რა მეთოდით ინარჩუნებს კარგ მეხსიერებას 88 წლის ყოფილი პედაგოგი
font-large font-small
რა მეთოდით ინარჩუნებს კარგ მეხსიერებას 88 წლის ყოფილი პედაგოგი
"სოფელში სიმარტოვეს რომ განვიცდი, გონებაში სულ ლექსებს ვიმეორებ"

ბოლო რამდენიმე წელია, ზამთრის სუსხიან დღეებს თბილისში, შვილების ოჯახებში ატარებს, გაზაფხულზე ისევ თავის სოფელს დაუბრუნდება. 88 წლის მარინე შაიშმელაშვილი პროფესიით ფილოლოგია. ის გამოვლილ წლებზე, ოჯახზე, პროფესიულ გამოცდილებასა და ხანდაზმულობის დროს კარგი მახსოვრობის შენარჩუნებს გზებსა და "გონების სავარჯიშოებზე" გვიყვება.


- გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში ვცხოვრობ. რაც მოვხუცდი და შრომის უნარი აღარ მაქვს, ზამთარში შვილებთან, თბილისში ჩამოვდივარ ხოლმე. ორი გოგონა მყავს. ხომ იცით, მოხუცი მარტო არ უნდა იყოს.
თელავის პედაგოგიური უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. მაშინ თელავში თბილისიდან ჩამოდიოდნენ ლექტორები. მასწავლიდა: მიხეილ ზანდუკელი, შოთა ძიძიგური, გრიგოლ მარგიანი და ა.შ. ძალიან აქტიური ვიყავი სამეცნიერო წრეებში. მაქვს დაწერილი თემა: "საჭმელ-სასმელების ლექსიკა კახურში", რომელზე მუშაობისას ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ადგილობრივი დეკანი და დიდად განათლებული ადამიანი საშა გვენცაძე. კარგად მახსოვს, 1952 წლის აპრილი იყო, მოხსენება რომ წავიკითხე. კონფერენციას ცნობილი პროფესორი და შესანიშნავი ადამიანი ვარლამ თოფურია ესწრებოდა, რომელმაც თემა მომიწონა და მითხრა, - სწავლა ასპირანტურაში უნდა გააგრძელოო. ახლა მაგისტრატურას რომ ეძახიან, ჩვენ დროს მას ასპირანტურა ერქვა, მაგრამ მე დაოჯახება გადავწყვიტე. თან, დედაჩემს 4 შვილი ჰყავდა, ოთხივეს უმაღლესი განათლება მიგვაღებინა. ვიცოდი, თბილისში სწავლის გაგრძელების საშუალება არ მექნებოდა და ამიტომ გავაკეთე ასეთი არჩევანი.
ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის დროს, ჩავერთე კომკავშირულ და პარტიულ მუშაობაში. მედიკო მეზვრიშვილი ხომ გაგიგიათ?! ინსტიტუტში ის კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო და მე - მისი მოადგილე. მაშინ მიმიღეს კომუნისტურ პარტიაშიც. მედიკო სტალინური სტიპენდიატი იყო. სწავლა რომ დავამთავრეთ, თელავში კომკავშირის რაიკომის მდივნად რომ დანიშნეს, მთხოვა, იქაც მის მოადგილედ წავსულიყავი, მაგრამ მე ოჯახის შექმნა მერჩივნა. მოგვიანებით, მედიკოს რომ შევხვდებოდი, მეუბნებოდა, - შენ მაჯობე, რადგან ოჯახი გაქვს და შვილებზე ზრუნავო (მოგეხსენებათ, მას საკუთარი ოჯახი არ ჰქონდა, ძმისშვილებსა და დისშვილებზე იხარჯებოდა).
- სად დაიწყო თქვენი პედაგოგიური საქმიანობა?
- მაშინ საბჭოთა პერიოდი იყო. ვინც ჩემ გვერდით სამებზე სწავლობდნენ, მათ მაშინვე "იშოვეს" სამუშაო. მე კი ქართული ენის პედაგოგად დმანისის რაიონის სოფელ სარკინეთის რუსულ სკოლაში გამანაწილეს. არ წავედი. წარმოშობით სიღნაღიდან ვარ, სოფელ ნუკრიანიდან. იქ ყრუ-მუნჯთა სკოლა ინტერნატი გაიხსნა და პედაგოგიური საქმიანობა სწორედ იქ დავიწყე. 1955-1957 წლები დავყავი და ყველას უკვირდა, რომ ყრუ-მუნჯთა სკოლა ინტერნატში მუშაობას თავი გავართვი. 1957 დავოჯახდი ყვარლის რაიონის სოფელ სანავარდოში, შემდეგ სოფელ ვაზისუბანში გადავედით და იქვე სკოლაში მუშაობა დავიწყე. ჩემი მეუღლე მალხაზ ასლამაზაშვილიც პედაგოგი იყო, იმავე სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. ინსტიტუტში დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი, როცა ჩვენ შორის სითბო გაღვივდა (იღიმის). ერთ-ერთ სანიმუშო მასწავლებლად ვითვლებოდი და ამიტომ, სულ უფროსკლასელებს ვასწავლიდი. პედაგოგისთვის უფროსკლასელებთან მუშაობა გაცილებით რთულია. ქართულის მასწავლებელმა, გარდა თავის საგნისა, უნდა იცოდეს ისტორია, გეოგრაფია. გარდა ამისა, ბევრი საკონტროლო თემის კითხვა გიწევს, მათი გასწორება შრომატევადია.
GzaPress
- როგორი იყო თქვენი, როგორც ამბობენ, "კლასის ხელში აყვანის მეთოდი"?
- საამისოდ, პირველ რიგში, ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. გაკვეთილის პროცესში, ვთქვათ, ბავშვი რამეს წერდა ან ხატავდა, მივიდოდი, ფურცელს გამოვართმევდი, ჯიბეში ვიდებდი და ვცდილობდი, მისი ყურადღება განსაკუთრებით მიმექცია. გაკვეთილი რომ მთავრდებოდა, ზოგჯერ ჯიბე სულ ასეთი ფურცლებით მქონდა სავსე (იღიმის). ხშირად ვატარებდი ღია გაკვეთილებს, განათლების სამინისტროდან მოდიოდნენ და გვამოწმებდნენ, ჩემი მუშაობით ყოველთვის კმაყოფილი რჩებოდნენ. 1986 წელს, როგორც კარგი პედაგოგი, შრომის ვეტერანის საპატიო წოდებით დამაჯილდოეს. ამ ფაქტის აღსანიშნავად სამკერდე ნიშანიც მომცეს და პატარა წიგნაკიც.
- რამდენი წლის იყავით, სკოლაში მუშაობას რომ თავი დაანებეთ?
- 62 წლის ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რატომ მიდიხარო, მაგრამ ჩემს შვილს უნივერსიტეტი უკვე დამთავრებული ჰქონდა, ახალგაზრდა იყო და მუშაობა უნდოდა. მე მემუშავა და მას არა?! ეს არასწორი იქნებოდა. ამიტომ წამოვედი სკოლიდან. ასე სჯობდა.
- ქალბატონო მარინე, 90 წლის ბებია მყავს, მშვენიერი აზროვნებითა და მეხსიერებით, თქვენც ასევე ხართ. რა მეთოდი გაქვთ და როგორ ინარჩუნებთ მეხსიერებას?
- მეხსიერებას რით ვინარჩუნებ, გითხრათ?! (იღიმის). სოფელში მარტო ვცხოვრობ, ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებს. ჩემს შვილებს ჩამოაქვთ, რადგან ჩემი პენსია ამას ვერ გასწვდება. ტელევიზორს ვუყურებ, პოლიტიკაშიც კარგად ვერკვევი და ასევე ვცდილობ, თუკი რამე მომეწონება, ზეპირად დავიმახსოვრო. მაგალითად, იმ დღეს შანდორ პეტეფის ლექსი "მიყვარხარ" მომეწონა და მალევე დავიზეპირე. რაღა დროს ჩემი სიყვარულია, მაგრამ ეს გრძნობა სულ არის (იღიმის). გარდა ამისა, ჩვენ სოფელ ვაზისუბანში 80 წელს გადაცილებული 10 პენსიონერი ვართ. 5 წლის წინ გადავწყვიტეთ, ერთად მოგვეყარა თავი და პირველი შეხვედრა ყვარლის ტბაზე, რესტორანში გავმართეთ. სუფრასთან სადღეგრძელოების წარმოთქმისას: ღმერთზე, სამშობლოზე, მშობლებზე, ბუნებაზე, გატარებულ ცხოვრებაზე და ა.შ. ვცდილობ გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე თუ სხვა პოეტები და ყველა სადღეგრძელოს შესაბამისი ლექსი მივუძღვნა-მივუსადაგო. ამიტომ, როცა შინ სიმარტოვეს განვიცდი, გონებაში სულ ლექსებს ვიმეორებ და შეკრებებზე ვკითხულობ ხოლმე. ასეთ შეხვედრებს წელიწადში რამდენჯერმე ვმართავთ. ასე ხდებოდა, სანამ კორონა შემოვიდოდა, მაგრამ ამ დაავადების გავრცელების შემდეგ, შეკრება მხოლოდ ორჯერ მოვახერხეთ. ხან სოფლის თავში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ვართ, თუ ცუდი ამინდია, ვინმეს ოჯახში. ვსაუბრობთ წარსულსა და აწმყოზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და ა.შ.
- სოფელში მარტო ვცხოვრობო და მეუღლე როდის გარდაგეცვალათ? ბოდიში, რომ ამ თემაზეც გეკითხებით.
- არა უშავს, ჩვენ, ადამიანები ყველანი მოკვდავები ვართ. ჩემი მეუღლე 2017 წლის 6 მაისს გარდაიცვალა. როგორც გითხარით, ისტორიკოსი იყო, თან - ძალიან მცოდნე. რეპრესირებული ოჯახის შვილი. სკოლაში ერთად ვმუშაობდით როგორც პედაგოგები და ის დირექტორიც გახლდათ. ბავშვებს ვამზადებდით უმაღლესებისთვის, ასევე ვუვლიდით ვენახს. გვქონდა საფერავი, რქაწითელი...
- ახლა გამოიზამთრებთ ქალიშვილთან და ისევ ვაზისუბანში დაბრუნებას აპირებთ. თქვენი პატარა ბაღი, ბოსტანი თუ გაქვთ?
- დიახ, აპრილში ან მაისში დავბრუნდები. ყოველთვის ასე ხდება. აქამდე ბოსტანში მომყავდა ჩვენი სამყოფი კარტოფილი, ლობიო, მწვანილი, კიტრი, პომიდორი. მეც მყოფნიდა და შვილებსაც, ვასიამოვნებდი ხოლმე მათ. ახლა, სანამ თბილისში წამოვიდოდი, ვარდები გავსხალი და ბოსტანი მოვასუფავე, მხოლოდ მწვანილი დავთესე, ადრიან გაზაფხულზე ამოვა.
- ქალბატონო მარინე, იმ ასაკის მოიყარეთ, რომ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ და საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენი აზრით, რა არის ცხოვრებაში მთავარი?
- ადამიანებს ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და გაჭირვებაში დავეხმაროთ ურთიერთს - ეს არის უმთავრესი!..
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.