როგორ დაუტოვა ემიგრანტ ფიზიკოსს პანდემიამ უკუჩვენებად იუველირობა
font-large font-small
როგორ დაუტოვა ემიგრანტ ფიზიკოსს პანდემიამ უკუჩვენებად იუველირობა
ირმა შამათავა-შუბითიძე: პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე

ირმა შამათავა-შუბითიძე ოჯახთან ერთად წლებია, სამშობლოდან შორს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. იგი დარტმოუთის კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელია და პარალელურად - საქართველოს დავით აღმაშენებლის აკადემიის საპატიო პროფესორი. ფიზიკოსია მისი მეუღლე, ქართველი მკითხველისა და ტელემაყურებლისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი ადამიანი, ამავე დროს, ჩემი გამორჩეული რესპონდენტი - დარტმოუთის კოლეჯის პროფესორი და ფიზიკის დოქტორი ფრიდონ შუბითიძე. სხვათა შორის, "კოვიდ-19"-ის გამოჩენისთანავე, სწორედ ბატონ ფრიდონთან ინტერვიუებით ვაწვდიდით მოსახლეობას ბევრ საინტერესო ინფორმაციას კონკრეტულ ვირუსზე და "მოდერნას" კვლევებზეც სწორედ მისგან შევიტყვეთ პირველად.


ჩვენი, ოკეანის გაღმა-გამოღმა ნაცნობობა და მეგობრობა 3-4 წლის წინ დაიწყო, როდესაც აფხაზეთის ომისა და ჭუბერის უღელტეხილგამოვლილი ოჯახის შესახებ პირველად დავწერე. დღეს ჰანოვერში დასახლებული სოხუმელი ფიზიკოსების ოჯახი უკვე ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის. არა მარტო იმიტომ, რომ საოცრად ნიჭიერი მეცნიერები არიან ან შესანიშნავი, ასევე გამორჩეულად ნიჭიერი სამი შვილი - თორნიკე, სალომე და გიორგი - ჰყავთ, არამედ იმითაც, რომ ბევრ მნიშვნელოვან ქართულ საქმეს აკეთებენ.
ამჯერად, ირმა შამათავა-შუბითიძეზე მინდა გიამბოთ - კოვიდპანდემიის პერიოდში თუ როგორ გაიტაცა დარტმოუთის კოლეჯის მეცნიერი საიუველირო საქმემ, ფიზიკოსობის პარალელურად როგორ დაიწყო იუველირის პროფესიის ონლაინშესწავლა და რა შექმნა ამ ხნის განმავლობაში.

- რადგან სოხუმელი ვარ, ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ძალიან მიყვარს ზღვა, მზე და პალმები. ყველაფერი, რაც წყალთან და მზესთან ასოცირდება, ჩემთვის მშობლიურია. მიუხედავად ამისა, ისე მოეწყო, რომ ამერიკის ჩრდილოეთში 6-თვიან ზამთარს ვუძლებ, რადგან აქაურობის ნაკლი მხოლოდ ესაა. ჩემი ოჯახის ყველა წევრს უყვარს ზამთარი, ამიტომ მეც შევეგუე სიცივეს და სხვადასხვა ხერხს მივმართავ, ჩემი ზამთარი რომ გავიხალისო. იანვრის ბოლოს უამრავი ყვავილი მომაქვს სახლში და "საკუთარ გაზაფხულს" ვიწყობ.
რამდენიმე წლის წინ, ისევ ზამთართან საბრძოლველად, მძივებით სხვადასხვა მწერისა და ყვავილის შექმნა დავიწყე... ჩვეულებრივ, თებერვლის ყინვიან თვეს სადმე თბილ მხარეს მივფრინავ ხოლმე, ოკეანის სანაპიროზე, სადაც "ბევრი" მზის სხივია - ამით ჩემს სუსხიან ზამთარს ძალას ვაკარგვინებ და ვამოკლებ. შარშან თებერვალშიც სწორედ ასე მოვიქეცი, მაგრამ ფლორიდიდან დაბრუნებული, ღრმა პანდემიაში მოვყევი - მთელ მსოფლიოსთან ერთად. აი, სწორედ მაშინ დავიწყე ახალი თავგადასავალი სიახლით, რომელიც თურმე 50 წლის განმავლობაში ჩემში "იზრდებოდა"...
GzaPress
პანდემია ახალ შესაძლებლობად გამოვიყენე და გამოკეტილს, საოცარი სურვილი გამიჩნდა, შემექმნა საინტერესო სამკაულები, ისეთი, რაც ისევ ზღვას, მზეს, ოკეანეს და ბევრ ყვავილს დაუკავშირდებოდა. მთელი ცხოვრება ჩვევად მაქვს - გადახდილი ფასის მიუხედავად, ნებისმიერ შეძენილ სამკაულს სახეს ვუცვლი, ვაკლებ ან ვამატებ რაღაცას და ისე ვირგებ. უბრალოდ, ვერასოდეს გავბედე, სამკაულის შექმნაზე მეფიქრა. სერიოზული იუველირობა სრულიად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის... უამრავი ინფორმაცია მოვიპოვე "იუთუბზე", ონლაინ, სახელმძღვანელოებში, მაგრამ... ის არ იყო, რაც მინდოდა...
- არც ჰანოვერში იყო იუველირი, ეს საქმე რომ ესწავლებინა?
- დავუკავშირდი ამერიკელ იუველირებსაც, გალერეებსაც, მაგრამ - უშედეგოდ. ამ გაგანია პანდემიაში იუველირმა სტუდიაში დამიბარა, ჩემგან 90 წუთის სავალზე, რადგან ყველა გალერეა დაკეტილი იყო. ქართველი იუველირებიც მოვიძიე, ონლაინკლასებისთვის. ზოგმა ცივი უარით გამომისტუმრა, ზოგმა კი უბრალოდ ვერ შეძლო პედაგოგობა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდ და დაფასებულ პროფესიად მასწავლებლობა მიმაჩნია. ჩემთვის პედაგოგობა ყველა პროფესიაზე უფრო საინტერესო, დასაფასებელი, ძალზე საჭირო და საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენ ხომ, ყველანი კარგი პედაგოგების წარმატებული მოსწავლეები ვართ! პანდემიის დროს უშედეგოდ დამთავრდა ჩემი პედაგოგი იუველირის ძებნა, მე კი სწორედ ეს დრო მქონდა დამატებითი ჰობისთვის: ან ახლა, ან არასოდეს-მეთქი, - მტკიცედ გადავწყვიტე! "იუთუბის" ვიდეოებით, ყველა წესის დაცვით, რამდენიმე სამკაული შევქმენი, მაგრამ უფრო დახვეწილის ძიებაში ვიყავი. ძალიან თვითკრიტიკულად ვუდგებოდი თავს, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ის რაღაც როგორ უნდა გამესწორებინა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რაღაც არ მომწონდა!
- მოკლედ, არასდროს ნებდები. ფაქტია, მაინც იპოვე პედაგოგი.
- ვიპოვე ქართველი იუველირი, ზღაპარი გოგო. დაახლოებით ოთხი თვის წინ ჩემს "ფეისბუკის" გვერდზე საინტერესო სამკაულები გამოჩნდა. ქალბატონი ინა ნაცვლიშვილი აზიარებდა დახვეწილი, ძალიან ლამაზი დიზაინის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს, რომლებიც განსაკუთრებული სინაზით გამოირჩეოდა. სისტემატური დაკვირვების შემდეგ მივწერე, იუველირი ხომ არ ხართ და ხომ არ ასწავლით კიდეც ამ საქმეს-მეთქი? მაშინვე მიპასუხა და ქალბატონ ინას უკვე ტელეფონით გავესაუბრე. ძალიან უჩვეულო რამ შევთავაზე - საიუველირო ონლაინგაკვეთილები, თან ისიც დავძინე, რომ სხვა შანსი არც მექნებოდა და ძალიან მინდოდა, მეცადა. ინამაც, ძალიან გაკვირვებით, მაგრამ მაინც მითხრა, ვცადოთო. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესი - დღეში თუნდაც ერთი საათი საკუთარ თავთან დარჩენილი, რაღაც საინტერესოს რომ ქმნი, რაც მოგწონს, გენატრება იმ მომენტში. ქვეცნობიერში ვხატავ, რაც მინდა, მეტალის ნაჭერზე გადმოვიტანო და რასაც მერე ლამაზი ქვები გაახალისებს...
GzaPress
ყველაზე ხანგრძლივი პროცესი სამუშაო იარაღების მოძებნა-შეძენა იყო. ვხუმრობ ხოლმე, პანდემიამ იუველირობა დამიტოვა უკუჩვენებად-მეთქი. იმდენი ინსტრუმენტი ვიყიდე!.. ჩემი ორი მეგობარი მოსკოვიდანაც მიგზავნის საიუველირო ინსტრუმენტებს, რაც ამერიკაში ვერ ვიშოვე. ასეც ხდება...
ქალბატონი ინა პატარა ვიდეოებით მიხსნიდა, მაჩვენებდა ჩემთვის საინტერესო ყველა მონაკვეთს, რასაც ვიმეორებდი, ვინიშნავდი კითხვებს და... ასე გრძელდება დღემდე, უკვე სამი თვეა. ისე გავთამამდი, პირდაპირ ეთერში, ონლაინაც ვასრულებ რაღაც სამუშაოებს, რასაც ინაც აკვირდება. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის პედაგოგიური ნიჭი, სიკეთის კეთების სურვილი, რაც ამ ქალბატონმა გამოიჩინა. იყო პროფესიონალი, დიდად დასაფასებელია, მაგრამ როცა შენი ცოდნის გაზიარების სურვილი და შესაძლებლობა გაქვს, ეს უკვე სულ სხვა ნიჭია. ამას დიდი სიღრმე, განათლება, ინტელექტი და მოთმინება სჭირდება, რაც უხვად აღმოაჩნდა ჩემს პედაგოგს და რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. არადა, პროფესიით იურისტია, ორი შვილის დედა საოცრად საინტერესო საიუველირო კარიერით. რამდენიმე ნივთი ინას დახმარებით შევქმენი. ეს ის პატარა ოცნებაა, რისკენაც სულ მიმიხარია - ზღვა, მზე და სილაჟვარდე... სხვათა შორის, ნავების "მშენებლობაც" დავიწყე - ეს არგონავტების ნავი დიოსკურიის სანაპიროებს მაგონებს და ასეთი ამიტომაც გამოვიდა. ეს ჩემი ბოლო ნამუშევარია - ყვითელი-თეთრი-ვარდისფერი ოქროს კომბინაცია აქვამარინებითა და ლალის ქვით. ძალიან მინდა, მისი ფოტო დამიბეჭდოთ, - მას რომ ვხედავ, სულ დიოსკურიაში მგონია თავი...
GzaPress
წელს, 50 წლის იუბილეზე ფრიდონს გავუკეთე საკალმე. ეს საკალმე 950 სინჯის ვერცხლია წითელი ტოპაზითა და ტურმალინებით, მწვანე გრანიტის ფსკერით. ერთადერთია და - ჩემი მეუღლის. საერთოდ, ნამუშევრებს არ ვიმეორებ. ერთი შანელის რგოლის ასლია, ოქროსი. ჩემმა პედაგოგმა მითხრა, ამას ორი-სამი იუველირი თუ გააკეთებს საქართველოშიო. ეს ბაყაყი ვერცხლის ბეჭედია აქვამარინითა და გრანიტით. ჩემი ნაპანდემიარი გაზაფხული კი ასეთია - ექსკლუზიური ვერცხლის ხელნაკეთი გულსაბნევი, ყვითელი ციტრინი, მოლდივაითი და ვარდისფერი ტოპაზით... ასეც ვუწოდე - "გაზაფხული". კიდევ ბევრი ნამუშევარი მაქვს. ახლა ვმუშაობ ოქროს ბეჭედზე, უზარმაზარი, სხვადასხვა ფორმის ლალებითა და ბრილიანტებით...
ეს ის შემთხვევაა, პანდემიის მადლიერი რომ უნდა ვიყო დამატებითი დროისა და შესაძლებლობისთვის. ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს შესასწავლი და იმედია, მომავალში მეტ სიახლეს შემოგთავაზებთ. სწავლა არასოდეს არის გვიანი. საქართველოდან მუდმივად დიდ სითბოსა და სიყვარულს ვგრძნობ და, მიუხედავად 23-წლიანი ემიგრაციისა, თითქოს სულ მანდ ვარ, თქვენ გვერდით, წუთითაც არ დამიტოვებია ჩემი ქვეყანა. იცოდეთ, რომ ძალიან მაძლიერებთ. უზომოდ მიყვარხართ ყველანი.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"თუ არც არავის მოუგია და არც წაუგია, მაშინ ადგილი აქვს არამყარ მშვიდობას"
ვის უმღეროდნენ ქუჩაში "დღისით შენს ბაღში ვღიღინებ..."
გენაცვალეთ, გამიკეთეთ, იმხელა ვარ, ყველას გეყოფითო...
"ფუნჯთან ჩემი ზიარება ხატწერით მოხდა"
ქართველი წყვილი, რომელიც ესპანეთის მოქალაქეებს ცეკვას ასწავლის
პატრონებისგან უარყოფილი დალმატინელის ამბავი
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.