"24 საათის შემდეგ ყოველგვარი სიმპტომი გაქრა"
font-large font-small
"24 საათის შემდეგ ყოველგვარი სიმპტომი გაქრა"
რა ელით ემიგრანტებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან

მარი ნავროზაშვილი უკვე ცამეტი წელია ესპანეთში, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. კორონავირუსის გადატანის შემდეგ, მიუხედავად მეუღლის წინააღმდეგობისა, ცოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. როგორც თვითონ ამბობს, თავი ვალდებულად ჩათვალა, ეს ვაქცინა გაეკეთებინა, რათა დაეცვა ოჯახისა და გარშემო მყოფების სიცოცხლე.


მარი ესპანეთში, მადრიდთან ახლოს მდებარე ქალაქ მანრესაში ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ის პაციენტების კვებაზე ზრუნავს და თუმცა მათთან პირდაპირი შეხება არა აქვს, მისი დაინფიცირების შანსი დიდია. საუბრისას მითხრა, ბრძოლის ძალას და პოზიტიურ ენერგიას საქართველოდან ვიღებო. ალბათ ამიტომაც, სამშობლოს ხშირად სტუმრობს.
- ქალბატონო მარი, რატომ მიიღეთ ასეთი რთული გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდა, თუმცა გამოგიტყდებით, ცოტა მეშინოდა (იცინის). ვაქცინის განყოფილება რეანიმაციის გვერდზეა და ამ ფაქტმა ცოტა დამზაფრა, თუმცაღა საშიში ნამდვილად არაფერი იყო.
- როგორი იყო ოჯახის რეაქცია?
- ჩემი შვილიც მედპერსონალია და ინფორმაცია აქვს ვაქცინის შესახებ, ამიტომ არ გაუპროტესტებია. ჩემი მეუღლე კი წინააღმდეგი იყო. ეშინოდა, რადგან ბევრი მითქმა-მოთქმაა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.
GzaPress
- რა არის რეალურად ეს ვაქცინა?
- საზოგადოების ენაზე რომ ავხსნათ, ცოვიდ-19-ის მოლეკულები შეჰყავთ შენს სხეულში, რომლის მეშვეობითაც აქტიურდება ამ ვირუსის მიმართ ანტისხეულები. დაცული ხარ, რომ ვირუსი არ შეგხვდეს, თუმცაღა მაინც ხარ ვირუსის გადამტანი და შენგან შესაძლებელია სხვა დაინფიცირდეს.
- როგორი რეაქცია აქვს ვაქცინას შემდგომ დღეებში, მის უკუჩვენებებზე მოგვიყევით.
- 24 საათი მქონდა ზუსტად იგივე სიპტომები, რაც კოვიდინფიცირებულს აქვს, ანუ რაც მქონდა მაშინ, როდესაც ვირუსი გადავიტანე: ტემპერატურა, ფაღარათი, თავის ტკივილი, ასევე შემიშუპდა მარცხენა ხელი, ძლიერი ტკივილი მქონდა, ხოლო 24 საათის შემდეგ ყოველგვარი სიმპტომი გაქრა და ვაგრძელებ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში.
- ეს ვაქცინა ერთჯერადია, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ საჭიროა განმეორება?
- ამბობენ, რომ სამი წელი ყოველწლიურად უნდა გაიკეთო, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დამტკიცებული, ვაქცინა ხომ ისევ ცდის პროცესშია. დღევანდელი მდგომარეობით ვაქცინა კეთდება ორჯერ, აცრის შემდგომ ოცდამეერთე დღეს, ზუსტად იმავე საათზე, სხვა შემთხვევაში ვაქცინა ძალას კარგავს.
- როგორც ამბობენ, ძალიან ცოტა ვაქცინა აქვს ესპანეთს და უპირველეს ყოვლისა, იცრებიან რისკ-ჯგუფების ადამიანები.
- დიახ, შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, პირველ რიგში, აიცრა მედპერსონალი, ასევე მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ. ვაქცინა არ უკეთდება ალერგიულ და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, ასევე თექვსმეტ წლამდე მოზარდებს.
- თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორი რეაქცია ჰქონდა ვაქცინას მოხუცებში?
- არანაირი, უსიმპტომოდ ჩაიარა და იშვიათად თუ დაფიქსირდა ოცდაოთხსაათიანი ტემპერატურა, რაც ნებისმიერ აცრას შეიძლება მოჰყვეს. ფატალური შედეგის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.
- გაუკეთდათ თუ არა ვაქცინა თქვენი ოჯახის წევრებს?
- არა, რადგან ვაქცინის რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდულია. ჩემს გოგონას, რომელიც კლინიკაში მუშაობს, ვაქცინას ვერ გავუკეთებთ, რადგან ალერგიულია და არ ვიცით, რაზე აქვს ალერგია, დანარჩენებს კი სიამოვნებით გავუკეთებდი.
- ამ საკითხზე თქვენს მოძღვართან თუ გისაუბრიათ?
- არა, არ ჩავთვალე საჭიროდ. თუ ამ ვაქცინის შესახებ მიიღებ სრულ და ზუსტ ინფორმაციას, პანიკა გაქრება. ეს არ ეწინააღმდეგება რწმენას. მე მორწმუნე ვარ, ვინახავ მარხვას და ვლოცულობ კიდეც, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
- ზოგს ეშინია და ამბობს, ამ ვაქცინის გაკეთებით ყველა ადამიანი "დაიჩიპება" და მათ განსხვავებული პასპორტი ექნებათო...
- ჩიპთან დაკავშირებით ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიცრუეა. რაც შეეხება "პასპორტს", ეს არის პატარა ბარათი, რომლის საშუალებითაც დაადასტურებ, რომ ვაქცინა გაკეთებული გაქვს და შეგეძლება ყველა ქვეყანაში შესვლა.
GzaPress
- რომელი ქვეყნის ვაქცინაა ესპანეთში შემოტანილი? რომელი ქვეყნის ვაქცინაზე ამბობს უარს ესპანეთი და რატომ?
- ვაქცინა შემოვიდა ინგლისიდან და სანამ მოხმარებაში ჩაეშვებოდა, დაიტესტა 1 300 ადამიანი, ვაქცინა გაუკეთდა 1 800 და უკუჩვენება არ გამოვლენიათ. ესპანეთი უარს ამბობს რუსეთის ვაქცინაზე, რადგან არ გაუვლია სათანადო გამოცდის ვადა, ვაქცინა შეიქმნა მეორე ტალღის პროცესში და ის არ არის გამოკვლეული შესაბამის ლაბორატორიაში.
- ვაქცინის გაკეთება არის თუ არა სავალდებულო?
- მე ვიკითხე, - რომ არ გავიკეთო, დამითხოვთ თუ არა სამსახურიდან-მეთქი? მიპასუხეს, - კიო. თუ სასამართლოს მივმართავ, ჩემი უფლებები დაცული იქნება და პროცესს მოვიგებ, რადგან ეს არის ნებაყოფლობითი. თუმცა, ნებაყოფლობითია ისიც, დაგტოვებენ თუ არა სამსახურში. ვინც არ გაიკეთა, მათზე არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და კვირაში ერთხელ უკეთდებათ Pჩღ-ტესტი.
- საქართველოშიც ძალიან ღელავენ აცრის გამო, ბევრი წინააღმდეგია ვაქცინის საქართველოში შემოტანის. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- საზოგადოებას აქვს ინფორმაციის დეფიციტი. მეც რომ ვცხოვრობდე საქართველოში, ალბათ შემეშინდებოდა, რადგან ყველა ტელევიზია სხვადასხვა ინფორმაციას აწვდის და ხალხიც გაურკვევლობაშია. ვაქცინა ვითომ ორ წელში რომ კლავს ადამიანს, ეს ჭორია. არის ინფორმაცია, რომ ესპანეთში მოსახლეობის 90% აგვისტოს ბოლომდე უნდა აიცრას და როგორ ფიქრობთ, ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ესპანეთი გააქრეს რუკიდან?!. ვაქცინა ყველამ უნდა გავიკეთოთ, რომ შევძლოთ და დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას.
- ამბობენ, რომ ემიგრანტს, რომელიც უარს იტყვის აცრაზე, ქვეყანას დაატოვებინებენ.
- ასე ამბობენ, მაგრამ ეს კანონი ჯერჯერობით ძალაში არ შესულა. ესპანეთის მთავრობა ამბობს, რომ ემიგრანტს, რომელიც ამ ქვეყნის საშუალებით ირჩენს თავს და არ გაუფრთხილდება ესპანეთის მოქალაქეების სიცოცხლეს, დაატოვებინებენ ქვეყანას.
ფიქრია რობაქიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.