შავი მაგიისა და სატანისტებისთვის ხელსაყრელი 21 მარტი - გზაპრესი

შავი მაგიისა და სატანისტებისთვის ხელსაყრელი 21 მარტი

როდესაც სოციალურ ქსელებს ან მედიის გამოკითხვებს ვათვალიერებ, ისიც თვალში საცემია, რომ ხალხმა უფრო თამამად დაიწყო საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. ადრე თუ გამოკითხვებში ადამიანების ნაწილი მხოლოდ სახელის, ასაკისა და პროფესიის დაფიქსირებით შემოიფარგლებოდა, ახლა ჩემს არც ერთ რესპონდენტს არ შეუკავებია თავი ვინაობის გამჟღავნებისგან. მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ორ ძირითად პარტიასა და 21 მარტის აქციაზე საკუთარ პოზიციებს ყველა მათგანი ღიად აფიქსირებს.

სანათა რატიანი, საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობათა მენეჯერი:

GzaPress- 21 მარტის აქციაზე არ მივდივარ. სხვათა შორის, 21-ში მზის დაბნელებაა ანუ ის კოსმოსური მდგომარეობა, რომელიც შავი მაგიისა და სატანისტებისთვის ყველაზე ხელსაყრელია და ჩემი აზრით, "ნაცებმა" ეს თარიღი განგებ შეარჩიეს, რადგან ამ დღეს ზოგადად მატულობს ნეგატივი ადამიანებში. რაც შეეხება პოლიტიკას, სამწუხაროდ, ის ჩემს ცხოვრებაში ძალიან შემოიჭრა, რაც ზოგადად ქვეყანაში არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც იმდენად კარგად ვიქნები, რომ არ მეცოდინება, ვინ არიან მინისტრები ან პრეზიდენტი. საზღვარგარეთ 6 წელი ვიცხოვრე, რადგან "ნაცების" კორუმპირებული სისტემის დროს, სამსახურში არავინ ამიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამოცდილი კადრი ვიყავი. აბა, მე რომ ავეყვანე, "ნაცების" რომელიმე ნათესავი გარეთ დარჩებოდა. როცა ჩამოვედი, სამსახური უკვე ნაშოვნი მქონდა უცხოურ კომპანიაში. მადლობა ღმერთს, უცხოელები გამოცდილებას ანიჭებენ უპირატესობას და არა - პარტიულ კუთვნილებას და დღესაც ამ კომპანიაში ვარ. რაც შეეხება "ოცნებას", ძალიან გამიცრუა იმედი იმ მხრივ, რომ ალბათ, ძალიან ბევრს ველოდით მათგან. ერთი კი ფაქტია, ბევრი გაუაზრებელი და დილეტანტური ნაბიჯი გადადგეს და ყურები გამოგვიჭედეს, რომ "ნაცებისგან" მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. ორი წელია, ამის მეტი არაფერი მესმის. ივანიშვილმა ხალხი მოატყუა, ბევრს დაჰპირდა და მერე მელასავით გაიპარა. დილეტანტი ხალხი შეგვატოვა...

ნიკა ესაკია, ივენთ მენეჯერი:

- აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ბუნებრივია, თვალყურს ვადევნებ, რა ხდება ქვეყანაში. ტელევიზიები ზეგავლენას ჩვენდა უნებურად ახდენენ. ბედნიერია ის ხალხი, სადაც ახალგაზრდობამ არ იცის, ვინ არის, მაგალითად, განათლების, შს მინისტრი და ა.შ. ერთ რამეს ვამბობ ხოლმე: იდეალური მთავრობა არ არსებობს. თუნდაც დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს როცა იხსენებენ, მაშინაც იყო რაღაცები, რაც მოსახლეობას მძიმედ გადაჰქონდა. წინა ხელისუფლების დაბრუნებას არასოდეს ვინატრებ. ელემენტარულად, შიში გაქრა და საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების არავის ეშინია. ნათქვამის გამო, ოჯახის წევრებს აღარ დაიჭერენ და სამსახურიდან არ გამოუშვებენ. ჩემთვის ესაა ყველაზე მთავარი. ვიღაცა რაღაცას აკეთებს, ზოგი ხედავს, ზოგი - ვერა, წინა მთავრობის დროსაც ასე იყო. თუ ხელისუფლება არ მოგწონს, რაც უნდა კარგი გააკეთოს, ვერ დაინახავ. თუმცა ის, რომ ამ ორ მთავრობას შორის განსხვავება ძალიან დიდია, ფაქტია და ჩანს კიდეც.

- უკრაინაში "ნაციონალების" თანამდებობებზე დანიშვნაზე რა აზრის ხართ?

- ეს ძალიან სასაცილო თემად მიმაჩნია. როცა ერთ ქვეყანაში ვერ გაამართლეს, სხვაგან რას გააკეთებენ? ჩემი აზრით, დამნაშავე ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და სხვა ქვეყანას არ უნდა მართავდნენ, მაგრამ ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. უბრალოდ, ისტორიაში ჩაიხედონ და გადახედონ, რამდენიმე წლის წინ რა ხდებოდა საქართველოში. ეს ხომ შორეული წარსული არ არის?

- პირადად თქვენ, "ოცნებისგან" რისი მოლოდინი გქონდათ?

- სამართლიანობის აღდგენის, რაც არ მოხდა. რაც თქვეს, ისე არ გააკეთეს, მაგრამ ადამიანი იმედით ცოცხლობს და უნდა ვიქონიოთ იმედი არა კონკრეტულად ვინმესი, არამედ ერთობლივი ძალისხმევით რაღაც გაკეთდეს. ვერც ერთი ხელისუფლება ვერაფერს იზამს, თუ ხალხმა არ მოინდომა. როცა, ელემენტარულად, შენი შვილი ქუჩაში ნაყინის ქაღალდს დააგდებს, ეს არც მიშასი, არც ბიძინასი და არც ედუარდ შევარდნაძის ბრალი არ არის, შინაგანი კულტურაა და ბევრი რამ თვითონ ხალხში უნდა შეიცვალოს. ნაცნობობა-მეგობრობით რაიმეს კეთება უნდა დასრულდეს.

- აქციაზე მიდიხართ? როგორ ფიქრობთ, ეს დღე რაიმე სერიოზული ეროვნული მოძრაობის დასაწყისი შეიძლება იყოს?

GzaPress- რომელ ეროვნულ მოძრაობაზეა ლაპარაკი? "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მსგავს თემაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. დღეს რა პრობლემებიცაა, ეს ეროვნულობას არ ეხება და სხვა ქვეყანასთან ჩვენს გაერთიანებას არავინ აპირებს. სიტყვის გამოთქმის საშუალება ყველას აქვს და ჩაატარონ მიტინგი. თუმცა, ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს, წარსული ხშირად გვავიწყდება, როცა მსგავს აქციებს მიშას დროს ატარებდნენ, ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. დღეს რომ მთავრობას ჩვეულებრივად აკრიტიკებენ, ესეც უნდა დაინახონ. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი და არც მე, აქციაზე, რა თქმა უნდა, არ წავალთ, რა სისულელეა. სხვები კი სანამ წავლენ, ალბათ, ჯობია დაფიქრდნენ და გაიაზრონ.

მარიამ ჯაბაური, წიგნმცოდნე-ბიბლიოგრაფი:

- დღეს საზოგადოება ძალიან პოლიტიზებულია და შეძლებისდაგვარად, მეც ჩართული ვარ. უმუშევარი ვარ და სახლიდან ვადევნებ თვალყურს, როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესები. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენი სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეცვლილა, პირიქით, ამ ნეპოტიზმის ფონზე და იმ ფონზე, თუ სამთავრობო პარტიის მიმართ სიმპათიით არ ხარ გამსჭვალული, სამსახურის შოვნა, გაგიჭირდება.

ნინო ნოზაძე, კულტუროლოგი:

- პოლიტიკისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს, ზოგადად, პოლიტიკოსების მიმართ კი - ნეგატიური. თვალყურს მუდმივად ვადევნებ, რადგან როგორც ქვეყანაზე, ასევე რიგით მოქალაქეზე, გინდა თუ არა, პოლიტიკა გავლენას ახდენს და არ მეგულება არც ერთ სახელმწიფოში ამდენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, რამდენიც საქართველოშია. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ ფონს, დიდად არაფერი შეცვლილა, პირიქით, ჩემ გარშემო მყოფებს საგრძნობლად გაუუარესდათ პირობები, ბევრი უმუშევარი დარჩა. რაც შემეხება მე, სესხი დოლარში მაქვს აღებული და თითქმის 200 ლარით მეტის გადახდა მიწევს. ასევე გაძვირებულია პროდუქტი, ბავშთა კვებაც, ფასების მატება ყველაფერზე შეინიშნება. როგორ შეიძლება ქალაქის მერია გადავსებული იყოს გაუნათლებელი ადამიანებით?! წინა ხელისუფლებაშიც მყავდა ახლობლები და ამ ხელისუფლებაშიც მყავს, მაგრამ ამით არასდროს მისარგებლია. საკმაო გამოცდილების მქონე კადრი ვარ, საჯარო სამსახურში გამოცხადებულ ვაკანსიებზე CV-ს რომ ვგზავნი (არ მაქვს ლაპარაკი მაღალი რანგის მენეჯერის პოზიციებზე), რატომღაც ვერ ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს. მეორეც, "ნაციონალურ მოძრაობაზე" ყველაფრის გადაბრალება არ შეიძლება. უკაცრავად და ისინი რა ხვითოებიც იყვნენ, ყველამ ძალიან კარგათ ვიცით, მაგრამ ყველაფერში მათზე ჯოხის გადატეხაც არ შეიძელბა. "ოცნება" შიგნითაც პოლიტიკურ წმენდას საჭიროებს, შიხიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობიდან" პორტირებული ტიპები არ ამირჩევია მე. თითო თეთრიც კი მენანება მათთვის, რაც ჩვენი გადასახადებიდან მისდით ჯიბეში. ღრმა პატივისცემით ვარ განწყობილი და ძალიან მომწონს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. რაც შეეხება 21 მარტს, აქციაზე არ მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლების მიმართ ბევრი პრეტენზია დამიგროვდა და მგონია, რომ ჩემნაირად ბევრი ფიქრობს. ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალების" მობრუნება მოუნდეს ვინმეს.

ნანა ხახვიაშვილი, ტექნიკოს-ორგანიზატორი, დიასახლისი:

- ჩემთვის არაფერი შეცვლილა, 3 წელია, რაც ემიგრაციიდან დავბრუნდი. სამწუხაროდ, ხალხმა უკვე დაკარგა რწმენა... ისე, ადრე მომწონდა პატრულის სიმკაცრე, ახლა თავს დაუცველად ვგრძნობ, ღამე გასვლისაც მეშინია, იქნებ ვცდები, არ ვიცი... მიტინგებზე არასოდეს გავსულვარ და არც 21-ში წავალ. "ოცნებამ" ჩვენი ოცნებები არ გაამართლა, პირიქით, უარესობისკენ წაგვიყვანა. რაც შეეხება კადრებს, მე არ ვიცი ნათესაობა ჰყავთ თუ არა მიყვანილი, მაგრამ, ეს არ უნდა დაუშვას არც ერთმა მთავრობამ. სასწრაფო დახმარებაზე მინდა გითხრათ, უფასო რომაა, უბრალო რამეზე იძახებენ და ფასიანი რომ იყოს, თავის დროზე მოვიდოდნენ. ერთი თვის წინ, ძმა დამეღუპა, საათ-ნახევარი დაიგვიანეს და თავის დროზე რომ მოსულიყვნენ, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო...

თამთა დადეშელი