დახუნძლული ფორმების ფიგურების ავტორი მოქანდაკე
font-large font-small
დახუნძლული ფორმების ფიგურების ავტორი მოქანდაკე
"ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს"

ყველაფერი თიხასა და პლასტილინთან შეხებით იწყება, შემდეგ მოდის თაბაშირი, მას მოჰყვება ბრინჯაო ან ქვა. გარდა იმისა, რომ მოქანდაკეა და ამით იქცევს ყურადღებას, თან მანდილოსანია, მოქანდაკე ქალი კი ბევრი არ გვყავს საქართველოში. ესეც რომ არა, როგორც კი მის ნამუშევრებს დაინახავ, მაშინვე ინტერესი ჩნდება, - ვინ არის ამ სადა, მასიური და ამავდროულად პოზიტიური ფიგურების ავტორი?..


თამარ (თალი) თოიძე:
- ყოველთვის ძიების პროცესში ვიყავი, სხვადასხვა პროფესიის მიმართ მქონდა ინტერესი. მინდოდა, ჩემს ხასიათთან, განწყობასა და შრომისმოყვარეობასთან ახლო სფერო მეპოვა. სხვადასხვა პროფესიაში ვცადე ბედი: ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას, გობელენზე მუშაობას ვეუფლებოდი, შემდეგ ტანსაცმლის დიზაინი შევისწავლე. სამხატვრო აკადემიაშიც ვცადე ბედი. მაინტერესებდა, რომელ ფაკულტეტზე აღმოვჩნდებოდი და ქანდაკების ფაკულტეტზე რომ ჩავირიცხე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მამაჩემი პროფესიით ხეზე მკვეთია, მისი ხის ფიგურები გვქონდა სახლში. ბავშვობაში მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი და აღფრთოვანებული ვრჩებოდი, მაგრამ ქალის მიერ მსგავსი პროფესიის დაუფლება ვერ წარმომედგინა. თუმცა, აკადემიაში ჩაბარების შემდეგ, როგორც ამბობენ, ქანდაკების მტვერი რომ შემეყარა (იღიმის), მაშინვე ჩემს პროფესიად ვიგულე. ბავშვობაში ქვები მიყვარდა. ტყუპისცალი და მყავს და მასთან ერთად ვაგროვებდი ქვებს, რომ შემდეგ რაღაცები გამეკეთებინა. ჩვენი ბებია-ბაბუა მკერავები იყვნენ და ბაბუამ ჩანთა შემიკერა, სადაც შეგროვილ ქვებს ვაწყობდი. პლასტილინითაც ვაკეთებდი პატარ-პატარა ფიგურებს, მაგრამ მაშინ მოქანდაკის პროფესიაზე არც მიფიქრია. სტერეოტიპული აზროვნების გამო, მოქანდაკე ქალი მეც, ბევრ სხვასავით, ნაკლებად წარმომედგინა, მაგრამ როცა ამ სფეროში უკეთ ჩავიხედე, აზრი შემეცვალა. საქართველოში რამდენიმე მოქანდაკე ქალიც გვყავს, მაგრამ ოჯახის მოკიდების შემდეგ, ნაკლებად დარჩათ მათ საამისოდ დრო. ეს ძალიან შრომატევადი პროფესიაა, დიდ ენერგიას, დროსა და აზროვნებას მოითხოვს.
GzaPress
- ტყუპისცალ დაზეც გკითხავთ - საერთო ინტერესები და შეგრძნებები გაქვთ?
- ორივე ხელოვანი ვართ. ჩემი და, თამთა ხატმწერია. ამავდროულად, ორნამენტებს ხატავს ხეზე ქართულ-აზიურ სტილში, ლამაზ ნივთებს ქმნის. უფროსი ძმა გვყავს, ისიც ხელოვანია. ხეზე კვეთა უყვარს, ნიჭიერი მხატვარია. ალბათ დრო მოვა და სამივე ერთად გამოვჩნდებით. მე და ჩემს დას განცდები და ემოციებიც საერთო გვაქვს, ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის. ეს "ღმერთის ჯილდოა". ის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, მე - სამხატვრო აკადემიაში, რამაც რადიკალურად სხვადასხვანაირი "ხელი" და აღქმა ჩამოგვიყალიბა, მაგრამ ყოველთვის ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს და იდეებს განვიხილავთ. ჩვენი განსხვავებული პროფესიული არჩევანი საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ერთფეროვნება გამოირიცხა და მონოტონურობაში მრავალფეროვნება შემოიტანა. საქართველოში პირველობას ვერ მივიწერ, მაგრამ ვფიქრობ, ორივემ ჩვენ-ჩვენს სფეროებში საინტერესო ნამუშევრები შევქმენით. ჯერ 28 წლის ვართ, ახლა ვიწყებთ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წინ გვაქვს (იღიმის).
- სამივე დედმამიშვილი ხელოვნების სხვადასხვა ჟანრში მუშაობთ, თქვენი ერთობლივი გამოფენა საინტერესო იქნება. მგონი, პანდემიის შემდეგ აუცილებლად უნდა იფიქროთ ამ საკითხზე...
- დიახ, ალბათ ერთხელაც ეს მოხდება, უბრალოდ ახლა ძნელია, რამე დაგეგმო. პირადად მე, შარშან რამდენიმე გამოფენა გადავდე - პერსონალური, ჯგუფური, საზღვარგარეთაც უნდა გამეტანა ნამუშევრები, მაგრამ ვერ წავედი და მხოლოდ გაგზავნა მოვახერხე, ისიც - დროში დიდი შეფერხებით. პანდემიამ ყველას შეგვიშალა ხელი, მაგრამ იმედი მაქვს, ეს სამწუხარო რეალობა მალე შეიცვლება და ძველ რეჟიმს დავუბრუნდებით.
GzaPress
- საწყის ეტაპზე როგორი იყო თქვენი ნამუშევრები და მოგვიანებით, როგორ გამოიკვეთა თქვენეული ხელწერა?
- აკადემიაში სწავლისას, დაახლოებით მეორე კურსზე, ფორმების ზრდის პროცესი და სტილიზება მომეწონა. იმას, რასაც ვაკეთებ, პოზიტიური ფორმა ჰქვია და ქანდაკებების განწყობა-ხასიათით ასეთივეა. ინსპირაციის წყარო ვილენდორფის ვენერა იყო. ამ ქანდაკებას დახუნძლული და მსუყე ფორმები აქვს და ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის. ვეცადე, აღქმული საინტერესოდ გადმომეცა და დროთა განმავლობაში ფიგურები ჩემებური სტილიზებისკენ წავიყვანე. გარდა ამისა, ვცდილობ, მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა ნამუშევარი შევქმნა და ერთ ადგილას არ გავჩერდე. თუმცა, ჩემი ნამუშევრები სოციუმში რომ გავრცელდა, გალერეებშიც და გამოფენებზეც, მეტი ყურადღება სწორედ სტილიზებულმა ფორმებმა მიიქცია. ალბათ სწორად გამიგებთ, რომ ხალხის აზრი ამ დროს დიდ როლს ასრულებს. დადებითმა შეფასებამ სტიმული მომცა და მეტი განვითარების სურვილი გამიჩინა.
- ალბათ ვერასოდეს გაურბიხართ ნამუშევრის დამთვალიერებლის შეკითხვას, - რატომ აქვთ თქვენს ქალბატონებს რენესანსის ხანის სხეულის დამახასიათებელი ფორმები და არა - თანამედროვე ეპოქის მოდელების პარამეტრები?
- 90-60-90-ზე, ხომ? დიახ, ბევრს აინტერესებს, რატომ ვაკეთებ ასეთ ფიგურებს, რომლებსაც ზოგი აზიურ ბუდასაც ამსგავსებს. დახუნძლული ფორმების ქალბატონებს ისიც უთქვამთ, თავი ვიცანი და ნამუშევარი პოზიტიურად აღვიქვიო. ეს ძალიან მახალისებს. ერთგვარად, სტანდარტების დარღვევაა, - ისევე, როგორც მოდის ინდუსტრიაში შეიცვალა სტერეოტიპები, სტანდარტები და დღეს პოდიუმზე სრული ფორმების მოდელებიც გამოჰყავთ. ვფიქრობ, არა მხოლოდ ხელოვნებაში, არამედ ცხოვრებაშიც უნდა შევცვალოთ სტერეოტიპული აზროვნება და სწორედ ამის მცდელობას ვახდენ ჩემს ნამუშევრებშიც.
GzaPress
- ნამუშევრებთან განშორება გიჭირთ?
- პირველსავე გამოფენაზე გამოჩნდნენ შეძენის მსურველები. თავიდან მიჭირდა ქანდაკებებთან განშორება, მაგრამ როცა დავინახე, იმ ადამიანებს ძალიან უნდოდათ, ჩემი ესა თუ ის ნამუშევარი მათი საკუთრება გამხდარიყო, დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს მათთვისაც კარგი იქნებოდა და ჩემთვისაც. ბოლო ორი წელია, ნამუშევრებს ვყიდი.
- რეალიზება აუცილებელია, ეს ხომ თქვენი შემოსავლის წყაროცაა და ამავდროულად, ცნობადობის თვალსაზრისით მომგებიანი...
- სტუდენტობის პერიოდში, როცა საშუალება მომეცემოდა, სხვადასხვა დაწესებულებაში ვმუშაობდი, თუმცა უმთავრესად, რა თქმა უნდა, - არა ჩემი პროფესიით. იმ ფინანსებს ვიყენებდი შემოქმედებისთვის და ქანდაკებებს არ ვყიდდი, მაგრამ შემდგომში გალერეებიდან და პირადი კოლექციონერებისგან იმდენად დიდი დაინტერესება წამოვიდა, უარი აღარ მითქვამს. დღეს, როცა ამა თუ იმ ადამიანის სახლის ფოტოებზე ჩემს ნამუშევრებს ვხედავ, ძალიან მახარებს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. ამ პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდანაც დამიკავშირდნენ ნამუშევრის შესაძენად. გაგზავნა 2 თვეზე მეტხანს შეფერხდა, მაგრამ დაელოდა და ეს სასიამოვნო ფაქტია. ზოგი იმის გამოც გამოთქვამს შეძენის სურვილს, რომ ნამუშევარს თავს ამსგავსებს ან ვიღაცასთან აიგივებს. ერთმა პიროვნებამ კი, რომელიც მეორე შვილს ელოდა, ცოლის გასახარებლად მთხოვა მისი ოჯახის ქანდაკების შექმნა. გავაკეთე ოჯახი: მეუღლეები და ორი ბავშვი. საერთოდ, შეკვეთას იშვიათად ვიღებ, თავისუფლად მუშაობა მიყვარს, მაგრამ მსგავს წინადადებაზე უარი ვერ ვუთხარი, სურვილი შევუსრულე და საჩუქარი გავუკეთე (იღიმის).
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
გოგონა, რომელიც ყვავილებს ქარგავს
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"
დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების მიხედვით აღდგენილი ინტერიერი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.