ირაკლი ალასანია: "დარწმუნებული ვარ, ქალბატონები ძლიერი მხედარმთავრები იქნებიან" - გზაპრესი

ირაკლი ალასანია: "დარწმუნებული ვარ, ქალბატონები ძლიერი მხედარმთავრები იქნებიან"

- ბატონო ირაკლი, საზოგადოების ყურადღება ახალ პროექტზე, ცენტრალურ აფრიკაში მყოფი ქართული ქვედანაყოფისკენ არის მიმართული. რა ვითარებაში არიან ისინი, ავღანეთთან რამდენად განსხვავებული სირთულეებია და რამდენად არიან ჩვენი ბიჭები მზად აფრიკული ამოცანების დასაძლევად?

- სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალ დონეზე მომზადებული სამხედრო მოსამსახურეები გვყავს. მათ ცენტრალური აფრიკაში ჩასვლისთანავე დაიმკვიდრეს სახელი, როგორც ყველაზე გამოცდილმა საჯარისო ქვედანაყოფებმა. ფრანგებმა, ვინც ოპერაციას ხელმძღვანელობენ, ჩვენი ქართველი მეთაური ერთ-ერთი ზონის ოპერატიულ ხელმძღვანელადაც კი დანიშნეს, რადგან მისი გამოცდილება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ამ ბიჭების უმეტესობა, არაერთგზის არის ნამყოფი საერთაშორისო მისიაში, ავღანეთს ვგულისხმობ. მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი საფრანგეთის პოლიტიკურ ლიდერებს და მათ ღიად გამოხატეს მადლიერება. პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ეს მისია ვერ შედგებოდა. საფრთხეების კუთხით, ყველა სამხედრო მისია სარისკოა, მაგრამ განსხვავებულია. იქ არ არის ისეთი პირდაპირი აგრესიის საფრთხე, როგორც ავღანეთში, მაგრამ სრულიად განსხვავებულია ბუნებრივი გარემო. ჩვენი სამხედრო ქვედანაყოფი პირველად არის ასეთ მისიაში და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით დავასრულებთ. მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ გაეროს ეგიდით, საერთაშორისო სტაბილურობის, სამშვიდობო ოპერაციებში მივიღოთ მონაწილეობა. ეს კი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის, ოფიცრებისთვის დიდი გამოცდილება იქნება. საერთოდ, მსოფლიოში, ვერც ერთი ქვეყანა ვერ წყვეტს საკუთარ უსაფრთხოებას. კოლექტიური შესაძლებლობები არის ერთადერთი გზა. ასე რომ, რაც მეტი გამოიცდილება გვექნება, ასევე, რაც მეტი მადლიერი ქვეყანა გვეყოლება მეგობრად, უკეთესია. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ჩვენთვის მორალური მისიაა და ამიტომ დავუჭირე მხარი. იქ ჩვენ ერთ-ერთი ეთნიკური ჯგუფი ეთნიკურ წმენდას ავარიდეთ. 90-იან წლებში, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავწირეთ, არავინ იყო მსოფლიოში, რათა ეს ძმათა მკვლელი ომი შეეჩერებინა. ახლა ჩვენ მოგვეცა ამის საშუალება, რომ სხვა ქვეყანაში არ დავუშვათ იგივე.

- უკვე წლებია, საზოგადოებას ესმის დაპირებები, რომ თავდაცვის სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული უწყებრივი მოკვლევის იმ ნაწილს წარადგენდა, რომლის გამჟღავნებაც შეიძლება. ახალი რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საქმესთან დაკავშირებით?

- მოკვლევა დასრულებულია. ივნისის ბოლოს დაასრულეს და მას იმედია, უახლოეს დღეებში წარმოადგენენ. შემდეგ მე მას ქვეყნის მთავარსარდალსა და პოლიტიკურ ლიდერებს წარვუდგენ. ამის შემდეგ გადაწყდება, რა ნაწილი გახდება საჯარო.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოში ანტისარაკეტო სისტემის განთავსება შესთავაზა, რასაც პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ სხვა რამეზე იყო საუბარი... აგვიხსენით, რა მოხდა მაშინ?

- არასდროს მითქვამს ჩვენს ქვეყანაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ყველაზე პრიორიტეტულია როგორც შეიარაღებული ძალებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საფუძველიან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასთან ორმხრივ ფორმატში და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას დავიწყებთ. გადაწყვეტილება უმაღლესი პირების დონეზე უკვე მიღებულია. სხვა დეტალებზე ვეღარ ვისაუბრებთ. რაც შეეხება გაუგებრობის მიზეზებს, ვერ გეტყვით, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა თუ ზოგიერთი პოლიტიკოსის უცოდინარობა.

- რა პროგრამები ხორციელდება დაღუპული მეომრების ოჯახების დასახმარებლად?

- შეირაღებული ძალების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ყველა იმ დაღუპულის ოჯახს, ვინც შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა (მათ შორის, აფხაზეთის ომში), დავუნიშნეთ 500-ლარიანი დახმარება, რომელიც 2015 წლის იანვრიდან, 1000 ლარი გახდება. ჯარისკაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ ის სამხედრო მოქმედებების დროს დაიღოპება, მისი ოჯახი უპატრონოდ არ დარჩება. ეს მისი მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის ნაწილი ხდება.

- რამდენად წარმატებით მიმდინარეობს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროგრამა?

- მაქსიმალურად მხარში ვუდგავართ ჩვენს დაჭრილ მეომრებს. ამერიკელების დახმარებით, ჩამოვაყალიბეთ სპეციალური ცენტრი, რათა ჩვენს ბიჭებს ბოლო მოდელის უახლესი პროთეზები გაუკეთდეს.

- ბატონო ირაკლი, 90-იანი წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაჭრილი ვეტერანები ხშირად ჩივიან, რომ დაჩაგრულები არინა. რას აკეთებს თავდაცვის უწყება მათ დასახმარებლად?

- დიახ, თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ შემდეგი ეტაპი სწორედ 90-იანი წლების ბრძოლების დროს დაჭრილებს შეეხებოდა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ანუ ვგულისხმობ დაჭრილების სამედიცინო შემოწმებას. ეს საკმაოდ მაღალ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს ჩვენი, სახელმწიფოს ვალდებულებაა. უკვე გავგზავნეთ გერმანიაში სამედიცინო პერსონალი, რომლებიც სამედიცინო მომზადებას გაივლიან და პაციენტის მომზადებას და პროთეზის მორგებას ისწავლიან. სრულიად შესაძლებელია, მომავალში ასეთი ცენტრი საქართველოში გაიხსნას, რომელიც კავკასიაში ერთადერთი იქნება. გვაქვს პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა გავხდეთ.

- რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს. რატომ გახდა ეს აუცილებელი?

- სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა აუცილებელია. მე მოვითხოვე კიდეც 11%-ით გაზრდა და ჩვენ ამას, ასე ვთქვათ, ვლობირებთ, როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამის საჭიროება არსებობს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას, - ოკუპირებულია ქვეყნის 20% და რაც მთავარია, რუსეთის მხრიდან, ყოველდღიურად იზრდება აგრესიული და არაადეკვატური ნაბიჯები, რამაც მთლიანად შეცვალა უსაფრთხოების გარემო. აქედან გამომდინარე, ჩვენთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებში, დადგა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი. სხვათა შორის, უელსის სამიტის ძირითადი თემა, ნატოს ქვეყნებში სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის საკითხი იქნება. ეს რუსეთის ბოლო აგრესიამ განაპირობა.

- ამჟამად ავღანეთში რა რაოდენობის ქართველი მეომრები რჩებიან?

- ერთი ბატალიონი ჩამოვიდა, შემდეგი ბატალიონი კი, სექტემბერ-ოქტომბერში გაემგზავრება. წლის ბოლომდე ორი ბატალიონი დარჩება. იქ მყოფი ქართველი სამხედროები არასაბრძოლო მისიაში იქნებიან ჩართული. მათი ფუნქცია იქნება ავღანური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გაწვთნა, მხარდაჭერა სპეციალისტების კუთხით, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში არ იქნებიან ჩართულნი. ჩვენი სამხედროები იქნებიან ამერიკული კონტინგენტისა და სარდლობის მეთვალყურეობის ქვეშ ბაგრამის ბაზაზე, ხოლო მაზარიშარიფში ვიქნებით გერმანელებთან ერთად. ამჟამად ქაბულში არსებული ოცეული ასევე, ბაგრამის ბაზაზე გადავა.

- ცოტა უკან დავიხიოთ: იყვნენ თუ არა ისეთი თანამშრომლები, რომელთა იმედი გქონდათ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნისას და იმედი გაგიცრუეს?

- 23 წელია საჯარო სამსახურში ვარ. ძალიან ბევრი იმედგაცრუებაც ვნახე და მოულოდნელი სიხარულიც. აქედან გამომდინარე, მაქვს გამოცდილება, ისეთი ხალხი შევარჩიო, რომელიც იმედს არ გამიცრუებს. თუმცა, ხელმძღვანელის მოვალეობაა, ისეთი თანამშრომელშიც კი, რომელიც თავს ვერ ავლენდა, მაქსიმალურად უნდა შეუქმნას გარემო, სადაც დადებითი მხარეს გამოავლენს. ასევე, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჯგუფმა საერთო მოთამაშედ იგრძნოს თავი. ასეთ შემთხვევაში, წარმატების დიდი შანსი არსებობს. თავდაცვის სამინისტროს მუშაობის ბოლო წელიწად-ნახევრის პროგრესი სწორედ ჩემი თანამშრომლებისა და თანამებრძოლების დამსახურებაა, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ.

- წინა ხელისუფლების პირობებში უამრავი პროფესიონალი სამხედრომ დატოვა შეიარაღებული ძალები, - ზოგი აიძულეს, ზოგიც უბრალოდ გაუშვეს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დადგა დრო, რომ მათ გამოცდილება სამშობლოს მოახმარონ?

- როგორც ვიცი, 1500-მდე ადამიანი დააბრუნეს. რა თქმა უნდა, ყველას ვერ დააბრუნებენ. ვიცი, რომ გენერალურ შტაბში ამასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია და შესარჩევი საბჭოებია შექმნილი, რომლებიც ასეთი კადრების დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

- მართალია, შეიარაღებულ ძალებში უკვე არაერთი ქალბატონი მსახურობს, მაგრამ "ქალბატონი ხაკისფერში" მაინც საზოგადოების მუდმივი განსჯის საგანია. თქვენი აზრით, როგორია ქალის როლი ქართულ არმიაში?

- ჩვენ შევიმუშავეთ გენდერული პოლიტიკა, რომელიც მთელ ქვეყანაში არსებული გენდერული სტრატეგიის ნაწილია. პირადად მე, მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალბატონი მსახურობდეს საქართველოს ჯარში. ჩემი ერთ-ერთი მოადგილეც ქალბატონია და საზოგადოების ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელიც. საერთოდ, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო სექტორში 50% ქალბატონი მუშაობს. რაც შეეხება შეიარაღებულ ძალებს, თანდათან იქაც იმატებს მათი რაოდენობა და უკვე საბრძოლო დანაყოფებშიც ირიცხებიან. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სერჟანტთა სკოლის წინა გამოშვებაზე 10% სწორედ ქალბატონი იყვნენ. ასე რომ, რომ ქართველი ქალის ბუნებისა და გენიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ქალბატონები ძლიერი მხედარმთავრებიც იქნებიან.

ლალი პაპასკირი, ჟურნალი "გზა"