"ამ ძაღლის ბედი ჩემი პასუხისმგებლობაა"
font-large font-small
"ამ ძაღლის ბედი ჩემი პასუხისმგებლობაა"
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი

სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობაში სდებენ ბრალს. ამჯერად, დიზაინერი შერონ მარი, იგივე შორენა მარცვალაძე დაგვიკავშირდა. მან ქუჩაში ნაპოვნი დალმატინელის ჯიშის ძაღლის შესახებ გვიამბო, რომლის სათანადოდ დასაბინავებლად ბევრი იბრძოლა, ბულინგის მსხვერპლიც გახდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ახალი პატრონი სტრესში მყოფ ძაღლს სათანადოდ არ უვლის:


- შინ მეც დალმატინელის ჯიშის ძაღლი მყავს. მისი მოვლის გამოცდილება მაქვს. ამბავი, რომლის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, "ფეისბუკზე" დაიწყო: "დალმატინელების ჯგუფში" ვარ გაწევრებული. სწორედ ამ ჯგუფში გამოქვეყნდა "პოსტი" დაკარგული დალმატინელის შესახებ, პატრონს ეძებდნენ. ბუნებრივია, ჩემი ყურადღება მიიქცია. "პოსტის" ავტორს, რატის დავუკავშირდი. მერე ერთმა გოგომ მითხრა, ეს ძაღლი ცნობილია: პატრონები ზრდიდნენ, მაგრამ უკვე მოხუცდნენ და წლების წინ "გააშვილესო"... მოკლედ, ძაღლი რატიმ შეიფარა. მე და რატი კარდაკარ დავდიოდით, მაგრამ პატრონი ვერ ვიპოვეთ. რადგან შინ მამალი დალმატინელი მყავს და მამალი მამალთან ჩხუბობს, რატის ვეხვეწე - ძაღლი დაიტოვე, ნურავის მისცემ; მზად ვარ, ყველაფერი მოგიტანო, რაც დაგჭირდება-მეთქი. ხან იტოვებდა, ხან - არა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ნატახტარში ძმაკაცის აგარაკზე გაეგზავნა, ქუჩაში გასაშვებად, რაზეც არ დავეთანხმე: დალმატინელი ქუჩის ძაღლი არ არის, შეიძლება დაგლიჯონ... მოკლედ, ამ საკითხზე ისეთი ამბავი ატყდა, ბულინგის მსხვერპლიც კი გავხდი. რატის ვთხოვდი, - რაკი ძაღლის პატრონს ვერ ვპოულობთ, ჩიპზე გადავამოწმოთ, 112-ზე დავრეკოთ-მეთქი. წინააღმდეგი იყო. მიზეზი მართლა არ ვიცი. შევთავაზე, პოლიციაში თავად მივალ-მეთქი, მაგრამ ამაზეც უარი მითხრა. არადა, როცა ძაღლს პოულობ, ვალდებული ხარ, ჩიპზე გადაამოწმო, მით უმეტეს, თუ ყურზე "ბირკა" არ აქვს გაკეთებული. - შენ ვინ გეკითხებაო?!. - მეუბნებოდა. გინებაც დამიწყო... უბრალოდ, ძაღლი მეც რომ დავკარგო, ვიღაცამ იპოვოს და ჩიპზე არ გადაამოწმოს, ხომ ხვდებით, რა ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდები?!.
ვაღიარებ, რომ როცა ცხოველს ეხება საქმე, აგრესიული ვხდები. მონიტორინგის სააგენტოში დავრეკე... სხვათა შორის, ერთადერთი, რაც "მონიტორინგმა" კარგი გააკეთა, ის არის, რომ ოპერატიულად მოვიდნენ. რატიმ ვიდეოც გამომიგზავნა, - ნახე, ძაღლი როგორი წამებით წაიყვანესო. წამებით არ წაუყვანიათ - სწორად მოიქცნენ, ჩიპზე გაატარეს. ვიდეოში ისმის, მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელს რატი როგორ ეკითხება, - ძაღლს ჩიპი აქვსო? თანამშრომელი პასუხობს, - არაო... მოკლედ, ბოლო წუთამდე ასე ვიცოდი, რომ ჩიპი არ ჰქონდა.
ამასობაში, ჩემზე თავდასხმა არ წყდებოდა. სოციალურ ქსელში ჩემ შესახებ წერდნენ, - უნდა, რომ ძაღლი გაყიდოსო. ცხოვრებაში ძაღლი არ გამიყიდია. წარმოიდგინეთ, "კრუელასაც" მეძახდნენ... დიდი ამბავი ავტეხე: უკვე მინდოდა, თავშესაფრიდან თავად გამომეყვანა. მზად ვიყავი, საქმეში ძაღლის ფსიქოლოგები ჩამერთო და დაკარგული დალმატინელი ჩემს ძაღლთან ერთად გამეზარდა. თავშესაფრის წარმომადგენლები უარზე იყვნენ. მერე "ფეისბუკზე" ვინმე თიო ბეგოიძისგან მესიჯი მივიღე - ჩემთან საუბარი სურდა. მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომელი აღმოჩნდა. მითხრა: - იცით, ასეთი ამბავი რომ ატეხეთ, მეც მინდა, ეს ძაღლი კარგ პატრონზე "გავაშვილო", ოღონდ - გეხვეწებით, არსად თქვათ, რომ ეს ძაღლი ჩემიაო, ანუ თურმე ოფიციალური პატრონი გახლდათ. ეს რომ გავიგე, ლამის მოვკვდი... რატომ გაიმეტა? ვინც მუნიციპალურ თავშესაფარში ნამყოფია, ეცოდინება, ძაღლებს იქ რა ცუდად ეპყრობიან: გალიებში ჩაკეტილი უამრავი ძაღლი ყმუის, ნორმალური საკვები არა აქვთ, დამბალ პურს აჭმევენ... წარმოიდგინეთ, კასტრაციას რომ უკეთებენ, სისხლიანებს გარეთ უშვებენ...
GzaPress
საერთოდ, როცა მონიტორინგის სააგენტოს ძაღლი მიჰყავს, 10 დღე მუნიციპალურ თავშესაფარში უნდა ჰყავდეთ, ასეთი კანონი აქვთ. ამ ხნის განმავლობაში პატრონი იძებნება. ჩვენს შემთხვევაში, თუ პატრონი ვერ მოიძებნებოდა, ძაღლი რატის დაუბრუნდებოდა, რადგან მან დაწერა, დავიტოვებო. ამის გამო ვიბრძოდი, რომ სახლიდან ხუთჯერ გამოგდებული, დასტრესილი ძაღლი სოფელში არ გაეგზავნათ... მოკლედ, თიოს დავპირდი, - კარგი, არ ვიტყვი, რომ შენი ძაღლია-მეთქი. ამ ინფორმაციას პირველად ვასაჯაროებ... თავშესაფრიდან ძაღლი ვადაზე ადრე გამოვიყვანეთ და ერთ გოგოს - თეა მონიავას გადავეცით. ახლაც მას ჰყავს. ამბობდა, ჩემი ოცნებაა დალმატინელის ყოლაო. მას ჩემთან შუამდგომლობა გაუწიეს. ცხადია, მეც მინდოდა, ცხოველი კარგ ოჯახში ყოფილიყო და პირადად მივაქცევდი ყურადღებას... ძაღლს ცუდი მანერები ჰქონდა, დასტრესილი, რამდენიმე პატრონგამოცვლილი იყო. თიო ბეგოიძემ მითხრა: - თუ დაგჭირდებათ, ძაღლისთვის ფსიქოლოგსაც მოგიყვანთო. ფსიქოლოგი დათო ტოგონიძე ძალიან ცნობილი სპეციალისტი გახლავთ. თავშესაფარში მუშაობდა და ჩარლის კარგად იცნობს. მან თქვა, რომ კარგი ძაღლია, უბრალოდ, ბევრჯერ ნაცემი, დაჩაგრულიაო... მოკლედ, თეა მონიავას ვენდე. მითხრა, - "ავჩარკა" მყავსო. ვიფიქრე, - ძაღლის სიყვარული იცის-მეთქი. ფაქტის წინაშე რომ დავდექი, აღმოჩნდა, რომ თავისი "ავჩარკა" სოფელში ჰყოლია გაგდებული, სახლში კი კატა ჰყავს... უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. წარამარა ვწერ მას და ძაღლის მდგომარეობის შესახებ ვეკითხები, რადგან ეს ჩემი პასუხისმგებლობაა - ამ ძაღლის გამო ვიომე... ახლა კი ეს გოგო მწერს, - დამშვიდდი, ვალდებული არა ვარ, ანგარიში ჩაგაბაროო...
თიო ბეგოიძეც არ ინტერესდება ძაღლის ბედით. მის ადგილას მონიავას მოულოდნელად მივაკითხავდი, რომ გამეგო, რეალურად როგორ სიტუაციაში ჰყავთ ძაღლი. ჩემი და მონიავას საერთო მეგობარი მიდასტურებს, რომ ჩარლი აგრესიული გახდა, ბავშვებზე იწევს, კატა დაგლიჯა... ამ ძაღლს სპეციალური გაკვეთილები სჭირდება... მესამე პირისგან ვიცი ისიც, რომ ჩარლი "მიგდებული" ჰყავთ, ოთახში ჩაუკეტავთ, მაგრამ ეს ამბავი მონიტორინგის სააგენტოს აღარ აინტერესებს...
ჩემთვის ძაღლების თემა სენსიტიურია. მინდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო ყველამ პასუხი აგოს. მონიტორინგის სააგენტოში ცხოველთმოძულე ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ...
რა თქმა უნდა, თიო ბეგოიძესაც დავუკავშირდით, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში ფოტოგრაფად მუშაობს:
- არაფერი დამიმალავს. ეს ძაღლი თავშესაფარში შარშან მარტში მოხვდა, დაკარგული იყო. მერე რამდენჯერმე გაჩუქდა და რადგან ჰიპერაქტიური გახლდათ, პატრონებმა უკან დააბრუნეს. ერთხელ მონიტორინგის სააგენტომ ბუნებრივ არეალშიც გაუშვა: როცა დაკარგული ცხოველი მონიტორინგის სააგენტოში შეჰყავთ, ის "იბირკება" და ჩუქდება. რადგან ეს ძაღლი არავინ იჩუქა, მუნიციპალურ თავშესაფარში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, - ოფიციალურად, არ შეიძლება. ბუნებრივ არეალში ამიტომ გაუშვეს, მაგრამ იქიდან ისევ თავშესაფარში დაბრუნდა: მოსახლეობამ მონიტორინგის სააგენტო გამოიძახა, - ძაღლი დარბის, აგრესიულად იქცევაო... ძაღლი მარტიდან ნოემბრამდე ჩვენთან იყო. რადგან არავინ იჩუქა, ფორმალურად თავად ვიჩუქე და ელიზბარაშვილის თავშესაფარში მისი გადაყვანა ვითხოვე (პირადად მე, შინ 4 ძაღლი მყავს). ეს ძაღლი ელიზბარაშვილის თავშესაფრიდან გაჩუქდა (პანდემიის გამო, ოფიციალურად, ძაღლის სხვა პატრონზე გადაცემა ვერ გავაფორმე). ახალ პატრონთან კარგად ცხოვრობდა, მონიტორინგის სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოინახულა კიდეც, მაგრამ 3-4 თვის შემდეგ ძაღლი ისევ ქუჩაში აღმოჩნდა. ვიღაცამ მონიტორინგის სააგენტოს სამსახური გამოიძახა. ჩიპზე რომ შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ის დალმატინელი იყო, რომელიც ფორმალურად მივიკედლე, რომ ძაღლისთვის გაჩუქების შანსი მიგვეცა. ამჯერად, ჩუქების სურვილი რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. ვინმე შერონმა ერთ გოგოს - თეა მონიავას გაუწია რეკომენდაცია. გამიხარდა. თეას დავუკავშირდი. აღმოჩნდა, რომ ჩემს სახლთან ახლოს, დიდ დიღომში ცხოვრობს. ვესაუბრე. ავუხსენი, რომ ძაღლი ჰიპერაქტიურია, მის ამბავს მოვუყევი. მითხრა, რომ პრობლემა არ იყო და ძაღლს ფსიქოლოგსაც მოუყვანდა. ძაღლი თავშესაფრიდან გამოვიყვანე, საჭირო ჯარიმაც გადავიხადე და ახალ პატრონს ოფიციალურად გადავუფორმე. მშვენივრად უვლის.
- ამოწმებთ, ძაღლი როგორ არის?
- რა თქმა უნდა, ვამოწმებ. მეც დიდ დიღომში ვცხოვრობ და ახალი პატრონიც. შერონი ცდილობდა, პატრონისთვის არაჯანსაღად მიეთითებინა, ძაღლს როგორ მოჰქცეოდა, ამიტომ თეამ ამ ამბავს ჩამოაშორა. ახალმა პატრონმა თქვა, - ძაღლი ჩემია და თავად მივხედავო.
- სათანადოდ მოვლის დარღვევის ფაქტს ვინ გამოავლენს? რეალური სიტუაციის შემოწმება ვის ევალება?
- ერთადერთი, ის ვიცი, რომ პასუხისმგებლობა მე არ მეკისრება. უბრალოდ, ადამიანურად მოვიკითხავ ხოლმე ძაღლს, რომელზეც გული ძალიან შემტკიოდა.
- ეჭვს ბადებს ის დეტალი, რომ მონიტორინგის სააგენტომ აღნიშნული ძაღლის ჩიპზე გადამოწმებისას განაცხადა, ძაღლს ჩიპი არა აქვსო, მაგრამ თურმე, ოფიციალური პატრონი თქვენ ყოფილხართ...
- მონიტორინგის ჯგუფის სკანერი პრობლემურია: ხან ბატარეები "ჯდება", ხან - სხვა პრობლემაა... როცა ძაღლი თავშესაფარში მიჰყავთ, სკანერს ხელახლა, საკონტროლოდ კიდევ გადაატარებენ ხოლმე... სააგენტოს თანამშრომლები მაშინვე დამიკავშირდნენ. არანაირი ტყუილი და ამბის დაფარვა არ ყოფილა...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.