გიორგი გუგავა: "მერაბიშვილი საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს"
font-large font-small
გიორგი გუგავა: "მერაბიშვილი საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს"
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი, გიორგი გუგავა ირწმუნება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 16 აპრილს რუს კოლეგას, რაშიდ ნურგალიევს სომხეთში ფარულად შეხვდა და მასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა...

ჟურნალი "გზა", #16, 2011 წლის 21 აპრილი

- ბატონო გიორგი, რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ მერაბიშვილმა ნურგალიევთან საიდუმლო მოლაპარაკება გამართა?

- ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი ნურგალიევს საიდუმლოდ გაურიგდა საქართველოს წინააღმდეგ. თუ ასე არ არის, რატომ არ გააშუქეს სახელისუფლებო ტელეარხებმა ის ფაქტი, რომ "რუსეთის აგენტებისა" და "კოჭოიების" რისხვა", ასევე საქართველოს მთავარი ჯალათი - ვანო მერაბიშვილი სომხეთის მიწაზე შეხვდა მის მიერვე ტერორისტად და ოკუპანტად გამოცხადებული სახელმწიფოს შს მინისტრს, რაშიდ ნურგალიევს?

- ეს ხომ დაგეგმილი შეხვედრა არ იყო? სომხებმა მერაბიშვილი, ისევე, როგორც ნურგალიევი, პოლიციის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ ზეიმზე მიიწვიეს...
- როდესაც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელ მაღალჩინოსნებს ხვდებიან, ქართული მასმედია ერთ ვაი-უშველებელს ტეხს. რაღა ახლა მიაჩუმათეს ეს ამბავი?.. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სომხური სააგენტოების ცნობები იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილსა და რაშიდ ნურგალიევს შორის საუბარი შედგა, თუმცა საუბრის თემა უცნობია.   

- საუბრის თემა თქვენ გეცოდინებათ...  
- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ქართული მიწებისა და ეკონომიკური ბერკეტების რუსეთისთვის გადაბარების შემდეგ, ამ ქვეყანასთან მორიგი ანტისახელმწიფოებრივი გარიგება გააფორმეს და ქართული სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვა გადაწყვიტეს.

- რომელი მიწების ან რა ეკონომიკური ბერკეტების გადაბარებას გულისხმობთ?  
- შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა და მერაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოში განახორციელეს ავანტიურისტული აქტი, რომლის შედეგადაც, რუსეთს ქართული მიწები გადასცეს. აბა, ისე ხომ ვერ აჩუქებდნენ - ამას ხალხი არ აპატიებდა... შეგახსენებთ იმასაც, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსულ კომპანიებს ხონჩით მიართვა "ხრამი 1", "ხრამი 2", "მადნეული", "თბილისის წყალი", "ენერგო პრო ჯორჯია"... მთელი ენერგორესურსი რუსეთს გადააბარეს. რაც შეეხება ერევანში გამართულ მოლაპარაკებას: დარწმუნებული ვარ, რომ მერაბიშვილმა და ნურგალიევმა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების საკითხები განიხილეს. ალბათ იცით - რუსეთს სომხეთის რკინიგზის მართვის უფლება აქვს. მოსკოვს სურს, ასეთივე გავლენა მოიპოვოს მთელი ამიერკავკასიის რკინიგზაზეც. ამისთვის კი აუცილებელია, ხელში ჩაიგდოს ქართული რკინიგზა. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვს მალე ჩვენი რკინიგზის მართვის უფლება ხელთ ექნება. სხვათა შორის, ქართულ მედიასივრცეში არც ის ინფორმაცია გავრცელებულა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ქართულ-რუსული-უკრაინულმა საზღვაო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ალბათ გახსოვთ, რა დადებითი პიარი გაუკეთეს ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილს რუსულ პრესაში... ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მერაბიშვილი საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. ჩვენ ამ უსინდისობასთან შეგუებას არ ვაპირებთ. უკვე მოვითხოვეთ, რომ შს მინისტრმა, როგორც პროტოკოლითაა დადგენილი, გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თემაზე ესაუბრა რუსეთის შს მინისტრს და რა გარიგება შედგა მათ შორის. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მერაბიშვილს აუცილებლად მივუვარდებით სამინისტროში.

- ბატონო გიორგი, არ გეშინიათ, იქვე რომ დაგტოვონ?
- ლეიბორისტებმა უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის არ გვეშინია. მშიშრები რომ ვიყოთ, ქართულ პოლიტიკაში დიდხანს ვერ გავჩერდებოდით. ამ ქვეყანაში ცხოვრება ხომ ერთ დიდ "ზონაში" ცხოვრების ტოლფასია.


ბეჭდვა