მეამბოხე პრეზიდენტის მეამბოხე კანდიდატი - გზაპრესი

მეამბოხე პრეზიდენტის მეამბოხე კანდიდატი

პირველი საკომიტეტო მოსმენა 12 საათზე დაინიშნა, თუმცა, დეპუტატების გამოუცხადებლობის გამო, ქვორუმი არ შედგა, რისთვისაც კომიტეტის თავმჯდომარემ იმავე დღეს, 17 საათზე მთავარი მოსამართლის კანდიდატთან შეხვედრის თაობაზე გამოაცხადა. "ქართული ოცნების" წევრებმა ამჯერადაც სოფლის კრებად ჩათვალეს კომიტეტის მორიგი სხდომა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ მეამბოხე პრეზიდენტის რჩეულის, "ნაციონალების" მიერ "მეამბოხე მოსამართლედ" წოდებული ნინო გვენეტაძის მოსმენა ვერ მოხერხდა. ძნელია წინასწარ იმის თქმა, თუ რით დასრულდება გვენეტაძის მცდელობა, წარდგეს კანონმდებელთა წინაშე, მაგრამ ორი ჩაშლილი შეხვედრიდან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, თუ ვის მხარეს იხრება (თუნდაც ამ ერთ, ცალკე აღებულ საკითხში) დაუფარავი ჭიდილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის.

- საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელისუფლებო შტოს მმართველობა, რომელიც პრინციპულად საინტერესო იყო ყველა მოქმედი ხელისუფალისთვის, დღეს უკვე პრეზიდენტმა თქვენ მოგანდოთ. ახლა ჯერი პარლამენტზეა. საინტერესოა, რა მოლოდინი აქვს მოსამართლეს, რომელმაც წლების წინ "მეამბოხის" სახელით, ერთხელ უკვე მოისხნა მოსამართლის მანტია?

- მოსამართლის ფიცი, რომელიც მოსამართლედ გამწესებისას დავდე, პროფესიული მოღვაწეობის ყველა ეტაპზე მავალდებულებს, ვიბრძოლო კანონის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებებისთვის.

- 23 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც თქვენი კანდიდატურა უნდა განხილულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, ქვორუმის არარსებობის გამო, ჯერ 12 საათზე, ხოლო შემდეგ, იმავე დღის 19 საათზე ჩაიშალა. მიზეზი ისევ "ქართული ოცნების" წევრების გამოუცხადებლობა გახლდათ. როგორ ფიქრობთ, ყოველივე ამის შემდეგ, გაქვთ თუ არა ნერვიულობის მიზეზი, რომ პარლამენტმა შეიძლება უარყოს პრეზიდენტის არჩევანი?

GzaPress- პროცესი დაძაბულია, მაგრამ ეს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული, პროცედურული საკითხებია, რომელიც თვით პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილების მისაღებად დეპუტატებსაც სჭირდებათ დრო და კომუნიკაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგება.

- ვხედავთ, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ზღვარზეა. დისკუსიები არ წყდება იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენმა დასახელებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს გუნდის შიგნით დაპირისპირება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ყოფილი პრემიერისა და პრეზიდენტის უთანხმოებაა იმის მიზეზი, რომ 23 თებერვალს კომიტეტის ორივე მოსმენა ჩავარდა? და თუ ასეთ ვარაუდს უშვებთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ თქვენი კანდიდატურა საკანონმდებლო ხელისუფლებაში, იმავე ფაქტორების გამო, საერთოდ დაიბლოკოს?

- პოლიტიკურ პროცესებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მზად ვარ, მოთმინებითა და წინდახედულებით გავიარო ყველა ის ეტაპი, რომელიც პარლამენტის სესიამდეა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიათ პრეზიდენტმა ამდენ კანდიდატს შორის? ექსპერტთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ თქვენ ისევ "რესპუბლიკელებისა" და ალასანიას ფავორიტი ხართ და პრეზიდენტმა ამიტომ გამოგიცხადათ ნდობა.

- საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა დემოკრატიულმა პროცესმა შესაძლებელი გახადა, საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო და უფლებადამცველი ორგანიზაციების, აკადემიური წრეეების ჩართულობა, რაც მათთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატის წარსადგენად კრიტერიუმების განსაზღვრასა და შემდგომ, სასურველი კანდიდატის წარდგენაში გამოიხატა. დასახელებულ 28 კანდიდატს შორის პრეზიდენტმა ჩემზე არჩევანი შეაჩერა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომელზეც საზოგადოებასთან შეთანხმდა. დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს შორის არჩევანი პრეზიდენტის პრეროგატივა იყო.

- ურთულესი გამოცდის წინაშე ხართ და ეს ტვირთი კიდევ დამძიმდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თქვენს კანდიდატურას მიიღებს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სასამართლო სისტემის გამართვაა, რომელიც წინა ხელისუფლებამ სრულიად კონტროლირებული გახადა. როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოუწევს უზენასი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს, ხალხის მთავარ მოთხოვნას გადახედოს, რასაც "სამართლიანობის აღდგენა" ჰქვია?

- მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საფუძვლად უდევს ქვეყანაში კანონის უზენაესობას. სასამართლო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ სტანდარტს, შეუძლებელია, იყოს სამართლიანი, განსაკუთრებით - პოლიტიკური ქვეტექსტების მქონე საქმეებზე. ამასთან, საჯაროობა, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათ საქმიანობაში ჩაურევლობა ის პრინციპებია, რომელიც უნდა დავიცვათ გარდამავალი მართლმსაჯულების ეტაპზე, სამართალწარმოებისას. მოსამართლეებმა უფრო დიდი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში, ვიდრე კანონმდებლებმა, მართლმსაჯულების რეფორმირების საკანონმდებლო რეგულაციების შექმნით.

- ალბათ გააზრებული გაქვთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება რაღაც ფაქტორებს ითვალისწინებს, რის გამოც, ბევრი გახმაურებული საქმე გაუხსნელია და საქმოსნები დაუსჯელნი რჩებიან. თქვენც ხომ არ მოგიწევთ, ანგარიში გაუწიოთ პოლიტიკურ დღის წესრიგს? თუ დაუმორჩილებელი მოსამართლის სახელის შენარჩუნებას აპირებთ?

- სასამართლო ხელისუფლება ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი უნდა ახორციელებდეს მართლმსაჯულებას. ნათელია, რომ სახელმწიფოში სამართალი რეალურად ვერ იარსებებს, სასამართლოს გარეშე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია მოქალაქეებისთვის - სამართლიანი სასამართლოს უფლება.

- აქვთ თუ არა შიშის საფუძველი იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე თქვენი და თქვენი კოლეგების მიმართ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ხალხი ბევრ საეჭვო ქმედებაშია მოქმედი ხელისუფლებისა და მოსახლეობისგან ეჭვმიტანილი?

- ჩემ მიერ განვლილი გზა და სამოსამართლეო ეთიკის ნორმებისადმი ერთგულება ამას გამორიცხავს.

- გადაიხედება თუ არა იმ მოსამართლეთა საქმეები, რომლებიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად 9 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთებს უპირობოდ ასრულებდნენ?

- თუ სახელმწიფო საკანონმდებლო ცვლილებებით განზაღვრავს მართლმსაჯულების ხარვეზების გადასინჯვის წესს და კანონი სამართალწარმოების პროცედურების განხორციელებას გაითვალისწინებს, სასამართლო იმოქმედებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

- საინტერესოა, რამდენად სუფთა იყო მაშინდელი სასამართლო ხელისუფლება და დღეს როგორ შეაფასებთ იმ დროის სისტემას? მინდა, კიდევ შეგახსენოთ კადრები, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს პროკურორი მოსამართლის მითითებით მოქმედებდა. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, თითქოს პიროვნებას დაპატიმრების განაჩენი ჰქონდა და სასჯელაღსრულება მის დაკავებას ვერ ახდენდა, რადგან შესაბამისი დოკუმენტაცია არ გააჩნდა.

- შევარდნაძის მმართველობის ეპოქაში შევძელი, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე და ამით ძალიან ამაყი ვარ.

- მაშინდელმა ხელისუფლებამ თქვენ და რამდენიმე თქვენი კოლეგა მეამბოხე მოსამართლეები გიწოდათ. ვერ შეძლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე მოსამართლის კონტროლი და განაჩენიც გამოგიტანათ. ზოგი ხელფასის შესაბამის პენსიაზე დაითანხმა, ზოგის საქმე უფრო შორსაც წავიდა. როგორც ცნობილია, თქვენი საკითხი სტრასბურგშიც განიხილებოდა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო დემოკრატიულმა სასამართლომ თქვენი საკითხის დადებითად გადაწყვეტა? ჰქონდა თუ არა გავლენა "ნაციონალურ მოძრაობას" უცხოურ სასამართლოზე, კერძოდ, თქვენს საქმესთან დაკავშირებით?

- ევროპის სასამართლო მაღალი დონის რეგიონული სტანდარტია, რომლისთვის ლოდინი ნამდვილად ღირს. ამავდროულად, მოქმედმა ხელისუფლებამ ბოლომდე შეასრულა ვენეციის კომისიის 2007 წლის რეკომენდაციები, მოსამართლეთა დისციპლინური დევნის კანონთან დაკავშირებით და მოხსნა საკანონმდებლო ბარიერები თანამდებობაზე დასაბრუნებლად.

- რესპუბლიკური პარტიის წევრიც იყავით. რატომ თქვით უარი აღნიშნული პარტიის წევრობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარტია კოალიციურ მთავრობაში მოვიდა?

- ჩემი სასამართლო ხელისუფლებაში დაბრუნება და უფლებებში აღდგენა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პოლიტიკურ საქმიანობას არ საჭიროებდა და სამართლებრივი საშუალებებით ბრძოლას ვაგრძელებდი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაშინ თქვენსა და უსუფაშვილს შორის რაღაც დაპირისპირება მოხდა. მართლა მოხდა მსგავსი რამ?

- ???

- იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გაჯიქდება და რიგი მიზეზების გამო, თქვენზე უარს იტყვის, ვინ იქნება თქვენთვის მისაღები კანდიდატი? ან მანამდე თუ ხედავდით ასეთ პიროვნებას, როცა პრეზიდენტთან მსურველთა განაცხადებები შედიოდა?

- ???

როგორც ხედავთ, რამდენიმე კითხვა ქალბატონმა ნინომ უპასუხოდ დატოვა. ალბათ იმასაც მიაქციეთ ყურადღება, რომ ზოგიერთ შეკითხვაზე ერთობ ზოგადი პასუხი გაგვცა. როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ასე პოლიტკორექტულობის გამო მოიქცა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს პარლამენტი. ჩემი რესპონდენტი კანონმდებლების მიერ დასმულ კითხვებზე ალბათ გაცილებით სრულყოფილ პასუხებს გასცემს.