უსახლკარო კობა ხაბაზის ძვირფასი დანაკარგი და დეკლარაციის ცარიელი ფურცლები
font-large font-small
უსახლკარო კობა ხაბაზის ძვირფასი დანაკარგი და დეკლარაციის ცარიელი ფურცლები
ჩვენი ქვეყნის ჩინოვნიკთა თუ პარლამენტართა ცხოვრება-ქონების მიმართ საზოგადოების ინტერესი არასდროს ნელდება. ყველას აინტერესებს, ვინ როგორ და რა შემოსავლით ცხოვრობს.
ამიტომ გადავწყვიტეთ, წლების წინ შემოღებულ რუბრიკას - "დეკლარანტები" კვლავაც დავუბრუნდეთ და შეძლებისდაგვარად ჩაგახედოთ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ჯიბეებსა და წლების მანძილზე ნაგროვებ სიმდიდრეში... ამჯერად დეკლარანტის ამპლუაში წარმოგიდგენთ პარლამენტარ კობა ხაბაზს, რომლის ქონებაც არაერთხელ გამხდარა ჭორის საგანი. არადა, ბატონ კობას თურმე დღემდე საკუთარი სახლიც კი ვერ შეუძენია...

დოსიე:
კობა ხაბაზი ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში 1967 წლის 26 ივლისს დაიბადა. ოჯახი მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ არც გაჭირვება ახსოვს. ბატონი კობას მამა პროფესიით აგრონომი გახლდათ და ამიერკავკასიის სამკურნალო და არომატული მცენარეების საკვლევ ინსტიტუტში მუშაობდა, დედა სკოლის ბიბლიოთეკარი იყო და ამავე დროს, ხატვასაც ასწავლიდა. გარდა ამისა, ხაბაზების ოჯახს დამატებითი შემოსავალიც ჰქონდა ციტრუსიდან, რომელიც თურმე წელიწადში დაახლოებით 10.000 მანეთს შეადგენდა. ეს თანხა კი, ვისაც გახსოვთ, იმ დროისთვის ურიგო სულაც არ იყო...
კობა ხაბაზის მეუღლე - მანანა რობაქიძე გუდაუთაში 1970 წლის 14 აგვისტოს არის დაბადებული. წყვილს 2 შვილი ჰყავს - 17 წლის ზურაბი და 14 წლის ნინო.


"25 წელია, ქირით ვცხოვრობ..."
კობა ხაბაზის ქონებრივი დეკლარაციის რამდენიმე ფურცელი შევსებული არ არის და მხოლოდ ასეა მითითებული - მონაცემებს არ შეიცავს. დიახ, დეკლარანტის სახელზე ჯერჯერობით არც უძრავი ქონება ირიცხება და არც მოძრავი. ზოგიერთივით მისთვის არც მშობლებს დაუტოვებიათ რაიმე, ვერც თვითონ მოუგროვებია ქონების შესაძენად დიდი თანხა და, როგორც ჩანს, არც ცოლის
მზითვის მხრივ გაუმართლა. რას იზამ, ყველას როდი უმართლებს...

- ბატონო კობა, მითხარით, რომ გაჭირვება არასდროს გიგრძნიათ და ფული მეტ-ნაკლებად ყოველთვის გქონდათ. როგორ მოხდა, რომ ბინა დღემდე არ გაქვთ?
- უფულოდ ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ, ზოგჯერ მეტი მქონდა, ზოგჯერ - ნაკლები. გარდა იმისა, რომ მშობლები მაძლევდნენ განსაზღვრულ თანხას, 200 მანეთს, როგორც ფრიადოსანი სტუდენტი, სტიპენდიასაც ვიღებდი - 50 მანეთი მქონდა. უნდა ვაღიარო, რომ ეს ფული 5-10 დღე მყოფნიდა. "წარმატებით" ვხარჯავდი, მერე კი ისევ მშობლებს ან ჩემს დას ვთხოვდი ხოლმე. თბილისში 3 სტუდენტის შენახვა იოლი ხომ არ იყო?! ოჯახის მთელი შემოსავალი მე და ჩემს და-ძმას გვხმარდებოდა. ბინის შესაძენად ფულის მოგროვებას როგორღა მოახერხებდნენ? მით უმეტეს, რომ დაზოგვის უნარით ვერც მე დავიკვეხნი.
- რატომ? მხარჯველი ხართ?
- დღევანდელი დღით ვცხოვრობ. მუთაქაში ფულის შენახვა არ შემიძლია. ვხარჯავ, რაც მაქვს. მილიონიც რომ მქონდეს, ერთ დღეში დავხარჯავ.
- რაში?
- ქობულეთში 80000 კაცი ცხოვრობს და მათთვის ვიყიდდი აკაპულკოზე გასამგზავრებელ ბილეთებს (ახლა, მოდი და, ნუ ინატრებთ, ქობულეთელებო, თქვენი თანამემამულის გამდიდრებას... სხვათა შორის, დეკლარანტის ასეთი მხარჯველი ხასიათის გამო და კიდევ იმიტომ, რომ მისთვის ფული ღირებული არ არის, მისგან წარმატებული ბიზნესმენი არასდროს დადგება... მეგობარს უთქვამს, თუ დღე-ღამეში 18 საათი გღვიძავს და აქედან 17 - მხოლოდ ფულზე ფიქრობ, და კიდევ - თუ შეგიძლია, დღეში 2 ლარი იშოვო და აქედან ერთი დახარჯო, მხოლოდ მაშინ შეიძლება, ბიზნესი წამოიწყო და თან - დიდი წარმატებითაცო. რადგან არც ერთი შეუძლია და არც მეორე, ამიტომაც არის ბატონი კობა პარლამენტში და არა - ბიზნესში. - ავტ.)...
- ისევ თქვენს უძრავ ქონებას დავუბრუნდეთ: როგორც ვიცი, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას აპირებდით.
- სტუდენტობიდან დღემდე, აგერ უკვე 25 წელია, ქირით ვცხოვრობ. თბილისის რომელ უბანსა და ქუჩაზე არ მიცხოვრია?!. 40-მდე ბინა მაქვს გამოცვლილი. ვიღაც იტყვის, ამდენი წელი ქირის გადახდას, ბარემ ბინა ეყიდაო, მაგრამ ერთდროულად დიდი თანხა არასდროს მქონია. 3-4 წლის წინ ბანკიდან სესხი გამოვიტანე. ყოველთვიურად 900 დოლარი უნდა შემეტანა, მაგრამ ვერ შევძელი და სესხი რამდენიმე თვეში უკან დავაბრუნე.
- ბატონო კობა, ფულის შენახვაზე მეტად, ხარჯვა გყვარებიათ. ალბათ გიძნელდებათ ხელფასით ცხოვრება, მით უმეტეს, ამბობთ, - ერთნაირი წარმატებით ვხარჯავ 1 ლარსაც და 100 ლარსაცო...
- ამბობენ, დეპუტატებს ძალიან დიდი ხელფასები გვაქვს. ერთი შეხედვით, მართლაც ასეა (ცნობისათვის, დეპუტატის ყოველთვიური შემოსავალი თვეში დაახლოებით 2.250 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ პრემიის სახით, ხელფასის ოდენობის პრემიასაც იღებს. რაიონიდან ჩამოსულ უბინაო დეპუტატებს სახელმწიფო 530 ლარს ბინის ქირისთვისაც უხდის და 150-ლარიანი დაზღვევითაც უზრუნველყოფს. - ავტ.). ეს თანხა საკმარისი იქნებოდა მაშინ, სოფელში ან რაიონში რომ ვცხოვრობდე, მაგრამ როდესაც თბილისში ცხოვრობ და დეპუტატი ხარ, ძალიან მცირეა. 500 ლარის მარტო საწვავი მჭირდება, ერთი ამდენიც - მობილურით საუბარში მეხარჯება. უმეტესად, გზავნილი - "გთხოვ, დამირეკე" მომდის... კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ აღვნიშნავ, რა ხარჯი აქვს პარლამენტარობას. დალევა არ მიყვარს და რესტორნებში მე არ დავდივარ, მეგობრებთან ერთად ბილიარდს თუ ვითმაშებ, ეგ არის ჩემი გართობა. ოჯახიც ხომ უნდა შევინახო?! 1.000 ლარს ყოველთვე მანანას ვაძლევ. ამიტომ ზოგჯერ  თვეში 300-400 ლარის "მინუსში" ვარ და ე.წ. საკრედიტო ბარათებით ვსარგებლობ. ვისაც ჰგონია, რომ ბევრი ფული მაქვს, ჩემს ყველა ბარათს ვაჩუქებ, ოღონდ იმ პირობით, თუ ყველა დავალიანებას დაფარავს.
- ვალი ბევრი გაქვთ? დეკლარაციაში მითითებულია, რომ რამდენიმე ბანკში საკრედიტო ბარათი გაქვთ აღებული?
- სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბარათით 14.000 ლარი მაქვს გამოტანილი და ნელ-ნელა ვფარავ. როდესაც ხელფასი არ მყოფნის, ისევ გამომაქვს და ასე... არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბარათზე ლიმიტი ერიცხებოდეს და ამით არ სარგებლობდეს.
- თქვენი მეუღლე ამას როგორ ეგუება?
- რა ვიცი, წუწუნა არ არის. ჩემგან განსხვავებით, მას შეუძლია, 1.000 ლარი ყოველთვიურად ბავშვების სწავლისთვის, კვებისა და ჩაცმისთვის იმყოფინოს.
- თვითონაც ხომ მუშაობს? შარშან მისმა ხელფასმა 8.165 ლარს მიაღწია. რამდენი აქვს თვეში?
- ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობდა და 600 ლარი ჰქონდა ხელფასი, მაგრამ რეორგანიზაციის გამო გაათავისუფლეს. გული დასწყდა, რადგან თავისი ფული ჰქონდა და როგორც უნდოდა, ისე ხარჯავდა. ერთ-ერთმა გაზეთმა დეპუტატების დეკლარაციები გამოაქვეყნა, სადაც ცინიკურად დაწერეს, რომ არც მე და არც მანანას არ გვქონდა სახლები, აგარაკები, ავტომობილები, მაგრამ სამაგიეროდ, მეუღლე მუშაობსო. ახლა კი გავახარებ მათ და ვეტყვი, რომ არც სახლი გვაქვს, არც აგარაკი და აღარც მანანა მუშაობს...

"არც ვალი მიყვარს და არც ფულის გასესხება"
კობა ხაბაზისთვის ფული კი არ არის ღირებული, არამედ - ის პრინციპები, რომლებსაც ემსახურება. ამიტომაც თავის დროზე, ასლან აბაშიძის სარფიანი შეთავაზება - კარგ სამსახურისა და 100.000 დოლარის "გადანახვის" თაობაზე - არაფრად ჩაუგდია. ფული არ უყვარს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საჭირო რამეა... სხვათა შორის, არც ფულის გასესხება ჰყვარებია დეპუტატს, თუ რატომ - თავად მისგან შეიტყობთ:
- რამდენჯერმე დიდი თანხა გავასესხე, რასაც ჩემთვის უსიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია. ამიტომ, როდესაც მცირე თანხის სესხებას მთხოვენ, ვეუბნები ხოლმე, - როცა გექნება, მაშინ დამიბრუნე-მეთქი. ასე აღარც მევალე შეწუხდება და აღარც მე ვინერვიულებ იმაზე, დამიბრუნებს თუ არა ვალს. ამასთან დაკავშირებით, ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთი ჩემი მეგობარი  საზღვარგარეთ მიდიოდა და ბილეთი რომ იყიდა, ფული აღარ დარჩა. ჯიბეები მოვიქექე და ზუსტად 82 დოლარი აღმომაჩნდა. სულ მივეცი. წლების შემდეგ ჩამოვიდა და მანაც ზუსტად 82 დოლარი დამიბრუნა, თან - პატარა ყუთით რაღაც მაჩუქა. სამწუხაროდ, საჩუქარი რომელიღაც ბარში დამრჩა. ვიფიქრე, რომ სუნამო იყო და ძალიანაც აღარ ვინერვიულე. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდაD და როდესაც მკითხა, - ჩემი ნაჩუქარი საათი რატომ არ გიკეთიაო? - გამიკვირდა. თურმე 82 დოლართან ერთად, 8.200-დოლარიანი საათიც უჩუქებია. ძალიან კი დამწყდა გული, მაგრამ რაღა დროს?!
- ბატონო კობა, ავტომობილიც არ გყავთ? მოძრავი ქონების გრაფაში არაფერია მითითებული.
- როგორ არ მყავს?! ერთი წელიც არ იქნება, რაც ვიყიდე. ძველი გავყიდე, დაახლოებით 3.000 დოლარი დავამატე და ამერიკიდან აუქციონით გამოვიწერე "სუბარუს" ჯიპი. განბაჟებიან-რემონტიანად, 15.000 დაჯდა.
- გილოცავთ! წელს შევსებულ დეკლარაციაში კიდევ რამე ხომ არ მოხვდება ისეთი, რაც ახლახან შეიძინეთ?
- ჩემს მეგობრებთან ერთად, თბილისში მიწის ნაკვეთი ვიყიდე და სახლს ვაშენებთ. რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთხელ გავრისკე და ბანკიდან კიდევ გამოვიტანე სესხი. იმედი მაქვს,  ამჯერად გადახდას შევძლებ და უკან დასაბრუნებელი არ გამიხდება. გვინდა, აშენებული ფართობის ნაწილი გავყიდოთ და სესხის ნაწილი ასე დავფაროთ. ასე უსახლკაროდ მართლაც როდემდე ვიქნები?! ჩემი შვილები გაიზარდნენ და სტაბილური საცხოვრებელი გვჭირდება.
- მითხარით, ფულის დაზოგვა არ შემიძლიაო, თუმცა ნაღდი ფულის - 10.000 დოლარის მოგროვება მაინც მოგიხერხებიათ...
- ალბათ იცით, რომ ჩემს ძმასთან ერთად, მეფუტკრეობას მივდევდი. ახლა ჩემი ძმა უვლის. 55 სკა გვაქვს და წელიწადში საშუალოდ, 15.000 ლარის შემოსავალს გვაძლევს. დაახლოებით ტონამდე თაფლს ვიღებთ და მთელი წლის განმავლობაში ვყიდით. ფუტკრების, ყუთების რაოდენობას ხომ ვერ მივუთითებ დეკლარაციაში ან ხომ არ ჩავწერ, ვთქვათ, 800 კილო თაფლი მაქვს-მეთქი?! ცოტა არ იყოს, უხერხულობას ქმნის ამის მითითება. ეს 10.000 სწორედ ის თანხაა, რაც წლების განმავლობაში თაფლის რეალიზაციიდან მერგო, მაგრამ არ ვხარჯავ.
- თქვენ თუ გიყვართ შრომა?
- არ მიყვარს, უბრალოდ, ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ეს საჭიროა. თუ გამიჭირდა, თავდაყირაც დავდგები, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თავდაყირა დაკიდება მომწონს?!. სხვათა შორის, 90-იან წლებში ქობულეთში რომ დავბრუნდი და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩავუდექი სათავეში, პროტესტის ნიშნად, მშენებლობაზე მუშად დავიწყე მუშაობა და პირველი ხელფასიც მაშინ ავიღე - 200 მანეთი. ხალხი ამბობდა, მიტინგებს იმიტომ ატარებთ, რომ მუშაობა გეზარებათო და ამიტომ გადავწყვიტე, ფიზიკურად მეშრომა.

პოსტსკრიპტუმის მაგიერ:
საუბრის დასასრულს, დეპუტატმა მუხრან მაჭავარიანის ერთი პატარა ლექსი გაიხსენა, რომელიც თურმე პოეტმა მასთან ფულის სასესხებლად მისულ ნაცნობს უთხრა: "სული მასესხა ღმერთმა,/ ხორცი მასესხა მიწამ./ თავით ფეხამდე სესხმა,/ შენ რაღა მოგცე სესხად/". და დაამატა: ალბათ, ასეთი გრძნობა გაუჩნდება კაცს ჩემი ქონებრივი დეკლარაციის გაცნობისასო. იმედია, ასე იფიქრებენ სხვებიც და დარწმუნდებიან, რომ არ ღირს კობა ხაბაზთან ფულის სასესხებლად მისვლა. ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე კვირის წინ ხომ თავად ისესხა ბანკიდან არცთუ ისე ცოტა ფული... ვალს კი გადახდა უნდა...


ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა", 2011 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
24.01.2015
მიხვარს ზოგჯერ ლამაზი ზგაპარი-რომელიზ ასევე ლამაზად სრულდება,რას ეკიტხებიტ და მერე უხერხულ მდგომარეობასი აგდებტ იზულებულს ხდიტ იცრუოს...ცოდო არ არის?.....
ლელა
21.01.2015
ხაბაზი, რომ ქვეყანას ატყუებს, კარგად ვიცით, ოჯახს და შვილებსაც უმალავს მეედანზე, სომხურ ეკლესიასთან, საადის ქუჩაზე სახლები, რომ აქვს!???
გოგა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი