ვაქცინაცია - ნებაყოფლობითი, მაგრამ სავალდებულო
font-large font-small
ვაქცინაცია - ნებაყოფლობითი, მაგრამ სავალდებულო
ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ

როცა მსოფლიოში გაჩაღებულია ბრძოლა ვაქცინებისთვის, მასობრივი ვაქცინაცია ისრაელში გასული წლის 19 დეკემბერს დაიწყო. პირველი პაციენტი გახლდათ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან პირდაპირ ეთერში გაიკეთა ე.წ. ფაიზერის ვაქცინა. ასევე მილიონობით ისრაელის მოქალაქე ტელევიზიით ადევნებდა თვალს, როგორ ჩაიტარა ვაქცინაცია ჯანდაცვის მინისტრმა, რასაც მოჰყვა კიდეც საყოველთაო სოლიდარობა. იყო დღეები, როცა 200 000-ზე მეტი ადამიანის აცრა ხდებოდა. ასე გახდა ისრაელი პირველი ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი იქნება ვაქცინირებული და მსოფლიო სწორედ ამ ქვეყნის მაგალითზე დაინახავს მეცნიერების გამარჯვებას კორონავირუსზე.


ანა შიმშილაშვილი-კოლი, სამედიცინო ცენტრ "ტოპიხილოვის" გენერალური დირექტორი:
- ისრაელში სწრაფი ტემპით მიდის ვაქცინაცია. თავიდან დაიწყო მოსახლეობის იმ ნაწილის აცრა, რომელიც 60 წლის ზემოთ იყო და შესაბამისად, რისკ-ჯგუფს წარმოადგენდა, მაგრამ სამედიცინო პუნქტებს იმდენი ახალგაზრდა მიაწყდა, რომ ასაკობრივი ზღვარი მალე დასწიეს. ახლა უკვე 16 წლის ბავშვების აცრაა შესაძლებელი. თუმცა არის დაახლოებით 15 პროცენტი, რომელიც აცრას არ იკეთებს. აქედან 10 პროცენტი თვლის, რომ ჯერ სხვამ გაიკეთოს და თუ რამე ცუდი არ მოხდა, შემდეგ აიცრება, დანარჩენ 5 პროცენტს მიეკუთვნებიან ანტივაქსერები.
GzaPress
- რამ გამოიწვია ისრაელში აცრის მიმართ ასეთი მაღალი ნდობა?
- ვაქცინაციის გარდა, დღეს სხვა გზა არ არსებობს. ადამიანებმა შექმნილი მდგომარეობის რეალურად შეფასება უნდა შეძლონ. შეიძლება ბევრს ჰგონია, რომ ისრაელში მხოლოდ ფუფუნებაა. არა, ზოგს აქაც უჭირს. ებრაელი ხალხი გამოირჩევა შრომისმოყვარეობით. ისინი ბევრს მუშაობენ, კორონავირუსის გამო კი ეს წყარო გადაეკეტათ. ამიტომ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვირუსი უნდა დამარცხდეს. სამი თვის წინ საუკეთესო მეგობარი დავკარგე "კოვიდით". ასევე დაიღუპა ჩემი მამიდაშვილი, რომელიც საავადმყოფოში გეგმური ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა, იქ დაინფიცირდა და გარდაიცვალა. და ეს მოხდა არა რომელიმე განუვითარებელ ქვეყანაში, არამედ ამერიკაში, კერძოდ, ნიუ-იორკის კლინიკაში. არ გვაქვს უფლება არ ვიფიქროთ სხვა ადამიანებზე. შეიძლება ჩვენ იოლად გადავიტანოთ ვირუსი, მაგრამ სხვას გადავდოთ და ეს მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
- ადამიანებს აშინებთ ვაქცინაციის შემდგომი გართულებები. მით უფრო, რომ ვაქცინა ძალიან სწრაფად შეიქმნა.
- წელს პირველად გავიკეთე გრიპის აცრა, რადგან ვიფიქრე, რომ გრიპი თუ შემხვდებოდა და მას "კოვიდი" დაემატებოდა, ეს კრიტიკული იქნებოდა ჩემთვის. მე 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს გავიკეთე ვაქცინა, მერე სამსახურში დავბრუნდი, სადაც საახალწლო სუფრა იყო გაწყობილი და მოვილხინე. არანაირი გართულება არ ყოფილა. მეორე ვაქცინაციის შემდეგ 14 საათი ვიმუშავე. ზღაპრებია, რომ ვიღაც წაიქცა და დაიღუპა. ისრაელში მსგავსი რამ არ მომხდარა. შეშინებულ ადამიანებს ვურჩევ, ცოტა ლოგიკურები ვიყოთ, ზრდასრული ადამიანები ვართ, ნუ ავყვებით არარსებულ შიშებს.
- ფაიზერის ვაქცინაცია ორ ინიექციას გულისხმობს, რომლებიც სამი კვირის შუალედით კეთდება, რის შემდეგაც ადამიანი იღებს ე.წ. მწვანე პასპორტს. თქვენ უკვე გაქვთ გაკეთებული რევაქცინაცია, ანუ მეორედაც ხართ აცრილი. დაუბრუნდით აქტიურ ცხოვრებას, თუ მაინც არსებობს შეზღუდვები თქვენთვის?
- ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ დავინფიცირდებით. აცრა არ ნიშნავს ნიღბის მოხსნას. შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ იოლად გადავიტანთ. თანამშრომლებთან ზოგჯერ უნიღბოდ ვარ, მაგრამ გამოვდივარ თუ არა ჩემი კაბინეტიდან, ნიღაბს ვიკეთებ. ისრაელში იმ ადამიანების რიცხვი, რომელმაც პირველი აცრა გაიკეთა, 60 პროცენტია, მაგრამ ჯერ ისევ დაკეტილია ბენგურიონის აეროპორტი, სკოლებიც არ არის გახსნილი, არც მოლები და ხალხმრავალი შეკრებებიც აკრძალულია.
- შეუძლებელია არ გკითხოთ იმ ახალი პრეპარატის შესახებ, რომელიც ისრაელმა გამოიგონა და რომელმაც სამედიცინო სამყაროში ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნუთუ შესაძლებელი გახდება მძიმე პაციენტების გადარჩენა?
- ორი ახალ პრეპარატია, მაგრამ მეორე რატომღაც ძალიან სწრაფად გავრცელდა და მართლაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს არის იხილოვის საავადმყოფოს პროფესორ ნადირ არბერის შექმნილი პრეპარატი CD 24, რომელიც სიმართლე გითხრათ, სულაც არ იყო მიმართული "კოვიდ-19"-ის სამკურნალოდ. ის კიბოზე მუშაობდა. მაგრამ გადაწყვიტეს, ეცადათ ძალიან მძიმე ავადმყოფებზე, რომლებიც სასუნთქ აპარატებზე იყვნენ მიერთებულები. ეს ცილოვანი ინოვაციური პრეპარატია, რომელსაც პირდაპირ ფილტვებში უშვებენ, დღეში ერთხელ, ხუთი დღის განმავლობაში. რაც მთავარია, არა აქვს გვერდითი მოვლენები. 30 კრიტიკული პაციენტიდან ხუთ დღეში 29 გაეწერა. ოცდამეათეს შედარებით დიდი დრო დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად. მეორე პრეპარატიც არის, რომელიც ვენიდან შეჰყავთ და სუნთქვას, ჟანგბადის რაოდენობას აძლიერებს სისხლში. ასევე იმუნიტეტსაც აუმჯობესებს. ეს ორივე პრეპარატი დღესდღეობით გამოსაცდელია და ალბათ, ორივე ფართო მოხმარებაში ჩაეშვება. ეს გახლავთ სამკურნალო პრეპარატები და არა ვაქცინები.
აქვე გეტყვით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ არის სადეპორტო ორგანიზაცია, არალეგალები ხშირად მიმართავენ საავადმყოფოებს და ექიმებს არასდროს გამოუძახებიათ პოლიცია. მობრძანდით იხილოვის საავადმყოფოში არალეგალებო და თუ სურვილი გაქვთ, გაიკეთეთ ფაიზერის ვაქცინა.


მაშინ, როცა გაუთავებელი საუბარი მიდის, როგორ და როდის უნდა შემოვიდეს ვაქცინები საქართველოში, ისრაელი თავის ტერიტორიაზე მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაციასაც უფასოდ უტარებს. ყველანი, ვინც აქ სამუშაო ვიზებით ვიმყოფებით, ვაქცინაციის პროგრამაში ვართ ჩართულები. ამ ქვეყანაში ბევრ სამუშაოს მაძიებელს შეხვდებით, რადგან მუშახელი ჭირს და შესაბამისად, ანაზღაურებაც სოლიდურია. ქართველი ემიგრანტები მასობრივად იცრებიან.
GzaPress
ნინო მაზმიშვილი:
- თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს აცრიდნენ, ამიტომ ჩემს სამსახურში ყველა რომ იცრებოდა, მე ხმას არ ვიღებდი. ბოლოს თანამშრომლებმა დარეკეს ჩემს სადაზღვევო კომპანიაში და ჩემი მონაცემები ჩააწერინეს. დამიბარეს. მივედი. მკითხეს, წამლებზე ან საკვებზე ხომ არ მქონდა ალერგია, ბავშვობაში თუ მქონდა აცრები გაკეთებული, მწეველი თუ ვიყავი და ა.შ. საერთოდ ბევრს ვეწევი და ამ ბოლო დროს მალეც ვიღლები. კორონა რომ შემხვედროდა, შეიძლება ვერც გადამეტანა. ამიტომ რისკ-ჯგუფში შევდიოდი. ამცრეს. მთხოვეს, თხუთმეტი წუთი დავლოდებოდი, შემდეგ წამოვედი. არაფერი მიგრძნია. უბრალოდ, საღამოს დამეწყო ნანემსრის ტკივილი. მესამე დღეს ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გრიპი შემხვდა, სხვა არაფერი. მეორე აცრა 15 თებერვალს არის ჩანიშნული. მანამდე უნდა ვატარო პირბადე და დავიცვა უსაფრთხოების ნორმები, რომ არ დავინფიცირდე.
ზოგადად, ვენდობი მედიცინას და მის მიღწევებს. თუ მთელი მსოფლიოსთვის შვება იყო პელიცილინის გამოგონება, რატომ არ შეიძლება ასეთივე ხსნა იყოს ეს ვაქცინაც. თან საქართველოში ჩემი შვილებისთვის მინდოდა მაგალითი მიმეცა. ისინი ეჭვის თვალით უყურებენ ამ ვაქცინას და აცრის წინააღმდეგები არიან. მე კი იმდენად ვენდობი მედიცინის მიღწევებს, რომ მთელ დედამიწაზე პირველი ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ვისთვისაც ეს აცრა უნდა გაეკეთებინათ, დავთანხმდებოდი.

ია გაგუა:
GzaPress- პანდემიის დაწყების დღიდან მეც მესმოდა შეთქმულების თეორია კორონავირუსზე. მე ვცხოვრობ და ვმუშაობ არაჩვეულებრივ ბებიასთან, რომელიც ლექტორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა 96 წლისაა, კარგი მოაზროვნეა. მაკითხებს ხოლმე რაღაცებს და ასე წავიკითხე პანდემიის ისტორია. აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერ ვაქცინაციის დაწყებას ჰყავდა მოწინააღმდეგეები. შესაბამისად, არ მიკვირს ანტივაქსერების ასეთი გააქტიურება, განსაკუთრებით - ქართველების. თუმცა, საქართველოში რომ ვყოფილიყავი, ალბათ, არც მე ავიცრებოდი.
- გამოდის, ასეთი საყოველთაო მონაწილეობა ვაქცინაციაში ხელისუფლების დამსახურებაა?
- ეს ქვეყანა იყო მთავარი, რის გამოც უყოყმანოდ გავიკეთე აცრა. თუმცა, ეს არ არის ბრმა ნდობა. პირველებმა პრემიერმა, პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა აიცრეს, შემდეგ ექიმებმა, მასწავლებლებმა და ჯარისკაცებმა. აქ ჯარში წასვლა არის სიამაყე და ღირსება. როცა ჯარისკაცს ცრიან, ეს ნიშნავს, რომ მეც თავისუფლად შემიძლია ავიცრა. ეს არის ღირსეული სახელმწიფო. ყველაზე მთავარი არის ამ სახელმწიფოს მიმართ ჩემი პატივისცემა. ამ ქვეყანაში უფრო დაფასებულად ვგრძნობ თავს, ვიდრე საქართველოში. შესაშურია დამოკიდებულება, რომელიც ისრაელის სახელმწიფოს აქვს თავისი მოქალაქეების მიმართ.
- როგორ გადაიტანეთ აცრა?
- წავედი ბებიასთან ერთად. მას გადატანილი აქვს ინსულტი. აქვს გულის პრობლემა და უამრავი თანმდევი დაავადება, მაგრამ აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ ყოფილა. ჩვენ რევაქცინაციაც გავიკეთეთ. მეორე აცრიდან ორი წუთის შემდეგ მომივიდა მესიჯი: "გილოცავთ, თქვენ გაიკეთეთ მწვანე დოზა და ფლობთ მწვანე ბარათს". მწვანე ბარათით უპრობლემოდ შევძლებ საქართველოში შვებულების გატარებას.

მარიამ მელაძე:
GzaPress- მოხუცებულთა სახლში, ე.წ. ჰოსტელში ვმუშაობ. 15-სართულიანი შენობაა, რომელშიც მხოლოდ მოხუცები და მათი მომვლელები ვცხოვრობთ. გვითხრეს, რომ აცრის მსურველთა სია დგებოდა. ჩაწერა ნებაყოფლობითი იყო. შევფიქრიანდი, შემეშინდა კიდეც, მაგრამ აქ აცრას ყველა იკეთებს და ამიტომ თანხმობა ვთქვი. საქართველოში ჩემმა ოჯახმაც მირჩია, თავი შეიკავე აცრისგანო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ არ მიშველის, არც მაწყენს. ისრაელი თავის მოქალაქეებს ისეთ რამეს არ გაუკეთებს, რაც ადამიანებს დააზიანებს.
პირველი აცრის შემდეგ ნანემსარი ორი დღე მტკიოდა, მეორე აცრის შემდეგ ტემპერატურამ ამიწია, მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათით. ჩემი ბებია, მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულია, მაინც აცრეს. 82 წლისაა. გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული და მძიმე ავადმყოფია. სიცხემ აუწია და კუნთების ტკივილი იგრძნო. სულ ეს იყო. მინდოდა ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა, ამიტომ სოციალურ ქსელში დავწერე, ავიცერი-მეთქი. ამ ამბავს უკმაყოფილება მოჰყვა, თავდასხმის ობიექტი გავხდი. ვიღაცამ ისიც კი დამიწერა: ერთი ორი წელი და ნახავ, რაც მოხდებაო. არ მეშინია... ახლა ველოდები მწვანე საბუთს...

თამარ თხილიშვილი:
GzaPress- ისრაელი ის ქვეყანაა, რომელიც ამდენ ხარჯს არ გასწევდა, ფაიზერის ვაქცინა რომ ცუდი იყოს. ამასთან, მე ის თაობა ვარ, რომელსაც ზოგადად სჯერა ვაქცინაციის.
წლების წინ ნოშპის ერთმა ნემსმა ისეთი ალერგია მომცა, კინაღამ ვემსხვერპლე. აცრის წინ დამისვეს კითხვები და იქ ვუთხარი ამ შემთხვევის შესახებ. არ იცოდნენ ნოშპა რა პრეპარატი იყო, მერე დაიწყეს გარკვევა და სანამ არ მიიღეს თანხმობა ექიმისგან, აცრა არ გამიკეთეს. რეაქცია მომცა. როგორც კი წამალი შევიდა, ცალი ხელი და ფეხი გამიბუჟდა, თითქმის მთელი საღამო მქონდა გაბუჟებული. მოგვიანებით ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს გრიპი მეწყებოდა, ტანში მამტვრევდა და თავი მტკიოდა. ბებოს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, ნანემსარი სტკიოდა მხოლოდ. არადა, მძიმე სამედიცინო ანამნეზი აქვს, მე კი სრულიად ჯანმრთელი ვარ. 14-ში ვიკეთებ მეორე აცრას. აქ მედიცინას ვენდობი. ნეტავ საქართველოშიც ასეთი მოწესრიგებული იყოს ჯანდაცვის სისტემა. ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდები ქართველი ანტივაქსერების მოსაზრებებს, ცრურწმენებს და ა.შ. მგონია, რომ ეს სირცხვილია. განსაკუთრებით ვაქცინაციის გზით, დაჩიპვის ამბავი მეჩვენება უტოპიად.

ნანა ზურაბიშვილი:
- ვაქცინაცია რომ დაიწყო, ჩემს მოხუცთან ერთად წავედი ასაცრელად. ბებო შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული და გაფანტული სკლეროზი აქვს, მაგრამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ადამიანია, როგორც ამ ქვეყნის სხვა ნებისმიერი მოქალაქე. ვიკითხე, რითი ვიცრებოდით და მიპასუხეს, ფაიზერითო. საუკეთესო ვაქცინაა. მეორე დოზის გაკეთების შემდეგ გვერდითი მოვლენები შედარებით მეტია, თუმცა მაინც მსუბუქი და ძირითადად კუნთების სისუსტით, დაბალი სიცხით გამოიხატება. ალერგიული ვარ. გამომკითხეს, რომელ მედიკამენტებზე მქონდა ალერგია, იმ დღეს რომელი წამლები მქონდა მიღებული, მხოლოდ ამის მერე ამცრეს. მოკლედ, გავიკეთე ვაქცინა და თავს ვგრძნობ გადასარევად. მქონდა სიცხეც, სისუსტეც, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე. ისრაელში არსებობს ოთხი დიდი ორგანიზაცია, რომლებიც პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ ადამიანებს. ერთ-ერთი მათგანია "მაკაბი", რომელმაც დაიქირავა სასწრაფო დახმარების მანქანები, ისინი მიდიან ოჯახებში და გადაჰყავთ ის პირები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ისრაელმა ვაქცინაციის სწრაფი ტემპებით ნამდვილად შეძლო მსოფლიოს გაოცება.
ლელა ჭანკოტაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.