ქამარშემოჭერილი ქართველი ხალხი გაქსუებულ მთავრობას ემდურის - გზაპრესი

ქამარშემოჭერილი ქართველი ხალხი გაქსუებულ მთავრობას ემდურის

ქვეყნის მთავრობამ ყველა გააოცა, როდესაც "ნაციონალების" ტერმინი გამოიყენა და საქვეყნოდ განაცხადა, რომ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადადის. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციული ხარჯები 12%-ით უნდა შემცირდეს და ეს თანხა ხალხის საჭიროებისთვის დაიხარჯოს. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებმა ბოლო წლებში 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეისყიდეს. ეს ინფორმაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" გაავრცელა.

ანა დაბრუნდაშვილი, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი მკვლევარი:

- არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადმინისტრაციული ხარჯები უნდა შეამცირონ და ქვეყანა ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე გადადის. ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა, ბოლო წლებში სხვადასხვა სექტორში რა დანახარჯები აქვს მთავრობას. გვინდოდა, შეგვეკრიბა შესაბამისი ინფორმაცია და დავიწყეთ მანქანებით - ეს არის სფერო, სადაც მთავრობის წევრთა დანახარჯები საკმაოდ მსხვილი და სოლიდურია. შედეგიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: 2013-2015 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 147 მილიონი ლარია დახარჯული. ყველაზე მეტი ფული შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ დახარჯა და ამ თანხის დიდი ნაწილი საპატრულო პოლიციის მანქანების შესყიდვას მოხმარდა. საავტომობილო საშუალებების შესყიდვის ხარჯებში რიგით მეორე ჯანდაცვის სამინისტროა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წელს გაწეული ხარჯები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე - 2013 წელს.

ჩვენი მოსახლეობის აზრით, ე.წ. "ქამრების შემოჭერა" მთავრობას უფრო ადრე უნდა დაეწყო:

თეონა, მცირე მეწარმე:

- არ ვიცი მთავრობა "ქამრების შემოჭერაში" რას გულისხმობს, ჩვენ კი, ქამარშემოჭერილებიც ვართ და ყელში თოკწაჭერილებიც. პატარა მაღაზიის მეპატრონე ვარ, სარემონტო მასალებსა და სხვადასხვა წვრილმანს ვყიდით. ლარის გაუფასურების შემდეგ, გადასახადები ლამის 500 ლარით გამიძვირდა. ამას ემატება ბანკის კრედიტიც, რომელიც დოლარში მაქვს გამოტანილი. რადგან ყველაფერი გაძვირდა, მეც იძულებული გავხდი, ფასები გამეზარდა, რის გამოც რეალიზაცია შემცირდა. თუ ასე გაგრძელდება, იძულებული გავხდები, ეს მაღაზიაც დავხურო და ყველაფერს შევეშვა. მეც შემოსავლის წყაროს გარეშე დავრჩები და ის გოგონაც, რომელიც გამყიდველად მყავს დაქირავებული. აი, ამას ჰქვია "ქამრების შემოჭერა" და არა - უახლესი მარკის ჯიპით მგზავრობას.

ლევანი, პენსიონერი:

GzaPress- მთელი ცხოვრება "ქამარშემოჭერილი" არა ვარ, შვილო?! "ქამრების შემოჭერაზე" სააკაშვილიც ბევრს ლაპარაკობდა, მაგრამ მისი მთავრობა არაფერს იკლებდა, ახლა პენსიაზე 10 ლარს მოგიმატებთო, დამპირდნენ და გაქსუებული მთავრობის მიერ, ჯერ მოუმატებელი 10 ლარი უკვე ინფლაციამ შემიჭამა. თვითონ ათასობით ლარი პრემია გამოიწერეს, "ნაციონალების" ნაქონ მანქანებში როგორ ჩავსხდებითო და უახლესი მარკის ავტომობილები შეიძინეს. დავანებოთ თავი ფულზე ლაპარაკს, ყველაზე მძიმე იმედგაცრუებაა, ჩვენ კი, ყველა მთავრობამ იმედი გაგვიცრუა და აბუჩად აგვიგდო. ახლა რაც უნდათ, ის ქნან - უნდათ, ქამრები შემოიჭირონ და უნდათ - მტკვარში გადახტნენ გასაგრილებლად.

ქართველი ეკონომისტების აზრით, ეკონომია ამ ეტაპზე მართლაც აუცილებელია. სიტუაციის შეფასება რამდენიმე მათგანს ვთხოვეთ:

ქეთი კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- მთავრობამ გადაწყვიტა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეამციროს. რა თქმა უნდა, ეს თანხა მათ საპრემიო ფონდებსა და დანამატებს უნდა მოაკლდეს, რადგან სხვა მხრივ ეკონომია შეუძლებელია. მათი ადმინისტრაციული ხარჯები შეიკვეცება და ფუფუნების საშუალებებიც მოაკლდებათ, რადგან ქვეყანაში საამისო ფული აღარ არის. დაგეგმილი 5-პროცენტიანი ზრდა 2%-მდე შეამცირეს, ამიტომ ბუნებრივია, ეს პირველ რიგში საპრემიო და სახელფასო დანამატებზე აისახება. ლარის გაუფასურება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალიც გვეზრდება: ვალი დოლარებშია გადაანგარიშებული, ამიტომ ბუნებრივია, მეტის გადახდა მოგვიწევს. თავისთავად ცხადია, რომ მთავრობამ ხარჯები უნდა შეამციროს. გონივრული ხარჯვის შემთხვევაში, სულ ცოტა, 300 მილიონამდე ლარის ეკონომია შეიძლება. ფაქტია, რომ ფუფუნების საგნების შესაძენი თანხა წლევანდელ ბიუჯეტში აღარ იქნება.

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი:

GzaPress- დასაწყისში გეტყვით, რომ როდესაც მთავრობა "ქამრების შემოჭერაზე" იწყებს ლაპარაკს, ეს პირველი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანაში არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობაა. საერთოდ, ბიუროკრატიას აქვს თვისება, რომ თვითკმარ სისტემად ჩამოყალიბდეს. თუ საზოგადოება არ გააკონტროლებს, ისეთ გარემოს შექმნის, რომელიც მის ინტერესებს, მის კეთილდღეობას მოემსახურება. ამიტომ, თუ ბიუროკრატია დროდადრო არ გავაკონტროლეთ და შევაჯანჯღარეთ, ის მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნებს, მოითხოვს ძვირად ღირებულ კაბინეტებსა და მანქანებს, დაინიშნავს მაღალ ხელფასებსა და პრემიებს და სულ დაავიწყდება, რისთვის დავიქირავეთ. ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი. დემოკრატია იმიტომ არის კარგი, რომ საზოგადოებას შეუძლია გააკონტროლოს, მოსთხოვოს და ხანდახან ყურიც აუწიოს ხელისუფლებასა და სამთავრობო სტრუქტურებს, არამიზნობრივი ხარჯვის გამო. ის თანხები, რაც უკვე გაღებულია, უკან ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ ახლა კეთილი ინებონ და თავიანთი ხარჯები შეამცირონ. როცა ქვეყანაში რეცესიის ნიშნები შეინიშნება და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იკლებს, მარტო მთავრობამ კი არა, რიგითმა ადამიანებმაც უნდა ისწავლონ ეკონომია. დაწყებული ელექტროენერგიით, დამთავრებული სხვა, ყოველდღიური ხარჯებით. მთელ მსოფლიოში ასე იქცევიან, რადგან მომჭირნეობა სამარცხვინო თვისება სულაც არ არის. არის ასეთი ინგლისური ანდაზა: "დაზოგო პენი, ნიშნავს დამატებით იშოვო ერთი პენი". შესაბამისად, "ქამრების შემოჭერაშიც" ცუდი და სამარცხვინო არაფერია.

ხათუნა ჩიგოგიძე