რას ამბობს ფსიქოლოგი, მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე მოტირალ ფანატკიოსებზე? - გზაპრესი

რას ამბობს ფსიქოლოგი, მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე მოტირალ ფანატკიოსებზე?

21 მარტს, "ნაციონალების" "ასი ათას ოთხას ორმოცდა სამ-კაციანი" მიტინგის შემდეგ გავრცელდა კადრები, რომელშიც მიტინგის რამდენიმე მონაწილე საყვარელი პოლიტიკური ლიდერის მოლოდინში ტიროდა (მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა უნდა ყოფილიყო, ბრიუსელიდან). სწორედ ამ კადრების ნახვის შემდეგ დავინტერესდი, გამეგო, რა იწვევს ადამიანის ამგვარ ფსიქოლოგიური განცდას, დამოკიდებულებას და მდგომარეობას... ისტორიას ხომ მსგავსი არაერთი მაგალითი ახსოვს. შესაძლოა, "სატირალი ტექსტები" განსხვავებული იყო, მაგრამ ტირილით, ასევე (შესაძლოა, უფრო ღვაღვარითაც) ტიროდნენ ლენინისთვის, სტალინის, მაო ძედუნისა და სხვათა გამოც.

ზურაბ ბიგვავა, პროფესორი, ფსიქოლოგი:

- ტირილი ემოციის გამოხატულებაა და როგორც წესი, - ძლიერი ემოციის. როცა ასეთი განცდა პოლიტიკურ ლიდერთანაა დაკავშირებული, ეს უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს და სრულიად ბუნებრივია, რომ თქვენც გაგიჩნდათ კითხვა.

აღნიშნულზე გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა ხოლმე, როცა პოლიტიკური ლიდერის გარდაცვალების არ სჯერათ. მაგალითად, - არის რეალური ფაქტები, პირდაპირი ჩვენება ტელევიზიით, მტკიცებულება, დადასტურება, თუმცა - არ სჯერათ. გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენი პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ, იყვნენ ადამიანები და როგორც ვიცი, ასეთები დღესაც არიან, - რომელთაც არ სჯერათ, რომ სამწუხარო ფაქტი მოხდა და ეს კაცი გარდაიცვალა. თუმცა, ოჯახის წევრებმა, მეუღლემ და შვილებმა დაიჯერეს. ტრაგიკულად, მაგრამ მიიღეს.

GzaPress

ტერმინოლოგიურ გაუგებრობაში რომ არ მოვხვდეთ, მარტივი ენით ვიტყვი, რომ არსებობენ სხვადასხვა ფსიქოლოგიური წყობის ადამიანები. თქვენ რაც გაინტერესებთ, - ემოციური გამოხატულება ლიდერის მიმართ, განსაკუთებული, ფანატიკური სიყვარული, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური მახასიათებელი და ასეთი ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ადამიანების ჯგუფები ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ. ისინი, როგორც წესი, შედარებით ნაკლებად კრიტიკულები არიან და პირდაპირ, სხვებთან შედარებით გაცილებით გაზვიადებულად იღებენ გარკვეულ ინფორმაციას. ობიექტურ და კრიტიკულ ადამიანს ასეთი რამ არ ემართება.

რაც უფრო შემოდის ცივილიზაცია და მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ასეთი დიდი ფანატიზმის გამოვლინებებსაც მით უფრო ნაკლებად ვხვდებით.

ზოგადად ქართველები კრიტიკულები ვართ. გვიყვარს ადამიანების გაკილვა, მათზე მსჯელობა, მათი უარყოფითი მხარეების დანახვა.

- ამ უარყოფითის პოვნაც კი...

- მართალია, ხანდახან - პოვნაც კი და ძალიან ხშირად ვპოულობთ კიდეც. იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. ვპოულობთ ამ ნაკლს და ვფიქრობთ, - ეს არ არის უმაღლესი არსება. არ არის ნორმალური, რომ ადამიანი გაფეტიშებული და გაღმერთებული გყავდეს. ვერ დამისახელებთ განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი ფანატიკური რწმენის გამოხატულების მაგალითს, მსოფლიო დონის პოლიტიკური ლიდერის მიმართაც კი. თუმცა, შოუ-ბიზნესის მუშაკთა მიმართ, მსგავსი დამოკიდებულებები იქაც გვხვდება... ასეთი დამოკიდებულება ჩვეულებრივ, პათოლოგიად ითვლება. ამიტომაც ჰყავთ დაცვა. შეიძლება, უარყოფითი ფანატიკური გამოვლინების შეთხვევებსაც შევხვდეთ პოლიტიკოსის მიმართ. ხშირად ასეთი ფანატიკოსების გამოყენებით ხდება ხოლმე თავდასხმები პოლიტიკურ ლიდერებზე.

ხანდახან იქმნება მთელი სისტემა ადამიანებზე ზემოქმედების, რომ მათგან რაღაცნაირად გამოიყვანონ ისეთი ინდივიდები, რომელსაც ყველაზე უმაღლეს ღირებულებაზე, სიცოხლეზე უარის თქმა შეუძლია. ცნობილი იაპონელი კამიკაძეეები რომ ავიღოთ, - მათთვის არსებობდა მომზადებისა და აღზრდის გარკვეული სისტემა, რომელიც პატრიოტული მოტივით ადამიანს საკუთარ სიცოცხლეზე უარს ათქმევინებდა და ისინი სიცოცხლეს სწირავდნენ. მსგავსი ქმედება იაპონიაში უმაღლესი ღირებულებების გამოხატულებად ითვლებოდა, მაგრამ ჩვეულებრივ, ნორმალურ საზოგადოებაში ეს მაინც ფანატიზმის გამოვლინებაა და არანორმალური მოვლენა.

ჩვენს სიტუაციას რაც შეეხება, საბედნიეროდ, ტირილი ეს არ არის ფანატიზმის გამოვლინება. ეს ძლიერი ემოციის გამოვლინებაა. როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძლიერ ემოციურად არიან დამოკიდებული ამა თუ იმ ლიდერზე. თვითონ ლიდერი უნდა იყოს მეტ-ნეკლბად ქარიზმატული, მისი გაფეტიშება უნდა ხდებოდეს პროპაგანდის მეშვეობით.

- მეც პროპაგანდას დავაბრალე ჩემს გონებაში, როდესაც ამ სიტუაციის ასახსნელ გზას ვეძებდი.

- პროპაგანდას ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს. ამას პიარსაც ეძახიან დღეს. განსხვავება პიარსა და პროპაგანდას შორის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ძალიან მარტივად გადასალახავი განსხვავებაა. პიარი იმაზეა ორიენტირებული, რომ კარგი მხრით წარმოაჩინოს ადამიანი, თუმცა, საზოგადოებას უნდა გადასცეს ობიექტური ინფორმაცია. ძალიან ბევრ სიტუაციაში პიარი პროპაგანდის ელემენტებს შეიცავს. 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მიმართ წარმოებდა ესეთი პროპაგანდა, რომ ის მხოლოდ სიკეთის მთესველია, ძალიან სერიოზულ, მტკიცე და საჭირო გადაწვეტილებებს იღებს და მისი გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ყოველთვის სწორია. პროპაგანდის მანქანა არსებობდა და მუშაობდა. ამან გარკვეულწილად შედეგები გამოიღო და ნაციონალების მომხრეთა რიგებში გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომელებიც მორჩილებისა და ძლიერი ემოციების გამოვლინებით ხასიათდებიან და რომლითაც თქვენ დაინტერესდით ამ ინტერვიუში.

- თვითონ ამ კადრების გავრცელებაც ხომ პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმაა?

- რა თქმა უნდა, ეს ყოველივე იმის საჩვენებელადაა გაკეთებული, რომ დავინახოთ, - ამ ლიდერს მასებში ასეთი ძლიერმოწმუნე და ძლიერი ემოციის აღმძვრელი მხარდამჭერები ჰყავს. რა თქმა უნდა, ეს, გინდა პიარი დაარქვით, გინდა - პროპაგანდის ერთ-ერთი სახე, გამოიყენება იმ საქმისთვის, რასაც ლიდერის წარმოჩინება ჰქვია.

- ისტორიას თუ გადავხედავთ, ლიდერის წარმოჩინებისთვის პროპაგანდის ბევრი მაგალითი გაგვახსენდება (რა თქმა უნდა, მედიის განვითარებასთან ერთად, ეს ხერხები იცვლება). მაგალითად: საბჭოთა პერიოდში ყველა ბავშვმა იცოდა, რომ ლენინი მათზე ზრუნავდა, - თვითონ უშაქრო ჩაის სვამდა და ბავშვებისთვის ზოგავდა. მაო ძედუნის მიმდევრებს კი სჯეროდათ, რომ მათი ლიდერი საპიფარეშოშიც არ დადიოდა.

- სხვათა შორის, ძალიან კარგი მაგალითებია. ჩვენ რომ პატარები ვიყავით და სკოლაში დავდიოდით, არც ჩვენ გვჯეროდა, რომ ჩვენი მასწავლებელი საპირფარეშოში შედიოდა და ისიც იგივენაირად იკმაყოფილებდა ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს, როგორც ჩვენ. პატარა რომ ხარ, არა გაქვს ცოდნა, არა გაქვს კრიტიკული აზროვნების, შეფასების უნარი. პატარების სწორედ ეს ფენომენი ძალიან ჰგავს იმ ფენომენს, რომლის აღწერაც ჩვენ გვსურს ამ სტატიაში.

- გამოდის, ბავშვები მასწავლებლებს აფეტიშებენ გარკვეულ ასაკამდე, `ზრდასრული ბავშვები" კი - პოლიტიკურ ლიდერებს.

- საქმე ისაა, რომ ახლა, პირველკლასელი თუ დაიჯერებს იმას, რაც უწინდელ მოსწავლეებს კარგა ხანს სჯეროდათ. იმიტომ, რომ განვითარდნენ. განვითარებულ საზოგადოებაში, გაცილებით ნაკლებად გვხვდება არამდგრადი სიტუაცია, - არაკრიტიკული დამოკიდებულება და ნაკლები შანსია იმისა, რომ განვითარდეს ფანატიზმი ან ძალიან სერიოზული ემოციური კავშირი რომელიღაც კონრეტულ პიროვნების მიმართ.

- როგორც ფსიქოლოგმა, დაგვარიგეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ პიროვნებებთან; - ადამიანებთან, რომელებსაც ლიდერის გამოჩენა ცრემლებს ჰგვრით და რომელთაც ჩვენი დღევანდელი საუბარი მივუძღვენით?

- როგორც ბავშვს ექცევით, ისე უნდა მოექცეთ. ის ხომ ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი რამ არ არის სწორი. ამიტომ უნდა აუხსნათ, განუმარტოთ.

- ხშირ შემთხვევაში ახსნა-განმარტება აგრესიას იწვევს. ძალიან ბევრი ჩხუბი და დავიდარაბა გვინახავს პოლიტიკურ თემაზე აგორებული.

- მართალია, მაგრამ თუ ჩვენ ინფორმაციას დოზირებულად მივაწვდით, შესაძლოა, შედეგი მივიღოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ნორმის ფარგლები და - ნორმის გარეთა ფარგლები. თუ ნორმის გარეთა ფარგლებშია ესა თუ ის პიროვნება, მაშინ - მკურნალობა სჭირდება და არა მხოლოდ თანადგომა და თანაგანცდა.

ეკა შავლაძე, სპეციალურად საიტისთვის