ჯოჯოხეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
font-large font-small
ჯოჯოხეთი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
"ჯოჯოხეთი ჩვენშია და არა ირგვლივ მყოფებში"

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ჩალაძის სპექტაკლის - NO EXIT - პრემიერა გაიმართა. რეჟისორმა ჟან პოლ სარტრის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე თურქული ფესტივალის ფარგლებში იმუშავა. წარმოდგენა პირველად ოქტომბერში ღია სივრცეში გაიმართა. ციფრული ფესტივალის გამარჯვებული პროექტი, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ნიშანი განსხვავებული სცენოგრაფიაა, ერთგვარად, პანდემიის თემასაც ეხმაურება.


- გიორგი, რის მიხედვით შეარჩიეთ პიესა, პანდემიას ხომ არ დაუკავშირეთ?

გიორგი ჩალაძე, რეჟისორი:
- თურქული ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი ორეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე 25 რეჟისორის 5 პროექტი შეირჩა. პიესების სია ძირითადად, მე-20 საუკუნის უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოებებისგან შედგებოდა. ერთ-ერთი გახლდათ ჟან პოლ სარტრი. საერთოდ, ეგზისტენციალური მიმდინარეობები მაინტერესებს. სარტრმა ეს პიესა პარიზის ოკუპაციის პერიოდში დაწერა, მაშინ, როცა ფაშისტების მიერ პარიზის ბლოკადა მიმდინარეობდა. ეს იყო ნაწარმოები სამი ადამიანის შესახებ, რომლებიც დაბომბვისას ბუნკერს აფარებენ თავს. პიესაში კი ომზე სიტყვაც არ არის ნათქვამი. ჩაკეტილი სივრცის თემა ჩვენს პანდემიურ ჩაკეტილობას დავუკავშირე და არჩევანი ამ პიესაზე შევაჩერე. პიესა ადამიანების შესახებაა, რომლებსაც ყურადღების გადატანის საშუალება არ გააჩნიათ. ისინი ატყუებენ სხვებს და იტყუებენ საკუთარ თავს. მაგრამ გარემო მაინც ამხელს მათ და ასეთი პირობების მიუხედავად, მაინც მიდიან ჭეშმარიტებამდე.
- როგორ გადაწყდა სპექტაკლისთვის სცენოგრაფიის შერჩევა? მსახიობები და მაყურებელი, ფაქტობრივად, ერთ სივრცეში არიან მოქცეული...
- სარტრის მოცემულობა ჩაკეტილი ოთახია. გვინდოდა, მოქმედება შემოსაზღვრულ სივრცეში განვითარებულიყო. გარდა ამისა, თუკი პიესის მთავარი იდეის მიხედვით, "ჯოჯოხეთი, ეს არის სხვები", რატომ უნდა იყოს ერთი ადამიანისთვის "სხვები" მხოლოდ ორი მსახიობი და არა მაყურებელიც?! ამიტომ მსახიობები მაყურებელთანაც უშუალო კონტაქტში შედიან. პერსონაჟების მეხსიერებაში არიან ადამიანები, ვისზეც საუბრობენ და მათი საუბრის ხორცშესასხმელადაც მაყურებელი გამოვიყენეთ.
- სპექტაკლის მიმდინარეობისას ეკრანზე ჩანს, როგორ იხარშება ქვაბში ბაყაყი...
- ბაყაყის სიმბოლო ერთ საყოველთაოდ ცნობილ ექსპერიმენტს უკავშირდება: ექსპერიმენტის მიხედვით, თუკი ბაყაყს მდუღარე წყალში ჩასვამ, ის მთელ ძალებს იკრებს და წყლიდან მაშინვე ხტება, ხოლო თუ ცივ წყალში ჩასვამ და წყალს თანდათან გააცხელებ, ბაყაყი ტემპერატურას ეგუება და როცა წყალი უკვე ცხელია, ამოხტომას ვეღარ ახერხებს, რადგან მთელი თავისი ენერგია შეგუებას შეალია. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი თუ მაყურებლისთვის გაჩენილი კითხვაა: არის კი ჯოჯოხეთი სხვა ადამიანები? თუ ჯოჯოხეთი ჩვენშია?!. ჯოჯოხეთი სწორედაც რომ ჩვენშია, რადგან სხვების დამოკიდებულება ჩვენდამი ჩვენგანვეა გამოწვეული. ხშირად საკუთარ თავს ვუწყობთ ჯოჯოხეთს.

თამარ მამულაშვილი, მსახიობი:
- ყოველი ახალი როლი ახალი შეხვედრაა - გმირთან, პერსონაჟთან პირველი შეხვედრა. მთელი სიუხეშე და სიბინძურე ასმაგდება, როცა ადამიანი სხვა და თანაც ჩაკეტილ სივრცეში ხვდება. ამიტომ სპექტაკლი საკმაოდ მძიმე სანახავი და აღსაქმელია. ყველა იმ სიამოვნებისთვის, რომელიც არასწორი გზით განვიცადეთ, ადრე თუ გვიან პასუხი უნდა ვაგოთ. ცხოველური ვნებები საბოლოოდ უზარმაზარ ტვირთად იქცევა, რომლის დანახვა და აღიარება ხშირად ადამიანს არათუ სხვებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი უჭირს.
გმირები ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი - ეს სხვებია. ჩემს გმირს კი ამ დასკვნაში ეჭვი შეაქვს - ჯოჯოხეთი ეს სხვებია? იქნებ ჩემშია ეს ჯოჯოხეთი და მე სხვას ვაბრალებ?.. უმჯობესია, ადამიანებმა შევძლოთ და საკუთარ გულში ჩავიხედოთ.

- ხატია, გაიხსენეთ სპექტაკლზე მუშაობის პროცესი. რა შეგძინათ ამან როგორც მსახიობს და რაზე დაგაფიქრათ როგორც პიროვნება?

ხატია მელქაძე, მსახიობი:
- მუშაობის პროცესი ძალიან რთული იყო, რადგან თვით პიესაა ასეთი. ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი ყველაზე მრავალფეროვანი იყო. გვინდოდა შეგვექმნა გმირი, რომელიც "ფერადია", თითქოს ხალისიანიც, სინამდვილეში კი უზარმაზარ ტრაგედიას მალავს და თან დაატარებს. ჯოჯოხეთი ალბათ მაინც ჩვენშია და არა ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებში. ჩვენს ცხოვრებას თავადვე განვაგებთ და ვალაგებთ. თუ სიბრალულს, სინანულსა და შეცდომების აღიარებას შევძლებთ, ეს ჯოჯოხეთი დაპატარავდება და იქნებ გაქრეს კიდეც.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.