ფოთლიდან მოწყვეტილი წვეთისა და სინათლის მხატვარი
font-large font-small
ფოთლიდან მოწყვეტილი წვეთისა და სინათლის მხატვარი
"სინათლის მხატვარი" შეარქვეს დავით მურაჩაშვილს.
ამქვეყნად ბევრი მხატვარი ხატავს სინათლეს? განა ყველა მხატვრის ხელისგულზე ეტევა სამყარო? "სამყარო ხელისგულზე" კი პანდემიის გამო ჩაშლილი, მაგრამ აუცილებლად რომ მოეწყობა, დავითის გამოფენის სახელწოდებაა...



დავითი და მისი ტყუპისცალი ძმა ისეთი ცელქები ყოფილან, დედა გვერდიდან ვერ იშორებდა. ბიჭებს თვალი სულ გართობისა და თავგადასავლებისკენ ეჭირათ, ამიტომ დედა მუდამ ფხიზლობდა... მშობლისთვის ეს მუდმივი "წითელი შუქნიშანი" იყო, თორემ მერე ძმები სხვაგვარად გაიცნო საზოგადოებამ. ისე მღეროდნენ, ანზორ ერქომაიშვილის ყურადღება მიიქციეს, რომლის გადაწყვეტილებითაც მათი ნამღერი ხალხური "ბერიკაცი" მე-20 საუკუნის "ოქროს ფონდში" შევიდა.
GzaPress
დავით მურაჩაშვილი კარგად მღერის, მაგრამ პროფესიად მხატვრობა აირჩია. როგორც ამბობენ, მხატვრისთვის წყლისა და სინათლის დახატვა ყველაზე რთულია, თუმცა დავითი, რომელიც ყველა ნახატს მელოდიის თანხლებით ქმნის, ამას ფუნჯის ერთი მარტივი მოსმით ახერხებს - ფერები და კონტურები თავისით იკვეთება და მიმდინარეობაც დაუგეგმავად იბადება.
დავითი არატრადიციულ მასალაზეც მუშაობს. ფერად მინას, წებოვან ქაღალდსა და საკანცელარიო დანას იყენებს - ასე ქმნის კომპოზიციებს, რომლებსაც დამფასებელი არ აკლია. მურაჩაშვილის შემოქმედება ღირებული რომ არ იყოს, სხვაგვარად ნანი ბრეგვაძის პირად კოლექციაში ვერ მოხვდებოდა, არც საზღვარგარეთ გაიყიდებოდა!
"ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გეჩვენება, ისეთი ბედნიერი ხარ, გგონია, ცას ხელით მისწვდები, ხან კი ისე ხარ, თითქოს მთელმა სამყარომ შენთვის მოიცალა და სადაც არის გაგსრესს. ხელოვანი უფრო ემოციურად განიცდის ამა თუ იმ მოვლენას. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ და ვცდილობ ყველაფერში პოზიტივი დავინახო, თუმცა, მაქვს მომენტები, როცა უბრალოდ, მარტო მინდა ვიყო და სიჩუმით დავტკბე", - ამბობს დავითი...
GzaPress
ხელოვანი ადამიანი ბუნებით რომანტიკოსი და მეოცნებეა. ის იმას ხედავს, რასაც სხვა იოლად ვერ დაინახავს. უსაზღვრო ფანტაზია აქვს მას და სამყაროს მრავალგანზომილებიანად აღიქვამს. დავითი ბავშვობაში საოცარი ფანტაზიით გამოირჩეოდა, ისეთ რამეს იტყოდა, ვერავინ ხვდებოდა, ასეთი უცნაური აზრები საიდან ებადებოდა. ოცნება და ფიქრი ახლაც უყვარს. სხვაგვარად მუზებს გამოემშვიდობებოდა:
"საერთოდ, საგნებსა და მოვლენებში რეალიზმსაც ვხედავ და ესთეტიც ვარ. ერთხელ გზაზე მანქანით მივდიოდი და დავინახე მოხუცი კაცი, რომელიც ხის ძირას იჯდა, გვერდით დოქი ედგა. ასეთი სურათი ბევრჯერ შეიძლება დაინახო, შეიძლება სხვა დროს მეც მინახავს, მაგრამ იმ მომენტისთვის ისე მომინდა ეს სურათი ტილოზე გადამეტანა, რომ შინ დაბრუნებისთანავე ხატვა დავიწყე, ახლა ეს სურათი მამაჩემის კოლექციაშია და ძალიან უყვარს.
შეიძლება ხატვის სურვილი სველი ფოთლიდან ჩამოვარდნილმა წყლის წვეთმა მომანდომოს ან სულაც, მელოდიამ მოიტანოს ტილოზე გადასატანი თემა. დასახატს რა გამოლევს. მთავარია, რა ემოცია მოაქვს შენს ნახატს. ხშირად ვამბობ, რომ ჩემი ნახატები, ჩემი ემოციები ყოველთვის გულწრფელია. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ამას გრძნობენ და მეუბნებიან კიდეც. საოცარი კი ის არის, რომ არასოდეს ცდებიან. მადლობელი ვარ იმ ადამიანების, ვისაც ჩემი შემოქმედება მოსწონს. ვისაც არ მოსწონს, მისი მადლობელიც ვიქნები, რადგან ეს მოტივაციას მომცემს, საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო. ყველა ადამიანი გარკვეული ვალით იბადება. ყველას აქვს თავისი წილი ვალდებულება მშობლების, შვილების, ქვეყნის და შეიძლება, კაცობრიობის წინაშეც. თუ გამორჩეული ნიჭით იბადები, უნდა ჩათვალო, რომ გაცილებით მეტი ვალი გაქვს, შენი თანდაყოლილი ნიჭი უკვე ვალია უფლის წინაშე და მისი გამოუყენებლობის უფლება, უბრალოდ, არ გაქვს. ჩვენ ყველა ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობის წლები მთელი ცხოვრება თან გდევს ან გენატრება, ან სევდიანად გახსენდება, ხან დავიწყებაც გინდა, მაგრამ სულ შენთანაა. მე გამიმართლა, არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა - ვცხოვრობდით დიდ ოჯახში მე, ჩემი ტყუპისცალი ძმა და ჩვენზე 5 წლით უფროსი და. ძალიან დიდი სიყვარულით ვიყავით გარემოცული. ის სიყვარული და სითბო ახლაც მომყვება, მასაზრდოებს და ასე იქნება მუდამ. ამბობენ, რომ მხატვრები შინაგანად დიდ ბავშვებად რჩებიანო, არის ამაში სიმართლის მარცვალი. ვერასდროს ვიტანდი ჩაგვრის ყურებას და არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი იქნება, ცხოველი თუ ფრინველი. მახსოვს, ერთხელ ჩემს მეზობლად დაჭრილი წერო ჩამოვარდა. მე და ჩემმა ძმამ მომაკვდავი გამოვგლიჯეთ ბავშვებს ხელიდან და სახლში წავიყვანეთ, მოვუარეთ, მოვარჩინეთ, მერე ჩვენს უბანში ყველაზე მაღალ ხეზე ავძვერით და იქ დავსვით, ალბათ დედა ეძებს, მოვა და წაიყვანსო, ვიფიქრეთ. მეორე დღეს ის წერო ხეზე აღარ დაგვხვდა. იმედი მაქვს, დედამ წაიყვანა... რაც შეეხება იმ აზრს, რომ მხატვრები უცნაური ხალხია, არ ვეთანხმები. მხატვარი სხვაგვარად აღიქვამს საგნებს, მოვლენებს და ამაში უცნაური არაფერია. მე შემიძლია დავინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს. სულ ეს არის. მყავს ტყუპისცალი ძმა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანი. ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის ტკივილსაც და სიხარულსაც. ორივეს შეგვიძლია სიმღერა, ორივე ვხატავთ, თუმცა მას პორტრეტების ხატვა ურჩევია. კომპიუტერთან უყვარს მუშაობა, უნიჭიერესი დიზაინერია, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი გამოსდის. ის ჩემზე სულ 6 წუთით უფროსია, მაგრამ მთელი ცხოვრება მეუფროსება (იღიმის).
GzaPress
დედაჩემი გვეტყვის ხოლმე, ლაპარაკზე ადრე სიმღერა ისწავლეთო. 6 წლის ასაკში მიგვიყვანა სიმღერასა და მუსიკაზე. ვმღეროდით ანსამბლ "ქართლში"...
90-იანი წლების დასაწყისში თითქოს არაფერი ხდებოდა, მაგრამ ჩვენ ანსამბლს მუდმივად ჰქონდა კონცერტები და ჩაწერები ტელევიზიაში. კარგია, რომ მაშინდელი ჩანაწერები შემომრჩა... არ მახსოვს, რომელი წელი იყო, საქართველოში ჩატარდა ტყუპების კონკურსი, ჯერ რეგიონული, მერე ფინალური სპორტის სასახლეში. წამყვანი იყო ქალბატონი ნინაკა გელაშვილი, ჟიურის თავმჯდომარე: მერაბ სეფაშვილის მამა - ბატონი ედუარდი. უამრავი ტყუპი მონაწილეობდა. ყველა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენას ცდილობდა. გავედით სცენაზე ჩვენ, ორი პატარა ბიჭი და დავიწყეთ სიმღერა "მეტივური". მახსოვს, ბატონი ედუარდის რეაქცია, კალმით რაღაცას ინიშნავდა, მერე ძირს დააგდო, ისევ აიღო, ფეხზე წამოდგა და სანამ სიმღერა არ დავამთავრეთ, არ დამჯდარა. ამ კონკურსში მესამე საპატიო ადგილი ავიღეთ. მეორე დღეს დედასთან ერთად გორისკენ გამოვეშურეთ. მეტროში რომ ჩავედით, ვიღაც კაცი მოვიდა, მოგვეფერა და გვეკითხება, აბა, პატარა ქართველებო, თქვენ ის არა ხართ, გუშინ რომ სპორტის სასახლეში იმღერეთ? "წინწყარო" თუ შეგიძლიათ იმღეროთო? - რა თქმა უნდა, შეგვიძლიაო, - ჩვენ ვუპასუხეთ. მე ბანს მოგცემთ და აბა, ვინ დაიწყებსო? მე დავიწყე, ჩემი ძმა გამომყვა, იმ უცნობმა ბანი მოგვცა, ხალხი ისეთი სიყვარულით გვიყურებდა, ზოგს ცრემლიც კი მოადგა თვალზე. აღარ მახსოვს, ბოლომდე ვიმღერეთ თუ არა, მეტროსადგურ "დიდუბეში" იმ კაცს დავემშვიდობეთ და გორისაკენ გავუყევით გზას. თუ ამ სტატიას წაიკითხავს, შეიძლება თავისი თავი ამოიცნოს, ასეთი რამე არავის ავიწყდება.
GzaPress
ქალბატონ ნინაკა გელაშვილს თუ აქვს შემორჩენილი იმდროინდელი ფოტო ან ვიდეო, ძალიან გამიხარდება. რეპეტიციების დროს მახსოვს, სულ გვეფერებოდა.
დედაჩემს უდიდესი ამაგი აქვს ჩვენზე. რომ არა მისი ძალისხმევა და მონდომება, ხატვა და სიმღერა კი არა, ეზოდან ვერ ამოგვიყვანდა ადამიანი. გორის საფეხბურთო სკოლის დირექტორი დედას მეგობარი იყო და ყელგამოწვდილი დასდევდა, საუკეთესო მონაცემები აქვთ ბიჭებს, მაგარ ფეხბურთელებს გავზრდი, რა ხატვა და სიმღერა აგიტყდაო. ჩვენც ვეხვეწებოდით, მაგრამ დედას არაფრის გაგონება არ უნდოდა და ფეხბურთის ნაცვლად სოლფეჯიო დაგვიმატა. ხელოვანი რომ არა, ფეხბურთელი ვიქნებოდი. მე თავისუფლებისმოყვარე მხატვარი ვარ. არ მიყვარს ჩარჩოები, არავისთვის ფეხის აწყობას არ ვფიქრობ, მე ვხატავ იმას, რაც მინდა ვხატო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შემოქმედების შეფასება და დაფასებაა. მხატვარმა რომ ვინმეს ფეხის აწყობაზე იფიქროს, მაშინ რენესანსის ეპოქის მხატვრების მერე ვეღარავის უნდა გაებედა დახატვა... ყველას მოვუწოდებ, არასდროს დანებდეთ!"
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.