რა შემთხვევაში მოუწევდა ლევან ვეფხვაძეს მდიდარი მეგობრების დაკარგვა... - გზაპრესი

რა შემთხვევაში მოუწევდა ლევან ვეფხვაძეს მდიდარი მეგობრების დაკარგვა...

დოსიე: ლევან ვეფხვაძე თბილისში, 1974 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა. მამა მათემატიკოსი გახლავთ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დედა - რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ბიზნესთან "ურთიერთობა" და შესაბამისად, დაგროვილი ქონება ქალაქსა თუ ქალაქს გარეთ არ ჰქონიათ. მეუღლე - ნათია ჩიქოვანი მისი თანატოლია. სიყვარულით შეუღლდნენ და ორი შვილი შეეძინათ - მარიამი 11 წლისაა, ვახტანგი - 7-ის.

"ასეთ რამეებში ფულის დაზოგვა არ ღირს"...

ვეფხვაძეების ოჯახის უძრავ-მოძრავი ქონებას ალექსიძის ქუჩაზე მდებარე 163 კვადრატული მეტრი ბინა, 1000 კვმ მიწის ნაკვეთი და მსუბუქი ავტომობილი შეადგენს. მშობლები მთაწმინდაზე ცხოვრობენ. თვითონაც იქ გაიზარდა, დაოჯახების შემდეგ კი ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა და ბინაც მაშინ იყიდა.

- 2001 წელს აკადემქალაქის ტერიტორიაზე ავიშენე სახლი. მშენებლობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 26.000 დოლარი დაჯდა, თუმცა დღეს მისი საბაზრო ღირებულება გაცილებით მეტია, საშუალოდ 200.000 ლარი ეღირება.

- ეს იყო თქვენი პირველი დიდი შენაძენი საკუთარი შრომით?

- მაშინ ტელევიზიაში ვმუშაობდი. საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა და თანხას ნელ-ნელა ვიხდიდი.

- თქვენი პირველი ხელფასიც გაიხსენეთ. როდის აიღეთ?

- ჩემი პირველი ხელფასი მოქალაქეთა კავშირში გაერთიანებას უკავშირდება. მანამდე სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი ვიყავი, თუმცა ეს ჩემი უხელფასო სამსახურები იყო. მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ერთხანს ლექციებსაც ვკითხულობდი - უმაღლესი მათემატიკის რამდენიმე დისციპლინას ვასწავლიდი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო სტუდენტებთან მუშაობა, ბევრ რამეს სწავლობ მათგან.

- სტუდენტობამ ისეთ წლებში მოგიწიათ, როდესაც ქვეყანაში არეულობა იყო - არ იყო არც შუქი, არც გაზი, არც ფული... არ გიჭირდათ მაშინ?

- 1991 წელს გავხდი სტუდენტი. არეულობისა და ომის პერიოდის ტრაგიკომიზმი იცით, რა იყო? თბილისის ერთ უბანში ქართველები ერთმანეთს ესროდნენ და სისხლი იღვრებოდა, სხვაგან კი სიმშვიდე იყო - ვითომც არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. ეს აღმოჩენა ჩემთვის კულტურული შოკი გახდა. იმ ზამთრის შემდეგ ყველანი უცებ ღატაკები გავხდით. მახსოვს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მამაჩემს მანქანით მივყვებოდი ხოლმე და ერთხელ შუა გზაზე გავჩერდით, საწვავი გათავდა. უფულობის გამო კი ვერ ჩავასხით. ხშირად მაღლივამდე ფეხით ავდიოდით. უცებ მამაჩემის ხელფასი 3 დოლარის ეკვივალენტი გახდა. გამოცდებისთვის სანთლის შუქზე ვემზადებოდით. საერთოდ სტუდენტური ცხოვრება სანთლის შუქზე მიდიოდა...

- რამ გადაგატანინათ ასეთი გაჭირვება?

- ალბათ ახალგაზრდულმა წლებმა. სანთლის შუქზე ვსწავლობდით და ვქეიფობდით კიდეც. სუფრაზე ბევრი არაფერი გვქონდა, მაგრამ მაინც გვიხაროდა ერთად ყოფნა.

- საერთოდ ქეიფი გიყვართ?

- ქეიფს რას ეძახით?

- მეგობრებთან ერთად მოლხენას...

- მეგობრებთან ერთად ყოფნა და მოლხენა როგორ არ მიყვარს...

- გადახდაც გიყვართ?

- როცა მაქვს, ვიხდი, როცა სხვას აქვს, ის იხდის. მეგობრებში ასეა. ადრე რესტორანში ვინ დადიოდა? ახლაც ოჯახში მოლხენას ვამჯობინებ რესტორანში წასვლას. იქ რომ დაჯდები, რა უნდა გააკეთო? უნდა დალიო, ოჯახში კი უფრო მყუდრო და მშვიდი გარემო იქმნება, გიტარას დაუკრავ, იმღერებ, ისაუბრებ, მოკლედ, შენს ჭიას გაახარებ...

- და რაში შეგიძლიათ ფულის დახარჯვა დაუნანებლად?

- სიმართლე გითხრათ, ხშირად დამნანებია ჩემთვის რამის ყიდვა. აი, ბავშვებისთვის კი არასდროს არაფერი მენანება. იმიტომ კი არა, რომ მათ ძალიან ვანებივრებ. უბრალოდ, უარს არ ვეუბნები იმაზე, რაც ჩემი აზრით, ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და რაც მათ ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს - წიგნები, სათამაშოები... სულ ვეუბნები ჩემს მეუღლესაც, რომ ასეთ რამეებში ფულის დაზოგვა არ ღირს. იმას არ ვგულისხმობ, რომ ზოგიერთივით დღესვე ვიზრუნო და შვილებს და შვილთაშვილებს სასახლეები ავუშენო, მანქანები ვუყიდო და ასე შემდეგ. მინდა, მათ კარგი სასტარტო პირობები შევუქმნა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები იყვნენ და თავიანთი ცხოვრება თვითონ ააწყონ.

- მიწის ნაკვეთზე რას მეტყვით? ისიც თვითონ შეიძინეთ?

- მიწა, რომელიც ხაშურში ვეფხვაძეების უბანში გვაქვს, ბაბუაჩემის მამამ და მისმა ძმამ ხარაგაულიდან წამოსვლის შემდეგ იყიდეს. 30-იან წლებში კი ისინი გააკულაკეს და მიწის დიდი ნაწილი ჩამოართვეს. მიწა ჩემია, იქ სახლიც დგას, მაგრამ ის მამაჩემის საკუთრებაა.

- ავტომანქანა "ოპელ ვექტრაც" თქვენს საკუთრებაშია?

- 2004 წელს ვიყიდე 3.000 დოლარად. ახლა ჩემი მეუღლე დადის ამ მანქანით, მე კი სამსახურის მანქანით ვსარგებლობ. ადრეც მომცრო მანქანა მყავდა.

- რატომ? ჯიპები არ გიყვართ?

- (იცინის) იცით, რა ხდება? ჯიპი გარკვეულ სტატუსს განიჭებს. როგორ გგონიათ, ყველა მუსლიმანს 5, 8 და 10 ცოლი ჰყავს? იმ 10 ცოლს შენახვა ხომ უნდა? ცოლებიც სოციალური მდგომარეობის მიხედვით მოჰყავთ...

- ანუ ჯიპი ძალზე მომთხოვნ ცოლს ჰგავს, ხომ?

- ასეა, რადგან 100 კმ.-ზე 20 ლიტრი საწვავი სჭირდება. გამოდის, რომ ჩემი ხელფასის ნახევარი - 1.000 ლარიდან 1.500 ლარამდე მარტო სამგზავროდ დამჭირდება. მე კი არ ვაპირებ, მთელი ჩემი ნაშრომი მანქანას დავახარჯო.

- საერთოდ მხარჯველი ხართ?

- ბევრი ფული არ მაქვს და ძალიან მხარჯველი ვერც ვიქნები. ძუნწიც ნამდვილად არ ვარ. მეუღლე მსაყვედურობს ხოლმე, ზოგჯერ ზედმეტიც მოგდისო...

- ზედმეტად ხარჯვის გამო გსაყვედურობთ თუ ზედმეტი მომჭირნეობის გამო? ალბათ ძვირად ღირებული საჩუქრებით არ ანებივრებთ?

- (იცინის) არა მგონია, უფრო პირიქით უნდა იყოს, მაგრამ აუცილებელი არ არის მაინცდამაინც ძვირად ღირებული საჩუქარი შევურჩიო... ძვირფასი საჩუქრებით ისინი ანებივრებენ მეუღლეებს, რომელთა ცოლებსაც განსაკუთრებულად დიდი პრეტენზიები აქვთ ქმრების მიმართ. ნათიას კი არ უყვარს ფუფუნების საგნები და ბრილიანტისა და ოქროს ბეჭდები. ყველაფერი - ზომიერად. ისეთი ოჯახი არც გვაქვს, რომ ერთ დღეს ვიჩხუბოთ და მეორე დღეს შესარიგებლად ძვირფასი სამკაული ვაჩუქო. ამას სჯობს, არ ვიჩხუბოთ, ხოლო იმ ფულით ბავშვები, მაგალითად, ცურვაზე ვატაროთ.

- შეყვარებულობის დროს ალბათ უფრო გულუხვი იყავით, არა?

- ბევრი გასართობი მაშინ არც იყო, რომ ჩემი გულუხვობა გამომეჩინა. ყოფილა შემთხვევაც, როდესაც ნათიამ დამპატიჟა სახინკლეში: წამოდი, ფული მაქვს და დღეს მე გპატიჟებო...

"ხელფასის გარკვეული ნაწილი ხშირად პარლამენტის შენობას არც სცდება ხოლმე"...

დაზოგვის უნარისა და მათემატიკური გათვლების წყალობით ვიცე-სპიკერს ფულადი თანხა - 6.000 ლარი და 2.600 დოლარი მოუგროვებია. ოჯახის უფროსს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში მეუღლეც ეხმარება. ნათია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გახლავთ და მთელი წლის განმავლობაში მისი ანაზღაურება 21. 141 ლარს შეადგენს. თავად დეკლარანტის ყოველწლიური შემოსავალი კი 65. 676 ლარია.

- ბატონო ლევან, ხელფასი არ გყოფნით? სესხი გამოგიტანიათ ბანკიდან...

- ხელზე ყოველთვიურად 3.400 ლარს ვიღებ. ნახევარი ხელფასი არა, მაგრამ 1.000 ლარი ყოველთვის მეხარჯება - ხშირად ჩემთვის უცნობ ადამიანებს დავხმარებივარ. როდესაც გამიგია, რომ ვიღაცას უკიდურესად უჭირს, ჯიბიდან ამომიღია და მიმიცია. ასე რომ, ხელფასის გარკვეული ნაწილი ხშირად პარლამენტის შენობას არც სცდება ხოლმე. ბევრჯერ მიკითხავს მათთვის: კი მაგრამ, ჩემთან რომ მოდიხართ, ხომ იცით, ზოგიერთ დეპუტატს სხვა შემოსავალიც რომ აქვს და მას რატომ არ სთხოვთ-მეთქი? ბატონო ლევან, მათ ვერ ვნახულობთო... იმიტომაც აქვთ ბევრი, რომ ასე ფეხის ყოველ გადადგმაზე არ ხარჯავენ. მე კი ასე მოქცევას ჩემი რწმენა მავალდებულებს. ადრე ჩემი მძღოლი მათხოვრებს სულ ყრიდა და მანქანასთან არ უშვებდა. ახლა "გამოსწორდა" და თვითონაც აძლევს ხოლმე ხურდას. ამ ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ იმ ცხოვრებაში ალბათ ყველას ყველაფერი წინ დაგვხვდება...

- მოკლედ, სესხი - 5.100 ლარი რაში დახარჯეთ?

- საერთოდ, კრედიტის აღება და ლატარიის თამაში (ფულის მოსაგროვებლად) ბევრს უყვარს. მე ფულის შენახვას ვამჯობინებ, მაგრამ იმ პერიოდში არ მქონდა, ბავშვს კი ფორტეპიანო სჭირდებოდა. ამბობენ - კარგად უკრავსო. სხვათა შორის, ამ დღეებში აქვს კონცერტი. მასწავლებელთან დადიოდა და იქ მეცადინეობდა. მან გვითხრა: ბავშვს სახლში წასვლა აღარ უნდა, ისე სიამოვნებს დაკვრა და სირცხვილია, უყიდეთო.

- ჰოდა, თქვენც გაახარეთ არა?

- მართლაც ძალიან გაუხარდა. დილა-საღამოს ზის და საათობით უკრავს. სიმართლე გითხრათ, არც მომწონს ეს ამბავი - ჯობს, სპორტითაც დაკავდეს. 6-7 საათი ინსტრუმენტთან ჯდომა ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.

- ფულის გაცემა გყვარებიათ. გასესხებაც ხშირად გიწევთ ხოლმე?

- ხშირად მოსულან ფულის სასესხებლად, მაგრამ მე რისი საშუალებაც მქონია, ის მიმიცია, ოღონდ - საჩუქრად. ფულის გამო ახლობლის დაკარგვას ამას ვამჯობინებ.

- თქვენ თუ დაგჭირვებიათ ოდესმე ვინმეს დახმარება?

- როგორ არა. როდესაც ბინას ვიშენებდი, ბიძაჩემი ძალიან დამეხმარა, რის გამოც მისი მადლიერი ვარ. მარტო ჩემი ხელფასით ალბათ გამიჭირდებოდა.

- ბარემ ისიც მითხარით, როგორ მოაწყვეთ სახლი. ახსენეთ, ოჯახში არც ერთი ძვირად ღირებული ნივთი არ გვაქვსო?

- უბრალოდ, მაგრამ გემოვნებით. არ არის აუცილებელი, ჭერზე 10.000-ლარიანი ჭაღი დაკიდო. თავის ფუნქციას 100-ლარიანიც მშვენივრად შეასრულებს. რა მნიშვნელობა აქვს, ვენეციური შუშაა თუ ჩეხური ბროლია? ვიცი ისეთი ოჯახებიც, სადაც 10.000 და 100.000-დოლარიანი ნივთები აქვთ. არ მგონია, ეს ნორმალური იყოს. ეს ყველაფერი ალბათ იმ წრეზეა დამოკიდებული, რომელშიც ტრიალებ. როდესაც ასეთი საზოგადოების წევრი ხდები, შენთვის კი არა, უკვე მათთვის აკეთებ ბევრ რამეს...

- მერე, თქვენ არ გყავთ ასეთი მდიდარი ახლობლები, ვისთანც თავს გამოიჩენთ?

- სამწუხაროდ, არა...

- და რომ გყავდეთ, დაკიდებდით მათთვის თავის მოსაწონებლად 10.000-დოლარიან ჭაღს?

- არავითარ შემთხვევაში, მაშინ მეგობრების დაკარგვა მომიწევდა... არ მიყვარს ადამიანები, ვინც ძვირფასი ნივთებით განსაზღვრავს რაღაც-რაღაცებს...

- რატომ? ფულსა და სიმდიდრესთან ასეთი ცუდი დამოკიდებულება გაქვთ?

- ფულს სუფთა პრაგმატული თვალით ვუყურებ, ბედნიერება სიმდიდრეში ხომ არ არის?!

ალბათ ამიტომაც არის, რომ დეკლარანტს ჯიბით ბევრი ფული არასდროს დააქვს. სამაგიეროდ, საკრედიტო ბარათს დაატარებს თან და როდესაც უფულოდ რჩება, ბანკომატიდან ხსნის ხოლმე გარკვეულ თანხას. ბედნიერება სიმდიდრეში ნამდვილად არ არის, მაგრამ სამწუხაროდ, უბედურება და გაჭირვებაა სიღატაკეში და ამიტომ ეს ფრთიანი ფრაზა ნუგეში ბევრისთვის არ არის... მით უმეტეს იმ ხალხისთვის, ვინც დღესაც პარლამენტარებისა თუ ჩინოვნიკთა გონიერი გადაწყვეტილებების მოლოდინშია...

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა", 2011 წელი