"უწყინარი" ხუმრობიდან მუქარამდე და იუმორის ზღვარი რელიგიაში - გზაპრესი

"უწყინარი" ხუმრობიდან მუქარამდე და იუმორის ზღვარი რელიგიაში

შენ მუჰამედს დასცინე, ეს არ შეგრჩება და საკუთარი სიცოცხლით აგებ პასუხს!" - ასეთი და მსგავსი შინაარსის წერილები სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა იმ ადამიანებმა, ვინც წინასწარმეტყველი მუჰამედი ირონიით ან აუგად მოიხსენია, ისლამის მიმდევრებისგან სოციალურ ქსელებსა და პირად სატელეფონო ნომრებზე მიიღეს. დროთა განმავლობაში, მათ მიმართ მუქარის ზარი და მესიჯი გახშირდა. სიმშვიდე ვერც ტელეფონის ნომრისა და სოციალურ ქსელში ახალი გვერდის შექმნის შემდეგ მოიპოვეს. ზოგმა დახმარებისთვის სამართალდამცველებსაც მიმართა...

"წლებია, პოლონეთში ვცხოვრობ. როდესაც მუსლიმებმა საფრანგეთში სატირული გაზეთის რედაქციაზე იერიში მიიტანეს, მაშინ ჩემს "კედელზე" ვიხუმრე მათზე, რასაც უმალ მოჰყვა მათი მხრიდან გამოხმაურება, - პირადში მწერდნენ, რომ ამის გამო გამანადგურებდნენ... თავდაპირველად ხუმრობა მეგონა, შემდეგ კი მივხვდი, რომ ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მემუქრებოდა. თავიანთ ვინაობას არც მალავდნენ. თავიდან ვპასუხობდი და ასევე ნახევრად ხუმრობით ვეუბნებოდი, - თუ მაგარი ხარ, ამა და ამ ადგილას მოდი-მეთქი. მაგალითად, მოსკოვში, ერთ-ერთი ქუჩა მივუთითე... ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდნენ, - ვის ატყუებო? მათ მალე ჩემი ზუსტი ადგილსამყოფელი, ქალაქი, ქუჩა, სახლის ნომერიც კი გაიგეს. მივხვდი, რომ შარში ვიყავი..." - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა...

ასეთი, "უწყინარი" იუმორით დაწყებული, უსიამოვნოდ გაგრძელებული არაერთი ამბის მოსმენა შეიძლება. მიზეზი თითქმის ერთი და იგივეა.

GzaPress"შარლი ებდოს" ტრაგედიამ არა მარტო ტერორიზმზე, არამედ სხვადასხვა მრწამსის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაზე, საერთოდ, შემწყნარებლობაზე, მორალსა და ერთმანეთისადმი პატივისცემაზე დაგვაფიქრა. ვინ თუ არა რელიგიურმა მოღვაწეებმა, თუნდაც რიგითმა ღვთისმსახურებმა უნდა გაგვცენ პასუხი შეკითხვებზე, რომლებიც ადამიანის წინაშე ტრაგიკულ მომენტებში ჩნდება? ამიტომაც მივმართეთ მართლმადიდებელ მღვდელსა და მუსლიმთა წინამძღვარს.

ლაზარე დულუზაური, დეკანოზი:

- ბოლო დროს განსაკუთრებულად ბევრს ვსაუბრობ ადამიანის ცხოვრებაში რწმენის დანიშნულებაზე, რადგან ვატყობ, რომ ზოგისთვის, რწმენაზე ქილიკი იუმორის გამოხატულებაა. მხოლოდ საფრანგეთში მომხდარ ტრაგედიაზე არ ვსაუბრობ. საზოგადოების ნაწილი ლიბერალური ცხოვრების სტილის აფიშირებას ასე ახდენს და ეს ლამის ტენდენციად იქცა. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ფიქრობს შედეგზე და ეტყობა, არც ის აქვს გააზრებული, რომ საქართველო ისტორიულად მრავალრელიგიური ქვეყანაა... ადამიანის არჩევანია, უფლის გზით იცხოვრებს თუ არა, რადგან ჩვენი რწმენა შემწყნარებლური და მიმტევებლურია, ვერავის დააძალებ, იცხოვროს ქრისტეს გზით. თუმცა, ის მაინც უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება, სხვისი სულიერება შეურაცხყო. სამწუხაროა, მაგრამ ზოგმა რწმენა თავის ხასიათსა და შეხედულებას მოარგო. ეს ეხება როგორც ისლამს, ისე - ქრისტიანობასაც. ყურანში როგორც ტერორიზმს არა აქვს გამართლება, ასევე გაუმართლებელია სხვისი რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფა. ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფა და ღვთის გმობა, ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას. მით უფრო, ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც "ისლამური სახელმწიფო" ასე გააქტიურებულია, შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ კონკრეტული პირისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნისათვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვისაც კი. ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას.

ჯამბულ აბულაძე, მოლა, ადიგენის რაიონის მკვიდრი:

- ცუდია, რომ მრავალრელიგიურ საქართველოში ამ ბოლო დროს ეს პრობლემა გამოიკვეთა. ამ საკითხზე ძალზე ხშირად ვფიქრობ და სხვა "რეცეპტს", სიმშვიდის გარდა, ვერ მივაგენი... ისტორიულად ცნობილია, რომ საქართველოში ოდითგანვე ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიური მრწამსისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანები და მათი ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში ტოლერანტული იყო, ბოლო წლებში კი, კითხვის ნიშანი გაჩნდა. მიზეზი შესაძლოა, გლობალიზაციაშია, თუ საკითხს ზერელედ შევხედავთ. ლოცულობს და მარხულობს ჩვენი ერი, მუსლიმებიც და მართლმადიბებლებიც, მაგრამ შინაგანად მაინც არ ვართ მზად, რომ პირველი რიგში, უფალი და შემდეგ ერთმანეთი ჭეშმარიტად გვიყვარდეს, მივუტევოთ და დავუთმოთ ერთმანეთს. არც საკმარისი სიმშვიდე გვაქვს. არადა, ორივე რწმენის საფუძველი - სიყვარული და სიმშვიდეა... ნამდვილად არ ვიცი, რა არის მიზეზი, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ ხშირად გვიწევს შეურაცხყოფის ატანა. ცნობილ ფაქტებზე არ შევყოვნდები, მხოლოდ ერთს გავიხსენებ: წელიწად-ნახევრის წინ, სამთაწყაროში, სასულიერო პირს მიუვარდნენ და სცემეს. მას შემდეგ გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფლის შესახებ დღემდე არაფერი ვიცით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამაგიერო გადავუხადოთ ჩამდენს. უფალმა დაგვიფაროს ამისგან! ძალადობა შობს ძალადობას და არ ახშობს... არაერთხელ მქონდა მცდელობა, შევხვედროდი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ, მაგრამ მათგან პასუხი არ მიმიღია, რაც ძალზე გულსატკენია. მუსლიმი მოლა ვარ, მაგრამ ქრისტეს გზასაც კარგად ვიცნობ და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ყველა ის მოწოდება, რომელიც სხვა რელიგიურ მიმდინარეობაზე ძალადობით, ალაჰთან ან ქრისტესთან მოხვედრას ქადაგებს, მცდარია. თუმცა, ყველას ერთნაირ სათნოებას ვერ მოვთხოვთ, ზოგი კეთილია, ზოგიც - ბოროტი. ამიტომაც ადამიანები, თავიანთი შეხედულებისამებრ ცხოვრობენ და საუბრობენ და არა - საღვთო წიგნის მიხედვით. როდესაც დანაშაული ხდება, არსებობს სახელმწიფო მექანიზმები, რომ რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება აღკვეთოს.

- ალბათ დამეთანხმებით: საერთოდ, სასულიერო პირების როლი ძალზე მნიშვნელოვანია.

GzaPress- მნიშვნელოვანი არა - გადამწყვეტია. სასულიერო პირებს ურთიერთობის დაბალანსებაში გადამწყვეტი როლი გვაქვს. თუმცა, რადგან ორივე მხარეზე ვსაუბრობ, ერთ პრობლემასაც შევეხები: ალბათ გვყავს სასულიერო პირები, რომელთაც ბიბლია არც აქვთ წაკითხული, ისე მსჯელობენ მასზე, ისევე, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომელთაც ყურანი არ წაუკითხავთ. როდესაც ერის სამოქალაქო განათლების დაბალ დონეზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ - ეს ერსა და ბერს ერთნაირად გვეხება. არადა, სასულიერო პირის მთავარი მოვალეობა სწორედ ეს არის, კი არ დავაბნიოთ, არამედ რწმენის სწორ გზაზე დავაყენოთ ადამიანი. უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ სიძულვილით ცხოვრება არ არის ცხონების გზა. ყურანში წერია: ადამიანის სიცოცხლე ყველაფერზე აღმატებულია და არავის აქვს უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოს ან დასცინოს, სიცოცხლის ხელყოფაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ამას ვეუბნები ჩემს მრევლს მუდმივად...

- ბოლო დროს ხშირად საუბრობენ საქართველოში ისლამისტური ექსტრემიზმის საფრთხეზე. როგორ ფიქრობთ, ეს რეალურია?

- გაზვიადებული მგონია. თუმცა, თუ ეს საფრთხე დადგა, პირველ რიგში, სასულიერო პირები ვიქნებით პასუხისმგებელნი. თუ ეს მოხდა, გამოდის, რომ ვერ შევძელით ფხიზლად ყოფნა და მრევლის სწორ გზაზე დაყენება. ქვეყნის უსაფრთხოებაზე ყველანი ერთად ვაგებთ პასუხს და არა - რომელიმე რელიგიური მრწამსის წარმომადგენლები.

ლალი პაპასკირი