ძველშავის ამბავი და წითელი ღვინის მაკურნებელი თვისებები
font-large font-small
ძველშავის ამბავი და წითელი ღვინის მაკურნებელი თვისებები
რაც დიდხანს გააჩერებ ჭაჭაზე, მით მეტად იზრდება მისი სამკურნალო თვისებებიც

ვინც ქართულ ვაზსა და ღვინოს კარგად იცნობს, ალბათ იმერული ძველშავის შესახებაც სმენია. იმერელ გლეხკაცს ძველშავი ოდითგანვე გაჭირვებიდან გამომყვანად მიაჩნდა და იშვიათად წააწყდებოდი ამ მხარეში კარ-მიდამოს, ძველშავის ზვრებით რომ არ ყოფილიყო დამშვენებული. საბჭოთა ეპოქის მარწუხები ძველშავმაც იწვნია. ამ პერიოდში იმერეთის მევენახეობა-მეღვინეობა, ყველაზე დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: კომუნისტების მიერ წამოწყებული კოლექტივიზაციის შედეგად გლეხებს ვენახების დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ღვინის წარმოებაც აუკრძალეს.


ცოტა ხანში, ტრადიციული მარნებიც, ღვინის ქარხნებმა ჩაანაცვლა, რომლებიც ორიენტირებული იყო არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე. მარნები მხოლოდ ცოლიკოურსა და ციცქას იბარებდნენ, რადგან ეს ჯიშები უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. გლეხიც იძულებული გახდა, მხოლოდ ციცქა და ცოლიკოური გაეშენებინა. ბუნებრივია, ეს ფაქტი უარყოფითად აისახა ქართულ მეღვინეობაზე.
XIX საუკუნეში ამერიკიდან შემოიტანეს საქართველოში ვაზის ცნობილი ჯიში - იზაბელა, იგივე ადესა, რომელსაც ფილოქსერა შემოჰყვა. იმ პერიოდშიც ბევრი უნიკალური ჯიში დავკარგეთ... ასე აღმოჩნდა გაქრობის პირას უნიკალური ძველშავიც და მისგან ღვთაებრივი სასმლის წარმოებაც მივიწყებას მიეცა.
მას შემდეგ, რაც ქართული ღვინის მიმართ ინტერესი გაიზარდა და საქართველოში წარმოებულმა ღვინომ საერთაშორისო ასპარეზზეც გაითქვა სახელი, ბევრმა მეღვინემ მივიწყებული და გაქრობის პირას მისული ვაზის ჯიშების ხელახლა აღდგენა-აღორძინებას მიჰყო ხელი. იმერელ მეღვინეებს არც ძველშავი დავიწყებიათ და მათ მამულებში ნელ-ნელა ძველშავის ზვრებმაც იმატა.
ამ ჯიშის თავდაპირველი სახელწოდება "ძელშავი" იყო. ეს იმ დროის ტერმინია, როცა "ძელი" მოუჭრელ ხეს ნიშნავდა, ახლა კი იგი მოჭრილის მაუწყებელია. ჯიშის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესო განმარტებას გვაძლევს აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი: "შორეულ წარსულში - დაახლოებით VI საუკუნემდე სიტყვა "ძელი" ფეხზე მდგომ მოუჭრელ ხეს ნიშნავდა, ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი "შავი" ვაზის ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამომხატველია. შემდეგ "ძელი", როგორც მოჭრილი ხის აღმნიშვნელი სიტყვა გახდა და ამჟამადაც ამ მნიშვნელობით იხმარება. აღნიშნულის გამო ძელშავი VI საუკუნეზე უფრო ადრინდელ ჯიშად უნდა იქნეს მიჩნეული. ამრიგად, ძველთაგანვე ამ ჯიშს ადგილობრივმა მევენახეებმა თავისი სახელწოდებით ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამო შეარქვეს..." ივ. ჯავახიშვილი ძველშავს იმდენად უძველეს ჯიშად თვლიდა, რომ მისი ხანგრძლივობის მიახლოებით დათარიღებასაც კი მოერიდა...

გოჩა ხორავა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების განყოფილების მენეჯერი:
- ძველშავი ერთ-ერთი უნიკალური და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული ვაზის ჯიშია. იმერეთში "გლეხის გაჭირვებიდან გამომყვან ჯიშსაც" უწოდებდნენ, რადგან გამოსავლიანობით გამოირჩევა, - 80 პროცენტამდე წვენს, ღვინომასალას იძლევა. მამაჩემის დამსახურებაა, რომ ძველშავი ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს: წამიყვანდა და ყურძნის მტევნებს ვაკვირდებოდით. ყურძნის მარცვლები იმდენად მიბჯენით იყო ერთმანეთთან ჩამწკრივებული, რომ "ნემსის ყუნწსაც ვერ ჩაატევდი". ქართველი კაცი ვაზს ყოველთვის სიყვარულითა და სიფრთხილით ეკიდებოდა, თუმცა, მტევანი რომ არ დაზიანდეს, ძველშავი განსაკუთრებულ მოპყრობას ითხოვს. ფაქიზი და თხელი კანი აქვს. მოკრეფის დროს თუ სათუთად არ მოეპყრობი, კანი დაზიანდება და წვენი გამოუვა.
ღვინო საქართველოში ძველთაგანვე ითვლებოდა დოვლათისა და ეკონომიკური სიძლიერის წყაროდ. ისტორიის ფურცლებმაც შემოინახა, თემურ ლენგისა თუ შაჰ-აბასის ბრძანებით გაჩეხილი ვენახების ამბები: მტერი ვაზის განადგურებითაც ცდილობდა ქართველი კაცის წელში გატეხას და საქართველოს მიწასთან გასწორებას, დასუსტებას. ჩვენი წინაპრები კი ყველაზე მეტად სწორედ ვაზისა და ღვინის სიუხვით იწონებდნენ თავს. ეს ფოლკლორიდანაც ჩანს: "არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლით-წლობამდე გამყოლია", - უთქვამს ქართველ კაცს... რადგან ძველშავი გამორჩეული ვაზის ჯიშია, მის მეპატრონესაც არასოდეს დაელეოდა ღვთაებრივი ნაჟური და თავს "წელში გამართულად თვლიდა".
- ძველშავი წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს მიეკუთვნება. წითელყურძნიანი ჯიშები კი მევენახეს რამდენიმე სახეობის ღვინომასალის მიღების საშუალებას აძლევს, არა?
- ძველშავსაც აქვს ეს უნიკალური თვისება: თუ წვენს პირდაპირ ჩქეფად აიღებ და დააყენებ, თეთრი ღვინო გამოვა, თუ რამდენიმე საათი დააყოვნებ ჭაჭაზე, მისგან შესანიშნავი ვარდისფერი - "როზეს" ტიპის ღვინო დგება. შესაბამისად, არომატებიც განსხვავებულია. ამ ტიპის ღვინოები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართულ მეღვინეობაში.
იმერეთში, ღვინოს ჭაჭაზე დიდხანს არ აყოვნებენ, თანაც, დუღილის პროცესი ძალიან მცირე რაოდენობით ჭაჭასთან ერთად მიმდინარეობს. ჩვენმა მეღვინემ, ონისე კბილაშვილმა ექსპერიმენტი ჩაატარა - ძველშავის წვენი 20 დღით დააყოვნა ჭაჭაზე. სტანდარტულად, ღვინოს ჭაჭაზე ათი დღით ტოვებენ, შემდეგ ჭაჭის გარეშე მიმდინარეობს დუღილის პროცესი. ექსპერიმენტმა სასიამოვნოდ გაგვაოცა: საოცარი, სრულიად განსხვავებული არომატისა და საგემოვნო თვისებების სასმელი დადგა. მახსოვს, იმ პერიოდში ფრანგი სომელიე გვყავდა სტუმრად. როდესაც ონისე კბილაშვილის ძველშავი დააგემოვნა, აღფრთოვანება ვერ დაფარა, - ასეთი ღვინო ჯერ არ დამილევიაო.
GzaPress
- ძველშავს საკუპაჟე მასალადაც ხომ იყენებენ?
- ძველშავი შაქრის დაგროვების კარგი უნარით გამოირჩევა. დიდ შაქრიანობასთან ერთად, მის წვენს შედარებით მაღალი მჟავიანობაც აქვს. წვენში შაქრისა და მჟავას სასურველი შეფარდების გამო მას დღესაც წარმატებით იყენებენ საშამპანურე მასალათა კუპაჟში.
ამ ჯიშის ვაზი, იმერეთის გარდა, მასობრივად გვხვდება რაჭაშიც, თუმცა, საშამპანურე ღვინომასალების დასამზადებლად ძირითადად ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებში მიღებული მოსავალი გამოიყენება, რასაც გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები განსაზღვრავს. ამავე რაიონებში ძველშავის ღვინოც ენერგიული, ხალისიანი და სხეულიანი გამოდის. ზემო იმერეთსა და რაჭაში ძველშავისგან შედარებით თხელი ღვინო დგება, ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ.
ბაღდათში გვყავს წარმატებული მეღვინე - მამა ტიმოთე ღვინჯილია. მამამისი ცნობილი მეღვინე გახლდათ და ტიმოთესგან ხშირად მსმენია, - მამაჩემი ძველშავის წვენს ყოველთვის 10% ოცხანურ საფერეს უმატებდა და ჭურს რომ თავს მოვხდიდით, მეზობლები მოდიოდნენ არომატის სურნელზეო. ამ მივიწყებული ტრადიციის აღდგენაზეც ვფიქრობთ.
- ღვინო ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ოდითგანვე მას სამკურნალო საშუალებადაც იყენებდნენ. მრავალსაუკუნოვანი დებატების შემდეგ, მეცნიერები და ექიმებიც მივიდნენ დასკვნამდე, რომ ღვინოს მაკურნებელი თვისებებიც აქვს, თუმცა, როდესაც ჯერი პროფილაქტიკური თუ სამკურნალო მიზნით მიღებაზე მიდგება, ღვინის კარგად მცოდნე უბრალო მევენახეც კი რეკომენდაციას წითელ ღვინოს უწევს. რა განსაზღვრავს წითელი ღვინის და კონკრეტულად ძველშავის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენების უპირატესობას?
- მასში არსებული ძლიერი რესვერატროლის (ანტიოქსიდანტები) მაღალი შემცველობის წყალობით, წითელი ღვინო თეთრ ღვინოზე გაცილებით სასარგებლოა. სწორედ ამ ნივთიერებას გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი და მადას აქვეითებს. ცხადია, საუბარია ღვინის ზომიერად მიღებაზე: წითელი ღვინის სამკურნალო დოზა 50 მილილიტრს შეადგენს (3 სუფრის კოვზს). შეგიძლიათ, ერთად დალიოთ ან დღეში სამჯერ მიიღოთ სუფრის კოვზით, ჭამის დროს.
წითელი ღვინო საუკეთესოდ არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და მავნე ქოლესტერინს ორგანიზმიდან გამოდევნის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მავნე ქოლესტერინი ახდენს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. წითელი ღვინის რეგულარულად მიღება ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ცხიმიანი საკვების მიღებისას ანეიტრალებს მასში არსებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას. ასევე გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. კარგ ეფექტს იძლევა კუჭის წყლულის დროს - მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკის შემცირებაც - მას აქვს ტკბილი გაზიანი სასმელების საწინააღმდეგო ეფექტი, რომლებიც იწვევს თირკმელებში ქვების დაგროვებას.
წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის აწევა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გადაღლილ ორგანიზმს ადუნებს და დაღლილობას უხსნის.
განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა არა როზეს ტიპის ძველშავი თუ სხვა წითელყურძნიანი ჯიშის ღვინოები, არამედ მუქი წითელი ღვინო, რომელიც ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებით მიიღება. დუღილის პროცესში, ყველა სასარგებლო ნივთიერება კლერტიდან თანდათან გადადის ღვინოში და სწორედ ამის გავლენით ხდება ღვინის სამკურნალო თვისებებით გაჯერება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმენტაცია მიმდინარეობს ჭაჭასთან ერთად. რაც დიდხანს გააჩერებ ჭაჭაზე, მით მეტად იზრდება მისი სამკურნალო თვისებებიც.
შორენა მერკვილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.