კიდევ ერთი საინტერესო სოფელი და წერეთლების საუკუნეებგამოვლილი საუცხოო სახლი
font-large font-small
კიდევ ერთი საინტერესო სოფელი და წერეთლების საუკუნეებგამოვლილი საუცხოო სახლი
"ის ისტორიის ოფიციალური კუთვნილება გახდება..."

ჭიათურიდან 11 კილომეტრის გავლის შემდეგ, კოპწია იმერულ სოფელს მიადგებით - ეს სოფელი სკინდორია, საინტერესო ისტორიითა და თვალწარმტაცი ხედებით, თუმცა - ჯერ კიდევ უცნობი საქართველოს ნაწილია.


სოფელში შესულ მოგზაურს პირველი, რაც თვალში მოხვდება, ადგილობრივი ქვის ფილებით ნაგები ღობეებია. მცირე მანძილიც და, პატარა სალოცავიც გამოჩნდება. მას ადგილობრივები ბარევანის სალოცავს ეძახიან. აქვე შეიძლება მოინახულოთ ძველი ტაძრის ნაშთებზე ნაგები გუმბათოვანი ეკლესია და ისტორიის უტყვ მატიანედ შემორჩენილი, საუკუნეებგამოვლილი სახლი, რომელიც ადგილობრივ სასულიერო პირს, სვიმონ წერეთელს აუგია...

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ჭიათურის საპატიო მოქალაქე, მოგზაური:
- ბარევანის სალოცავი ისტორიულ წყაროებში მე-10 საუკუნიდან მოიხსენიება. "ბარევანი" სპარსული სიტყვაა და კრავს ნიშნავს. როგორც ჩანს, ამ ადგილას კრავების შეწირვა ხდებოდა და "ბარევანიც" ამის გავლენით ეწოდა. როდესაც სიტყვა "ბარევანი" გავაჟღერეთ სოციალურ ქსელში, თურქეთში მცხოვრები ქართველები დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე, შავშეთშიც ყოფილა ბარევანად წოდებული ხეობა, სადაც ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნანგრევებიცაა შემორჩენილი. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, ამ საკითხს აუცილებლად გამოვიკვლევთ.

სალოცავიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრში სკინდორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია აღმართული. სწორედ ამ ტაძრის შესასვლელში განისვენებს სასულიერო პირი - სვიმონ წერეთელი, რომლის სახელიც არა მარტო სკინდორის, არამედ ჭიათურის ისტორიაშიც ჩაიწერა. ეს იყო ადამიანი, რომელიც სულიერ საზრდოსთან ერთად, ადგილობრივების განათლებაზეც ზრუნავდა. სოფელში დღემდე დგას სვიმონ წერეთლის აგებული სახლი, რომელმაც საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღევანდლამდე მოაღწია... საუკუნეების მომსწრე სახლი ჭიათურის მუნიციპალიტეტის უძველესი სახლების სამეულშია შესული...
GzaPress
გიორგი დვალაშვილი:
- ჭიათურის სოფლებს შორის სოფელი სკინდორი გამორჩეულია თავისი მდებარეობით, ისტორიით, თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას სვიმონ წერეთლისეული სახლი იპყრობს. სვიმონ წერეთელი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაიბადა და შთამომავლების გადმოცემით, 125 წელი იცოცხლა. ეს პიროვნება აქტიურად მოღვაწეობდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში და სახლიც, სავარაუდოდ, ამ პერიოდშია აგებული, თუმცა ზუსტი ასაკი დადგენილი არ არის. მხოლოდ ზეპირი გადმოცემებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მსგავსი ნაგებობებით ნამდვილად არ ვართ განებივრებული და ამიტომაც გაჩნდა განსაკუთრებული ინტერესი მის მიმართ. შენობა კირქვისგან გამოთლილ 6 თაღოვან სვეტზე დგას. ამ ქვას ადგილობრივები ნათერძალის ქვას ეძახიან. როგორც ჩანს, ადრე ქვის მოპოვების ადგილას თერძები მუშაობდნენ და "ნათერძალის ქვაც" ამის გამო ეწოდა.
სახლი დიდი ზომის არ არის, მაგრამ საინტერესო ინტერიერითა და ისტორიით გამორჩეულია, მან თაობები გამოიარა და დღემდე მოაღწია. სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობა სახარბიელო არ არის. პირველ რიგში, მის გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ. ოცდათორმეტი წლის წინ, ზუსტად ამ პერიოდში, სკინდორში ორი მეტრი თოვლი მოვიდა და სახლმა გაუძლო; დღეს შესაძლოა, ნახევარი მეტრის სიმაღლის თოვლსაც ვეღარ გაუძლოს. სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას და ვფიქრობ, სახელმწიფოც უნდა დაინტერესდეს - მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და პირვანდელი სახით აღდგეს. წერეთლების შთამომავალი, რომელიც სახლის მუდმივი მცხოვრები იყო, რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და სამწუხაროდ, დღეს მუდმივი მცხოვრები არ ჰყავს, თუმცა სვიმონ წერეთლის დანარჩენი შთამომავლები პატრონობენ და სწორედ მათი დამსახურებაა, სახლმა რომ დღემდე მოაღწია. სურვილის მიუხედავად, შთამომავლები მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ მოახერხებენ, სახლს პირვანდელი იერი დაუბრუნონ. შესაძლოა შეკეთდეს, მაგრამ ის სიძველე დაიკარგოს. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, სპეციალისტების აქტიური ჩარევით, სახლი გადარჩება და საქართველოს ისტორიის კიდევ ერთ დაუწერელ ფურცელს შევუვსებთ შთამომავლობას.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, წერეთლების სახლი კიდევ ერთი საინტერესო სანახაობა იქნება მოგზაურობის მოყვარულთათვის. რამდენიმე კვირის წინ, სახლის ფოტომასალა დავდეთ "ფეისბუკ"-გვერდზე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფაქტია, საზოგადოების ინტერესს იწვევს.

სახლი სავარაუდოდ, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნაზე აუგია სვიმონ წერეთელს, ანუ იმ დროს, როდესაც დასავლეთ საქართველოში მასობრივად, ჯერ კიდევ საჯალაბო საცხოვრისები იყო გავრცელებული. ამ ტიპის სახლის მშენებლობას მხოლოდ მატერიალურად შეძლებული ადამიანები თუ ახერხებდნენ. წერეთლები საზოგადოების დაწინაურებულ ფენას წარმოადგენდნენ და რა გასაკვირია, თუკი სკინდორში სასახლის ტიპის სახლის აგებაც მათ სახელს უკავშირდება?..
ასმათ წერეთელი, სვიმონ წერეთლის შთამომავალი:
- რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში, ჩემს "ფეისბუკ"-გვერდზე, ჩემი წინაპრების სახლის ფოტომასალა დავდე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქედან დაიწყო წერეთლების სახლით დაინტერესება. ბევრი კითხულობდა, ჰქონდა თუ არა სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მალე, წერეთლების საუკუნეებგამოვლილი სახლი ისტორიის ოფიციალური კუთვნილება გახდება...
ამ სახლის და წერეთლების ისტორიაც სოფელ სკინდორში, ჩემი წინაპრის - დიდი ბაბუის ბაბუის, მღვდელ სვიმონ წერეთლის სახელს უკავშირდება. სვიმონ წერეთელი სამ საუკუნეს მოესწრო: 1792 წელს დაიბადა და 1917 წელს გარდაიცვალა. სკინდორში მის მიერ მე-18 საუკუნის დასასრულს აშენებულ სახლში წერეთლების მეშვიდე თაობა აგრძელებს ცხოვრებას. მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში სკინდორში გუმბათოვანი ტიპის ეკლესია აიგო, რომლის პირველი მოძღვარიც სვიმონ წერეთელი იყო. ის ფრიად განსწავლული პიროვნება გახლდათ და შესანიშნავად ფლობდა მშენებლობის ხელოვნებასაც. ამის დადასტურებაა მის მიერ აგებული სახლი. პალატი კირქვისგან გამოთლილ ექვს თაღოვან სვეტზე დგას, ზედა სართული მუხის ხის საუკეთესო მასალითაა აგებული და გაწყობილი. დღემდეა შემორჩენილი ძველი ნივთები, მათ შორის - ჩემი დიდი ბაბუის, გიორგი წერეთლის მეუღლის, ფედოსი ჩხეიძის მზითევი, რომელიც ორი საუკუნისაა. ეს ნივთები იმ პერიოდში ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. შემორჩენილია ბუხარიც, რომელიც ქვითხუროობის ნიმუშს წარმოადგენს. ეს სახლი იმდროინდელ საქართველოში სასახლედ ითვლებოდა და ეტყობა, რომ სოციალურად და ეკონომიკურად დაწინაურებული კლასის წარმომადგენელთა საკუთრებას წარმოადგენდა.
GzaPress
თუმცა, ნათესავების ნაწილი აღნიშნავს, რომ სახლი გაცილებით ძველია, თითქმის სამ საუკუნემდე და სვიმონ წერეთლის მამის, ქრისტეფორეს მიერაა აშენებული.
სახლი განსაკუთრებულია კიდევ იმით, რომ აქ დაიბადნენ ჩემი დიდი ბაბუები - გიორგი და ალექსანდრე წერეთლები, რომლებსაც ქუთაისის გიმნაზია ჰქონდათ დამთავრებული და ჭიათურაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ. აქედან ერთ-ერთმა - ალექსანდრე წერეთელმა 1903 წელს, სოფლის მოსახლეობის თხოვნით, საკუთარ ოჯახში კერძო სკოლა გახსნა.
1913 წელს, სოფლის მოსახლეობისგან გაღებული შეწირულობებით აიგო სკოლის პირველი შენობა და სწავლის პროცესს, ორ პედაგოგთან ერთად, ალექსანდრე წერეთელი ჩაუდგა სათავეში. შემდგომში, უკვე 1950 წელს, რვაწლიანი სკოლის აშენებაც შეძლეს და ალექსანდრე წერეთელი ამ სკოლის დირექტორად დაინიშნა. 1995 წელს სკოლას მისი სახელი მიენიჭა. ძალიან განათლებული ადამიანები იყვნენ და ამ მხრივაც დიდი წვლილი მიუძღვით ერის წინაშე. საქართველოში შეიძლება ბევრი არ იყოს ასეთი სიძველისა და ისტორიის სახლი. იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა ადამიანები დაიბადნენ მის კედლებში, მათი ღვაწლიც ხომ გასათვალისწინებელია. აქ ხომ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები ცხოვრობდნენ. რა საქმე შეიძლება ყოფილიყო ამაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი იმდროინდელ საქართველოში?!.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.