"არჩევნების ხელაღებით მოპარვის გარდა, სხვა გზა აღარ აქვს"
"როგორც მკვდარს, ისე ოპოზიციას, განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას" ვერაფერი გააცოცხლებს", "ნაციონალური მოძრაობის" ანასხლეტების გაერთიანების მცდელობას ვადევნებთ თვალს - რადიკალების გაერთიანება პოლიტიკურ მოცემულობას არ შეცვლის", "ქართული ოცნება" არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს", "ძალიან წვალობენ, ცდილობენ ნახონ კონფიგურაცია, რითაც "ქართულ ოცნებას" აჯობებენ" - ასეთი და რიგ შემთხვევებში, კიდევ უფრო მწვავე კომენტარებით გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის ლიდერები ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური პლატფორმის - "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" დაფუძნებას. შეგახსენებთ, რომ პლატფორმის პრეზენტაცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ გახსნა და გუნდის წევრები წარადგინა: გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. "ერთიანობის" საარჩევნო ნომერი ისევ 5 დარჩა. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, 26 ოქტომბერს ქვეყნის გადარჩენის შანსია და ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან "ეგოების ჭიდილის" დრო, ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დროა. ახალი პლატფორმის, ოპოზიციურ ველზე არსებული ვითარების, საარჩევნო გარემოსა და ქვეყნის წინაშე შექმნილი ახალი გამოწვევების შესახებ თეოლოგი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა გვესაუბრება.
- "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერების მიმართ საზოგადოებას წესით, კითხვის ნიშნები არ უნდა ჰქონდეს, რადგან მათ არა აქვთ პასუხისმგებლობის ტვირთი "ნაციონალების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე. ამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ და აქვთ ნება, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ. თამარ კორძაიას, ლაშა ბაქრაძესა და გია ჯაფარიძისგან საფრთხობელას ვერ შექმნიან. ჩემი აზრით, უკვე აღარც დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ეუხერხულებოდეთ მათთან თანამშრომლობა. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ჯგუფი კიდევ შეივსება ახალი პოლიტიკური სუბიექტებითა და ძალებით.
- ალბათ მსგავსი კონფიგურაციები კიდევ იქნება. თქვენი წარმოდგენით, რამდენი პოლიტიკური ცენტრი შეიძლება შეიქმნას ოპოზიციურ ველზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ძალიან შენელებულია და ელექტორატს ცოტა დრო რჩება არჩევანის გასაკეთებლად?
- მე, ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ პროცესს და სულაც არ ვფიქრობ, რომ დაგვიანდა ან შენელებულად მიმდინარეობს. რაც შეეხება, ალიანსებსა და გაერთიანებებს, ეს ნამდვილად იქნება. არ გამოვრიცხავ კიდევ ერთი დიდი, მსხვილი ცენტრის შექმნას. ყველაფერი ჯერ წინაა. სოციალური კვლევების შედეგები ადასტურებს, რომ "ქართულ ოცნებას" ახლა მხარდაჭერის ყველაზე დაბალი ნიშნული აქვს, რაც 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ჰქონია, ოპოზიციას კი პირველად ეძლევა შესაძლებლობა, ერთიანი სიით და სამი სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრით დაამარცხოს ხელისუფლება. ამიტომ ოპოზიცია ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება არარაციონალური, აუხსნელი ქმედება.
- როგორ წარმოგიდგენიათ, რა პირობებში მოუწევთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩატარება?
- რაც უფრო გაუჭირდება "ქართულ ოცნებას", მით უფრო აგრესიულ საარჩევნო კამპანიას ჩაატარებს. ძალიან რომ გაუჭირდება, ეს უკვე ცალსახაა. რატომ? იმიტომ რომ ძალიან მალე საკუთარ შეცდომებს მოიმკის. ჩვენმა ყველაზე მნიშვნელოვანმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაკავშირებული პროგრამების შეჩერება უკვე დაიწყო. ძალიან სამწუხარო, შეიძლება ითქვას, ტრაგიკულიც კია პროგრამა - "ღირსეული პარტნიორის" შეჩერება. ხელისუფლებამ საქართველო მხარდაჭერის, ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ეს იყო პროგრამა, რომელიც საქართველოს ამერიკასა და ნატოსთან დაახლოებას უწყობდა ხელს. როგორც გვითხრეს, სხვა პროგრამებიც შეჩერდება, რაც ქვეყანაში სერიოზულ კრიზისებს გამოიწვევს. მზად უნდა ვიყოთ, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირიც გადახედავს საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობebს.
- ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უკვე განაცხადა: 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიცო.
- დიახ, ეს მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, ყველაფერი ნათლად დასანახი და საგრძნობი იქნება ქართველი ხალხისთვის.
- "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის მიერ "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის სწავლების გაურკვეველი დროით გადადება არის არასწორი გადაწყვეტილება. ის ირწმუნება, მმართველი გუნდის ლიდერებს არასდროს უთქვამთ, რომ ევროკავშირი ან აშშ ცუდია, არც მეორე ფრონტი დაუბრალებიათ აშშ-ისთვის და არც გლობალური ომის პარტია უწოდებიათ ვინმესთვისო. როგორ გგონიათ, თავის მართლების ეს ფორმა დამაჯერებელი იქნება "ქართული ოცნების" პროდასავლური ამომრჩევლისთვის?
- ვეჭვობ, რომ "ქართულ ოცნებას" პროდასავლური განწყობის ამომრჩეველი დარჩა. თუ ასეთები არიან, მაშინ მათ ამნეზია სჭირთ, შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანს არ ახსოვდეს ჯერ ბიძინა ივანიშვილის და მერე "ხალხის ძალის" განცხადებები. ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს აბრალებდნენ, რომ მან მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას. ვინმეს სჭირდება იმის განმარტება, რომ ელჩი საკუთარ სახელმწიფოს წარმოადგენს? ვერც ერთმა ლიდერმა ვერ დაასაბუთა რა ხელს აძლევდა ამერიკას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს პროპაგანდის მიზნით ბევრი სისულელე მოახვია თავს, რამაც საბოლოოდ, ისევ ჩვენი ქვეყანა დააზიანა და ახლა იზოლაციაშიც ტოვებს.
- როგორი მოლოდინი გაქვთ, მმართველი გუნდის ასეთი შეცდომები არჩევნების შედეგებზე აისახება?
- მმართველი გუნდის შედეგებზე ხალხი რომ სწორად რეაგირებს, ამას სოციალური კვლევები ადასტურებს. უნდა ითქვას, რომ მათ არჩევნების ხელაღებით მოპარვის გარდა, სხვა გზა აღარ აქვთ. ამის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა, ე.წ. რუსული კანონის შემობრუნებამდე. ჩემთვის დღემდე აუხსნელი და გაუგებარია ეს გადაწყვეტილება.
- ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, მმართველi გუნდის ბოლო იმედი ამერიკულ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებაა. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ამ არჩევნებთან დაკავშირებით?
- დიახ, ტრამპი ნამდვილად უკანასკნელი იმედია "ქართული ოცნებისთვის", მაგრამ ეს პოლიტიკური გუნდი საფრანგეთში პრორუსი მარინ ლე პენის გამარჯვებაზეც დიდ იმედებს ამყარებდა. ხომ ნახეთ, როგორი შედეგებით დასრულდა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნები? ყველაზე მეტი მანდატი მემარცხენეების ალიანსმა მიიღო, მეორე ადგილზე პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა და მხოლოდ მესამე ადგილი ერგო ულტრამემარჯვენე ლე პენის პარტიას. არც ბრიტანეთში, "ლეიბორისტების" გამარჯვებაა სანუგეშო "ოცნების" ლიდერებისთვის და არც ის მგონია, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა გაამართლოს მათი იმედები, თუმცა მანამდე საკუთარ ქვეყანაში ელით ყველაზე დიდი იმედგაცრუება. რეალურად, ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი ახლა დასავლეთის დახმარების გარეშეა. არ არსებობს ძალა, პრორუსი ვიქტორ ორბანის გარდა, რომელიც მათ სიტყვას შეაწევს.
- სამაგიეროდ, ჩვენს რეგიონში გააქტიურდა სომხეთი, მაშინ როდესაც პენტაგონი აუქმებს "ღირსეულ პარტნიორობას" ქართველებთან, გამართავს "არწივების პარტნიორობას" სომხებთან. ეს იმის მანიშნებელი ხომ არ არის, რომ რეგიონში ლიდერის პოზიციას ვთმობთ?
- სომხეთმა ბოლო პერიოდში რადიკალურად შეცვალა ქცევის წესები და საგარეო ორიენტირები. სომხეთში დაწყებულია მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის თავდაცვისა და შეიარაღების სფეროში. დიახ, ჩვენ ვკარგავთ ლიდერისა და დასავლეთის მთავარი დასაყრდენის როლს და ამ ფუნქციას ნელ-ნელა იძენს სომხეთი. ნაცვლად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენთვის შექმნილი მოცემულობა გამოეყენებინათ, კარგა ხნის წინ წვალებით მოპოვებულ სტატუსსაც ვთმობთ.
- რამდენად შესაძლებელია რეგრესის შეჩერება, თუ 2024 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდება?
- თუ პროცესს ძალიან არ მივუშვებთ და ქართულ-დასავლური ურთიერთობების დიდი გამყინვარება არ დაიწყება, ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. თუმცა, აღარაფერი ეშველება იმას, რომ ძვირფას დროს უქმად ვკარგავთ. ჩვენ ახლა სტაგნაციის კი არა, უკუსვლის პროცესში ვართ, ამით გზა, რომელიც დიდი წინააღმდეგობებითა და წვალებით გავიარეთ, უკეთეს შემთხვევაში, თავიდან გვექნება გასავლელი. ამას ჩვენგან დიდი ენერგია და ძალისხმევა სჭირდება... ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი აირჩევს დასავლეთს და უარს ეტყვის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ახლა უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ივანიშვილის პოლიტიკას კურსი საერთოდ არ აქვს.
- ე.ი. ამბობთ, რომ პრორუსი არ არის?
- მან უკვე რუსეთის ინტერესებიც გადაკვეთა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიების შეყვანა რუსეთის ინტერესებში არ არის. არის კიდევ სხვა მარკერებიც, რაც რუსულ ინტერესებში არ ჯდება. ივანიშვილის ერთადერთი ინტერესი ახლა საკუთარi ძალაუფლების შენარჩუნებაა. ცდილობს ყველა და ყველაფერი ამისთვის გამოიყენოს, მაგრამ უნდა იცოდეს, ეს დედამიწა მხოლოდ მის გარშემო არ ბრუნავს. დედამიწა ყოველთვის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავდა და მომავალშიც ასე იქნება.
- რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ ის ცდილობს მულტივექტორული დიპლომატიის წარმოებას და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ დასავლეთზე არ უნდა ვყოფილიყავით ორიენტირებული?
- მულტივექტორული იქნებოდა, ამერიკასთანაც რომ თანამშრომლობდეს, ევროკავშირთანაც, სხვებთანაც და ამას ქვეყნის სასარგებლოდ აკეთებდეს, მაგრამ "ქართული ოცნება" განცხადებულად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიულია და აზიანებს ქვეყანას. საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის დასანქცირებული სასამართლო, ნეპოტიზმი, კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი და ა.შ. სამაგიეროდ, ამ ქაოსმა ბიძინა ივანიშვილს მისცა საშუალება, 12 წლის განმავლობაში ყოფილიყო ხელისუფლებაში. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკოსი, რომელიც შეერთებულ შტატებს ასე ახირებოდეს და მშვიდობით დაემთავრებინოს...
ხათუნა ბახტურიძე