თამი შარუხია - 49 წლის მომხიბვლელი მძლეოსანი, მოცურავე და ველომრბოლელი
font-large font-small
თამი შარუხია - 49 წლის მომხიბვლელი მძლეოსანი, მოცურავე და ველომრბოლელი
"საკუთარი თავის რწმენა გადამწყვეტია"

თამი შარუხია სპორტით ბავშვობიდან იყო გატაცებული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმები აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას არ ურჩევდნენ. ბავშვობის ოცნება სიცოცხლის მეხუთე ათეულში აიხდინა, სირბილი მეგობრების რჩევით, 44 წლის ასაკში დაიწყო და ორ წელში საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულიც გახდა.


მას შემდეგ არ ყოფილა შეჯიბრება, არც ეროვნული და არც საერთაშორისო მასშტაბით, რომელიც თამიმ საპრიზო ადგილის გარეშე დატოვა. მძლეოსნობის გარდა დაკავებულია ცურვითა და ველოსპორტით. მალე სპორტის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახეობაში - ტრიატლონში სურს ჩაერთოს, რომელიც ცურვას, ველორბოლასა და მარათონულ რბენას აერთიანებს.

- ხუთი წელია, რაც სირბილი დავიწყე. შეჯიბრებაზე კი პირველად სამი წლის წინ გავედი. გარდა სპორტული ინტერესისა, ეს ჩემთვის ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა და ერთი დღეც რომ არ წავიდე სარბენად, დანაკლისის გრძნობა მაქვს. შიდა შეჯიბრებებს სხვადასხვა ჯგუფი აწყობს. ვიკრიბებით და ხან ჯგუფურად, ხანაც ცალ-ცალკე ვვარჯიშობთ. ყველაზე ხშირად შეჯიბრებაზე თურქეთში გვიხდება გამგზავრება და უნდა აღვნიშნო, რომ საპრიზოს გარეშე არასოდეს ჩამოვდივართ, ასაკობრივ კატეგორიაში ყოველთვის ვიმარჯვებთ. პირველად ასპარეზობაში მონაწილეობა ტრაბზონში, ნახევარმარათონში მივიღე და პირველი ადგილი დავიკავე. შემდეგი შეჯიბრება სტამბოლში იყო. წასვლამდე ყველა მეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდი და სირბილზე გული ამიცრუვდებოდა, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი საკუთარ თავში, სხვების შეფასებებს არ დავუჯერე. თანაც, მწვრთნელმა მითხრა, რომ შევძლებდი და ასეც მოხდა - მანძილი 3:59 წუთში დავფარე და გამარჯვებული დავბრუნდი. საერთოდ, როდესაც მარათონი ტარდება, სადაც ათეულობით კილომეტრია სარბენი, ორგანიზმს ძალების აღსადგენად მინიმუმ, ერთი თვე სჭირდება. ეს სწორი კვებითა და სარელაქსაციო ვარჯიშებით, ნელი სირბილით, ცურვით, მასაჟით ხდება. მე კი შეჯიბრებიდან დაბრუნებულმა გადავწყვიტე, ორ კვირაში მორიგ ტურნირზე კვიპროსში წავსულიყავი. როცა დიდი მარათონისთვის პროფესიულად ემზადები, ორი კვირით ადრე 30 კმ უნდა გქონდეს ნარბენი. ეს სინჯია - შეძლებ თუ არა გარბენას შეჯიბრებაზე. ამჯერად უკვე მწვრთნელმაც არ მირჩია წასვლა. მეუბნებოდა, ორგანიზმს გაინადგურებო, მაგრამ გავრისკე. საქართველოდან ექვსკაციანი ჯგუფი გავემგზავრეთ. ლარნაკაში უკეთ ვირბინე, შედეგი გავაუმჯობესე - 3:56 წუთი. საკუთარი თავის რწმენა ბევრს ნიშნავს. იქაც მესამე ადგილი დავიკავე. სექტემბერში პოლონეთში გავემგზავრები და "აირონმენის" შეჯიბრებაში მივიღებ მონაწილეობას.
- ასპარეზობისას ფოტოების გადაღებასაც ახერხებთ ხოლმე...
- დიახ, ფოტოებს, ვიდეოებს ვიღებ (იცინის)... სპორტულ ზედატანებს აქვს ჯიბეები, სადაც შეგიძლია წყლის ბოთლი ან სპეციალური საკვები განათავსო. ამ ნივთების გარდა ჩემს "ტოპში" ტუჩსაცხი, სარკე და სხვადასხვა მსგავსი ნივთი იყრის თავს... ერთხელ, მახსოვს, სპეციალურად გრძელი შარვალი ჩავიცვი, რომ მასში სელფის ჯოხი ადვილად მომეთავსებინა. 4 საათი ვირბინე და შინ მოსულმა ფეხზე კვერცხისოდენა ჰემატომა აღმოვაჩინე. შუა სირბილისას თმას ვივარცხნი, ტუჩსაცხს ვიმატებ და სელფებს, ფოტოებს, ვიდეოებს ვიღებ (იცინის).
GzaPress
- რა როლი აქვს თქვენს წარმატებაში მეუღლეს?
- გიას ჩემი წარმატება ჩემზე მეტად ახარებს. ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. მეზღვაურია, შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე. სახლში თვეობით ვერ ვნახულობ. როცა ჩემი გამარჯვების შესახებ იგებს, უბედნიერესია. არაჩვეულებრივი იუმორით გამოირჩევა. ვერაფრით ჩავითრიე სპორტულ აქტივობებში. ამბობს, ოჯახში ერთი სპორტსმენიც საკმარისიაო. ბათუმში ვცხოვრობდით. ჩემი ჯანმრთელობის გამო, საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლა მოგვიხდა. მაშინ მხოლოდ პირველი შვილი, ანასტასია გვყავდა. მალე მეორე გოგონა, ალექსანდრა შეგვეძინა. ბავშვები რომ გაიზარდნენ, მივხვდი, რეალიზებულობა მაკლდა. დავიწყე ფიტნესი. ერთხელ, ფიტნესის დარბაზში გოგონებმა მითხრეს, რომ სირბილში შეჯიბრება ტარდებოდა და მონაწილეობა შემომთავაზეს. თავიდან ვიუარე, მაგრამ კუს ტბაზე რამდენჯერმე რომ ვივარჯიშეთ, მივხვდი, შევძლებდი. გავბედე და მომეწონა. ნელ-ნელა გავიცანი მორბენლები, მათ შევუერთდი და ასე ჩამითრია სპორტის ამ სახეობამ.
- სპორტით თქვენი ქალიშვილებიც არიან დაკავებული?
- ალექსანდრა 14 წლისაა. სამეჯლისო ცეკვით ხუთი წელი იყო დაკავებული. დადიოდა კარატეზეც. საბოლოოდ, თანამედროვე ცეკვები აირჩია. ფიტნესით სახლის პირობებშია დაკავებული. სირბილი არ იტაცებს, მაგრამ ახლახან მონაწილეობა მიიღო ასპარეზობაში და მეორე ადგილი დაიკავა. ველოსიპედითაც ერთად ვვარჯიშობთ. დაინტერესებულია და რამდენიმე ენასაც ფლობს. უფროსი ქალიშვილი, ანასტასია 22 წლისაა, ბათუმში სწავლობს. კარატეზე დადის. ტანი ერთბაშად აიყარა და შევამჩნიე, რომ ხერხემალზე პრობლემა გაუჩნდა. ამის გამო იოგაზე მივიყვანე. პირველი სამი გაკვეთილი ჩემი ხათრით გაიარა. ამჟამად კი ყოველი მისი დილა იოგით იწყება.
- გარშემო მყოფებისთვის ალბათ, სამაგალითო ხართ. ჯანსაღი ცხოვრების წესით ბევრი მეგობარი დააინტერესეთ?
- ყველას მოსწონს და ყველას უნდა ვარჯიში. ბევრი ამყვა კიდეც, მაგრამ უმეტესობამ შეწყვიტა, რადგან ზოგს დრო არ ჰყოფნის, ზოგს - ენერგია, ზოგსაც - ნებისყოფა. სამოყვარულო დონეზე რამდენიმე მეგობარი ჩემთან ერთად დარბის, თუმცა, სამთო სირბილი სულ სხვა რამეა და ბევრად რთულია. წვივის კუნთების განსავითარებლად სწორ ზედაპირზე სირბილია საჭირო, ფეხის სხვა კუნთები კი სამთო სირბილისას ვარჯიშდება. ამიტომ, ორივე ტიპის სირბილი მონაცვლეობით უნდა შეძლო, ეს კი ადვილი არ არის. სხვათა შორის, თრეილი ანუ სამთო გარბენი კარგად გამოსდით ველოსიპედისტებს, რადგან ის კუნთები აქვთ განვითარებული, რაც სამთო გარბენისთვისაა საჭირო.
GzaPress
- გარდა ცურვისა და სირბილისა, ვარჯიში ველოსიპედითაც დაიწყეთ, არა?
- სამწუხაროდ, ავტოავარიის შემდეგ მანქანა ვეღარ ვმართე და შიშის დაძლევაში ველოსიპედი დამეხმარა. თავდაპირველად მარტო ვერ გავდიოდი, ჩემ გვერდით აუცილებლად ვინმე უნდა ყოფილიყო. ახლა უკვე შეჯიბრებისთვის ვემზადები. რადგან დავრწმუნდი, რომ სპორტის ეს სახეობაც ნორმალურად გამომდის, ვგეგმავ, ტრიატლონში მივიღო მონაწილეობა. მოგეხსენებათ, სპორტის ეს სახეობა ყველაზე რთულია, რომელიც ცურვას, ველორბოლასა და მარათონულ რბენას მოიცავს.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.