"ძალიან მინდოდა გამემარჯვა და რუსეთში ამეჟღერებინა ქართული ჰიმნი"
font-large font-small
"ძალიან მინდოდა გამემარჯვა და რუსეთში ამეჟღერებინა ქართული ჰიმნი"
კარატისტი, რომელსაც მუშტი-კრივი არ უყვარს

გრიგოლ დარჩიაშვილი საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ამავე დროს, თბილისის - კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, მე-7 დანის მფლობელი. როგორც საუბრისას აღნიშნა, "დიდების შოუში" გამოჩენის შემდეგ უამრავი ადამიანი ცნობს ქუჩაში. ამბობს, რომ კარატე სპორტის ინტელექტუალური სახეობაა, რომლის ერთ-ერთი სტილით - შოტოკანით 1975 წელს დაინტერესდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბევრი არაფერი იცოდნენ კარატეს შესახებ. 40 წელზე მეტია, რაც სპორტსმენებს ავარჯიშებს. მისი აღზრდილები საქართველოს ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები და ჩემპიონები, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან.


გრიგოლ დარჩიაშვილი:
- დავიბადე თბილისში, 1947 წელს, 26 ივნისს 74 წლის გავხდი. პროფესიით ფიზიკოსი ვარ. თან ვმუშაობდი იზოტოპების ინსტიტუტში და თან ვსწავლობდი, ნახევარგამტარები და დიელექტრიკები - ასე ჰქვია ჩემს სპეციალობას. სპორტით ბავშვობიდანვე დავინტერესდი, სკოლის პერიოდში ტანვარჯიშით, შემდეგ კი - კრივით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ან სპორტი უნდა ამერჩია, ან უნივერსიტეტი და სწავლა ვარჩიე. 1970-იან წლებში გავიგე, რომ არსებობდა საბრძოლო ხელოვნება, მანამდე ბევრი არაფერი ვიცოდი, ჩვენთვის ეს იყო ახალი სახეობა. ჩემი მეგობრის შვილი, მიშა ნადირაშვილი ვარჯიშობდა კარატეში, მოსკოვში ცხოვრობდა. ჩამოვიდა ჩვენთან, გვაჩვენა ილეთები, ძალიან მოგვეწონა და ჩვენც დავიწყეთ ვარჯიში დარბაზში ჯერ კვირაში ერთხელ, მერე - ორჯერ, სამჯერ... ასე ჩავებით აქტიურად ამ სპორტში. როდესაც მიშა ჩამოდიოდა საქართველოში, სემინარებს გვიტარებდა. დაახლოებით 40 კაცი ვიყავით მაშინ შოტოკანით გატაცებული. სხვადასხვა სკოლაში იყო კარატეს წრეები, მაგრამ ჩვენ სხვა მიმართულება გვქონდა. როდესაც მიშამ ვეღარ შეძლო ჩამოსვლა, შოტოკანის სკოლის (ასე ვუწოდეთ) დირექტორად მე დამაყენა და ყველას ვავარჯიშებდი. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ცოტა რამ ვიცოდი. მაშინ ინფორმაცია თითქმის არ არსებობდა, აკრძალულიც კი იყო კარატე. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა ერთი შელახული, თითქმის დახეული წიგნი ჩამომიტანა. ვითომ ქაღალდები სჭირდებოდა რაღაცისთვის. ასე ნელ-ნელა ვვითარდებოდით, ვიდრე თბილისში არ ჩამოვიდა "მისტერ კარატედ" წოდებული იაპონელი ოსტატი ჰიროკაძუ კანაძავა. ის მართლაც უდიდესი ოსტატი იყო, რომლისგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. აღფრთოვანებული ვიყავით მისით, რადგან უძლიერესი ტექნიკა ჰქონდა. მინდოდა, მთელი ჩემი დრო კარატესა და ვარჯიშისთვის დამეთმო. იზოტოპების ინსტიტუტში 14 წელი ვიმუშავე, შემდეგ - გაერთიანება "მიონში", უბნის უფროსად, 1984 წელს კი გაზეთ "სვობოდნაია გრუზიას" რედაქციის გამგედ დავინიშნე. მინდოდა, ამ ყველაფრისთვის თავი დამენებებინა და მხოლოდ სპორტით დავკავებულიყავი. "მიონში" მუშაობისას დავწერე კიდეც განცხადება გათავისუფლების შესახებ, რადგან ვარჯიშს ვეღარ ვახერხებდი, მაგრამ დირექტორმა უარი მითხრა, არ გამომიშვეს კიდევ 3 წელი.
- თქვენი წარმატებების შესახებ მითხარით...
- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2011 წელს მოსკოვში ჩატარებული პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი შოტოკან კარატეში. სულ 3 წელი იყო გასული 2008 წლის ომიდან. ძალიან მინდოდა გამემარჯვა და რუსეთში ამეჟღერებინა ქართული ჰიმნი, რაც გამომივიდა კიდეც. გავხდი გამარჯვებული ვეტერანებს შორის და ძალიან გახარებული დავბრუნდი საქართველოში. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა მანამდე გავდიოდით როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე. მართლაც საინტერესო სპორტული ცხოვრება მქონდა და დღემდე აქტიურად ვაგრძელებ. ამ პანდემიის პერიოდშიც ჩატარდა ონლაინტურნირი და ორჯერ გავხდი გამარჯვებული. ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული "ევროპულ სკოლასთან", კარატეში ვავარჯიშებ სხვადასხვა ასაკის ბავშვს.
- გოგონები თუ გყავთ?
- მყავს და საკმაოდ წარმატებულებიც. ჩემს ორივე შვილიშვილს, ანა და სოფო დარჩიაშვილებს მე ვავარჯიშებდი. ანა ამჟამად ჰოლანდიაში ერასმუსის პროგრამით სწავლობს, არის ვერსია ჭშKF-ის მსოფლიოს, ევროპის თასის მფლობელი, ასევე საქართველოს და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენია ნათია ფრუიძე, რომელსაც წაუგებელი ბრძოლები აქვს, რამდენჯერმე გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი. წარმატებულია ნათია თუთბერიძე, რომელიც ახლა ამერიკაში, სამხედრო აკადემიაში სწავლობს, ჩემი ძმისშვილი დიანა დარჩიაშვილი...
- მოკლედ, ძალიან საშიში ყოფილა დარჩიაშვილების განაწყენება, ხომ? როგორც ჩანს, ყველა ვარჯიშობთ კარატეში.
- (იცინის) არა, ასე არ არის, არა ვართ საშიში ადამიანები, არ ვჩხუბობთ და ვცდილობთ, არავის ვაწყენინოთ... ერთი შვილი და 3 შვილიშვილი მყავს. თავდაპირველად ჩემი ვაჟიც ვარჯიშობდა და ძალიან წარმატებულადაც, მაგრამ ვერ გაუძლო სიმკაცრეს. ცხოვრებაში მოსიყვარულე და თბილი მამა ვარ, მაგრამ მოსწავლეებთან - მკაცრი, და ამას ვერ შეეგუა, წავიდა აიკიდოზე, მერე უმაღლესში ჩააბარა და საერთოდ ჩამოშორდა სპორტს, თუმცა დღემდე ახსოვს რაღაც ილეთები.
- სპორტის ამ სახეობაში რა არის აუცილებელი, წარმატებას რომ მიაღწიო?
- საერთოდ, კარატეში და არა მხოლოდ შოტოკანში, ყველგან ერთი პრინციპია - ყველაზე მთავარია საბრძოლო სულისკვეთება, აღარაფერს ვამბობ ტექნიკურ მონაცემებზე, სისწრაფესა და აზროვნების უნარზე. კარატეს გზა გულისხმობს, რომ უმიზეზოდ არ უნდა იჩხუბო, არ უნდა აწყენინო ვინმეს, პირიქით, ადამიანები უნდა დაიცვა.
- თვითონ არასდროს გიჩხუბიათ და არ გამოგიყენებიათ თქვენი ტექნიკა და ძალა ქუჩაში ჩხუბისას?
- (იცინის) ასეც მომხდარა, მაგრამ არ მინდა გახსენება. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მოსკოვში მოხდა ეს შემთხვევა, რამდენიმე ბიჭის გალახვა მომიხდა, რადგან უდიერად მოიქცნენ, დაიმსახურეს. ახალგაზრდობაში, როგორც ყველას, მეც მიჩხუბია, მაგრამ საერთოდ, არ მიყვარს მუშტი-კრივი. რაც კარატისტი გავხდი, ერთადერთხელ გამოვიყენე ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ მოზომილად, ცუდად რომ არ დამთავრებულიყო...
- "დიდების შოუში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?
- ვერ წარმოვიდგენდი, ამ შოუს ამდენი მაყურებელი თუ ჰყავდა. ქუჩაში მცნობენ, ამას წინათ ქობულეთში ხილი უნდა მეყიდა. მიყურა იმ კაცმა, მიყურა და, - მე თქვენ გიცნობთო, - მითხრა. - გამახსენეთ, საიდან-მეთქი? - ტელევიზიით რომ გამოხვედით, იქიდან გიცანითო. სხვაც ბევრი მეკითხება, ის ვარ თუ არა, ტელევიზიით რომ ნახა. უარი რატომ უნდა მეთქვა, ვფიქრობ, საინტერესო გამოსვლა მქონდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად. ამჟამად მათთან ერთად ქობულეთში ვარ, თან ვისვენებთ, თან ვვარჯიშობთ. ასეთი შეკრებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუდმივად ფორმაში ვიყოთ და კიდევ უფრო მეტი წარმატებით გავახაროთ ჩვენი ქვეყანა.
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკატერინე ფარულავა 2018 წლიდან ნატურალურ, გემრიელსა და მარგებელ ცუკატებს ამზადებს ბოსტნეულისგან.
შალვა ჩუგუნაძე თბილისელი ახალგაზრდაა, რომლისთვისაც წიწაკის მოყვანა ჰობად იქცა.
ემოცია, რომელმაც ხატვის სურვილი გააღვივა
"ისეთი ნივთები მინდა გავაკეთო, რაც საქართველოში არ გაკეთებულა"
პროფესიით ეკონომისტი მიშა მთიულიშვილი ბიზნესანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებითაა დასაქმებული.
25 წლის იყო, ავტოავარიაში რომ მოყვა და მას შემდეგ ეტლით მოსარგებლეა.
თოჯინების თეატრის საგასტროლო ტურნეს დეტალები და ბავშვების შთაბეჭდილებები
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
გამოკითხვა
გქონიათ თუ არა იმედგაცრუება სიყვარულში?
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.