"ბავშვები ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმიტომ, რომ ოფლიანდებიან"
font-large font-small
"ბავშვები ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმიტომ, რომ ოფლიანდებიან"
ნინო ექიმის რჩევები ახალბედა დედებისთვის

პედიატრი ნინო ჩხეიძე ბავშვობიდან ოცნებობდა ექიმი გამხდარიყო და უკვე წლებია, საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. გარდა ამ პროფესიული საქმიანობისა, ჩვენი ყურადღება სხვა რამითაც მიიქცია: გატაცებულია იკებანას ხელოვნებით, წერს ლექსებს, ჩანახატებს. ნინოს უამრავი პაციენტი ემადლიერება, ზოგიერთი პატარა მოანათვლინეს კიდეც საყვარელ ექიმს - ასეთ სიყვარულს კი ცხადია, დამსახურება სჭირდება...


- რაც თავი მახსოვს, ექიმობა მინდოდა. ალბათ იმიტომ, რომ თეთრხალათიანების გარემოცვაში გავიზარდე. გამოცდილება ბევრმა უძილო ღამემ, პატარა პაციენტებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობამ დააგროვა. ექიმობისთვის მხოლოდ ბავშვების სიყვარული და არც მხოლოდ სწორი დიაგნოზის დასმაა საკმარისი. ამისთვის საჭიროა სწორი და დროული კომუნიკაციის უნარი, მაღალი პასუხისმგებლობა და გამოცდილება, უდიდესი ნებისყოფა და ძალისხმევა. ნდობის მოპოვება კი უკვე ნიშნავს იმას, რომ ექიმი ხარ. პატარა პაციენტებთან ხანგრძლივი მუშაობა ხშირად, უფრო სხვა ურთიერთობაში იზრდება და ასე გავხდი ბევრისთვის ნათლიაც.
- ბავშვებს ახასიათებთ გულწრფელობა. თქვენს კაბინეტში თუ ინახება პატარა პაციენტების ნახატები, წერილები?
- "ექიმები ძალიან ყოჩაღები არიან. ისინი არ დაუშვებენ, რომ ადამიანები ცუდად გახდნენ. მე ყველაზე მეტად ნინო ექიმი მომწონს. ის საუკეთესოზე საუკეთესოა. იმედი მაქვს, ყველას უმკურნალებს. ის ჩემი საყვარელი ექიმია", - ეს ჩემი პატარა პაციენტის, მართა ბუხრაიძის სიტყვებია. კარგად იცით, ბოლო რამდენიმე თვეა ბავშვები საკმაოდ უჩვეულო გარემოში ცხოვრობენ. ისინი ჩვენთან ერთად აღმოჩნდნენ "სახლის ტყვეობაში". მათ ყოველდღიურ ლექსიკონში ბევრი ახალი და უცნაური სიტყვა გაჩნდა: "კოვიდი", "ინფექცია", "იმუნიტეტი"... უფროსების მსგავსად, მათი მზერაც მიეჯაჭვა ტელეეკრანებს. პატარების ფიქრი და გონება ცოტა ხნით ჩამოშორდა საბავშვო ბაღსა და ეზოში თამაშს. ისინი უფროსების მსგავსად იდგნენ აივნებზე და პატარა ხელებით უკრავდნენ "მადლიერების ტაშს". აი, ეს ნახატი (რომელსაც ქვევით იხილავთ. - ავტ.) ყველაზე დიდი საჩუქარია და ამასთან, ყველაზე ემოციური სამადლობელი.
GzaPress
- რა არის ის მითითება, რასაც როგორც ექიმი, ყველა ახალბედა დედას აძლევთ?
- ჩნდება პატარა და სასიამოვნო აურზაური იწყება ოჯახში. ასევე ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხისთვის მზად უნდა იყოს პედიატრი. მოთმინებითა და რუდუნებით უნდა აუხსნას მან ბევრი საჭირო და უცნაური საკითხი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალბედა დედას ჩვილის მოვლის წესების ათვისებასთან ერთად, მეუღლის, ოჯახის წევრების თანადგომაც არანაკლებ ესაჭიროება. ეს უცნაური ფუსფუსი დედისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ჩვილიც და დედაც ერთნაირად მოითხოვს ზრუნვას. ქალს პატარის მსგავსად ესაჭიროება დღის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება და ამაში იგულისხმება სწორი, ჯანსაღი კვება, დასვენება, ძილი, სუფთა ჰაერზე სეირნობა.
როგორ მოვუაროთ, როგორ დავბანოთ, როგორ ვაჭამოთ ახალშობილს? - აი, ყველაზე ხშირად ამ კითხვებზე გვიწევს პასუხის გაცემა. ჩვილის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია პირველივე დღიდან დავიცვათ გარკვეული წესები და შევუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი. განსაკუთრებით ამაღელვებელია პირველი ბანაობა. ბანაობისთვის საჭირო ნივთების შეძენისას, დედამ უნდა გაითვალისწინოს ხარისხი და უსაფრთხოება. დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებების შეძენისას უნდა იცოდნენ, რომ აუცილებელია ნეიტრალური პჰ, არ უნდა შეიცავდეს მენთოლს, ქაფურს, ტრიკლოზანს, ფტალატს, სპირტს და პარაბენს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვილის სეირნობა სუფთა ჰაერზე - თანდათან გაზარდეთ დრო. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ჰაერზე გაყვანა ძლიერი ქარისა და ყინვის დროს, ასევე - მზის გულზე დიდხანს გაჩერება.
GzaPressრაც შეეხება კვებას: დედის რძე ყველაზე ძვირფასი საკვებია ჩვილისთვის. მისი ჯანმრთელობის საუკეთესო მცველია ბუნებრივი კვება. ძუძუთი კვებაზე მყოფ პატარებს ნაკლებად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. იშვიათად ავადდებიან სხვადასხვა ინფექციით, რაქიტით. დედის რძე ხომ ყოველთვის ხელმისაწვდომია. არ სჭირდება შენახვა, ტრანსპორტირება და რაც მთავარია მომზადება. ბუნებრივი კვება იცავს დედის ორგანიზმს სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის სიმსივნური დაავადებებისგან და დაუგეგმავი ორსულობისგან. დედებს ვურჩევ, ხშირად მოიმარჯვონ ფოტოაპარატი და აღბეჭდონ განუმეორებელი წუთები, გავა დრო და წარმოუდგენელ სიხარულს მოგანიჭებთ ამ დღეების გახსენება.
- ბოლო დროს ყველაზე ხშირად, რა ჩივილებით მოჰყავთ ბავშვები?
- ცივი სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება ექიმთან მიმართვიანობა. ცივი და წვიმიანი დღეების მოახლოებასთან ერთად, მშობლებს უჩნდებათ საზრუნავი და რიტორიკულ კითხვას სვამენ: "როგორ ავამაღლოთ იმუნიტეტი, რომ არ გაცივდეს?" ყოველ ჯერზე გვიწევს მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ბავშვების ავადობა სწორედ რომ იმუნიტეტის გასაწვრთნელადაა საჭირო. სამწუხაროდ, მშობლები ფიქრობენ, რომ პატარებს ჩათბუნვა გადაარჩენს ხშირი ავადობისგან. ჩვენ ირგვლივ ბევრია ისეთი პატარა, რომელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია თბილი ქუდი და წინდები. სწორედ მათთვისაა ცივი და წვიმიანი დღეების მოახლოება საფრთხილო, რადგან ბავშვები ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმიტომ, რომ ოფლიანდებიან. განსაკუთრებით ავადობენ ჩვენი პატარები სეზონური გრიპით. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია გრიპის ვაქცინაცია. ის ერთ-ერთი უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და სრულფასოვანი კვება. ამ მხრივ საქართველო მდიდარია ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშით.
ასევე, ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლდა ე.წ. მსუქანა ბავშვები. პრობლემა პატარებისა და შაქრის ნაადრევი "მეგობრობით" იწყება. მართალია, შაქარი პატარების ენერგიის წყაროა, თუმცა მისი ადრეული და გადაჭარბებული მიღება იწვევს მადის გაუკუღმართებას და ვითარდება ჭარბი წონა, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ამიტომ ვურჩევ ჩვენს დედებს, ნუ მიაჩვევენ მცირე ასაკიდან ტკბილეულს, ნახევარფაბრიკატებს, სწრაფ კვებას. ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ჯანსაღ და სპორტულ ცხოვრებას, ჩააბან სხვადასხვა აქტივობაში.
GzaPress
- სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი გაქვთ, გიყვართ ყვავილები. რატომ გაგიტაცათ იკებანამ?
- ჩემი ბავშვობის სახლიც და ეზოც ძალიან ლამაზი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას სხვადასხვა ფერის ჰორტენზიები და ვარდები, კვიპაროსები, ნაძვები, იასამნები და ლილიები. დიდი მწვანე მინდორი და ფარნებით განათებული ეზო... ქუთაისში მეც დიდი ეზო მაქვს. ცოტა რთული იყო თავიდან, როცა მისი გალამაზება მოვინდომე. გულმოდგინედ ვარჩევდი მცენარეებს, მერე კი მათ ვურჩევდი ნოყიერ მიწას, განათებას და ასე, ნელ-ნელ აივსო ჩემი ეზო და იმას დაემსგავა, რაც ბავშვობაში ასე მომწონდა. ყვავილების მოვლა საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. მათ მოფერება და დაყვავება უყვართ. სიტყვა "იკებანა" ცოცხალ ყვავილს ნიშნავს. ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავინტერესდი იკებანათი და დავიწყე დამოუკიდებლად. ჩემმა დამ (დიზაინერი ნანუკა ჩხეიძე. - ავტ.) მასწავლა კომპოზიციის აწყობა, ფერთა შეხამება, მასალის არჩევა. პირველი მასწავლებელი და შემფასებელიც სწორედ ის იყო. ამჟამად, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ცოტა დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ვცდილობ, სეზონის მიხედვით გავალამაზო ჩემი სახლი.
- დაბოლოს, თქვენს ბავშვობასა და ლამაზ სახლზეც ცოტა მეტი მიამბეთ...
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემმა ბავშვობამ ტრადიციულ ქართულ ოჯახში, მოსიყვარულე და თბილი ადამიანების გარემოცვაში გაიარა. ჩვენს ქუჩაზე ერთი თაობის გოგო-ბიჭები ვიზრდებოდით. მახსოვს თამაში ქარში, სუსხიან ზამთარში გუნდაობა, წვიმიან გუბეებში უდარდელად ხტომა, სახლობანა; პირველ სექტემბერს დიდი ბაფთები და ნაწნავები. ჩემი პირველი დამრიგებელი და ფოტო წარჩინებულთა დაფაზე - ყველაფერი ეს მახსოვს და მენატრება. ფეხბურთის თამაშით გადატყავებული მუხლები, ტკივილი და ცრემლებიც მახსოვს. ჩვენი გასართობი ხომ მობილური და ინტერნეტი არ იყო. მესხიშვილის სახელობის თეატრის ყველა სპექტაკლი ნანახი გვქონდა, ახალ ფილმებს კი კინოთეატრებში ვუყურებდით. მოკლედ, საუცხოო ბავშვობა მქონდა... ვისურვებდი, ყველა პატარას ლაღი, ფიზიკურად აქტიური ბავშვობა ჰქონდეს. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.