის შედეგია.
- საკუთარი საქმის სხვისთვის გადაბარება გჩვევია?
- არასდროს. ეს ცუდი თვისებაა. არ მიყვარს, ვერ ვიტან, როცა მეხმარებიან. რაც უნდა მოხდეს, მირჩევნია, ყველა დეტალს დამოუკიდებლად გავართვა თავი.
- "საკუთარი ძალის და შესაძლებლობის სწორად განაწილების უნარი აქვს".
- ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ეს ისწავლება, გამოცდილება დიდ როლს თამაშობს.
- მომავალი დღის დაგეგმვა უფრო გჩვევია თუ გადაწყვეტილებებს სპონტანურად იღებ?
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. ზოგჯერ მიყვარს დაგეგმვა, ჩამოწერა, რა დროს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მოულოდნელობები და სპონტანურობაც მომწონს, ჩემთვის ეს დიდი აზარტია.
- ცხოვრების დინებას მიჰყვები თუ საწინააღმდეგო მიმართულებითაც ხშირად ცურავ?
- დინების მიყოლა უინტერესო მგონია, სულ ვცდილობ, რაღაცები შევცვალო, საპირისპირო მიმართულებით ცურვა გაცილებით საინტერესოა.
- "მატერიალისტია, ის მატერიალისტურ მიზნებს ხშირად ისახავს".
- მთლად ასეც არ არის. ისეთი პროფესია ავირჩიე, ამ ქვეყანაში ამ საქმით დიდი ფული არ იშოვება.
- "მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ აფეთქებას მოკლებულ ემოციებს ეფუძნება, სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".
- ვერ დავეთანხმები, ძალიან რომანტიკოსი ვარ, ზედმეტადაც კი.
- "მას შეუძლია იყოს ულმობელი და სასტიკი, ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".
- მართალია, შეიძლება ვერ გავიხსენო, როდის ვიყავი სასტიკი და ულმობელი, მაგრამ თავად ჩემში ამას ხომ ვგრძნობ. თუ საჭიროება მოითხოვს, შემიძლია, საშიშიც ვიყო და ულმობელიც.
- "ის არასდროს ივიწყებს გაწეულ სიკეთეს, არც წყენა და შეურაცხყოფა ავიწყდება".
- უმადურობისგან ღმერთმა დამიფაროს, პატარა წყენებს ვპატიობ ადამიანებს, მაგრამ თვით ამბავი, ფაქტი სადღაც ჩემს ქვეცნობიერში მაინც ილექება.
- "მორიელი ადამიანებს გამჭოლად ხედავს და ზუსტად იცის, ვისგან რას შეიძლება ელოდოს".
- ადამიანს რომ ვხედავ, ეგრევე ვგრძნობ, ის როგორი პიროვნებაა, აურას ვცნობ, ჩემი ინტუიცია ხშირად გამართლებულა.
- ნიღბის ტარების საჭიროებას ხშირად გრძნობ?
- არის მომენტები, როცა ამის აუცილებლობაა. ყველასთან ვერ იქნები ისეთი, როგორიც მართლა ხარ, ეს "თამაში" ზოგჯერ საინტერესოც არის.
- წონასწორობას იოლად კარგავ?
- შემიძლია, ძალიან დიდხანს რაღაც ვითმინო, მაგრამ მერე უმნიშვნელო დეტალის გამო წონასწორობა დავკარგო. ვფიქრობ, ზედმეტი მოთმინებაც არ შეიძლება, რადგან ემოცია არსად მიდის, შენში გროვდება და ერთ დღეს აუცილებლად ამოხეთქავს.

"კოსმოსიდან სიგნალი მომდის, რა შეიძლება მოხდეს"
GzaPress
მსახიობი თამუნა აბშილავა ხარის წელში დაბადებული კირჩხიბია. ინტუიცია მასაც კარგად აქვს განვითარებული, მეტიც - ხშირად წინასწარმეტყველურ სიზმრებსაც კი ხედავს:
- 2021 სიმშვიდის, შრომის, კარგი ამბების წელი იქნება, ყველაფერს საუკეთესოს ველოდები. ფოთის თეატრში დავიწყე მუშაობა. შრომა ხარივით მიყვარს. პასუხისმგებლობის გრძნობა გაასმაგებული მაქვს.
- მომთმენი და თავშეკავებული ხარ?
- უზომოდ.
- ეს კარგია თუ ცუდია?
- ვფიქრობ, კარგია. მოთმინებისთვის სამყარომ არაერთხელ დამაჯილდოვა.
- კონსერვატორი ხარ?
- ზომიერად.
- სიახლეებს რთულად იღებ?
- რთულად - არა, მაგრამ ყოველთვის დიდი სიფრთხილით.
- "მისთვის ოჯახი უმთავრესია".
- დიახ, ნამდვილად ასეა, მაგრამ გული მწყდება, რომ პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე.
- "ის ხშირად მელანქოლიის ტყვეობაშია".
- ხშირად ხდება, ეს განწყობა ზოგჯერ გაუცნობიერებლად მოდის, ხასიათზე ამინდიც მოქმედებს.
- "მგრძნობიარე ბუნების პატრონია, ზოგჯერ ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ზოგჯერ კი ბავშვივით დაუცველია".
- ზუსტად ასეა. არის მომენტები, როცა სხვა გზა არ გაქვს, ძლიერი უნდა იყო, მერე ამ თამაშით იღლები და მელანქოლია მოდის, მაგრამ ჩემი მელანქოლია სხვებისთვის შესამჩნევი არასდროსაა, მარტოც ვუმკლავდები.
- საკუთარ განცდებზე ღიად ლაპარაკი შეგიძლია თუ ჩაკეტილობა უფრო გჩვევია?
- ადრე მეტად გახსნილი ვიყავი, ახლა - ნაკლებად. ეს ცხოვრებამ მასწავლა. არის განცდები, რომელიც მხოლოდ შენთვის უნდა დაიტოვო, გაზიარებას აზრი არა აქვს.
- "ხშირად ის ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით".
- ინტუიცია იმდენად განვითარებული მაქვს, ხშირად დისკომფორტსაც მიქმნის, საოცარ სიზმრებსაც ვხედავ. მაგალითად, ვიცოდი თარიღი, როცა ჩემი მშობლები გარდაიცვლებოდნენ.
- რას ამბობთ, ეს ძალიან რთულია.
- ურთულესია, უსიამოვნოა. კოსმოსიდან სიგნალი მომდის, რა შეიძლება მოხდეს და როდის უნდა მოხდეს... მთელი ცხოვრება ვცდილობ, ეს განცდები მოვიშორო.
- "ძალიან მოსიყვარულე ნიშანია, მაგრამ თუ დასჭირდა, შეუძლია სასტიკი მტერიც იყოს".
- მტრობა ნაკლებად გამომდის, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას ვასრულებ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ისინი სამყაროსგან აუცილებლად ისჯებიან. თავად შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია.

"რომ არ წავქცეულიყავი, დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი"
GzaPress
მსახიობი თაკო ცქვიტინიძე ხარის წელში დაბადებული ვერძია. აქვს განცდა, რომ წლევანდელი წელი მისთვის განსაკუთრებული იქნება. ხარსა და მას შორის კეთილგანწყობა რომ ყოფილიყო, ახალი წლის ღამეს, თეთრი ხარის შემობრძანებას თეთრი სამოსით შეხვდა და ყველანაირი წითელი ნივთი გადამალა:
- მგონია, რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს. სატურნის და იუპიტერის შეერთებით ახალი ერა დაიწყო, შესაბამისად, მოლოდინიც დიდია.
- შრომისმოყვარე ხარ?
- ძალიან, თან პედანტი, მოწესრიგებული ვარ. ჩემთვის სადმე დაგვიანება ან "დამავიწყდა, ვერ გავაკეთე", ან "მერე ვიზამ" - გამორიცხულია. საქმეს კეთილსინდისიერად ვაკეთებ.
- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".
- ზედმეტად მეოცნებე და რომანტიკოსი ვარ. ზოგჯერ საჭიროა, ვინმემ დამქაჩოს და რეალობაში დამაბრუნოს. მგონია, ყველაფერი ისეა, როგორც წიგნებსა და ფილმებში ხდება. დიდი ოპტიმისტი ვარ, სულ კარგი ამბების მოლოდინი მაქვს.
- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".
- ვერ ვიტან უსამართლობას. ჩემი შვილიც რომ იყოს, დამნაშავე თუ არის, მის დანაშაულზეც თვალს ვერ დავხუჭავ.
- "წყენას იოლად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".
- პატიება შემიძლია, წყენა დიდხანს არ მიმყვება, მაგრამ ერთი ძალიან ცუდი თვისება მაქვს, საქმე მგრძნობიარე და მნიშვნელოვან ამბავს თუ ეხება, რაღაც პერიოდის შემდეგ, შეიძლება იმ ადამიანს წამოვაძახო, რომ მაწყენინა (იცინის). ისე, კონფლიქტური არ ვარ.
- ფიცხი ხარ?
- არა. მაქვს უნარი, რაღაც არ შევიმჩნიო, თვალი დავხუჭო, ჩუმად ვიყო, მაგრამ მერე შეიძლება ავფეთქდე და კატასტროფა მოხდეს.
- "ოჯახის წევრებისგან უპირობო მორჩილებას მოითხოვს".
- ეს ჩემი თვისება ნამდვილად არ არის. არავისგან არაფერს ვითხოვ, არასდროს არავის ვავალდებულებ.
- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება, ურჩევნია, მისთვის თავად იბრძოლოს".
- ბედნიერებისთვის ბრძოლა ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ვიღაცისთვის ფულია დიდი ბედნიერება, ვიღაცისთვის - მაიამიში შეზლონგზე წამოგორება. ჩემთვის ბედნიერება ოჯახის წევრების ჯანმრთელად ყოფნაა. ვცდილობ, ბედნიერება დავინახო: ყვავილში, მზის სხივში, მოკითხვაში, ქუჩაში უცხო ადამიანის გაღიმებაში...
- რჩევას სხვებს ხშირად ეკითხები თუ საკუთარი შეხედულებით მოქმედებ?
- ძალიან ყოფით საქმეს თუ არ ჩავთვლით (როგორიცაა კექსის გამოცხობა), რჩევებს თითქმის არავის ვეკითხები. არც ვიცი, რამდენად კარგია ეს ან ცუდი. შოპინგზე მარტო დავდივარ. მთავარია, სამოსი მე მომეწონოს და თავი კომფორტულად ვიგრძნო, სხვებს თავისი გემოვნება და ხედვა აქვთ. იმდენად ვარ ემოციებზე დამოკიდებული, რომ არასდროს ვფიქრობ, ის რაღაც რამდენად მაწყობს ან - არა. მთავარია, გული რას მეუბნება.
- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი კრახის და ფიასკოს შემდეგ ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".
- ეს აუცილებელია.
- იოლი არ არის. როგორ ახერხებ, რა გეხმარება?
- ძალიან რთულია, მაგრამ მე ვთვლი, რომ შეცდომა არ არსებობს, არსებობს გამოცდილება. მე რომ არ წავქცეულიყავი, ცხვირი რომ არ მომემტვრია, დღეს ასეთი ვერ ვიქნებოდი. ამიტომ ჩემს შვილს თავს არაფერს ვახვევ. შეცდომას თუ დაუშვებს, არა უშავს, იმ შეცდომაზე ისწავლის და ხვალ იმავეს აღარ გაიმეორებს.

"სიახლეები მიყვარს, ცვლილებები - ნაკლებად"
GzaPress
ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე ხარის წელში დაბადებული ტყუპია. 2020 წელი მისთვის ღირებულებების გადაფასების წელი იყო, საკუთარ თავთან "სალაპარაკოდ" მეტი დრო ჰქონდა და ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენა. 2021 წელს შეხვდა ახალი იდეებითა და იმედით, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება:

- ყველაფერი ცუდი დასრულდა და სიხარულით სავსე დღეები დაიწყო. ფეხზე ნელ-ნელა დავდგებით, ჩვენი გეგმების განხორციელების წელი იქნება.
- გასულმა წელმა რაზე დაგაფიქრა, რა აღმოჩენები გააკეთე?
- საკუთარ თავთან ყველა მარტო დავრჩით, ამის დრო მანამდე არ გვქონდა. ეს თავიდან ცოტათი უცნაური შეგრძნება იყო, მერე მომეწონა, საკუთარ თავთან "ლაპარაკი" საინტერესო იყო. ეს პერიოდი ახალი წიგნების წასაკითხად, ფილმების სანახავად გამოვიყენე. მეგობრები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, ყველა დაბრუნდა. მართალია, შეზღუდვები იყო, მაგრამ მათი ნახვის შესაძლებლობა პერიოდულად მაინც მქონდა. თუ ვირუსს არ ჩავთვლით, ეს "გადატვირთვა" საჭიროც კი იყო.
- ადამიანების სიმპათიას და კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებ?
- ხშირად მეუბნებიან, "რა კარგია, შენ ყველას უყვარხარ". ამ სიტყვებმა არაერთხელ დამაფიქრა. ასე არ არის, ყველას ნამდვილად არ ვუყვარვარ. კეთილგანწყობის მოპოვება იოლად არასდროს ხდება. განწყობა დროთა განმავლობაში, დაკვირვების შედეგად უყალიბდებათ. ძალიან მიყვარს ადამიანები. კედელს თუ არ შევეჯახე, მანამდე ვარ კეთილად განწყობილი. ძალით კონტაქტი არავისთან შემიძლია. უთვალავი ნაცნობი და ძალიან ცოტა ახლო მეგობარი მყავს, ვისთან ერთადაც თავისუფალ დროს ვატარებ. ვამბობ ხოლმე, ცუდი ადამიანი არ არსებობს, არსებობს ცუდი გადაწყვეტილებები, შანსი ყველას უნდა მივცეთ.
- "უყვარს ფიქრი. ხშირად აქვს მოთხოვნა განმარტოვდეს და საკუთარი მომავალი ისე დაგეგმოს".
- ფიქრი მიყვარს, მაგრამ რომ ვთქვა, მომავალს ვგეგმავ-მეთქი, ტყუილი იქნება. სულსწრაფი ვარ. ყველაფერი იმ წუთში, მოფიქრებისთანავე მინდა გავაკეთო, მერე შეიძლება ეიფორიამ გამიაროს და აღარ მომინდეს.
- ასტროლოგები თვლიან, რომ სიახლეებს რთულად იღებ.
- სიახლეები მიყვარს, ცვლილებები - ნაკლებად. რაღაცას რომ ვეჩვევი, ამასთან განშორება მიჭირს. ასაკით ჩემზე პატარა მეგობრები მყავს, მათგან სულ რაღაცას ვსწავლობ, ისევე, როგორც უფროსებისგან.
- შეყვარებული ხარ?
- არა.
- რომანტიკა რა დოზითაა შენს ცხოვრებაში?
- ზომიერად.
- ცინიკოსი ხარ?
- პერიოდულად ვარ, მაგრამ ამის გამომჟღავნება არ მომწონს. მერე საკუთარ თავთან დისკომფორტი მექმნება, განვიცდი, მაწუხებს. ამიტომ ვცდილობ, ცინიკოსი არასდროს ვიყო.
- ხასიათი ხშირად გეცვლება?
- 5 წუთში ერთხელ მეცვლება, ეს დამღლელია. დროთა განმავლობაში საკუთარი განწყობების მართვა ვისწავლე.
- "ის გამუდმებით დახვეწას და იდეალთან მიახლოებას ცდილობს".
- როდესაც ადამიანი უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს, მისასალმებელია, მაგრამ შორს ვარ იმისგან, რომ თავი იდეალთან მიახლოებული მეგონოს.
- მფლანგველი ხარ?
- ფულთან არასწორი დამოკიდებულება მაქვს. როცა თანხა მერიცხება, რაც აუცილებელია, იმწამსვე თუ არ ვიყიდე, მეორე დღეს თანხა აღარ მექნება. ზოგჯერ გზის ფულსაც კი არ ვიტოვებ და მერე ფეხით დავდივარ.
- ფანტაზიორი ხარ? ტყუილის თქმა გიყვარს?
- ფანტაზია ჩემს საქმეში აუცილებელია. რაც შეეხება ტყუილების თქმას, ძალიან თავმოყვარე ვარ და ვინმემ ტყუილში რომ გამომიჭიროს, ალბათ მოვკვდები. მხოლოდ უწყინარი ტყუილი შეიძლება ვთქვა: სადღაც რომ მაგვიანდება, ვიტყუები, თითქოს საცობში ვარ.
- დაგვიანება ახსენე და ასტროლოგები ხაზგასმას შენს არაპუნქტუალურობაზეც აკეთებენ.
- (იცინის) შეიძლება მეგობრულ შეკრებაზე დავიგვიანო, მნიშვნელოვან შეხვედრებზე პუნქტუალური ვარ.
- ცნობისმოყვარე ხარ?
- ადამიანების პირადი ამბებით არასდროს ვინტერესდები, სამაგიეროდ, საქმეში ცნობისმოყვარეობა გაასმაგებული მაქვს.
- ბედნიერ და წარმატებულ 2021 წელს გისურვებ!
- დიდი მადლობა, ყველასთვის წარმატების მომტანი იყოს!
თამუნა კვინიკაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.