"დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული "ნაც.მოძი" რუსეთის საქმეს აკეთებდა" - გზაპრესი

"დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული "ნაც.მოძი" რუსეთის საქმეს აკეთებდა"

მისი ნაწარმოების მიხედვით სპექტაკლებიც დადგმულა და მერაბ კოკოჩაშვილმა 2009 წელს ფილმიც გადაიღო - "უსუი", რომელიც, ასე იშიფრება: უბადრუკი საქართველოს უსუსური ისტერია. როგორც მის ბიოგრაფიაში ამოვიკითხე, მისი შემოქმედება ასე შეიძლება დახასიათდეს - აბსურდული მისტიფიკაციები ცხოვრებისეული აბსურდების მიხედვით. სხვათა შორის, იგი ერთ-ერთი სცენარისტი გახლდათ 1990-იან წლებში პოპულარული თოჯინური სერიალისა - "ჩვენი ეზო". მოკლედ, ირაკლი ლომოურის ბიოგრაფია საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ამჯარად მას არა შემოქმედებაზე, არამედ პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდი:

- როგორია თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი და ხშირად ადევნებთ თუ არა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს?

ირაკლი ლომოური, ლიტერატორი:

- პოლიტიკისადმი ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან ეს ნამდვილად ბინძური თამაშია. შესაბამისად, ყოველდღიურ ყოფაზე უარყოფითი, დამღუპველი გავლენა აქვს - უკან და უკან მივდივართ... პოლიტიკურ ცხოვრებას "ალმაცერად" ვადევნებ თვალყურს: ინტერნეტისა და რადიოს მეშვეობით (ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ) და მართალი გითხრათ, გულისრევის შეგრძნება მიჩნდება (უკაცრავად, გამოთქმისათვის)...

- როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორ აფასებთ იმ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მივიღეთ? რას შეაფასებთ დადებითად, რას უარყოფითად და თქვენს შემთხვევაში სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ (ან უარესობისკენ) შეიცვალა თუ იგივე დარჩა?

- რაღაც მართლაც გაკეთდა. მაგალითად, საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ საერთო ჯამში, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა... ეკონომიკა სულს ღაფავს, ხოლო მდგომარეობის გამოსასწორებლად, არსებითად და სისტემურად, არაფერი კეთდება... ამ დროს, მილიარდები უნდა დაიხარჯოს სრულიად უაზრო, ქალაქის იერსახის დამანგრეველ პროექტზე - "პანორამა თბილისი"... აპირებენ გიგანტური ჰესების აშენებას, რაც სრულიად დაუშვებელია - თანაც წინასაარჩევნო პროგრამაში შავით თეთრზე ეწერა, საქართველოში ატომური ელექტროსადგურები და გიგანტური ჰესები არ აშენდებაო... ერთი სიტყვით, კატასტროფული მდგომარეობაა...

- როგორ შეაფასებთ კოალიციის შიგნით არსებულ მდგომარეობას? ანუ მისი წევრების ერთმანეთთან და მაგალითად, პრეზიდენტთან დამოკიდებულებას?

- ეს ყველაფერი შემიძლია შევაფასო ერთი სიტყვით - მარაზმი!

- რამდენად სწორად მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები და ეთანხმებით თუ არა გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ თანამდებობებზე დანიშვნა ნათესაურ-მეგობრული ნიშნით ხდება? თუ მიგაჩნიათ, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მხრიდან აგორებული ჭორებია?

- ესეც ამ მარაზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. უბედურება ისაა, რომ ვინც უნდა იყოს სათავეში, "ნაც.მოძი", "ქართ.ოცნება" თუ "მესამე ძალა" (რომელიც ჯერ არ ჩანს რეალურად), ეს პრაქტიკა მაინც გაგრძელდება. ალბათ პრობლემა ჩვენშია...

- როგორ მიგაჩნიათ, მთავრობის საგარეო პოლიტიკა და გეზი სწორია?

- სრულიად არასწორია და დამღუპველი. მთავრობა ცოცვით მიდის ევრაზიული კავშირისკენ - გვამზადებს იმ მომენტისთვის, როდესაც ისკუპებს და "ჩაგვახუტებს" ჩრდილო მეზობელს... ხოლო დათვის, მით უმეტეს, დაუძლურებული დათვის ჩახუტება კი რა დღეში ჩაგვაგდებს, მგონი, ცხადია... არ მინდა, ჩემმა შვილებმა "გულაგში" იცხოვრონ.

- პუტინის რამდენიმედღიან გაუჩინარებაზე თქვენ რა მოსაზრება გაქვთ?

- აბა, რა გითხრათ? რაც უნდა იყოს, კარგი არაფერია მოსალოდნელი... პუტინი გამოჩნდა და ეგრევე გასცა ბრძანება, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანონ დასავლეთისკენ მიმართული სამხედრო ნაწილები... აგრესიული, "ველიკოძერჟავული" პოლიტიკა ალბათ, გაგრძელდება... დიდი ომი იქნება თუ არა ევროპაში (ანუ მესამე მსოფლიო), არ ვიცი, მაგრამ სულ არ გამიკვირდება, ერთ "მშვენიერ" დღეს რომ გავიღვიძო და რუსული ტანკი დავინახო ჩემს ფანჯრებქვეშ...

- რას ფიქრობთ 21 მარტის აქციაზე? თქვენი აზრით, მოსახლეობა ისევ თუ ამოუდგება მხარში "9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის" შემქმნელებს?

- აქციას უარყოფითად ვაფასებ.... "ნაციონალების" დაბრუნება ისეთივე დანაშაულია, როგორც მათთან კოაბიტაცია... საერთოდაც მგონია, რომ "ნაც.მოძი" და "ქართ.ოცნება" ორივე რუსულ საქმეს აკეთებს, ოღონდ ერთი შეფარულად, მეორე - ღიად. ანუ მიშა და ბიძინა, სინამდვილეში, ერთი მედლის ორი მხარეა. ტყუილად აფინანსებდა ბიძინა მიშას ცხრა წლის განმავლობაში?

- პირადად თქვენ წახვალთ ამ აქციაზე?

- არავითარ შემთხვევაში არ წავალ. "ნაც.მოძი" დანაშაულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებული სისტემურ დანაშაულს სჩადიოდა და რუსეთის საქმეს აკეთებდა.