მხიარული დედა-შვილი "ტიკ-ტოკიდან"
font-large font-small
მხიარული დედა-შვილი "ტიკ-ტოკიდან"
"დედას მეორე მეუღლემ, მაიკლმა მამა შემიცვალა..."

გიორგი სიჭინავას და მის მშვენიერ დედას სოციალური ქსელის მომხმარებლების დიდი ნაწილი უკვე კარგად იცნობს და დედა-შვილის ერთობლივ მხიარულ ვიდეოებს "ტიკ-ტოკში" საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც აქვს. გიორგი ამაყობს თავისი ბაბუით - ფეხბურთელ გიორგი სიჭინავათი, რომელსაც 2014 წელს "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭეს.


- მოსკოვში, ერთ-ერთ ელიტარულ სამშობიარო სახლში დავიბადე და კარგა ხანს რუსეთში ვცხოვრობდით. იქ დავამთავრე პირველი 4 კლასი და მერე წამოვედით. ქართულ სკოლასთან შეგუება ცოტა გამიჭირდა, რადგან აქ აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ რუსეთიდან ჩამოვედი, გარეგნობაც რუსული გაქვსო, მეუბნებოდნენ. კატასტროფა გამოვიარე სკოლაში, არ მინდოდა იქ სიარული და დედას ვთხოვდი, სახლში სწავლებაზე გადამიყვანე-მეთქი. მეგობრებიც შევიძინე, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ამას ვერ ვიტყვი. ცუდად მოქმედებდა ჩემზე სულ იმის წამოძახება, რომ რაღაც რუსული მქონდა და გული ამიცრუვდა ყველაფერზე. სკოლის დირექტორსაც მგონი, ეზიზღებოდა სხვა ეროვნების ადამიანები, ამას მისი ლაპარაკიდან გამომდინარე ვხვდებოდი. მოკლედ, მეცხრე კლასი დავამთავრე და დავიჟინე, აღარ ვივლი-მეთქი. თავიდან კოლეჯში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, აქ კოლეჯდამთავრებულის სტატუსი რაღაც სხვას ნიშნავს, ყველას ჩამორჩენილი ეგონები. ჰოდა, ეგეც გადავიფიქრე. მოკლედ, სახლში იმსჯელეს და გადაწყდა, რომ სასწავლებლად სოჭში წავსულიყავი, სადაც დეიდაჩემი ცხოვრებს. "ბლატებით" ისე მოაწყვეს, რომ მარტო გამოცდებზე უნდა ჩავსულიყავი. მოკლედ, სკოლა იქ დავამთავრე, უმაღლეს ბიზნესკოლაში - სინერგიაში ვსწავლობდი.
GzaPress
- ახლა აბიტურიენტი ხარ, არა?
- კი და უფრო ტურიზმის განხრით ვიხრები, თუმცა ბიზნესადმინისტრირებაც მაინტერესებს და არ ვიცი, სად ჩავაბარებ. ამ პანდემიის გამო ერთი წელი გამიცდა. ერთმა ჩემმა დაქალმა მითხრა, ისეთი იერი გაქვს, სამსახიობოზე ხომ არ ჩააბარებო? - რა სამსახიობო, ენა მებმება ყოველ წუთას-მეთქი (იცინის)... უქმად არ ვზივარ, თურქულ ენას ვსწავლობ. ძალიან ლამაზი ენაა და ქვეყანაც მომწონს.
- ამას წინათ ბებიას მიუძღვენი ემოციური პოსტი...
- ბებია - ნელი ფეხბურთელ გიორგი სიჭინავას ღვიძლი და იყო. ბებია ისე ბერდებოდა, ასაკი არ ეტყობოდა. 78 წლის გარდაიცვალა და ყველა ამბობდა, ამ ქალს რას აჭმევთ ან რას უსვამთ სახეზე, ასაკი რომ არ ეტყობაო. ალბათ თავისი საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ გვიზიარებდა. საოცრად თბილი ქალი იყო, ძალიან თანამედროვე. სულ გამოპრანჭული დადიოდა, ქუსლიანებით. თურმე ბაბუას ჩამოჰქონდა მისთვის ფეხსაცმელები სხვადასხვა ქვეყნიდან. საოცარი ქალი იყო, ყველას ეხმარებოდა, უარს ვერავის ეუბნებოდა და ბევრმა გამოიყენა მისი ეს თვისება სათავისოდ, მათ შორის - ახლობლებმაც...
სამწუხაროდ, ეს კარგი ბებია 4 წლის წინ დავკარგე, რასაც ჰქვია, ხელში ჩაგვაკვდა მე და დედას. მისი სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მიჭირს ამის გახსენება. ბებია მშობელივით გახლდათ ჩემთვის. 19 წლის იყო დედა, როცა გამაჩინა და ბებიის "კალთის ქვეშ" უფრო ხშირად ვიყავი.
ვიჯექით სახლში და დედა მეძახის, მგონი ბებია მოკვდაო. ამ დროს მიჭირავს შაურმა და რაღაც სერიალს ვუყურებ. 13 წლის ვხდებოდი მაშინ. იცით, ვგრძნობდი, რომ 13 რიცხვში რაღაც ცუდი მოხდებოდა. 13 წლის ვიყავი, 13-ში გარდაიცვალა ბებო და 13-ში გარდაიცვალა ასევე ჩემი ბიძაც, გოგა სიჭინავა. ეს რიცხვი "შავია" ჩემთვის. გოგაც ბებიას გაზრდილი იყო. როცა ცუდად გახდა, ის უთენებდა ღამეს და მისი გარდაცვალება ბებიამ ძლივს გადაიტანა. მოკლედ, არ მიყვარს 13 რიცხვი...
GzaPress
- ვინ არის პროფესიით დედა?
- დედა პერიოდულად მუშაობდა იურისტად, მერე კოსმეტოლოგადაც. ძალიან უყვარდა თავისი საქმე, მაგრამ დიდი ხანია უკვე, აღარ მუშაობს. მეც ჩემი პატარა საქმე წამოვიწყე, იუველირობამ გამიტაცა. ყოველთვის მინდოდა შემექმნა სამკაულები. გიშერი ძალიან მიყვარს. შეიძლება ცრუმორწმუნედ ჩამთვალოთ, მაგრამ ეს ქვა ავი თვალისგან იცავს. ვეცდები, ჩემი სამკაულებით მანდილოსნები გავახარო და მინდა ბებიას ხსოვნას მივუძღვნა ეს საქმიანობა. ასევე მსურს, ჩემი შემოსავალი მქონდეს და არ ვიყო სხვაზე დამოკიდებული. რაც უნდა ჯიგარი ნათესავები გყავდეს, ძლიერი დედ-მამა, შენი შემოსავალი მაინც გჭირდება.
- დედამ სამუშაო რატომ დაკარგა?
- როცა მუშაობდა, იშვიათად ვხედავდი, სახლში გვიან მოდიოდა და ვუთხარი, იქნებ დროა დაისვენო-მეთქი. დამიჯერა და იმის მერე ზის (იცინის). დედასთან ერთად მიყვარს თავისუფალი დროის გატარება; კარგად ვერთობით და თურქულ სერიალებსაც კი ვუყურებთ ერთად. დედა ჩემთვის მეგობარი უფროა. ის არასდროს მაძალებდა სწავლას. - არ ისწავლი, ნუ ისწავლი, წლის ბოლოს გული დაგწყდებაო, - მხოლოდ ამას მეუბნებოდა. არ იყო ძალიან მკაცრი და სახაზავით არ დამდევდა, რასაც ძალიან ვაფასებ.
- მამაზე რას გვეტყვი?
- მამა ჩემთვის მკვდარია, არც მინდა ვახსენო. მას ჩემს გაზრდაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის... დიდი ხანია, რაც დედა გათხოვდა. მისმა მეორე მეუღლემ, მაიკლმა მამა შემიცვალა. საუკეთესო ადამიანია. უბრალოდ, რასაც ვერ ვეგუები, ის არის, რომ ხშირად უწევს საზღვარგარეთ ყოფნა. ჰოდა, ვუყურებ, როგორ ტირის დედა მონატრებისგან აქ და ის იქიდან წუწუნებს (იღიმის). როცა აქაა, ყველანი უკეთესად ვგრძნობთ თავს.
- მაიკლი საიდანაა?
- დედა ემირატებიდან ჰყავს, მამა - სლავური წარმომავლობის და ეს კულტურათა შერწყმა საშუალებას არ აძლევს, ძალიან მკაცრად მოექცეს დედაჩემს. ამ კაცის დიდი პლუსი იცით, რა არის? არ სვამს და არ ეწევა. ის ახლა ფაქტობრივად, საქართველოში, ჩვენთან ცხოვრობს ჩვენს ძაღლ ნიკისთან ერთად.
- ეს ის ძაღლია, რომელსაც დაბადების დღე პომპეზურად აღუნიშნეთ?
- კი, ეგაა (იცინის). მის გამოც ხშირად მიწევს წასვლა საზღვარგარეთ, გამოფენებზე. ახლა ჩეხეთიდან გვქონდა მოწვევა და პანდემიის გამო ვერ წავედით. ისე, 17-მდე ქვეყანაში ვიყავით ერთად და ყველა გაოცებულია, არ ჰგავს 11 წლის ცხოველსო. მოკლედ, ნიკი ჩემზე წარმატებულია და "ინსტაგრამ"-გვერდიც აქვს (იცინის).
- გიორგი, ბიოლოგიურ მამას არასდროს შეხვედრიხარ?
- ვიცი ვინც არის: ქართველია, აქ ცხოვრობს. ალბათ ერთი თვის ვიყავი, როცა მიგვატოვა. თავი რომც მოიკლას, მისი ნახვა აღარ მინდა. მისთვის თვალი მომიკრავს შორიდან, მაგრამ არ გამჩენია მისვლის სურვილი... უცხო კაცმა შემიყვარა ღვიძლი შვილივით, მან კი ეს ვერ შეძლო. ამიტომ, აღარც მე მჭირდება...
GzaPress
- დედასთან ერთად გადაღებულ შენს ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება აქვს... როგორ დაითანხმე დედა ვიდეოების გადაღებაზე?
- სიგიჟეებს ვიღებთ და სიმართლე გითხრა, ხშირად ინიციატორი მე კი არა, დედაა. ახლა ტელეფონი გამიფუჭდა და კარგა ხანია, არაფერი ამიტვირთავს... იცით, 10000 "ფოლოვერი" მყავდა "ინსტაგრამზე". მერე გატეხეს და ახლა 900 მყავს, თავიდან ვიკიდებ ამ ქსელში ფეხს. მას შემდეგ, რაც "ტიკ-ტოკი" გამოჩნდა, აქ უფრო აქტიური გავხდი.
მიხარია, როცა დადებით შეფასებებს ვკითხულობ. ისეთი თბილი კომენტარები მივიღე, გამიკვირდა. ქუჩაში გვცნობენ და ბავშვები დედაჩემს ეხუტებიან, მე კი მორიდებით მიყურებენ - ეტყობა მათ ჩემი სიმაღლითა და სიგანით ვაშინებ (იცინის)... ნეგატიური კომენტარებიც არის, ცხადია. უფრო, ჩემი გარეგნობის გამო. მწერენ, რატომ ხარ ასეთი მსუქანი? დაიკელიო. არ ვაპირებ მათ გამო შეცვლას. ვარ ის, რაც ვარ. ვცდილობ თავი ავარიდო ყველანაირ პროვოკაციას და აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხო, რადგან ვიცი, ეს უფრო დიდ აგრესიას გამოიწვევს. თუ ვინმე "მიკბენს", კეთილად ვუპასუხებ და ისინიც კეთილად განეწყობიან ჩემდამი. მჯერა, "გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი".
- რას ეტყვი შენს თაყვანისმცემლებს ჩვენი ჟურნალის მეშვეობით?
- არა მგონია, ამდენი თაყვანისმცემელი მყავდეს, მაგრამ ვინც მყავს, მათ ვეტყვი, რომ თითოეული ძალიან მიყვარს. ვცდილობ ყველას ვუპასუხო, არ მინდა ვინმემ იფიქროს, ამას თავში აუვარდაო. მინდა "გამომწერებთან" თბილი დამოკიდებულება მქონდეს.
- ბაბუაზე - გიორგი სიჭინავაზე რას გვეტყვი?
- ის იცავდა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. 1997 წელს, საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ვამაყობ ამ ადამიანით!
ახლა ბაბუა გაგრაში ცხოვრობს. ძალიან მიყვარს და მასთან ჩასვლა ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის, მით უმეტეს, რომ იქ მეგობრებიც მყავს. აფხაზი ცოლი ჰყავს, ლიანა, ძალიან კარგი ქალბატონი. არ მინდა ტრაბახად ჩამითვალოთ, მაგრამ ბაბუას დიდ პატივს სცემენ აფხაზები, თითქმის მთელი გაგრა იცნობს. ბებიასაც მთელი გაგრა გლოვობდა. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, მასთან გამოსამშვიდობებლად ჩამოსვლა ბევრმა ვერ მოახერხა.
- დაბოლოს, შენს შეყვარებულზეც მიამბე რამე.
- ის უკრაინაში ცხოვრობს, დედაჩემის საუკეთესო დაქალის შვილია. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვიზრდებოდით. დედით უკრაინელი, მამით ქართველია, კალანდაძე ელენე. აქ ცხოვრობდა, მერე მისი მშობლები დაშორდნენ და დედამ უკრაინაში წაიყვანა ჩემი მიჯნური. მოკლედ, დედაჩემის ბედს ვიზიარებ - შორიდან უნდა ვუცქირო შეყვარებულს. საბედნიეროდ, ხშირად ჩამოდის, სხვა დროს კი ვირტუალურ ურთიერთობას ვჯერდებით ხოლმე.
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.