მექანიკური ნაწილებისგან დამზადებული ნივთები
font-large font-small
მექანიკური ნაწილებისგან დამზადებული ნივთები
სტიმპანკის სტილში შექმნილი ნაკეთობები

მიკროსკოპის ლინზა, ძველი საათის მექანიზმი, ჭაღის, ბრის დეკორი თუ სხვა ერთი შეხედვით უსარგებლო დეტალები, შეიძლება ერთად თავმოყრისას ხელოვნების ნიმუშად იქცეს და ასეთი ორიგინალური ნივთის ექსკლუზიური მფლობელი გახდე. საყვავილე სანათით - ამ სიტყვების მოსმენისას, ერთი შეხედვით თითქოს უცნაური არაფერია, თუმცა, როცა შეიტყობ, რომ ის მიკროსკოპისგან არის შექმნილი, ინტერესი ღვივდება...


პირველად მისი ნივთები დაახლოებით ათი წლის წინ ვნახე და მაშინ ეს სიახლე, ახალი მოდური ტრენდი იყო. წლები გავიდა და დღესაც, ივანე ხუბიერაშვილის მიერ შექმნილი ნივთები კვლავ არამასიური, იშვიათი და ორიგინალურია. და თუ გადაჭრით თქმას მოვერიდებით, ის პირველი იყო, ვინც საქართველოში სტიმპანკის ნივთების შექმნაზე დაიწყო მუშაობა, ერთ-ერთ პირველს მაინც ვუწოდებ.
სტიმპანკის სამყაროსათვის დამახასიათებელია მექანიკის პრინციპებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, ძველებური ავტომობილები, ლოკომოტივები, აეროპლანები, ტელეფონები და სხვა. ხშირად ფანტასტიკური და სრულიად ამოუცნობი მექანიზმები, რომლებიც გაკეთებულია მოქნილი მეტალით, სპილენძის, თითბრის ფირფიტებით, ხით, ნათურებით და სხვა. სტიმპანკის ნაკეთობები ხშირად ასიმეტრიულია. ეს ყველაფერი საათის მაგვარი ციფერბლატებითა და ისრებითაა აღბეჭდილი. აქვე შეგხვდებათ მოელვარე თვლებიც, ნაკეთობების მეტი ეფექტურობისთვის.
ორიოდე სიტყვით, წარმომავლობის შესახებ: სტიმპანკი (ინგლისური სიტყვაა, სტეამ-ორთქლი და პუნკ-პროტესტი) სამეცნიერო ფანტასტიკის ქვეჟანრია, რომელიც XX საუკუნის ბოლოს სხვადასხვა საგნის დიზაინში მოდურ მიმართულებად იქცა. მასში შერწყმულია XIX საუკუნის ინდუსტრიული ხასიათი და ამავდროულად ვიქტორიანული ეპოქის სტილიც იკვეთება.
სტიმპანკმა გავლენა მოახდინა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაზე, დაწყებული ლიტერატურით, მოდის სამყაროთი დამთავრებული. პირველი მინიშნება ახალ ტრენდზე, პოდიუმზე დემონსტრირებული იქნა რამდენიმე წლის წინ. მაგალითად, დიორის ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, ჯონ გალიანომ 2010 წლის საგაზაფხულო ჩვენებისთვის წარმოადგინა XX საუკუნის დასაწყისის სულით შთაგონებული მოდელები, როგორიც არის კორსეტები, მაქმანები, ასევე ვარცხნილობები ფრანკენშტეინის სტილში; 2012 წელს კი სარა ბერტონმა წარმოადგინა ალექსანდრე მაკ-ქუინის 2013 გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოცულობითი კაბებითა და გამჭვირვალე კორსეტებით.
ბოლო წლებში საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება სტიმპანკი. ევროპის ქვეყნებში ამ სტილში კეთდება არა მარტო სამკაული და პირველადი მოხმარების საგნები, არამედ ხშირად მთლიანი სახლის ინტერიერიც.
GzaPress
ივანე ხუბიერაშვილი (სტიმპანკერი):
- პროფესიით რადიოაპარატმშენებელი ვარ. ვმუშაობდი უნივერსიტეტში, ფიზიკის ლაბორატორიაში. შემდეგ "მედიკების სახლში", სადაც ასევე ფუნქციონირებდა ფიზიკის ლაბორატორია, რომელსაც ამერიკელები აფინანსებდნენ, მაგრამ ისიც 2012 წელს დაიშალა. იმ პერიოდში სტიმპანკი ჩემთვის დამატებითი შემოსავალი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სამსახური აღარ მქონდა, გადავწყვიტე "მშრალ ხიდზე" დავმდგარიყავი. დაახლოებით 15 წლის წინ, ინტერნეტში სტიმპანკის სტილში შესრულებულ ნაკეთობებს წავაწყდი. მომეწონა და მივხვდი, რომ ამ სტილში მუშაობა მეც შემეძლო. ბავშვობიდან მიყვარს და მეხერხება ნივთების დაშლა-აწყობა.
- წლების წინ საქართველოში ეს "ახალი ხილი" იყო, თუმცა ახლაც არ არის ეს მიმდინარეობა საქართველოში მასობრივად გავრცელებული...
- დიახ, ახლაც რამდენიმე ვართ, ვინც ამ სტილში ვმუშაობთ. თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ როგორც ვიცი, საქართველოში პირველად მე დავიწყე სტიმპანკის ნივთების შექმნა. ამჟამად ჩემი ნამუშევრები "მშრალ ხიდზე" გამაქვს. იქ შეხვდებით მხატვრებს, რომლებიც ამ სტილში მუშაობენ და საკმაოდ მაღალ დონზეც; შესაბამისად, მათ ნამუშევრებს კარგი ფასიც აქვს. მთლიან სურათებს ქმნიან მექანიკური ნაწილებით. პროფესიით მე მხატვარი არ ვარ და ჩემგან განსხვავებით, მათი ნამუშევრები სულ სხვა ხედვითაა შესრულებული.
- თქვენ სუვენირებსა და გამოყენებად ნივთებს ქმნით. მექანიკური ნაწილებით კოლაჟების შექმნა არ გიცდიათ?
- რაღაც-რაღაცები კი მაქვს გაკეთებული, ჩარჩოებში ჩასმული, მაგრამ მე სხვა ხედვა მაქვს. ალბათ მთავარი ისაა, რომ ნამუშევარს არ ვიმეორებ. იდენტურის შექმნა შესაძლებელია, მაგრამ არ მიყვარს. სწორედ ამიტომ ვერიდები საყურეს კეთებას, რადგან ამ შემთხვევაში, ორი ერთნაირი ნივთის დამზადება მიწევს. მართალია, არაერთი საყურე მაქვს გაკეთებული, მაგრამ ჩემთვის უინტერესოა.
- ნაკეთობების შესაქმნელად მასალას უმთავრესად "მშრალ ხიდსა" და "ბარახლოვკაზე" იძენდით. კიდევ მოიპოვება თუ ამოიწურა "მარაგი"?
- დღემდე ასეა. ძირითადად, მასალას ისევ "მშრალ ხიდზე" და "ბარახლოვკაზე" ვყიდულობ. მეგობრებმა იციან ჩემი გატაცების შესახებ და ისინიც რაღაცებს მიგროვებენ. შეიძლება ქუჩაში მიმავალმა მეც ვიპოვო რამე, გავწმინდო, გავასუფთაო და შემდეგ გამოვიყენო. მასალა იშოვება: ზოგი ძველ საათს ყიდის, ზოგი სხვა მექანიკურ ნაწილს. საავიაციო ქარხნის ძველი მექანიკური ნაწილებიც ძალიან მეხმარება. ზოგჯერ ისე ვყიდულობ მექანიკურ ნივთს, თავადაც არ ვიცი, რა ნაწილია ან რაში გამომადგება, უბრალოდ ვიცი, რომ რაღაც გამოვა.
- თავდაპირველად ჯვრებს ამზადებდით, თუმცა რაც სტიმპანკის სტილზე მუშაობთ, თქვენი ნამუშევრები თემატურად საკმაოდ მრავალფეროვანი გახდა, არა?
- გასული საუკუნის 80-იან წლებში ლითონსა და ებონიტზე ვმუშაობდი, ჯვრებს ვამზადებდი. ახლა ლითონებზე მუშაობა მიზიდავს, მაგრამ ხე, შუშა, ებონიტი, პლასტმასი - ყველაფერი შეიძლება გამოვიყენო. ჩემი ერთ-ერთი ბოლო ახალი ნამუშევარი სანათია, რომელიც ძველი მიკროსკოპითაა აწყობილი. მიკროსკოპი საფრანგეთში, 1860 წელსაა გამოშვებული, ზედ ჰქონდა წარწერა: ბონაპარტის ქუჩა #1, პარიზი. "მშრალ ხიდზე" შევიძინე, დავშალე და ერთ ერთი ნაწილისგან ავაწყვე საყვავილე, რომელიც ღამის სანათის ფუნქციასაც ასრულებს.
GzaPress
- ამავე სტილშია დეკორატიული ვიოლინო, გიტარა...
- რამდენიმე წლის წინ "მშრალ ხიდზე" ვიოლინო შევიძინე და მას შემდეგ ეს ინსტრუმენტი თუ ჩამივარდება ხელში, სულ ვყიდულობ. ექვსი ასეთი ნამუშევარი მაქვს გაკეთებული. იდეები მუშაობისას სპონტანურად მოდის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთ ნივთზე მუშაობისას რაღაც ნაწილი მხვდება თვალში, ამიტომ პირველს დროებით ვტოვებ და მეორეს ვაწყობ; შემდეგ ისევ პირველს ვუბრუნდები. ვქმნი როგორც გამოსაყენებელ ნივთებს, ისე დეკორატიულსაც, თუმცა, ჩემს ნაკეთობებში ჭარბობს: "ფლეშკები", სანათები, მუშტუკები, გულსაკიდები.
- ინტერნეტის ეპოქაა, რომლის მეშვეობით მთელ მსოფლიოში შეიძლება გაგიცნონ. თქვენი ნივთებით ქართველები უფრო ინტერესდებიან თუ უცხოელები?
- დაინტერესება ჩვენშიც არის, მაგრამ ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. პირველ რიგში, ეს არის რუსეთი და ჩინეთი. თუმცა, ჩემი ნაკეთობები ყველა ქვეყანაშია. მუდმივი კლიენტებიც მყავს უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, კორეადან და იაპონიიდან. წინასწარ მიკავშირდებიან და ამა თუ იმ ნივთით ინტერესდებიან. მაგალითად, ორი წლის წინ დამირეკა ერთმა ქალმა და გრძელი საყურე შემიკვეთა. შეკვეთებს იშვიათად ვიღებ, რადგან თავიდან ზუსტად არასოდეს ვიცი, რა გამოვა. ამავდროულად ძნელია გააკეთო ზუსტად ის, რაც დამკვეთს უნდა. თუმცა, რამდენჯერმე გამონაკლისი დავუშვი და იმ ქალბატონსაც გავუკეთე საყურე. ჩამოვიდა რუსეთიდან, საყურე შეიძინა და კიდევ სხვა ნივთებიც გააყოლა ხელს. რაც შეეხება ინტერნეტს, ნამუშევრების რეალიზაციას უმთავრესად "ფეისბუკით" ვახდენ, მაგრამ ბოლო პერიოდში გაყიდვებმა მოიკლო. ამის მიზეზი კი, ჩემი აზრით, ისაა, რომ "ფეისბუკი" ძალიან გაფუჭდა.
- რას გულისხმობთ?
- ეს დაახლოებით იგივეა, რომ თბილისიდან მცხეთაში წახვიდე, არა პირდაპირი გზით, არამედ ბათუმის გავლით. თან, "ფეისბუკში" თავსდება ადამიანების ბევრი ფოტო, სადაც ვიღაცას ხან ერთი ხელი აქვს აწეული, ხან მეორე და ამგვარი "ინფორმაციის" ფონზე, ნამუშევრების ფოტოების გადაფარვა ხდება.
GzaPress
- თუმცა, არსებობს უამრავი ჯგუფი, სადაც ადამიანები თავის პროდუქციას ათავსებენ. თქვენ საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი მგონიხართ და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რომ საკუთარი ინიციატივით არსად წარადგენთ ნივთებს, გამოფენებში არ მონაწილეობთ...
- გამოფენებში მონაწილეობა არ მიმიღია. ბევრს უთქვამს და დავუკვალიანებივარ, მაგრამ საკუთარი ინიციატივით ვერსად მივალ, ეს ჩემს ხასიათში არ არის (იღიმის). მესმის, რომ მომგებიანია, მაგრამ... უწინ, ნამუშევრებს გალერეებშიც ვაბარებდი, ზოგჯერ თავადაც მოდიოდნენ ჩემთან, შეარჩევდნენ ნივთებს და მიჰქონდათ, მაგრამ ახლა ასე აღარ ხდება. იყიდებოდა, მაგრამ ბევრგან ძალიან ვწვალობდი კუთვნილი თანხის აღებაზე. მირჩევნია, თავად მივხედო ჩემს საქმეს. ჯერჯერობით "მშრალ ხიდზე" მხოლოდ შაბათ-კვირას ვიქნები. ვნახოთ მერე როგორი მდგომარეობა იქნება, კორონავირუსის მესამე ტალღას ელიან და ტურისტები ჩამოვლენ თუ არა, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული.
- დაბოლოს, მოსწავლეები არ გყავთ?
- მოსწავლეები არა, მაგრამ დაინტერესებულები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან. კონსულტაციაზე უარს არავის ვეუბნები.
ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.