"კამერით ჩავიწერეთ გოლიათების ხმა და გადავიღეთ მათი ნაკვალევი"
font-large font-small
"კამერით ჩავიწერეთ გოლიათების ხმა და გადავიღეთ მათი ნაკვალევი"
რისკიანი ჟურნალისტის - ლელა ნინუას საინტერესო თავგადასავალი

ლელა ნინუა ჟურნალისტია, ამჟამად ემიგრაციაშია და ამერიკაში ცხოვრობს. საქართველოში წარმატებულ და აქტიურ კოლეგას ქვეყნის დატოვებამ მოუწია, თუმცა იქაც არ უთმენს გული და აქტიურად განაგრძობს ჟურნალისტურ ცხოვრებას. ცოტა ხანში მის ამერიკულ სიუჟეტებს გია ჯაჯანიძის შოუშიც იხილავთ.



ასევე დააფუძნა ემიგრანტთა პალატა და უამრავი ღონისძიება აქვს დაგეგმილი. ერთ-ერთი გახლავთ საღამო, "სამოსი-სამშობლო", სადაც ქართველი ემიგრანტები მონაწილეობენ და წარადგენენ სხვადასხვა კუთხის ტანისამოსს, თან მოჰყვებიან ამბავს სამოსის შესახებ.

დაგეგმილი აქვს ნიუ-იორკში "ვაჟაობის" ჩატარება. გარდა იმისა, რომ ეს დიდი პოეტის გახსენების საღამო იქნება, ემიგრანტ ბავშვებს მისი გაცნობის საშუალება მიეცემათ. ლელას სურს, რომ ყველა ემიგრანტს ჰქონდეს თავის წარმოჩენის საშუალება და ის პროფესიები გაიხსენონ, რითაც ემიგრაციაში წასვლამდე იყვნენ დაკავებული.

- აქ ცხოვრობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, მათ შორის - ხელოვანები: მსახიობები, მუსიკოსები, დიზაინერები, რომლებმაც საყვარელი საქმე მიატოვეს და ოჯახებში მუშაობენ, თავი და ოჯახი რომ არჩინონ. ამიტომ, ჩემი მიზანია, იმ მძიმე შრომის გარდა, რასაც ისინი ემიგრაციაში ეწევიან, თავისი საქმეც გაიხსენონ და თავის წარმოჩენის საშუალება მიეცეთ. საღამოები, რომლებსაც ჩვენ მოვაწყობთ, სწორედ ამას შეუწყობს ხელს და მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, რომ ხალისით ერთვებიან ამ ახალ წამოწყებაში და მხარში მიდგანან.
"სამოსი სამშობლო" - დასახული ამოცანის ფარგლებში მოვიფიქრე ერთ სათაურად და ამ სათაურში, მიუხედავად შეერთებული ორი, კონსერვატორული ცნებისა, ნოვაციად ჟღერს, აქვს სიტყვათა წყობის შეთავსება, იოლად გასაბრენდებელია და რაც მთავარია, იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა. მოგეხსენებათ, სამოსი გულისხმობს როგორც რიტუალურ, ასევე ნაციონალურ და ალბათ ფუნქციურ შინაარსსაც. სამშობლო კი არის ცნება, რომელიც მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს სწორედ საზღვრებს გარეთ და გამაერთიანებელი ენერგია აქვს. ამ ორი ცნების კომპოზიცია ძალიან ფართოა და პირველი ემოცია მისი მოსმენისას ყველაფერ მშობლიურით შემოსვაა. მაგალითად, მაისურები ქართული ანბანით ან სხვა ელემენტებით. ყველას შეუძლია საკუთარი იმპროვიზაციით რამე ახალი შექმნას და ჩაიცვას. ეს იქნება პოდიუმი ასაკის გარეშე და ჩვენება - დიზაინერის გარეშე.
GzaPress
- საქართველოდან წასვლამდე ჟურნალისტი იყავი, საკმაოდ წარმატებულიც...
- ნოდარ ტაბიძის სტუდენტი ვიყავი და ფაქტობრივად, მისი გამოზრდილი ვარ. მან შემაყვარა ჩემი პროფესია და ძალიან ამაყი ვარ, რომ მას პირადად ვიცნობდი. ჩემი ძალიან საინტერესო ამბავი ჩეჩნეთის ომს უკავშირდება. მაშინ არსებობდა პროგრამა "დღე", სადაც ვმუშაობდი და ხელმძღვანელმა ნინო გველესიანმა გადაწყვიტა, რომ ჩეჩნეთის ომის გასაშუქებლად მე წავსულიყავი. აზრზე არ ვიყავი, სად მივდიოდი და რა საფრთხის შემცველი იყო იქ წასვლა. ჩემთან ერთად იყვნენ ოპერატორი გია გოგიაშვილი, კახა ბუხრაშვილი და ხიზრი ალდამოვი. იქ ჩასულებს ერთი იქაური კაცი მოგვამაგრეს, რომელიც ჩვენი მეგზური გახლდათ. პირველი, რაც გვაჩვენეს, იყვნენ რუსი სამხედრო ტყვეები, შემდეგ წაგვიყვანეს ჩეჩნეთის პარლამენტში, სადაც უამრავი სხვა ჟურნალისტი დაგვხვდა: "სიენენის", "ბიბისის", "ოერტეს" და სხვა დიდი ტელეკომპანიების წარმომადგენლები და მათ მიკროფონებს შორის ჩანდა ჩემი "დღე". ეს იყო საოცარი ამბავი. 3 დღით ვიყავით წასული, მაგრამ 2 კვირა დავრჩით, რადგან გავჯიუტდი, შამილ ბასაევთან ინტერვიუ მინდა-მეთქი. იმას ეუბნებოდნენ, ინტერვიუ უნდა ქართველ ჟურნალისტსო და, - რა უნდა, რას გადამეკიდაო? - კითხულობდა თურმე. ჩვენი შეხვედრა აჰმედ ზაკაევის სახლში გაიმართა. ერთ პატარა ოთახში მიგვიღო, რომელიც იარაღით გახლდათ სავსე. ტყვიამფრქვევებით დაწყებული, პისტოლეტებით დამთავრებული, ყველანაირი იარაღი ყუთებით ეწყო, ჭერამდე. სახლში რომ შედიხარ, იქ ისეა მიღებული, რომ ფეხზე უნდა გაიხადო, მე კი შევჯლაგუნდი ჩემი ტალახიანი ჩექმებით და მახსოვს ბასაევის გამოხედვა, გამბურღა თვალებით. რუსულად არ დაგელაპარაკებიო. მე ჩეჩნური არ ვიცოდი და ბოლოს იქ მცხოვრები ქართველი ქალი მოიყვანეს თარჯიმნად. როგორც ვიცი, ბასაევს ამის შემდეგ ინტერვიუ არავისთვის მიუცია და ეს მისი ბოლო ურთიერთობა იყო ჟურნალისტთან. მითხრა, - ჩეჩნეთში შემოსვლის დღიდან გადევნებთ თვალყურს, სად დადიხართ და რას იღებთ, შენ არ შეუშინდი დანაღმულ სოფლებში შესვლას, სადაც დარჩენილი მოსახლეობა ტალახს ზელს და სახლებს ისე აშენებს, ამიტომ გადავწყვიტე, შეგხვედროდიო. მართლაც, უზარმაზარი ბომბები ეყარა სოფლებში, მოზრდილი კარადის სიდიდის. ვიკითხე, ეს რა არის-მეთქი? - ეს ბომბია და როდის აფეთქდება, არ ვიცითო. მოვითხოვე, ზვიადის საფლავზე წამიყვანეთ-მეთქი. პირველი ქართველი ვიყავი, ვინც ზვიადის საფლავი მოინახულა. საფლავის ნახევარი ჩამონგრეული იყო და ირგვლივ ყველაფერს ეწერა "დანაღმულია".
GzaPress
- თქვენი ინტერვიუები ახლაც გადის უცხოეთის სხვადასხვა არხზე.
- როგორც ჟურნალისტს, ყოველთვის მომწონდა ისეთ თემაზე მუშაობა, რომელიც არ იყო გადაღეჭილი. არქეოლოგების ჯგუფს დავუკავშირდი, რომლებიც ახალ აღმოჩენებზე მუშაობდნენ. ერთი მათგანი გახლდათ გურამ გაბიძაშვილი, რომელიც ხვამლის მთას იკვლევდა. მასთან ერთად დავით სულხანიშვილი და ირინა ღამბაშიძე. ეს სამი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მათ ვახლდი ექსპედიციაში და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ამოჰქონდათ გამოქვაბულის კედლებიდან ოქრო. ვესწრებოდი არტეფაქტების ამოღებას და შემდეგ - საღამოს მათ შესახებ მსჯელობასაც. ნაზიარები ვარ მე ამ მომენტებს და ეს საოცარი პროცესია. რამდენიმე დღის წინ შემეხმიანა ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი გოგონა და მითხრა, რომ ერთ-ერთ მეცნიერულ არხზე მნახა. საქართველოზე ყოფილა გადაცემა, სადაც ჩემი ინტერვიუც იყო ჩართული ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის აღმოჩენების შესახებ. იმდენად აქტუალურია ეს თემა, რომ წლების განმავლობაში მიკავშირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჟურნალისტები და ინტერვიუს წერდნენ ჩემთან. 2 დღის წინაც დამიკავშირდა რუმინეთის ტელევიზია და საკმაოდ რეიტინგული სატელევიზიო შოუსთვის ჩამწერეს. ბიბლიაში წერია, რომ დავითი ებრძოდა გოლიათს და ყველა ქვეყნის მეცნიერები ეძებენ დიდი ადამიანის ნაკვალევს. ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში კი გვაქვს დიდი ადამიანის ნასახლარი და დევის ნაფეხურებიც. სწორედ აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა სხვა ქვეყნებში.
GzaPress
იმ პერიოდში თვეში ოთხჯერ მივდიოდი სვანეთში, ერეკლე საღლიანთან ერთად, დიდი ადამიანის სანახავად. გოლიათ ადამიანს ქამერდე ჰქვია და მათი ფუღუროები, უზარმაზარი ნაკვალევი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. ერთი უხუცესი სვანი მეუბნებოდა, - ისეთ ადგილზე მიდიხარ, საიდანაც ცოცხალი არავინ დაბრუნებულა და არ წახვიდეო, მაგრამ უზარმაზარ თოვლში მაინც გავეშურე ოპერატორთან და მკვლევრებთან ერთად. უკან დაბრუნებისას ჩვენი კამერით ჩავიწერეთ გოლიათი ადამიანის ხმები და მათი ნაკვალევი გადავიღეთ. ისინი ახლაც ცხოვრობენ იქ და ამ მხრივ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა. წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას ეს თემა. ჯერ კიდევ ერეკლე ბატონიშვილი წერდა, რომ გოლიათი ადამიანები ჩადიოდნენ მთიდან ბარში, ქალებს იტაცებდნენ, მიჰყავდათ თავის ბუნაგში და ასე მრავლდებოდნენ. სვანეთის გარდა, დიდი ადამიანები ბინადრობენ ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკშიც.
ბევრი ქვეყნის სამეცნიერო ლიტერატურაში წერია, რომ საქართველოში კლდეზე იყო მიჯაჭვული ამირანი. ერთი ვერსიის თანახმად, ამირანი იყო გოლიათი ადამიანი.
ექსპედიციებში ყოფნისას ბევრი ისეთი რამ ვნახე, რისი თქმის უფლებაც არ მაქვს. ყველაფერს თავისი დრო აქვს და გამჟღავნდება სიმართლე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.