"სიყვარულში არ არსებობს დაბრკოლებები"
font-large font-small
"სიყვარულში არ არსებობს დაბრკოლებები"
ნანკა ქოქიაშვილის პირველი სიყვარული

"ფორტუნას" ჟურნალისტსა და "არ დაიდარდოს" მუსიკალურ წამყვან ნანკა ქოქიაშვილს პანდემიის გამო კონცერტები გაუუქმდა. ამიტომ იძულებული გახდა, ავტომანქანა გაეყიდა და გარკვეული დროით თავი დაენებებინა კიდევ ერთი საქმისთვის - "ტაქსაობისთვის".


- "ყოველი ბავშვი ცოტათი მაინც გენიოსია, ყოველი გენიოსი ცოტათი მაინც ბავშვია" (შოპენჰაუერი).
- ჩემი აზრით, ყოველი ბავშვი გენიოსია. როდესაც ახალი სიცოცხლე იბადება, ეს უკვე გენიალურია. მახსოვს, ბებო და დედა ხშირად მეუბნებოდნენ, ზოგჯერ არის რაღაც საკითხები, რაც ჩვენ არ მოგვაფიქრდება და შენ სწორ დასკვნებს აკეთებ, ასეთი პატარაც კიო. იმისიც მჯერა, რომ გენიოსებიც შინაგანად ბავშვები არიან და არა მარტო ისინი, ყველანი მაინც ვრჩებით ბავშვურები და ბავშვობაში. პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი და ეს ძალიან მომწონს ჩემში. თავისნათქვამა და ჯიუტი გახლდით - რასაც მოვინდომებდი, იმას ვაკეთებდი. თუ "არას" ვიტყოდი, ქვეყანა უნდა ჩამოქცეულიყო, რომ გადამეთქვა.
- "ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან" (კონფუცი).
- (იცინის) სწორედ ჩემზეა ნათქვამი. რაღაც მომენტში ეს დამღლელიც კია. ყველა მეუბნება, რა გენაღვლება, მიდიხარ რადიოში, სამსახურში, სადაც სულ მუსიკა და გართობააო, მაგრამ აქ სხვა ამბავია: მუდმივ რეჟიმში ხარ, მხიარული და ბედნიერი იმიტომ, რომ ეს განწყობა ყველას უნდა გადასდო, მაგრამ შენში რა ხდება, არავის აინტერესებს. განა იმიტომ, რომ არავის ადარდებ, უბრალოდ, ყველას ჰგონია, რომ ხარ ბედნიერი და ასეც უნდა იყოს. რამდენიმე ხნის წინ კორონა გადავიტანე, თავისა და წელის ტკივილები მქონდა, ჩემი სანაცნობოს 90% დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მტკიოდა, რომ ამ ვირუსს უპრობლემოდ გავუმკლავდებოდი და ა.შ. - შენ გადაიტან, ისეთი ტიპი ხარ, იქით შეაშინებ კორონასო, - მეუბნებოდნენ... არის მომენტები, როცა მოიწყენ და მოგინდება, რომ ვიღაცამ გაგამხნევოს და გკითხოს, რაღაც ხომ არ გაწუხებს? თუმცა, იმდენად ეგოისტი ვარ, ვინმეს რომ შევეცოდო, მგონი, ამაზეც ნერვები მომეშლება. ამიტომ მირჩევნია, სულ კარგ ხასიათზე ვიყო. რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, საკუთარ თავს ველაპარაკები, ვამშვიდებ. მოკლედ, 100%-ით ვეთანხმები ამ გამონათქვამს. ერთი ამბავი მახსენდება "ტაქსაობის" პერიოდიდან: ვიღაცამ გამომიძახა ვარკეთილში, ღამის 2 საათზე, დიდხანს ვიარე ძალიან დანგრეულ გზაზე, ბოლოს ტირილი დავიწყე. ძლივს გადავიარე ეს დანგრეული გზა და დავინახე წარწერა, - აქ შესვლა აკრძალულიაო. ამ დროს დამირეკა მგზავრმა და შეკვეთა გამიუქმა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ტელეფონის ნომერიც არ მქონდა, რომ დამერეკა და მეჩხუბა. წამოვედი ტირილ-ტირილით, მაგრამ მერე ამ ყველაფერს ისე მხიარულად ვყვებოდი, ვერავინ მიხვდებოდა, რამდენი ვინერვიულე.
GzaPress
- "მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს, სანამ შეცდომას არ გამოასწორებ" (ბუალო).
- მე თვითონ ვარ ასეთი "ტვინის ბურღი" ჩემი მეგობრებისთვის და მეც მყავს ასეთი მეგობრები. მივეკუთვნები ადამიანთა კატეგორიას, რომელსაც რჩევას კი მისცემ, მაგრამ მაინც იმას გააკეთებს, რაც უნდა. სამწუხაროდ, ასეთი ვარ. პატარ-პატარა რჩევები შეიძლება გავითვალისწინო, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც თავად ვიღებ.
- "არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი" (ლაროშფუკო).
- ჭკვიანი უნდა იყო, მაგრამ ბევრჯერ მინანია სიჭკვიანე. ყოფილა სიტუაცია, როდესაც ძალიან მომშლია ნერვები და მითქვამს, ხომ შეიძლებოდა, ცოტა სულელი ვყოფილიყავი და ვერ მივმხვდარიყავი ამდენს-მეთქი?! ზოგჯერ სულელობაც კარგია. ჭკვიან ადამიანს თავის მოსულელებაც ჭკვიანურად შეუძლია, მაგრამ მე ვერ ვახერხებ ამას, ზედმეტად გულწრფელი ვარ.
- "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი" (სოლომონ დოდაშვილი).
- არ ვიცი, საკუთარ თავზე არ გამომიცდია ეს სიცარიელე (იცინის) და ვერაფერს ვიტყვი, თუმცა, ასეთი ბევრი შემხვედრია. უნდა ვაღიარო, მათი არსებობა საჭიროც კია წინ წასასვლელად - უყურებ მათ და არ გინდა, შენც ისეთი იყო.
- "პირველ სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოცდის" (გოეთე).
- სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირია. როცა გიყვარს, ყოველთვის გგონია, რომ ძალიან გიყვარს, მაგრამ დაშორდები და მერე ფიქრობ, - უი, თურმე ეს არ ყოფილა სიყვარულიო... პირველად ვინც მიყვარდა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, უფრო სწორად, არის დღესაც, ჰყავს ოჯახი და ბედნიერად ცხოვრობს. საერთოდ, კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ და დღემდე მასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ახლა ვერ ვიტყვი, რომ ეს სერიოზული გრძნობა იყო. ძალიან პატარა ვიყავი მაშინ და რა იყო სიყვარული, შეიძლება არც კი ვიცოდი, იქნებ დღესაც არ ვიცი. მგონია, ეს გრძნობა საკმაოდ გვიან გამოვცადე.
- "გიყვარდეს - ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით" (სენტ-ეგზიუპერი).
- ვეთანხმები, მაგრამ 100%-ით - ვერა. როდესაც გიყვარს, ყოველთვის გინდა, ეხებოდე და ხშირად ხედავდე. როდესაც შეყვარებული ხარ, უფრო მეტად გაქვს სურვილი, მეტი დრო მასთან გაატარო, ყველაფერი მნიშვნელოვანი მას გაუზიარო. სიყვარული არის ერთი მიმართულებით ხედვა და ერთმანეთისთვის შეხიდება. სულ მომწონს ფრაზა "მეორე ნახევარი". ეს ნიშნავს, რომ რასაც ერთი ვერ შეძლებს, მეორე უნდა დაეხმაროს და ერთად ზიდონ ეს ტვირთი. სიყვარულში არ არსებობს დაბრკოლებები; არ არსებობს დედამიწის ზურგზე არანაირი წინააღმდეგობა, რომელსაც სიყვარული არ გადაგალახვინებს. მაშინ უბრალოდ არ გიყვარს და მორჩა.
- "რაც საწოლში ქალებს ყველაზე მეტად უყვართ, ეს საუზმეა" (რობინ უილიამსი).
- საწოლში ყველაზე მეტად რაც უყვართ, საუზმეაო? რა უფანტაზიობაა (იცინის)!.. საწოლში საუზმის მირთმევა, ეს სასიამოვნოა, მაგრამ ამაზე არასდროს მიოცნებია. ეს არ მაბედნიერებს, მგონი, ძალიან არარომანტიკული ვარ.
GzaPress
- "ქალის მიერ თავისი სიყვარულის უდიდესი დამტკიცება ის არის, თუ ქალმა მოდას თავი დაანება" (ბუასტი).
- თუ მამაკაცი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ, მისთვის ბევრი რამის დათმობა შემიძლია. ადრე ვამბობდი, მეტი საქმე არ მაქვს, კაცის გამო რამეზე უარი ვთქვა-მეთქი. ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ჯერ ერთი, არც ერთი შეგნებული მამაკაცი, რომელსაც უყვარხარ, ისეთ რამეს არ გეტყვის და არ მოგთხოვს, დისკომფორტი რომ შეგიქმნას. სიყვარული რა არის?.. ურთიერთობების თანხვედრა და ურთიერთგაგება. ჩემი ძველი თაყვანისმცემლები ხუმრობით ხშირად მეუბნებიან, შენ სულ კონცერტები გაქვს და აქეთ-იქით დადიხარ, ვინ აგიტანდა სახლშიო?!. იქნებ, რომ მიყვარს, ვთმობ ამ ყველაფერს? იქნებ ვერგები ამ სიყვარულს და რომ დავოჯახდები, ამ რიტმში აღარ გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას? თუ ვუყვარვარ, მანაც უნდა სცეს პატივი ჩემს სურვილებს და მე - მისას.
- "დაზოგვა დიდი შემოსავალია" (ციცერონი).
- ბავშვობაში მე და ჩემს დას ყულაბები გვქონდა, მაგრამ არასდროს ჩემს ყულაბაში ფული არ გროვდებოდა, ხან პინცეტით და ხან მაკრატლით ამომქონდა. მე და ფულის გადანახვა - წარმოუდგენელია.
- "ადამიანს შეიძლება ბევრი შეცდომა აპატიო, მაგრამ არსებობს ერთი კატეგორია, რომელიც პატიებას არასდროს იმსახურებს, ყველაზე მდაბიო და ამაზრზენი კატეგორია - მოღალატეები. ცხოვრებაში უშვებ ყველაზე დიდ შეცდომას, როდესაც მოღალატეს პატიობ, ვინაიდან ღალატი მისი მხრიდან აუცილებლად განმეორდება, ეს ადამიანური გრძნობების ყველაზე აშკარა კანონია" (მარკუს ავრელიუსი).
- ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რა უფლება მაქვს, ვინმეს რამე არ ვაპატიო?! მე ყველას ვპატიობ, დანარჩენს თვითონ ცხოვრება და უფალი მიხედავს. სიტყვიერად თქმა "გაპატიე", ვის რას არგებს?! სუსტი ხარ, მეცოდები და რომ არ გაპატიო, მე ვიქნები ცუდი ადამიანი, ამიტომ მე გპატიობ და შენ აგრძელებ ცხოვრებას.
- "რაც უნდა პატარა იყოს სამშობლო ქვეყანა, პატიოსან გულში მაინც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს" (პეტიტსენნი).
- ყოველთვის მეუბნებიან, რა გინდა საქართველოში, საზღვარგარეთ წადიო... იმიტომ ვარ საქართველოში, რომ ჩემს ქვეყანას ვერ ველევი. შეიძლება, ჯარისკაცის ფორმა არ მაცვია და ბრძოლის წინა ხაზზე არ ვარ, არც აქციებზე ვდგავარ ქუჩაში, როგორც ამბობენ, მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად, რადგან ძალიან კარგად ვიცი, იმ აქციებზე ვინ რის გამო დგას, მაგრამ ჩემი ცხოვრებით, შეგნებით, სულით პატრიოტი ვარ.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
საინტერესო ხელოვანის ცხოვრების გზა
ბუნება აქსესუარებში - ალპინისტი და თვითნასწავლი ხის ოსტატი
გოგი გეგეჭკორის უკანასკნელი პორტრეტი
"არ არის აუცილებელი, ერთ კონკრეტულ განზომილებაში იცხოვრო"
ხატვა ადრეული ასაკიდან დაიწყო, თავდაპირველად გასართობი საქმე იყო, შემდეგ ჰობად ექცა, მერე მოყვარულის დონეზე ხატავდა.
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ
ივერი თოთრაშვილმა რამდენიმე წლის წინ ხისა და ბუნებრივი ყვავილებისგან ულამაზესი აქსესუარების შექმნა დაიწყო.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.