განტვირთვის კარგი საშუალება
font-large font-small
განტვირთვის კარგი საშუალება
"მინდა ჩემი ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს"

ნინო ღაღანიძემ პანდემიის პერიოდში ბავშვობის დროინდელი გატაცება გაიხსენა და ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი. გარდა იმისა, რომ ქსოვა და ქარგვა იცის, ახლა უკვე თექისგან დაიწყო საფულეებისა და ჩანთების კერვა. როგორც მითხრა, ამ ბოლო დროს ხატვამაც გაიტაცა.


- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. ტურიზმის სფეროში ვარ დასაქმებული, ერთ-ერთი სასტუმროს ადმინისტრატორი გახლავართ, თუმცა ერთი წელია, რაც სასტუმრო დაკეტილია. იმედი მაქვს, მალე გავიხსნებით... ხელსაქმე პატარაობიდან მაინტერესებდა, რაც ალბათ, ჩემი მთიული ბებიისა და მისი დის დამსახურებაა - ისინი კარგად ქსოვდნენ, ქარგავდნენ. პატარას ჩხირები მომცეს და თვლების ამოყვანა მასწავლეს. წინდები მომწონდა და მინდოდა, თვითონ მომექსოვა. საერთოდაც, აქტიური ბავშვი ვიყავი, უამრავ წრეზე დავდიოდი, ყველაფრის სწავლა მსურდა. ერთ რამეს რომ ვისწავლიდი, მბეზრდებოდა და სხვა რამით ვინტერესდებოდი. ასე ვისწავლე ყაისნაღით ქსოვა და ქარგვა ჩემით. დავინახე, მომეწონა, ვცადე და გამომივიდა. დედა გვერდში მედგა და სულ მამხნევებდა, ერთხელ არ გამოგივა, მეორედ, მესამედ ცდი და გამოგივაო. ქარგვა იმდენად მიყვარდა, რომ დედას თეთრეულს ვუქარგავდი, სხვათა შორის, დღემდე აქვს შენახული. მერე ჯვრებით ქარგვამ გამიტაცა, ბისერებით დავინტერესდი - მაისურებს, ქამრებს, ყელსაბამებს ვაკეთებდი. შემდეგ გავთხოვდი. 3 ბიჭი მყავს და ვეღარ მოვიცალე ჩემი გატაცებისთვის.
- თექით პანდემიის პერიოდში დაინტერესდით?
- როცა ვმუშაობდი, მაშინ ამისთვის არც დრო მრჩებოდა და არც ენერგია მქონდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, პანდემიის წყალობით, დრო თავზე საყრელი გვქონდა და კარგია, ვინც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მივხვდი, ხელს თუ რაიმე საქმეს არ მოვკიდებდი, ძალიან გამიჭირდებოდა. ვცადე ხატვაც, მანამდე არასდროს არაფერი დამიხატავს. პირველი ნახატი მეც მომეწონა და ჩემს მეგობრებსაც. მანდალას სტილით, აკრილით მოვხატე ბოთლი, მერე გადავერთე თიხაზე, გავაკეთე სხვადასხვა ფორმის ნივთი და თიხაზე ხატვაც მომეწონა. დავინტერესდი, ბოთლზე პორტრეტებს თუ დავხატავდი და ესეც გამომივიდა. ამ ერთ წელში ბევრი ნაქარგი დამიგროვდა - ზოგი თარგის მიხედვითაა გაკეთებული, ზოგიც ჩემით, სქემის გარეშე. შრომატევადი საქმეა.
GzaPress
- თექის დამუშავებაც ისწავლეთ?
- არ ვიცი თექის დამუშავება, მზა მასალა იყიდება. რატომღაც მომინდა ჩემთვის გამეკეთებინა საფულე. ვიყიდე თექა და შევკერე საფულე, რომელიც ჩემს თანამშრომლებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, მათთვისაც გამეკეთებინა, თან მირჩიეს, მაინც შინ ზიხარ და გვერდიც გააკეთე "ფეისბუკზეო".
- პირველი მყიდველი ვინ იყო, თუ გახსოვთ?
- ჩემი სასტუმროს უფროსი. როგორც კი ნახა საფულე, მითხრა, ძალიან ლამაზია და მოდი, ჩემთვისაც გააკეთე, საჩუქრად მინდაო. საფულეს აქვს სარჩული, ჯიბე. ვინაიდან საკერავი მანქანა არ მაქვს, ყველაფერს ხელით ვაკეთებ, ბისერებს სათითაოდ ვაკერებ. ასე გავიხსენე ქარგვაც და ბისერებზე მუშაობაც. ზოგ საფულეს აპლიკაციით ვაფორმებ, ზოგს - ბისერებით, ეს უკვე ფანტაზიის ამბავია. ყოველდღე ვცდილობ, რაღაც ახალი შევქმნა... სარდაფში მამას შენახული ძველი ფირფიტები აღმოვაჩინე და სულ ვფიქრობდი, რაში შეიძლებოდა გამომეყენებინა. ჰოდა, მოვიფიქრე - მექანიზმს ვუმაგრებ, ვხატავ, ვგრუნტავ, ისრებს გაუკეთებ და კედლის საათიც მზადაა. როდესაც ახალ ნივთზე ვიწყებ მუშაობას, არასდროს ვიცი, რა გამოვა და როგორ ორნამენტებს, ფერებს გამოვიყენებ. საერთოდ, ხელით ხატვა მირჩევნია.
GzaPress
- საფულეების გარდა, რას ამზადებთ თექისგან?
- ჩანთებს ვამზადებ და ნელ-ნელა დავხვეწ ტექნიკას. მინდა, ხის ელემენტებიც გამოვიყენო. უკვე შევუთანხმდი ხელოსანს, რომელიც დამიმზადებს სხვადასხვანაირ ფორმას... ჩემი შუათანა შვილი კომიქსებს ხატავს და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ერთ-ერთი ნახატი მაისურზე გადავიტანო. ვისაც უყვარს თავისი შვილის ნახატები, შესაძლოა მაისურზე, ჩანთაზე, საათზე გადაიტანოთ და დიდხანს გქონდეთ. ვაპირებ სამკაულებზე მუშაობასაც, ბეჭდებზე, საყურეებზე, ბროშებზე. ასევე ზურჩანთების შეკერვაც მინდა. ბევრი იდეა მაქვს. რაც მთავარია, მინდა ხელნაკეთი ნივთები ხელმისაწვდომი იყოს ბევრისთვის. ყველა ქალი იმსახურებს, ატაროს ის აქსესუარი, რაც მოსწონს. სამსახურში გავალ, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ საქმიანობას თავს აღარასდროს დავანებებ, აღარ გავჩერდები. ზოგს სიამოვნებას ანიჭებს მასაჟი, სილამაზის სალონში წასვლა, გართობა, ჩაცმა, მე კი ამ საქმის კეთება მანიჭებს სიამოვნებას და ყველაზე კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.