ჩიორა თაქთაქიშვილს ეშინია, რომ სცემენ
font-large font-small
ჩიორა თაქთაქიშვილს ეშინია, რომ სცემენ

სოსო ჯაჭვლიანმა, რომელსაც "ნაციონალები" "ქორების პარტიის" წარმომადგენელს ეძახიან, შეუმსუბუქა კიდეც მდგომარეობა




გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა აკაკი ბობოხიძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ახალ წლამდე პარლამენტში მომხდარი შეხლა-შემოხლის გამო. შეგახსენებთ, რომ უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის პარლამენტში გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. მან ღია მიკროფონში უმრავლესობის წევრებს შეაგინა, რასაც საპასუხო გინება მოჰყვა და ეს ყველაფერი შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო.

მოგეხსენებათ, პარლამენტარებს არდადეგები დაუმთავრდათ და ამ კვირაში საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა. გუშინდელ სხდომაზე აკაკი ბობოხიძემ 10-წუთიანი გამოსვლის დროს მომხდარის გამო ბოდიში არ მოიხადა, რის გამოც უმრავლესობის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.
ბობოხიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და მხოლოოდ სხვების დასანახავად და ქულების დასაწერად ბოდიშის მოხდას არ აპირებს...
ამის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა შესვენება მოითხოვეს.
შესვენების დროს უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა "ფესიბუკზე" "შეშინებული" პოსტი დადო, სადაც ამტკიცებდა, რომ უმრავლესობის წევრები თათბირობდნენ, ეცემათ თუ არა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები... რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით - "ისევ ბჭობენ"...

სიტუაციაში გასარკვევად უმრავლესობის წევრს, პარლამენტარ თამაზ მეჭიაურს დავუკავშირდით.

- ბატონო თამაზ, ჩიორა თაქთაქიშვილმა თქვა, - უმრავლესობამ შესვენება იმის გამო მოითხოვეთ, რომ მიგეღოთ გადაწყვეტილება, გეცემათ თუ არა "ნაციონალები".
- აბა, ამაზე რა გითხრათ? გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხების გამო ვთათბირობდით. მაგალითად, განვიხილავდით ცესკოს წევრების კანდიდატებს. "ნაციონალები" ვცემოთ თუ არა, ამის გამო არ შევკრებილვართ, თუმცა, იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აკაკი ბობოხიძემ ბოდიში აუცილებლად უნდა მოიხადოს, თანაც - გულწრფელად. თუ ვინმეზეა გაბრაზებული, მისთვის უნდა მოეთხოვა პასუხი კონკრეტულად და არა - "ოცნების" ყველა წევრისთვის. მან უმსგავსობა ჩაიდინა და ამაზე პასუხი უნდა აგოს. სოსო ჯაჭვლიანმა, რომელსაც "ნაციონალები" "ქორების პარტიის" წარმომადგენელს ეძახიან, შეუმსუბუქა კიდეც მდგომარეობა და უთხრა, რომ ბოდიშის მოხდა სირცხვილი კი არა, ვაჟკაცობაა, მაგრამ ბობოხიძემ ბოდიში მაინც არ მოიხადა. ჰქონდა მხოლოდ მცდელობა, ისიც ძალიან უსუსური.

GzaPress


ნათია ჟივიძე
, სპეციალურად საიტისთვის
ბეჭდვა