"ქვაყუნტია", "ქვაჯირკში" დაკარგული ბუჯა და ლეგენდა
font-large font-small
"ქვაყუნტია", "ქვაჯირკში" დაკარგული ბუჯა და ლეგენდა
"უძირო" ტბაში დამალულ განძზე...

საქართველოში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ ნაკლებადაა ცნობილი ექსტრიმისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის, მათ შორისაა სოფელი ხრეითი, სადაც ყველაზე მეტად ბუნების საოცარი ქმნილება - მოქანავე ლოდი გაგაოცებს. ადგილობრივები მას "ქვაყუნტიას" ეძახიან. აქვე შეიძლება მოინახულოთ მიწაძიგძიგას და შემორევას ულამაზესი ტბებიც, თუმცა ხრეითის საოცრებები და ღირსშესანიშნაობები ამით არ ამოიწურება, - აქ კიდევ ბევრი რამაა ისეთი, რაც აუცილებლად უნდა ნახო და რომლის შესახებაც უნდა იცოდე...



ეს ხრეითია
ჭიათურიდან 15 კილომეტრში, იმერეთის ულამაზეს სოფელ ხრეითს მიადგებით, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კი, რაჭის ქედიც გამოჩნდება და სურვილის შემთხვევაში, საფეხმავლო ბილიკებით, რაჭაში გადასვლასაც მოახერხებთ... რაჭის ქედისკენ მიმავალი გზა განსაკუთრებით, ლაშქრობისა და ექსტრიმის მოყვარულებს იზიდავს. პირველი, რაც ამ გზაზე ყურადღებას იპყრობს, - მიწაძიგძიგას ტბაა; ტბიდან დაახლოებით ათი წუთის სავალზე კი ბუნების ხელთუქმნელი საოცრება - მოქანავე ლოდიც გამოჩნდება...
GzaPress
გიორგი დვალაშვილი, ასისტენტ-პროფესორი:
- სოფლის სახელში გამოიყოფა დაბოლოება "ითი" და ფუძე "ხრე" ანუ "ღრე", რაც შემორჩენილია სიტყვებში: "კლდე-ღრე", "ტყე-ღრე". ესე იგი, ხრეითი კლდიან, ღორღიან ადგილს ნიშნავს. წყაროებში პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. იმერეთის 529 სოფელს შორის ხრეითი ერთ-ერთი გამორჩეულია - ფართობით, მდებარეობით, მოსახლეობის რაოდენობით... რაც მთავარია, სოფელში თავმოყრილი მდინარეების, ტბების, მღვიმეებისა თუ სხვა ღირსშესანიშნაობათა სიმრავლე სოფელს ტურისტებისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. ხრეითის მიმდებარე ტერიტორიის ყველაზე მაღალი ადგილი, რაჭის ქედზე მდებარე საწალიკეს მთაა (ზღვის დონიდან 1997 მეტრი). ერთ-ერთი ვერსიით, საწალიკეს მთა საწილე მთა გახლდათ: მთის ნაწილი იმერეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, იქით უკვე რაჭა იწყება, მთას "საწილეც" ამიტომ უწოდეს. დროთა განმავლობაში, ასიმილაცია განიცადა და საწალიკეს მთის სახელწოდებით დაიმკვიდრა სახელი, ხოლო ზღვის დონიდან ყველაზე დაბალი ადგილი, ხრეითის დასაწყისში - შემორევას ტბასთან ფიქსირდება (ზღვის დონიდან 620 მეტრი).

მიწაძიგძიგას ტბა და "ქვაყუნტია"
- მიწაძიგძიგას ტბა ტყითაა გარშემორტყმული. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგში არსებული ნაყარი მასალა, რომელიც გეოლოგიურ წარსულში, ქვების ჩამოშლის შედეგად გაჩნდა, სიარულისას ისეთ შეგრძნებას გიქმნის, თითქოს შენს ფეხქვეშ მიწა ძიგძიგებს, ირხევა. სწორედ ამ ფაქტის გავლენით შეურჩევიათ ადგილობრივებს ტოპონიმი. მოგვიანებით, მიწაძიგძიგას ტერიტორიაზე წარმოქმნილ ტბის ნაკადს ჯებირი აუმაღლეს და ხელოვნური წყალსაცავი შეიქმნა. ტბასაც "მიწაძიგძიგას ტბა" შეარქვეს. ტბის სიგრძე 150 მეტრი, სიღრმე კი დაახლოებით 8 მეტრამდეა.
ტბიდან რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ხრეითის გამორჩეული ღირსშესანიშნაობის - მოქანავე ლოდის მონახულებასაც შეძლებთ. ლოდის წონა დაახლოებით რვა ტონას აღწევს. მისი ადგილიდან დაძვრა შეუძლებელია, თუმცა მისი მოძრაობაში მოყვანა თითის ოდნავ შეხებითაც შეიძლება; ამ საოცარ ქმნილებას ათასწლეულების მანძილზე ქმნიდა ბუნება - დროთა განმავლობაში წყალმა ოთხი საყრდენი წერტილიდან ერთი გამორეცხა და ამჟამად მხოლოდ სამი საყრდენი წერტილი იჭერს, შედეგად ხელის ოდნავ შეხებაზეც კი იოლად იწყებს ქანაობას და "ქვაყუნტიაც" ამიტომ შეურქმევიათ ადგილობრივებს. ასეთი ტიპის ლოდი წალენჯიხაშიც გვხვდება - "ქვაქანცალიას" სახელწოდებით, მსოფლიოში კი სულ რამდენიმე ფიქსირდება. იმედია, ამ ობიექტს ბუნების ძეგლის სტატუსიც მიენიჭება...
GzaPress
"ქვაჯირკში" დაკარგული ბუჯა
- რაჭის ქედის მიმართულებით თუ გავაგრძელებთ გზას, მდინარე ბუჯას ზემო წელში მოვხვდებით. ბუჯა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დიდი მდინარეა. ის კლდიდან გამოჩქეფს და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ, "ქვაჯირკის" ადგილად ცნობილ კარსტულ მღვიმეში შედის. ამ ადგილს "ბუჯას დასაკარგსაც" ეძახიან, რადგან მღვიმეში შესვლის შემდეგ მდინარე დაახლოებით ორ კილომეტრზე მიწის ქვეშ მიედინება და შემდეგ სულ სხვა მიმართულებით - "კარიანი კლდის" მღვიმესთან გამოედინება მიწისქვეშეთიდან...
რაც შეეხება "კარიანი კლდის" მღვიმეს, მის შესასვლელში კარგად მოჩანს კედლების კვალი; სწორედ მღვიმის კარიანი კედლისა და შესასვლელის კარის არსებობის გამო უნდა მიეღო ეს სახელწოდებაც, რომელიც სავარაუდოდ, შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. მღვიმეში გვხვდება მიწისქვეშა ტბები. ოღონდ მღვიმესთან მისვლა ძნელია - კლდოვანი ადგილია და მხოლოდ სპეციალური აღჭურვილობითაა შესაძლებელი.

შემორევას ტბა და ლეგენდა ტბაში გადამალულ განძზე
- ბუჯას ხეობას ქვემოთ თუ ჩაუყვებით, ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს ულამაზესი ტბა - შემორევა. ტბა ჭიათურელების გამორჩეულად საყვარელი ადგილია. იგი გეოლოგიურ წარსულში მეწყრული მოვლენების დროს უნდა წარმოქმნილიყო. ტბა ძირითადად, წყალმცენარეებითაა მდიდარი, თევზიც ბევრი ბინადრობს და სეზონზე თევზაობის მოყვარულების საყვარელი თავშესაქცევი ადგილია. ტბაზე ნავით გასეირნება და ბანაობაცაა შესაძლებელი, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის; სიდიდით, სიღრმითა და განფენილობითაც გამორჩეულია, არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც საყოველთაოდ ცნობილ ბატეთის ტბას, სადაც ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა ვიზიტორი. მცირედი კეთილმოწყობის შემთხვევაში, ბატეთის მსგავსად, შემორევას ტბითაც დაინტერესდებიან ტურისტები, თანაც, ბატეთთან შედარებით, უფრო ხანგრძლივად შეიძლება გაგრძელდეს სამოძრაო ტურისტული სეზონი, რადგან შემორევას ტბა ზღვის დონიდან 660 მეტრზე მდებარეობს და, ბატეთის ტბასთან შედარებით, ადვილად მისადგომიცაა. ბატეთის ტბა კი ზღვის დონიდან 1215 მეტრზეა...
შემორევას ტბის მახლობლად, შემაღლებულ კონცხზე, დღემდე დგას მეთორმეტე საუკუნით დათარიღებული ქვეციხე. ოდნავ ზემოთ - ზეციხეც აუგიათ. იქ ამჟამად წმინდა გიორგის ტაძარი ფუნქციონირებს. ციხეები ერთმანეთს უყურებს, რადგან მტრის შემოსევისას იქიდან სიგნალი უნდა მიეცათ ერთმანეთისთვის და შემდეგ, დასახლებული პუნქტის მოსახლეობაც გაეფრთხილებინათ...
ლეგენდის თანახმად, ხრეითის ქვეციხეში მეფეთა განძი ყოფილა დაცული; სოლომონ მეფის დროს, თურქ-ოსმალების შემოსევისას, ციხეში დაცული განძი მტრისგან თავდაცვის მიზნით, მეციხოვნეებსა და აქაურ მცხოვრებლებს შემორევას ტბაში ჩაუგდიათ. თუმცა, ტბის ფსკერი არავის შეუსწავლია და არავინ იცის, რამდენად სარწმუნოა ლეგენდად ქცეული განძის ამბავი.მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტბას "უძიროს" უწოდებენ, სიღრმე კი დაახლოებით 12 მეტრია.
GzaPress
ჯაფარიძეების მუზეუმი
- ხრეითი ცნობილი მთამსვლელების - ალექსანდრა, სიმონ და ალიოშა ჯაფარიძეების მშობლიური სოფელია. მათ მამა-პაპისეულ სახლში მუზეუმია გახსნილი, სადაც ალპინიზმის ფუძემდებლების განვლილი გზის გაცნობასაც შეძლებთ. მუზეუმში დაცულია მათი პირადი ნივთები, ფოტომასალა და ალპინისტური აღჭურვილობა. ჯაფარიძეებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ალპინიზმის განვითარებაში. ალექსანდრა ჯაფარიძე გახლდათ პირველი პროფესიონალი მთამსვლელი ქალი. დედმამიშვილებს ასობით მწვერვალი აქვთ დაპყრობილი და მათი სახელები არაერთ მწვერვალს ეწოდა.

"ჩემპიონი" ჩაის ბუჩქი
- ხრეითში მოგზაურობისას კიდევ ერთ საინტერესო მოვლენას წააწყდებით - ზღვის დონიდან 850 მეტრზე დარგული ჩაის ბუჩქი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე დგას. ჭიათურის სოფელ მეჩხეთურის შემდეგ მეორე პოზიცია უჭირავს - ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა: მოგეხსენებათ, მთის ჩაის უნიკალური თვისებები აქვს და, მისი აღორძინების შემთხვევაში, ტურისტებიც დაინტერესდებიან. ადრე ხრეითში ჩაის კულტურასაც მისდევდნენ; ეს ადგილი, საინტერესო ტურისტულ გზასთან ახლოსაა, ასე რომ, მოგზაურობის მოყვარულებს ხრეითის კიდევ ერთი უნიკალური ფაქტიც გააოცებს.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.