სპორტის სასახლე - სიხარული და ტკივილი
font-large font-small
სპორტის სასახლე - სიხარული და ტკივილი
ვიდრე ჩვენ ვიქნებით აქ, სასახლე არ გაიყიდება

ამ ადგილს ადრე თბილისელები "ბარახოლკას" ეძახდნენ. თუკი რაიმე ძველმანის შეძენა გინდოდათ, "ბარახოლკაზე" უნდა გეკითხათ. იქ იშოვიდით ნახმარ გალიფე შარვალს და პატეფონის თუ "პრიმუსის" ნემსებს, გრეხილი ავეჯის სკამებს და სხვათა შორის, იშვიათ წიგნსაც. ერთი სიტყვით, ეს ბაზრობა თავისებური "უძირო სკივრი" იყო, სადაც ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეიძლებოდა. ერთი ეგაა, კომუნისტების დროს გარევაჭრობა იკრძალებოდა და იქაურობას დროდადრო "აბლავით" აწიოკებდნენ.


სწორედ ამ ადგილას, ზუსტად 60 წლის წინ, 1961 წლის 12 მაისს გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე, რომელიც იმთავითვე დედაქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნაგებობად და ქართული სპორტის მთავარ დახურულ არენად იქცა. გახსნის დღიდან ჩვენი სპორტის სასახლე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურნირების მასპინძელი იყო. 1962 წლიდან სწორედ აქ ტარდებოდა ვახტანგ ბალავაძის სახელობის თბილისის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში; აქ ეწყობოდა კალათბურთელთა საკავშირო თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები: ძიუდოისტების ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის შეხვედრები: სხვადასხვა შეჯიბრება: ხელბურთში, კრივში, ჩოგბურთში, სიმაღლეზე ხტომასა და ასე განსაჯეთ, ყინულზე ფიგურულ სრიალშიც კი. აქ, ამ დარბაზში უასპარეზიათ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს: იასუჰირო იამასიტას, ძმებ პეტერსონებს, დომენიკ უილკინსს, ვალერი ბრუმელს - ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. სპორტის სასახლის ნათლობა გახსნიდან რამდენიმე დღეში, 1961 წლის 17 მაისს გაიმართა, როდესაც თბილისის "ბურევესტნიკის" ხელბურთელებმა უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლეს.

ჯანო ბაგრატიონი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხელბურთში:
- მაშინ კალათბურთზე დავდიოდი საბჭოთა კავშირის დამსახურებულ მწვრთნელ მიხეილ კეკელიძესთან. ერთ დღესაც დარბაზში შემოვიდნენ - გიორგი შარაშიძე, შემდგომში ჩვენი მწვრთნელი და ხელბურთის საკავშირო ფედერაციის თავმჯდომარე, ვინმე კუდრიავცევი და სპორტის ახალ სახეობაში ძალების მოსინჯვა შემოგვთავაზეს. რამდენიმე ბიჭს იდეა მოგვეწონა და ხელბურთში ვარჯიში გადავწყვიტეთ. იმ პერიოდში ხელბურთს ფეხბურთის მოედანზე 11X11 თამაშობდნენ, მაგრამ მერე 7X7 თამაში შემოვიდა და დარბაზში გადავინაცვლეთ. 1961 წლის 12 მაისს, სპორტის სასახლის გახსნის დღეს, იქვე დანიშნული იყო საქართველოს პარტაქტივის კრება, რომელსაც საბჭოეთის პირველი "ბოსი" ნიკიტა ხრუშჩოვი უნდა დასწრებოდა. ვერ ასწრებდნენ მშენებლობის დასრულებას, ამიტომ საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ, გივი ჯავახიშვილმა ფეხზე დააყენა ყველა, მთავარი არქიტექტორიდან დაწყებული, რიგითი მუშით დამთავრებული და დასრულებული დაახვედრა "ბოსს" დარბაზი. პარტაქტივი კი გაიმართა, მაგრამ თბილისელებს ამ ახალი უნიკალური ნაგებობის დათვალიერება უფრო აინტერესებდათ... სწორედ იმ დღეებში ამხანაგური მატჩების სათამაშოდ მოვიწვიეთ უნგრეთის ნაკრები და 17 და 18 მაისს ორი შეხვედრაც გავმართეთ.
წარმოიდგინეთ, ხალხი სასახლის დასათვალიერებლად შემოდის და ამ დროს ჯემალ ცერცვაძე პენალტს ურტყამს. ჯემალმა მოიქნია ხელი, მაგრამ ბურთი ხელიდან არ გაუშვია. სტუმრების მეკარე, კოვაჩი გადახტა და ძელს შეასკდა, ცერცვაძემ კი ცარიელ კარში მშვიდად შეაგდო ბურთი. ამის შემყურე გულშემატკივრები აღტაცებით გვიკრავდნენ ტაშს. ეს ჩვენი აღიარება იყო. იმ დღეს ჯემალმა ცხრა გოლი გაიტანა, ჩვენ კი ორივე მატჩი მოვიგეთ. მომდევნო, 1962 წელს უკვე პირველად მოვიპოვეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედლები. ასე რომ, სპორტის სასახლე თავიდანვე ფეხბედნიერი აღმოჩნდა ქართული ხელბურთისთვის.
GzaPress
დღეს პრაქტიკულად არავინ იცის, რომ ჩვენი სპორტის სასახლე თავისი პარამეტრებითა და არქიტექტურით უნიკალური ნაგებობაა. მე მხოლოდ ორ მომენტს გამოვყოფ. სასახლეში რომ შედიხართ, ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, ტრიბუნების ნახევარი ქვევით არის განლაგებული, მაგრამ რატომ მიიღეს მშენებლებმა ასეთი გადაწყვეტილება, ნაკლებადაა ცნობილი. საქმე ისაა, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო გრანდიოზული მშენებლობები და მოსკოვისთვის რომ დაემალათ სასახლის სიდიადე, დარბაზის ნახევარი მიწის ქვეშ "დამალეს": გარედან სასახლის სიმაღლე 16 მეტრია, მიწის ქვეშ კი - 18 მ. სწორედ ეს "დეტალი" ქმნის ისეთ ვიზუალურ ეფექტს, რომ შენობა აღარ ჩანს გრანდიოზული.
ამ ნაგებობას უნიკალურობას ანიჭებს გუმბათოვანი გადახურვაც. გუმბათის დიამეტრი 76 მეტრია, რომელსაც შუაში საყრდენი არა აქვს. იმ დროისთვის ასეთი პარამეტრებისა და ამგვარი კონსტრუქციის გადახურვა, მსოფლიოში ვერ გეტყვით, მაგრამ საბჭოთა კავშირში ნამდვილად არ არსებობდა. ამ თამამი პროექტის ავტორები არქიტექტორები ლადო ალექსი-მესხიშვილი და იური კასრაძე, კონსტრუქტორი კი დავით ქაჯაია არიან. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის. სამაგიეროდ, ჯანმრთელადაა მთავარი არქიტექტორის, ლადო ალექსი-მესხიშვილის მეუღლე, ცნობილი კინორეჟისორი, ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და მეც სწორედ მას ვთხოვე გაეხსენებინა 60 წლის წინანდელი მშენებლობის პერიპეტიები.

- ქალბატონო ლანა, საინტერესოა, ვისი იდეა იყო თბილისში სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყება, მით უმეტეს მაშინ, როცა ნიკიტა ხრუშჩოვის იდეფიქსი იყო საცხოვრებელი სახლების, ე.წ. ხრუშჩოვკების აშენება და არავითარი სასახლეები?
- სპორტის სასახლის მშენებლობა 1956 წელს გადაწყდა. იმ დროისათვის ლადოს უკვე ჰქონდა ეს იდეა და ჩანახატებიც. თუმცა, მაშინ აკრძალული იყო არა მარტო ამგვარი პროექტები, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბით ნებადართული იყო მხოლოდ სპორტის სასახლის ნახევარზე ნაკლები ნაგებობების აშენება. მშენებლობის ისტორია ნამდვილი დეტექტიური რომანივითაა. პირველად მოხდა, რომ მოსკოვს დაუმალეს პროექტი და საქართველომ თავისი ხარჯებით დააფინანსა ეს მშენებლობა. მაშინ საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი იყო, ხოლო გიორგი გეგეშიძე - თბილისის ქალაქკომის პირველი მდივანი. სწორედ მათ აიღეს საკუთარ თავზე ეს "ავანტიურული" გადაწყვეტილება და 1957 წლის ბოლოს დაიწყო მშენებლობა. სასახლის მასშტაბების მიწაში ჩამალვაც ლადოს იდეა იყო. სხვათა შორის, ხრუშჩოვისთვის სასახლის მარმარილოს მოპირკეთება რომ დაემალათ, კიბეები, იატაკი და კედლები დროებით გადაღებეს.
- ვიცი, რომ პრობლემები ჰქონდათ გუმბათოვან გადახურვასთან დაკავშირებითაც. თავის დროზე ამ თემაზე ერთ-ერთ ინჟინერს, ბატონ გურამ მებუკეს ვესაუბრე, რომელიც მაშინ სწორედ სასახლის გადახურვაზე მუშაობდა. მან ამიხსნა, რომ დარბაზის გუმბათის მდგრადობა 100 წელზეა გაანგარიშებული. თეორიულად რომ დავუშვათ ვარიანტი და გუმბათი ჩამოინგრეს, ის ბოლომდე არ ჩამოიშლება, მხოლოდ ჩაწვება და ხალხს არ დაეცემა თავზე. საინტერესოა, როგორ მიაგნეს ასეთ გადაწყვეტილებას?
- ეს ცალკე ისტორიაა. მართალია, მე არც არქიტექტორი ვარ და არც ინჟინერი, მაგრამ იმის მომსწრე კი ვარ, ლადომ და კონსტრუქტორმა დავით ქაჯაიამ რამდენი იმუშავეს, რომ 2-4-ტონიანი ფილების ანაკრები კონსტრუქცია მოეფიქრებინათ. ასეთი 500-მდე ფილაა და როდესაც მათი ერთად მყარად შეკვრის მეთოდს მიაგნეს, უკვე იცოდნენ, რომ სასახლის გადახურვას შეძლებდნენ. ლადო საერთოდ, რაიმე თემაზე რომ მუშაობდა, უამრავ ესკიზს აკეთებდა. 1000, 2000 ჩანახატს მოუყრიდა თავს. უზარმაზარი სახელოსნო ჰქონდა და მთელი იატაკი ამ ესკიზებით იყო მოფენილი. სულ რაღაცას ეძებდა, ფიქრობდა. არავის სჯეროდა მისი და მისი თანამოაზრეების, მაგრამ როდესაც მიაგნეს გადაწყვეტილებას, მახსოვს, როგორი გახარებულები იყვნენ ლადოც, გურამ მებუკეც და დავით ქაჯაიაც. ეს იყო შემოქმედებითი ბედნიერების წუთები.
- დროს თავისი მიაქვს. სამწუხაროდ, დღეს ბეტონის მრავალსართულიან შენობებში ჩაიკარგა ჩვენი სპორტის სასახლე. ბევრი ალბათ ისე ჩაუვლის მას, ვერც კი შეამჩნევს ამ დიდებულ ნაგებობას.
- ამ თემაზე არც კი მინდა საუბარი. ეს საშინელებაა. ფაქტობრივად, ჩაკლეს სასახლე ამ უსახურ, უზარმაზარ ბეტონის შენობებში. კულტურული ერი ამას არ უნდა კადრულობდეს. ერს, რომელსაც აქვს სვეტიცხოვლის და ჯვრის მონასტრის კულტურა, დედაქალაქს ასე არ უნდა ეპყრობოდეს. ვიცი, ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ მინდა, რაც დაგვრჩა ღირებული, ის მაინც აღარ გავანადგუროთ.
არ შეიძლება არ დაეთანხმო ქალბატონ ლანას: ჯერ ღირებული შევინარჩუნოთ და მერე ვიფიქროთ ახლის შენებაზე. არადა, უკვე გაიყიდა "ფოჩიან კანფეტებზე" თბილისის იპოდრომი, უნიკალური ველოტრეკი, "ლაგუნა ვერე". არავინ იცის, რა ბედი ელის ხვალ ჩვენს სასახლეს. ამიტომაც გადავწყვიტე გავსაუბრებოდი სპორტის სასახლის დირექტორს, ია შალიბაშვილს.
GzaPress
- მთელი მსოფლიო ცდილობს, ქალაქის ბუღსა და უჰაერობას გაარიდოს ოჯახი და ქალაქგარეთ იცხოვროს. თუმცა დღეს თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია რატომღაც, პრესტიჟულად ითვლება.
- მიხარია, როდესაც გავიგებ, რომ ვიღაცას ახსოვს და თავისებურად გულშემატკივრობს სპორტის სასახლეს. რაც შეეხება გაყიდვას, ასეთი არც ჭორი და არც მართალი არ გამიგონია. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ჩვენ ვიქნებით აქ, სასახლე არ გაიყიდება.
- ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სპორტის სასახლე ექსპლუატაციაში შევიდა. ამ ხნის განმავლობაში ბუნებრივი კატაკლიზმები უთუოდ იმოქმედებდა მასზე...
- თავის დროზე ვინც დააპროექტა და ააშენა ეს უნიკალური სასახლე, კეთილსინდისიერი ინჟინერ-კონსტრუქტორები ყოფილან. სპეციალისტებმა ორჯერ - 2007 და 2016 წლებში ძირფესვიანად შეამოწმეს სასახლის მდგომარეობა და გაარკვიეს, რომ ამ ნაგებობას კიდევ დიდხანს არაფერი ემუქრება.
- რამდენადაც მახსოვს, 2007 წლის რემონტის შემდეგ შეიცვალა გათბობისა და ვენტილაცია-გაგრილების სისტემები.
- დღევანდელი საერთაშორისო სტანდარტებით, შეჯიბრებების დროს დარბაზში ჰაერის ტემპერატურა 18-19 გრადუსი უნდა იყოს. ჩვენი გათბობის ახალ სისტემას 22-23 გრადუსამდე და მეტადაც შეუძლია გაათბოს დარბაზი. რაც შეეხება ვენტილაციას, დღევანდელი პანდემიის პირობებში შენობა-ნაგებობების ეს სისტემა ძალზე აქტუალური გახდა. იგი ჩვენთან გამართულად მუშაობს. ჰაერის მუდმივი ცირკულირება ხდება და სტუმრებს არც დარბაზსა და არც ფოიეში პრობლემა არ ექმნებათ. არ მინდა სკოლის ხუთოსანი მოსწავლესავით გამომივიდეს პასუხები, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებთ სასახლის მოვლა-პატრონობას. ერთი ეგაა, ბოლო წლებში რატომღაც სპორტულ წრეებში აითვალწუნეს ჩვენი დარბაზი და ადგილობრივი მასშტაბის თუ საერთაშორისო დონის ტურნირები პრაქტიკულად აღარ ტარდება.
- სიმართლე გითხრათ, ეს არც მე მესმის. სასახლე ქალაქის ცენტრშია, აქვეა მეტროს სადგური, დარბაზის განათება, გათბობა, მომსახურე პერსონალი კარგია. ხალხიც შეჩვეულია აქაურობას, თუმცა მაინც "ველოსიპედს იგონებენ" და სხვაგან ატარებენ შეჯიბრებებს. ამის გამო ალბათ გიჭირთ თავის შენახვა...
- მართალი ბრძანდებით. ზოგჯერ ვცდილობთ, იმაზე იაფად გავაქირაოთ დარბაზი, ვიდრე ჩვენ გვიჯდება, მაგრამ კონკურენციას ვერ გავექცევით. მეამაყება, რომ აქ, ამ შესანიშნავ სასახლეში ვარ. ეს სასახლე თბილისის, მთელი საქართველოს მშვენებაა და თუ საჭირო იქნება, ყველა ღონეს ვიხმართ მის შესანარჩუნებლად.
გოგი ფრანგიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.