"მსხვერპლი ბავშვები, როგორც წესი, ამ თემაზე საუბარს გაურბიან"
font-large font-small
"მსხვერპლი ბავშვები, როგორც წესი, ამ თემაზე საუბარს გაურბიან"
როგორ დავიცვათ შვილები


დღესდღეობით საქართველოში ბულინგის არაერთი ფაქტია დაფიქსირებული. ბულინგი უმეტესად ჭარბობს გარდატეხის ასაკში, ხშირია სკოლაში თანაკლასელების მხრიდან, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით. რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი ბულინგმა და შესაძლებელია თუ არა, რომ ფატალურად დასრულდეს, ამის გასარკვევად ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ქეთევან ხუციშვილს.


- ხშირად გვესმის სიტყვა "ბულინგი", თუმცა ბევრმა მისი განმარტება სწორად არც იცის. რა არის ბულინგი და რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
- ბულინგი ჩაგვრას, აბუჩად აგდებას ნიშნავს. ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, რომელიც ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ ხორციელდება. იწვევს ძლიერ შიშსა და მწუხარებას, მოქმედებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე და ლახავს მის რეპუტაციას. არსებობს ბულინგის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, სიტყვიერი დაშინება, რაც გულისხმობს ჭორების გავრცელებას, უხეშ და სტერეოტიპულ კომენტარებს. სოციალური ბულინგი გულისხმობს ვინმეს დამცირებას, ცილისწამებას, დაშანტაჟებას და სხვა... არსებობს რასობრივი, რელიგიური, ფიზიკური და კიბერბულინგი. ბულინგის ერთ-ერთი სახეა სექსუალური ძალადობა, რაც ნიშნავს სექსუალური სახის ჭორების გავრცელებას, არასასურველ შეხებას ან შეძახილებს. ბულინგის შედეგი ინდივიდუალურია: არიან ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებენ თავის დაცვას, გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ მათი თვითშეფასება შეიცვალა, დაქვეითდა; შეიძლება ეს გახდეს მათი აგრესიულობის მიზეზი ან პირიქით, ამ ყველაფერმა გამოიწვიოს დეპრესია. ყოფილა სუიციდის მცდელობაც. ალბათ მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ბულინგი, რომ ადამიანი თავს ვერ აღწევდეს და ასეთ აფექტურ მდგომარეობამდე მივიდეს.
- რა განსხვავებაა ბულინგსა და შევიწროებას შორის?
- ბულინგი ეს არის პირდაპირი ძალადობა, ხოლო შევიწროება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბულინგს პიროვნული მახასიათებლების გამო განიცდის.
- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ შვილი ბულინგის მსხვერპლია?
- მსხვერპლი ბავშვები, როგორც წესი, ამ თემაზე საუბარს გაურბიან, თუმცა გარკვეულ ქცევებს ავლენენ. მაგალითად, თუ სკოლაში ხდება ბულინგის მსხვერპლი, შეიძლება ის აპროტესტებდეს სკოლაში წასვლას და ყველაფერი გააკეთოს, რომ გააცდინოს გაკვეთილები. ძალიან ხშირია ძალადობის ფონზე გაჩენილი შიშები და ცუდი ძილი. ასეთ დროს ადგილი აქვს გუნება-განწყობის ხშირ ცვლასა და ჭირვეულობას. შეიძლება, ბავშვს გაუჩნდეს უფროსებისა და თანატოლებისგან დისტანცირების სურვილი, წამოვიდეს ნეგატივი ბულინგის თემის მიმართ, იგრძნოს დაძაბულობა და შიში თანატოლების დანახვისას, დარდობდეს, შეიძლება, ბავშვი გახდეს ჩაკეტილი ან პირიქით, აგრესიულიც.
- და ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?
- ხშირად მოზარდი ვერ ახერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამიტომ შეიძლება, ეს ყველაფერი ძალადობაში გადაიზარდოს. უნდა ვეცადოთ, ბავშვი გაიზარდოს მეგობრულ, მშვიდ და ძალადობისაგან დაცულ გარემოში. ოჯახი და სკოლა უნდა ზრუნავდეს ამაზე. თუ შევატყობთ, რომ არსებობს ძალადობის რაიმე ნიშანი, მშობლები, მასწავლებლები, ახლობლები და მეგობრები უნდა დაეხმარონ ბავშვს. მშობლის როლი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია, მის სწორ ქმედებას შეუძლია პრობლემა აღმოფხვრას. აუცილებლად უნდა სცადოთ მასთან საუბარი, თავი დაცულად უნდა აგრძნობინოთ. ამის შემდეგ კი უნდა ჩაერთოს პედაგოგი, რათა უფრო გამარტივდეს პრობლემის მოგვარება, გაირკვეს ბულერის, ანუ მოძალადის ვინაობა. უნდა დაეკონტაქტონ მის მშობელსაც, რათა დროულად მიიღოს კონკრეტული ზომები მოძალადე ბავშვის დასახმარებლად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთ ბავშვთან ძალადობრივი საუბარი, რადგან ეს კიდევ უფრო ახალისებს მის საქციელს.
- ხშირად ბავშვები ბულინგის მსხვერპლები ხდებიან სოციალური ქსელის მეშვეობით. ამის გაკონტროლება ხომ შეუძლებელია?
- დღევანდელ რეალობაში საკმაოდ გავრცელებულია სოციალური ქსელებით დაბულინგება. მე, როგორც ფსიქოლოგი, მშობლებს ვურჩევ, ბავშვებთან იყვნენ უფრო მეგობრულები, მოიპოვონ მათი ნდობა. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი გაუგებს და არ გააკრიტიკებს. მიეცით რჩევები, თუ როგორ გამოიყენონ უსაფრთხოდ სოციალური ქსელები და როგორ დაიცვან თავი პირადი ინფორმაციის გავრცელებისგან.
- ისიც გვითხარით, რა მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი სოციალური ქსელის ხშირმა მოხმარებამ?
- იშვიათად მოიძებნება მოზარდი, ინტერნეტს რომ არ იყენებს. ინტერნეტდამოკიდებულება ქმნის სხვადასხვა სახის ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ პრობლემას, კერძოდ კი აყალიბებს ინტერნეტზე დამოკიდებულებას, აქვეითებს იმუნურ სისტემას, იწვევს შიშს, უძილობას, შფოთვას, სწავლის მოტივაციის დაქვეითებას, თავის ტკივილს, მეხსიერების დაქვეითებას და თანატოლებთან კომუნიკაციის შემცირებას. როდესაც ბავშვი დამოკიდებულია ინტერნეტზე, შეიძლება მას დაეწყოს როგორც ქცევის (ისტერიკა, აგრესია), ასევე, ემოციური პრობლემები: შფოთვა და დეპრესია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გამოყენება საერთოდ უნდა აეკრძალოს ბავშვს. პირიქით, მშობლებმა აქცენტი იმაზე უნდა გააკეთონ, რომ კარგად გაიაზრონ საფრთხეები და ასწავლონ ბავშვებს მოწყობილობებისა და ინტერნეტის სწორად გამოყენება.
- რამდენად ხშირია სოციალური მდგომარეობის გამო მოზარდის ბულინგი?
- ზოგადად, ბულინგს სერიოზული მიზეზი არ სჭირდება. მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ბავშვი, რომელიც სხვებისგან განსხვავებულია. მსხვერპლი შეიძლება იყოს ინდივიდი, რომელსაც უჭირს კომუნიკაცია და სოციალური უნარები ნაკლებად აქვს განვითარებული. ასევე, ხშირია ბულინგი იმ მოსწავლეებისა, ვინც კარგად სწავლობს. მოკლედ, მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს.
- როგორ უნდა მოხდეს ძალადობის პრევენცია სკოლაში?
- სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აუცილებელია სასკოლო გარემოს გაჯანსაღება და აღზრდის სისტემის დახვეწა. მნიშვნელოვანია, სკოლაში და სკოლებს გარეთაც ფსიქოსოციალური მომსახურების გაუმჯობესება. ესაა სწორედ მთავარი საპრევენციო ნაბიჯი, რადგან ბავშვებს მუდმივად ესაჭიროებათ დახმარება და რეაბილიტაცია. მათთან მეტი მუშაობა და ჩართულობაა საჭირო. ამ ყველაფერში კი აქტიურად უნდა ჩაერთოს ოჯახიც, სკოლაც და მთელი საზოგადოებაც იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიკვეთება საჭიროება. ბულინგთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არ არის. უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვებს დამოკიდებულება შევუცვალოთ საზოგადოების მიმართ და გავუქროთ შიშის გრძნობა. კარგი იქნება, თუ ბავშვს ავუხსნით, რომ გამოხატოს საკუთარი თავი სხვა ადამიანებთან. რაც შეეხება მშობლებს, უმჯობესი იქნება, ბავშვების თვალწინ მოერიდონ კონფლიქტებს, რადგან ეს ყოველივე მათში ძლიერ შიშს იწვევს, რაც საბოლოოდ შეიძლება ცუდად დასრულდეს. უნდა ავუხსნათ, რომ გულისხმიერება და გაგების უნარი აუცილებელია. ასე ისინი მიხვდებიან, რომ ერთმანეთი კი არ უნდა დაჩაგრონ, არამედ - დაიცვან.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.