"ტყვეობისთვის ნუ გაწირავთ და თავსაც ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში!.."
font-large font-small
"ტყვეობისთვის ნუ გაწირავთ და თავსაც ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში!.."
"წითელი ნუსხით" დაცული დაუცველი ცხოველები საქართველოში
მიუხედავად იმისა, რომ მურა დათვი გადაშენების პირას მყოფი ცხოველია და შესაბამისად, "წითელი ნუსხითაა" დაცული, საქართველოში დათვების ხოცვა, ბელების ტყეში დაყრა თუ მათი ტყვეობისთვის გაწირვა ვერ აღმოიფხვრა. ახლახან კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა: რაჭაში დათვის 2 ბელი იპოვეს. სამწუხაროდ, როგორც ბელების შემფარებელმა "ზოოლოგიური ცენტრის" ხელმძღვანელმა გვითხრა, ჯერ არ ახსოვს, რომ მსგავსი საქმეების გამოძიება სამართალდამცველ ორგანოებს ბოლომდე მიეყვანათ...


ქეთევან ჭალისური, ზოოლოგიური ცენტრის მენეჯერი:
- დათვის ბელები გარემოს დაცვის დეპარტამენტმა გადმოგვცა. მათ წარმომადგენლებს ბელების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება სურდათ, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელი იყო, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისევ ჩვენს თავშესაფარში მოხვედრილიყვნენ. მურა დათვი გადაშენების პირას მყოფი ცხოველია - "წითელი ნუსხითაა" დაცული. მათზე ნადირობა, ბრაკონიერობა აკრძალულია და კანონით ისჯება.
- ახლა ბელები თავს როგორ გრძნობენ?
- უკვე კარგად. ფსიქოლოგიურად ბევრი ვიშრომეთ, სქემა შევიმუშავეთ და გავრისკეთ, ისინი თავშესაფარში მყოფ დედა დათვს მივუსვით. დათვმა ისინი მიიღო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა...
- გქონიათ შემთხვევა, როცა მსგავსი მცდელობა ცუდად დასრულებულა?
- პირველად მოხდა ისე, რომ თავშესაფარში დედა დათვი გვყავდა. ველური დათვი ბელებს არ მიიღებდა, ამ დედა დათვს კი, რადგან აქაურ გარემოსთან ადაპტირებულია, მტაცებლისგან განსხვავებული ფსიქიკა აქვს.
- ეს დედა დათვი თქვენთან როგორ მოხვდა?
- თითქმის წელიწადია, რაც ჩვენთან არის. მან ბელები თავშესაფარში გააჩინა...
GzaPress
- საიდან ჩაიბარეთ?
- ვიღაცას ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში დედალ-მამალი დათვი ჰყავდა. სამწუხაროდ, ასაკის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, მამალი დაიღუპა, ფეხმძიმე დედალი კი თავშესაფარში წამოვიყვანეთ.
- იმ დაწესებულებას დათვების ყოლის უფლება ჰქონდა?
- არა, დათვები ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
- საერთოდ, სამართალდამცველი ორგანოები როგორ რეაგირებენ, როცა გარეული ცხოველების ტყვეობის ფაქტებს აწყდებიან?
- თუ ასეთი ფაქტები აღმოაჩინეს, დამნაშავეს ჯერ ჯარიმას უწერენ, შემდეგ დათვს ჩამოართმევენ, მერე კი წყვეტენ, ცხოველი სად წაიყვანონ...
- რამდენი დათვი გყავთ ამჟამად თავშესაფარში და თუ გაქვთ მათი მოვლისთვის საკმარისი რესურსი?
- ამჟამად, 18 დათვია. 6 მათგანი ჯერ ზრდასრული არაა. მათ მოვლას რაც შეეხება, თავშესაფარი თვითდაფინანსებაზეა და რა თქმა უნდა, ხალხის, სტრუქტურების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია...
- საკმარისია კანონით გათვალისწინებული სასჯელი (ჯარიმა), რომ დათვების უკანონო დატყვევება აღმოიფხვრას?
- რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. კანონი უნდა გამკაცრდეს, რადგან ბელების ტყიდან გამოყვანა, ბრაკონიერობა ყოველ წელს ხდება. დედა დათვის მონადირება, მოკვლა უფრო იოლია, რადგან ის ვერ გარბის, ბელებს ვერ ტოვებს... ეს უნდა გაკონტროლდეს, რადგან ყოველწლიურად, ადამიანები დათვებს ხოცავენ, ბელები ობლდებიან...
- როგორც ვიცი, თქვენ მიერ მიღებული 2 ბელი რაჭაში კერძო პირმა იპოვა. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო?
- როგორც ვიცი, გამოძიება დაიწყო, ამ პიროვნებასთან ეს ბელები საიდან მოხვდნენ ან თავად მან ხომ არ მოინადირა დათვი, მაგრამ საქმეს გამოიძიებენ თუ არა, ეს მეორე საკითხია. არ მახსენდება, რომ ასეთი შემთხვევა ვინმეს ბოლომდე გამოეძიებინა - დაედგინა, ვინ მოკლა დედა დათვი და ბელები ტყეში დაყარა...
- ვიცი, რომ ზოგი ადამიანი გთხოვთ, ბელები მათ აჩუქოთ ან მიჰყიდოთ... თუ შეიძლება ავუხსნათ მკითხველებს, დათვის ყოლა, მოვლა რა სირთულეს უკავშირდება...
- ეს კიდევ ცალკე პრობლემაა: ჯერ ერთი, გარეული ცხოველის ყოლა კანონით იკრძალება და მეორეც - ველური გარეული ცხოველი ტყეში უნდა იყოს. თუ მაინცდამაინც ცხოველის ყოლა სურთ, შეუძლიათ ძაღლი, კატა ან სხვა შინაური ცხოველი გაზარდონ. ადამიანის შეგნებასთან დაკავშირებით, სამუშაო კიდევ ბევრია, რომ ბელი სათამაშო არ არის და რეალურად, ტყვეობისთვისაა გაწირული. ამიტომ ბელების დატოვება, სახლსა და ეზოში მათი ყოლა არ შეიძლება. დათვის ბედზე რომ არ ვიფიქროთ, პირველ რიგში, ადამიანისთვისაა საშიში: ველური ცხოველი როდის რას დაუშავებს, კაცმა არ იცის.
- როგორ იკვებებიან დათვები?
- პატარა ბელები ახლა დედა რძით იკვებებიან. შესაბამისად, მათ არანაირი დამატებითი საკვები არ სჭირდებათ. შემდეგ უკვე დათვებს დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, თევზი, ხორცი სჭირდებათ, რაც დიდ თანხებს მოითხოვს.
- როგორც ვიცი, თქვენი თავშესაფრის ბინადრებს მძიმე თავგადასავლები აქვთ. თუ შეგიძლიათ, რომელიმე მათგანის შესახებ მოგვიყევით...
- პირველი, რომელიც ახლა გამახსენდა, დათვი მერაბა გახლავთ. წლების განმავლობაში რესტორანში ჰყავდათ, მეპატრონე უვლიდა. შემდეგ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა დათვს თვალი დაადგა: უნდოდა, თავის მეგობრებთან ერთად, ამ დათვით ექეიფა - მისგან გემრიელი კერძი მოემზადებინა... მეპატრონე სასწრაფოდ დაგვიკავშირდა და გვთხოვა - იქნებ დათვი როგორმე გადამირჩინოთ, წაიყვანოთო. მაშინ ეს ამბავი ძალიან გახმაურებული იყო. საბოლოოდ, ცხოველი თავშესაფარში წამოვიყვანეთ. 3 წელია, ჩვენთან ცხოვრობს.
- რესტორანში როგორ მოხვდა? ესეც ხომ კანონდარღვევაა, არა?
- კი, რა თქმა უნდა. წლების განმავლობაში, დათვი რესტორანში იყო. შესაბამისად, ვერ დავიჯერებ, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ ჰქონდა ამის შესახებ. თავის დროზე მათგან რეაგირება რატომ არ მოხდა, ვერ გეტყვით.
GzaPress
- თქვენ მიერ ახლახან შეფარებული ბელების ველურ ბუნებაში დაბრუნება შესაძლებელია, როცა წამოიზრდებიან?
- მათ სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამა სჭირდებათ. ადამიანის მიმართ ნდობა კი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა ეშინოდეთ. ჩვენ სათანადო პირობები არ გვაქვს - ეს ყველაფერი ძვირი ჯდება. სარეაბილიტაციო ცენტრი ზოოპარკს აქვს. ახლა ზუსტად ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ ამ ბელების, რომლებიც დედა დათვთან გაიზრდებიან და ადამიანთან შეხება არ ექნებათ, რეაბილიტაცია მოხდეს და ბუნებრივ გარემოში დავაბრუნოთ. ყველანაირად ვეცდებით, ბელები მაინც დავაბრუნოთ ტყეში.
- თავშესაფარში მყოფ დედა დათვს თავისი ბიოლოგიური ბელებიც ჰყავს, არა?
- კი, 1 საკუთარი ბელი ჰყავს.
- ბელები ერთმანეთს როგორ შეეწყვნენ?
- ჯერ ისეთი პატარები არიან, რომ მთავარია, ბელებს დედა დათვი შეეწყოს.
- დათვების მოსავლელად სპეციალურ სწავლებას გადიხართ?
- დათვებთან ურთიერთობის დიდი პრაქტიკა გვაქვს. ყველაფერი თავად ვისწავლეთ. სამწუხაროდ, იმის ფინანსური სახსრები არ გაგვაჩნია, რომ თუნდაც უცხოეთში გადამზადების კურსები გავიაროთ. ორმა მოხალისემ - მე და სოსო ჯიქურიშვილმა გადავწყვიტეთ, დათვებს დავხმარებოდით. მგონი ჯერჯერობით ნორმალურად გამოგვდის. ერთმანეთი დათვების ამბავმა გაგვაცნო და დავმეგობრდით, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით... იმ პერიოდში, სოსომ ნაპოვნი 2 ბელი ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოიყვანა - იმედი ჰქონდა, რომ ზოოპარკში მიიყვანდა. იქ არ ჩაიბარეს. ბელებს სხვაგან ვერსად წაიყვანდა. გადაწყვიტა ცხვარიჭამიაში, თავისი კუთვნილი ტერიტორია შემოეღობა და ბელები იქ გაეშვა. ახლა უკვე 11 წლის დათვები არიან... თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში ვმუშაობ. დათვის ბელი იქ მოიყვანეს, როცა სტიქია ახალი მომხდარი იყო. ვოლიერი არ გვქონდა. ბელის სახლში წაყვანა და გაზრდა მომიხდა. მერე სოსო დამიკავშირდა და ჩემი ბელიც მასთან მივიყვანე. მაშინ მხოლოდ ვოლიერი გვქონდა...
- დათვები ახლა რამხელა ტერიტორიაზე ცხოვრობენ და გადაადგილდებიან?
- 2500 კვ/მ ტერიტორიაზე (ვოლიერი და ელექტროღობეა) თავისუფლად გადაადგილდებიან.
- როცა დათვების მოვლასთან დაკავშირებით ახალბედები იყავით, ცხოველების მოვლისას სახიფათო სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხართ?
- სახიფათოში - არა, მაგრამ თავდაპირველად, სულ დაკბენილები ვიყავით, სილურჯეები გვქონდა, სანამ დათვები ცოტათი მოშინაურდებოდნენ და ადამიანის მიმართ ლმობიერი გახდებოდნენ (იღიმის)... მოკლედ, სხეულის არაერთი დაზიანება მივიღეთ... მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, ნუ დახოცავენ დათვებს და ნუ დააობლებენ ბელებს, ნუ გაწირავენ მათ ტყვეობისთვის. დათვის ბელებს სათამაშოდ აღიქვამენ: რაკი მულტფილმებში ეს ცხოველები კეთილები და ლამაზები არიან, ადამიანები ამით ტყუვდებიან. გთხოვთ, ნუ გასწირავთ მათ ტყვეობისთვის და თავსაც ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში!..
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.