ნაკუ - მრავალგვარი საქმიანობის დამლაშქრავი გოგონა
font-large font-small
ნაკუ - მრავალგვარი საქმიანობის დამლაშქრავი გოგონა
"ძნელია, როცა არ გინახავს, თუმცა უფრო ძნელია, რომ ნახავ!"

პირველად ამ გოგონას ერთმა - აბჯარასხმულმა ფოტომ და ფოტოს ქვემოთ მისივე მინაწერმა - რიტორიკულმა შეკითხვამ მიიპყრო ჩემი ყურადღება: ნეტავ, მსტოვართა რაზმში არ მიმიღებდა აღმაშენებელიო? მერე მისი "ფეისბუკ"-პროფილი დავათვალიერე. ამგვარი კიდევ ბევრი ფოტო ვნახე. პროფესიით, საქმიანობით დავინტერესდი და - უგრძესი ჩამონათვალი აქვს, სად უმუშავია და რაც მთავარია, ყველა საქმიანობა თითქოს განსხვავებულია. არათუ მისი თანატოლების, არამედ საერთოდ, ადამიანების უმრავლესობისგან განსხვავებით, სტატუსებიც კი უჩვეულო შემხვდა და გულწრფელად გავოცდი - თითოეული მათგანი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოღვაწეების, მეფეების, მებრძოლების, ასევე - ბრძოლების, ომების თარიღებს და მოკლე მიმოხილვას ეძღვნებოდა... იმანაც გამაოცა, რომ გოგონამ ბევრი საქმიანობიდან ერთ-ერთად კასკადიორობა აირჩია, კიდევ - საბრძოლო ხელოვნებაც... მოკლედ, ბევრი მიზეზი მქონდა, ნაკუ (ნანა) გამყრელიძე გამეცნო და დაწვრილებით გამომეკითხა - ვინ არის, რამდენი წლის, სად ცხოვრობს და რატომ შეეჭიდა ამდენ საქმეს...


- 27 წლის ვარ. დავიბადე გურიაში, ოზურგეთის რაიონში, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტები. პროფესიით თურქეთისმცოდნე, საზოგადოებრივი გეოგრაფი ვარ. თუმცა, ჩემი ცხოვრება სრულიად სხვა სფეროს დავუკავშირე. მთავარ საქმიანობას ვერ გამოვყოფ, რადგან რამდენიმე საქმეს მართლაც ერთდროულად შევეჭიდე, თუმცა ვცდილობ, თითოეულმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს და ხარისხიც კარგი იყოს. ამჟამად ვმუშაობ თბილისის თავისუფალ სკოლაში სპორტის პედაგოგად, ასევე ვარ ქართული საბრძოლო ხელოვნება "ჰოროლის" წევრი, მებრძოლი და კიდევ - Gეორგიან შტუნტ Aცადემყ-ის კასკადიორი. სიმართლე გითხრათ, მიჭირს კიდეც იმის თქმა, თუ რომელია ჩემი მთავარი საქმიანობა.
GzaPress
რაც შეეხება საბრძოლო ხელოვნებით ჩემს დაინტერესებას, გეტყვით, რომ ბავშვობიდან მომყვება - სულ მინდოდა, ფარ-ხმლის გამოყენებას დავუფლებოდი. პატარაობიდანვე მოუსვენარი ვიყავი - მიტაცებდა ფეხბურთის თამაში და ისტორიული წიგნების კითხვა; ვოცნებობდი ომში წასვლასა და სამშობლოს დაცვაზე.
ალბათ ყველას გვინდა, წარმოსახვაში დასახული მიზნები თუ სურვილები ცოტა მაინც რეალობაში გადმოვიტანოთ. ჯიუტად მჯეროდა, რომ სუსტი სქესის მიუხედავად, ჩემი ცხოვრება საბოლოოდ ამ გზით წავიდოდა.
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და რამდენიმე წლის წინ, როცა საცხოვრებლად და სასწავლებლად თბილისში გადმოვედი, აღმოვაჩინე ხალხი, რომელიც ფლობდა და იყენებდა ძველი ქართული ტრადიციული იარაღის გამოყენების ტექნიკას და რამდენიმე თვეში მეც მათ რიგებში მოვხვდი. ჩვენი გამოსვლები არა მხოლოდ დადგმული სცენარით წარმოდგენებია, არამედ დიდი შრომის შედეგად, ექსპედიციების, მოპოვებული ჩანაწერების, აღწერების, მთა-მთა შემოვლილი ისტორიული რეალობის ჩვენებაა თანამედროვე საზოგადოებისათვის; იმ ტრადიციების გაგრძელებაა, რასაც საუკუნეები გვინახავდნენ ჩვენი წინაპრები. რა თქმა უნდა, ამ არჩევნის გამო, ჩემ შესახებ გარშემო მყოფთა აზრი ორად გაიყო: ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო გოგოს გზა და არჩევანში ვცდებოდი, მეორე ნაწილი კი პირიქით, ჩემი არჩევნით ამაყობდა და ამ მეორე მხარეს იყვნენ ჩემი მშობლებიც, რომლებიც საოცარი სიამაყითა და აღტაცებით გვერდში მედგნენ. მახსოვს, პირველად 2019 წელს, ფესტივალ "არტგენზე" ნახეს "ლაივში" ჩემი გამოსვლა. ჩემთვისაც ძალზე ემოციური და საპასუხისმგებლო იყო წარდგენა, პირველ რიგში, ჩემს მშობლიურ კუთხეში და მეორე მხრივ - მშობლების წინაშე. მაგრამ ამ გამოსვლამ იმდენად დიდი მუხტი და მოტივაცია მომცა, რომ ყველაფერს გადააჭარბა.
GzaPress
რაც შეეხება ჩემს კასკადიორობას, იოლი საქმიანობა ნამდვილად არ არის, მაგრამ ესეც ძალიან მაინტერესებს. კასკადიორად მუშაობისას ალბათ, ყველაზე რთული ზამთრის გადაღება იყო კოჯრის ტყეში - დილით გაყინულ თოვლში ხევში ჩაჩეხის ეპიზოდს ვიღებდით და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ზურგით ვვარდებოდი.
- რომ გისმენთ, ვფიქრობ, რომ არც მთლად ხუმრობით გიკითხავთ, - ნეტავ მსტოვართა რაზმში არ მიმიღებდა აღმაშენებელიო? ამაზე ოდესღაც, ალბათ ან გიოცნებიათ, ან გითამაშიათ, უბრალოდ, გიფიქრიათ "აღმაშენებლობანა" თუ - ვცდები?
- ეს მართლაც, ხუმრობით დაწერილი სტატუსი იყო, თუმცა ამ ხუმრობაში სიმართლის დიდი მარცვალი იდო. დავით აღმაშენებელი ჩემი კერპია და სიტყვებით ძნელია გადმოვცე ის დამოკიდებულება, რაც ამ მეფისადმი მაქვს. დავითი ჩემი წილი საქართველოა, წარსულიდან გაჭიმული ხიდია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა გავიარო. ეს სიტყვებიც გულწრფელია - ვის არ გვიოცნებია ჩვენი რჩეული, მოტივაციის მომცემი ადამიანის გვერდით ყოფნაზე?! მის ეპოქაში რომ დავბადებულიყავი, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებდი, დავით მეფეს მსტოვართა რაზმში რომ ჩავერიცხე.
- აღარ მიკვირს თქვენი უჩვეულო სტატუსები, მაგრამ თქვენეულ განმარტებას მაინც სიამოვნებით მოვისმენ: რატომ დაიწყეთ მისი წერა?
- არ ვიცი, საერთოდ, როდის დაიწყო ჩემი ისტორიისადმი სიყვარული, რადგან რაც დავიბადე, ეს გრძნობა სულ თან დამყვება. არ შეიძლება, ამხელა ისტორიის მქონე ქვეყნის შვილი იყო და არ გიყვარდეს მისი თითოეული ნაწილი, წლებში ჩაკარგული. რამდენიმე წლის წინ ჩვენს ფედერაციაში ისტორიის ლექციებს ვკითხულობდი თემაზე: საქართველოს წარმატებული ბრძოლები და მეფეები, ასევე - სამარცხვინო ბრძოლები... მაშინ იდეა დამებადა, ჩემს პირად გვერდზე გამომექვეყნებინა ისტორიული ფაქტები დღეებისა და თარიღების მიხედვით. ამით მხოლოდ ერთი რამ მინდოდა: ჩემს სამეგობროში, 500 ადამიანიდან 5-ს მაინც დამახსოვრებოდა ეს დღე და არ დაგვეკარგა ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც ჩვენს ისტორიას ქმნის. ამ სტატუსებს თავიდანვე მოჰყვა გამოხმაურება - უფრო გაკვირვების კომენტარები იყო, თუმცა, ამ ყველაფერმა მიიღო სისტემატური ხასიათი და უკვე წლებია, ის ყოველი დილის სასიამოვნო საწყისად მექცა.
- მოდი, თქვენს გიდობაზეც მიამბეთ - სად უფრო კარგი მეგზური ხართ, საქართველოს ან მსოფლიოს რომელ კუთხეში?
- მიყვარს ლაშქრობა. მეგზური რომ არ მყოლოდა, მარტო წავიდოდი და დავლაშქრავდი ადგილებს. სკოლაში სწავლა რომ დავასრულე, მაშინვე ზუსტად ვიცოდი, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა, ჩვენს ძველ მიწებს მოვინახულებდი თურქეთში. ბაკალავრიატი დავამთავრე თურქეთისმცოდნის სპეციალობით, ხოლო მაგისტრატურა - საზოგადოებრივი გეოგრაფის სპეციალობით. ჩვენი მეზობელი ქვეყნის ენის, ისტორიის, კულტურის, გეოგრაფიის ნულიდან სწავლა დავიწყე და ამ გზით მოვხვდი კიდეც თურქეთში. 4 წელი მომიხდა თურქეთში, საზაფხულო სკოლებში სწავლა. ეს დიდი პრაქტიკა იყო ენის მხრივ და ბევრი რამ მომცა. ეთნოგრაფიით ვიყავი გატაცებული და მახსოვს, 18 წლისამ პირველი საკონფერენციო თემა მოვამზადე ლაზებსა და ლაზთა ცხოვრებაზე, სარფს იქით და აქეთ. იმდენად დიდი იყო ემოცია იქითა ლაზებთან შეხვედრისა, ვერ ვჩერდებოდი და შემდგომ წილად მხვდა ტაო-კლარჯეთში მოხვედრა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული და ყველაზე სასიამოვნო 6 დღე.
GzaPress
სხვათა შორის, ჩემი ლექტორის მითითებით დაწერილი სტატია - "ლაზების ყოფა და მეთევზეობის ტრადიციები" წიგნშიც დაიბეჭდა. ასევე ლექტორების დახმარებით მოვხვდი ერთ-ერთ ექსპედიციაში თარჯიმნად, სადაც აღვწერდით ძველ ქართულ საფორტიფიკაციო გზებსა და ციხეებს არტაანისა და ართვინის ტერიტორიაზე.
საერთოდ, ძნელია, როცა არ გინახავს, თუმცა უფრო ძნელია, რომ ნახავ! მართლაც შევატოვე კლარჯეთს თვალები და მგონია, დღესაც იქ ინახავს. მერე უკვე კოლა-არტაანში მოვხვდი თარჯიმნად ეთნოგრაფიული ჯგუფისა, სადაც აღვწერდით ძველ ქართულ ისტორიულ ციხეებსა და ტაძრებს. ყველა ბილიკს კარგად ვიმახსოვრებდი, ჩემთვის რუკებს ვადგენდი, ადგილებს ვინიშნავდი.
გავიდა წლები და მინდოდა, ჩემი ცოდნა ჩემი კუთხისთვისაც გამომეყენებინა, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ტურისტული კომპანია, რომელიც მოემსახურებოდა გურიაში ჩამოსულ ტურისტებს და უკვე 2019 წელს დავაარსე კიდეც. ვმუშაობ როგორც საფეხმავლო, ასევე - საცხენოსნო და ჯიპ-ტურის მიმართულებით, ძირითადად, ბახმაროსა და გომის მთაზე, ტურისტთა დიდი მოთხოვნის შესაბამისად. ტურისტული კუთხით, შარშან აღმოვაჩინე ტბები, გრანტიც მოვიპოვე, დავამარკირე და ამით აქვს დღეს ბახმაროს თავისი ტბები და იქამდე მისასვლელი ტურისტული ბილიკიც. ყველანაირად ვცდილობ, უცხოელებს ვაჩვენო ერთი პატარა კუთხის სამოთხეები და დავეხმარო ჩემს კუთხეს სახელის მოხვეჭაში.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.