მორიგი "ბარტყის" გადაგდების პრინციპი და ციფრებისა და მაცივრების ომი - გზაპრესი

მორიგი "ბარტყის" გადაგდების პრინციპი და ციფრებისა და მაცივრების ომი

ხათუნა ლაგაზიძე:

- ჭიკაიძის გადადგომა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქცია იყო, რადგან სიტუაციას მორიგი მსხვერპლშეწირვა სჭირდებოდა, საზოგადოების აგრესია უფრო რომ არ გაღვივებულიყო. შს მინისტრის მოხსნა იოლად ასახსნელი და მას მერეც მოსალოდნელი იყო, რაც ღარიბაშვილის გუნდი ხელისუფლებას ფაქტობრივად, ჩამოაშორეს. გომელაურს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ყველა - მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც და ოპონენტებიც აღიარებენ, რომ იგი კარგი ადამიანი და პროფესიონალია, თუმცა, საკადრო გადაწყვეტილებების პრინციპები უცვლელი დარჩა - მორჩილება, მორჩილება და ისევ მორჩილება. ვამბობდი, რომ ეს დანიშნვნა ხელისუფლებისთვის ტესტი იქნებოდა - რამდენად ისწავლა ჭკუა საკუთარ შეცდომებზე - და შემიძლია ვთქვა, რომ ვერაფერიც ვერ ისწავლა და ამის შედეგს ის მოიმკის.

- ამ თანამდებობაზე ვისი დანიშვნა იქნებოდა უფრო უპრიანი?

- არ ვიცი, კონკრეტულ გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ ხელისუფლებას შეეძლო, საზოგადოებაში პოპულარული და მოთხოვნადი ფიგურა აერჩია, რაც საშუალებას მისცემდა, დაკარგული ნდობა და მოლოდინი დაებრუნებინა. არც ველოდი, რომ ხელისუფლება ამ ტესტს ჩააბარებდა. ერთი რამ ნამდვილად ახასიათებთ - ამბიციური, პოლიტიკურად მზარდი და პერსპექტიული ადამიანების მიუღებლობა და მათ მიმართ შიში. ასეთ ადამიანებს საკუთარ გუნდშიც კი არ ახარებენ.

- როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები ყველაზე მეტად რომელ სფეროშია საჭირო?

GzaPress- ეკონომისა და ფინანსთა სამინისტროების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ცვლილებები არაფერს მოგვცემს, რადგან თვითონ სამინისტრო იმ პოლიტიკას ახორციელებს, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსაც ხელისუფლება იღებს. მინისტრის შეცვლა არაფრის მომცემია ისევე, როგორც არაფრის მომცემი იყო შს მინისტრის შეცვლა, თუ მიდგომები არ შეიცვლება. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი ყოფნა საინფორმაციო ომზეა დამოკიდებული. თუ ბიძინა ივანიშვილს რეალური კომპრომატები დაუდეს უშუალოდ მასზე, გამორიცხული არ არის, ახლო მომავალში ხელისუფლებას ღარიბაშვილიც ჩამოაშოროს. არაერთი მაგალითი გვახსოვს, როცა მისი გუნდის წევრებზე კომპრომატები იდებოდა და ამის სიმართლეში რწმუნდებოდა, ეს ადამიანები ყოველთვის ემშვიდობებოდნენ თანამდებობებს: ხვედელიძე, ფარცხალაძე და სხვები.

- ღარიბაშვილის შემთხვევაში, კონკრეტულად რაზე შეიძლება იყოს საუბარი?

- ვერ გეტყვით, მე უბრალოდ, იმ საინფორმაციო ნაკადებს ვგულისხმობ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგაა მიმართული და თუ რეალური საფუძველი აქვს, შეიძლება, ივანიშვილისთვის გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი აღმოჩნდეს. რაც შეეხება თავად მიდგომებს ხელისუფლებისა საზოგადოებასთან, ის ალბათ ამ გზით გააგრძელებს სიარულს - მორიგი "ბარტყის გადაგდების" პრინციპით და ამით შეეცდება, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობის დრო გაიხანგრძლივოს.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოძვრეს ხელისუფლება იმ საკადრო კრიზისიდან, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება? სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, ისედაც მცირერიცხვოვან ერში რთულია ერთგული, კეთილსინდისიერი, მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანების პოვნა, რაც მთავარია - შესაბამისი გამოცდილებით, რასაც ამა თუ იმ პოსტზე დანიშვნის გარეშე ვერასდროს მიიღებს, თან - "ნაციონალიც" არ უნდა იყოს, რადგან წამყვან თანამდებობებზე მათ დანიშვნას საზოგადოების მხრიდან ისევ და ისევ პროტესტი მოსდევს, თუნდაც შსს-ს მაგალითები რომ ავიღოთ.

- კრიზისი ალბათ, ისევ და ისევ საკადრო პოლიტიკის სწორად წარმართვით დაიძლევა. პოლიტიკური ამბიციის მქონე ადამიანების არ უნდა ეშინოდეთ, რადგან მათ გარეშე სვლა, დინების საწინააღმდეგოა. ჩვენს ხელისუფლებაში ძლიერების წინსვლასა და წარმატებას ხელს არ უწყობენ, ჩაჩუმებული ჰყავთ და მხოლოდ მორჩილების პრინციპით ვერაფერს მიაღწევენ. ადამიანს შემოქმედებითობა, ინიციატივიანობა არ უნდა ჩაუკლა. ქვეყანას ხედვა, სახელმწიფოებრივი იდეა, სტრატეგიული განვითარების გეგმა არა აქვს. საით მიდიან? არსაით, ერთ ადგილს ტკეპნიან ერთადერთი სურვილით, რომ თვითონ დარჩნენ ხელისუფლებაში.

სოსო ცინცაძე:

- ძნელია, შევაფასოთ, როგორი მინისტრი იქნება გომელაური, რადგან საზოგადოებისთვის უცნობი პერსონაა, მაგრამ ფაქტია, მას ძალზე რთული და დელიკატურად მტკივნეული, კონკრეტული მისია აკისრია - საკადრო წმენდა უნდა ჩაატაროს, თუ ხელისუფლებას მამა-შვილი ვაზაგაშვილების მკვლელობის მთავარი ფიგურანტების გამოაშკარავება სურს. თვითონ იური ვაზაგაშვილის ინფორმაციით, რომელიც თავის დროზე ივანიშვილს გადასცა და დღეს საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, დამნაშავეები შსს-ს დღევანდელი თანამშრომლები არიან, თანაც - მაღალი ეშელონების წარმომადგენლები. წმენდა მინისტრმა უნდა ჩაატაროს და მასზე ამის მერე შეგვიძლია ვისაუბროთ. ის, რომ გომელაური ივანიშვილის კადრია, ცნობილი ფაქტია. ცოტა ხნის წინ მკითხეს, - თქვენი აზრით, ის დამოუკიდებელი ფიგურა თუ იქნებაო? ეს სასაცილოა, რადგან აბა, დამოუკიდებელი დღევანდელი საქართველოს რომელიმე მინისტრია? ან სააკაშვილისა და შევარდნაძის დროს ვინმე იყო ასეთი? როგორც კი რომელიმე დამოუკიდებელ თამაშს მოინდომებდა, თანამდებობას მაშინვე ატოვებინებდნენ. იმ მისიის თვალსაზრისით, რაც გომელაურს აკისრია, ბევრი არ ისურვებდა მის ადგილზე ყოფნას. ვაზაგაშვილების საქმის სახით, სისხლის სამართლის დანაშაულია გამოსაძიებელი, მთელი თავისი "თაიგულით".

- რას იტყვით დანარჩენ საკადრო ცვლილებებზე?

- 20 წელია, შეგუებული ვარ, რომ ქართულ საკადრო პოლიტიკაში ეშმაკი ფეხს მოიტეხს. ვერავინ გაიგებს, რა პრინციპები მოქმედებს, გარდა ერთისა - ნეპოტიზმი, სიახლოვე და ერთგულება. თუმცა, ალასანიას, მარგველაშვილისა და სხვათა მაგალითებს თუ გავიხსენებთ, ქართულ პოლიტიკაში ერთგულებაც კონიუნქტურულია. დღეს შენი ერთგული ხვალ შეიძლება, ღიად დაპირისპირებულიც აღმოჩნდეს. როგორც ვხედავ, ყველაზე საიმედო, ნათესაური ახლობლობაა. საკადრო პოლიტიკის ცვლილებებზე სერიოზული მსჯელობა ცოტა უადგილოდ მეჩვენება. ერთი სიტყვით შეგვიძლია შევაფასოთ - არაპროფესიონალიზმის ზეიმი, რადგან სადაც ნეპოტიზმია, პროფესიონალიზმისთვის ადგილი აღარ რჩება. დაუწერელი კანონია.

- თუ მოიძებნება ისეთი მინისტრი, რომელიც შეგიძლიათ გამოარჩიოთ თავისი საქმიანობით?

GzaPress- სერგეენკო საყოველთაოდ აღიარებული მინისტრია. პირველ რიგში, თავისი წესიერებით იქცევს ყურადღებას. სუბიექტურად რომ განვსაჯო, მხოლოდ ამ ერთ ადამიანში ვხედავ, რომ ის არსებული მდგომარეობით შეწუხებელია. სხვა მინისტრებსა და პარლამენტარებს რომ ვუყურებ, თვითკმაყოფილი, ბედნიერი სახეები აქვთ, სახეზე წუხილს ვერ შეატყობ. მათი საუბარი, ქცევა, გარეგნობა, გამოხედვა თვითკმაყოფილებას ასახავს და ჰგონიათ, სხვებიც მათსავით კარგად არიან. სერგეენკოს თვითკმაყოფილება ვერ შევატყვე. რეალურად ხედავს, რამდენი რამაა გასაკეთებელი და ვერ კეთდება. მთელ ამ გუნდში თეთრი ყვავივით ჩანს.

- ბევრი პრობლემაა ეკონომიკის სფეროში, შედეგი კი მოსახლეობის ყოფაზე აისახება.

- საქართველოს დღეს ეკონომიკა არ აქვს, ისევე, როგორც განათლება არ აქვს და მინისტრი გვყავს, კულტურა არ აქვს და მინისტრი გვყავს. ბევრ სფეროშია ასე. ერთი ფაბრიკა და ქარხანა მაჩვენეთ, საიდანაც კვამლი ამოდის. ხუთკაციანი შპს რომ გაიხსნება და პრემიერი და ყველა იქ გარბის, ეს ეკონომიკა არაა. მხოლოდ ტენდერების მოწყობა და რაღაცების გაყიდვა არაა ეკონომიკა. მისი შედეგი, პირველ რიგში, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა ვიგრძნოთ. რელაციები, რომ ეს ამდენი პროცენტით იზრდება და ის - იმდენით, ციფრების ომია - მაცივრებთან. ხალხის მაცივრები ცარიელია, ეკონომიკის ზრდის ციფრები კი... ეკონომიკის სამინისტროს სერიოზულად არც განვიხილავ. როგორ ტენდერებს ატარებენ, ეს კიდევ ცალკე თემაა.

- ფინანსთა სამინისტროზე რას იტყვით?

- ჩვენი საზოგადოება აბსოლუტურად გაუნათლებელი და უვიცია. ხალხმა ისიც კი არ იცის, რომ ლარის კურსის გამყარება, დავარდნა თუ აწევა, ფინანსთა მინისტრზე არაა დამოკიდებული, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენცია არ არის! ამაში ძირითადი დამნაშავე ცენტრალური ბანკია და პასუხიც მას უნდა მოსთხოვონ, ამ დროს კი ყველა საწყალ ხადურს მიადგა. რა შეუძლია მას? შეუძლია წავიდეს, სადღაც ისესხოს ფული და ეგაა. ფულის საჭრელი დაზგა არ აქვს. ხალხი კი ხადურის მოხსნას ითხოვდა. ვინც მოსახსნელია იმას ვერ მოხსნი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. სააკაშვილის დროს ლარი ხელოვნურად მყარდებოდა - ყოველ წელს ბაზარზე 300-400 მილიონი გამოდიოდა. წელს სადაა ეს ფული, რომ გამოიტანონ, ლარის კურსი გადაარჩინონ? რა უნდა ქნას ფინანსთა მინისტრმა?

- თქვენი აზრით, გადაუდებელი საკადრო ცვლილებები რომელ სამინისტროშია განსახორციელებელი?

- ჩემი ნება რომ იყოს, პირველ რიგში, განათლებისა და მეცნიერების და საგარეო საქმეთა მინისტრებს შევცვლიდი. ესეც ნეპოტიზმი იყო, როცა პრეზიდენტმა ბუღალტერი ქალი მინისტრად დანიშნა. მისი ახლობელია, "ჯიპაში" ერთად მუშაობდნენ და ქალს წარმოდგენა არ აქვს არც მეცნიერებაზე, არც განათლებაზე და კი ხედავთ, რა დღეშია ეს სფერო! ნახეთ კიდეც, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარემ - კიღურაძემ რა დღე აყარა. აკადემიკოსი კაცია!.. უვიცი თაობა მოდის. 40 წელია, პროფესორი ვარ, რამდენ ათას სტუდენტს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ასეთი უვიცი, უწიგნური თაობა, ამ ბოლო წლებში სკოლიდან რომ მოდის, ნამდვილად არ მახსოვს. სამინისტროს 200 მილიონი ლარი დასახარჯი დარჩა მაშინ, როდესაც თბილისში ზოგიერთ სკოლაში საკლასო ოთახებს ელექტროქურებით ათბობდნენ! გათბობა ვერ გააკეთეს. მარტო ამიტომ იყო მოსახსნელი. მაგრამ ბიუჯეტის აუთვისებლობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რეკორდსმენი რომ იყო, აგერ, მერად დაგვისვა ერთმა კაცმა! ქალაქი რა დღეშია, ხედავთ.

- საგარეო ურთიერთობებში ხელისუფლების სტრატეგია ცოტა უცნაურად გამოიყურება. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ ნაბიჯებს?

- ვერ გავერკვიე, ჩვენი კურსი პროდასავლურია, პრორუსული თუ პროამერიკული. საგარეო პოლიტიკა არ გვაქვს, მათ ნათქვამზე ან სხვა საკითხებზე მხოლოდ ჩვენი რეაქცია გვაქვს. ის, რომ ჩვენს კურსს ვატარებდეთ და მას ვიცავდეთ, არ ხდება. "რეაქციული" საგარეო პოლიტიკა გვაქვს. ამერიკა ჩვენი მოკავშირეა, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობა აქვს ყაზახეთთან, სამხედრო თანამშრომლობის სფეროშიც კი, ვიდრე საქართველოსთან.

- რაში ხედავთ გამოსავალს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის თვალსაზრისით?

- ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა მთავრობამ უკვე მოახერხა საკადრო პოლიტიკით. არჩევნებში გამარჯვება უფრო ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ ქვეყნის მართვა, უკვე ცხადი გახდა, რომ - არა. ამას ბევრი მიზეზი აქვს. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი აქაურ საკადრო პოლიტიკას ცუდად იცნობდა. გაუგებარი, ეკლექტიკური კოალიცია უკვე ნაკერებზე ირღვევა. ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, ორკაციანი პარტიები უკვე მარგინალები იყვნენ, სამ წელიწადში მათი ხსენებაც აღარ იქნებოდა და შედეგიც ეს მივიღეთ. ერთხელ ივანიშვილმა თქვა, ცუდი კი არა, საშუალო დონის მინისტრიც კი არ მყავს, კარგი და ძალიან კარგი მინისტრები მყავსო. ამიტომ მთელი წელიწად-ნახევარი უთმინეს გაუთავებელი ყავის სმა კულტურის მინისტრს, ათასნაირი გაუწონასწორებელი განცხადება - ირაკლი ალასანიას, საგარეო საქმეთა მინისტრს - აბსოლუტურად არაპროფესიული მუშაობა და გაუთავებელი უშედეგო ვოიაჟები. საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა ის მიიღო, რომ 2016 წლის არჩევნებში შეიძლება, მეფე ლირის როლში აღმოჩნდეს - ყველას მიერ მიტოვებული და მარტო დარჩეს. ერთადერთი, რაც მივიღეთ, არის ის, რომ პირადი თავისუფლების გაცილებით მაღალი სტანდარტია - მე რომ ახლა ასე თავისუფლად გესაუბრებით, მაგრამ ხალხისთვის ეს საკმარისი არაა. მოსახლეობას ყოფითი პირობები, სამუშაო და ოჯახის გამოკვება აინტერესებს. როდესაც მთავარი საზრუნავი "პური ჩვენი არსობისა" ხდება, თავისუფლება მათ ვერ დაამშვიდებს, ადამიანური ცხოვრება უნდათ და ეს პრობლემები უნდა მოაგვარონ, დაპირებისამებრ.

თამთა დადეშელი