შედგება თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დებატები გადაცემაში - "20/30"? - გზაპრესი

შედგება თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დებატები გადაცემაში - "20/30"?

15 მარტიდან ტელეკომპანია GDS-ის ეთერით ახალი თოქ-შოუ - "20/30" დაიწყო. მისი წამყვანი და პრროდიუსერი ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდიაა, რომელმაც გადაცემის სამზარეულში ჩაგვახედა.

- მე, როგორც იცით, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი ვარ, ანალიტიკოსი, ჩემი საქმიანობაა საზოგადოებრივი პროცესების კვლევა, ანალიზი, შეფასება. საზოგადოების ნაწილი რამდენიმე წელია მიცნობს, როგორც საზოგადოებრივი პროცესების შემფასებელს. შემდეგ გაჩნდა იდეა, საკვირაო ანალიტიკური გადაცემის წამყვანი გავმხდარიყავი. ეს სრულიად ახალი და გასხვავებული საქმე იყო ჩემთვის, მაგრამ დავთანხმდი გარკვეული ყოყმანის შემდეგ. ამ შემთხვევაში, კარგი საშუალება გვაქვს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, რომ მიმდინარე პროცესებს არა მხოლოდ რგრც გარე შემფასებლებმა ვადევნოთ თვალი, არამედ - კიდევ უფრო ჩავერთოთ მათში და შევქმნათ კვალიფიციური გარემო.

- GDS არის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია. ამის გამო ხომ არ იქნება გადაცემა ტენდენციური? იქნება თუ არა გადაცემის პოლიტიკა დამოუკიდებელი?

- გადაცემაში - "20/30" საზოგადოების წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს მსჯელობა გვაქვს მიმდინარე თუ მნიშვნელოვან საკითხებზე. შესაბამისად, არაერთი ადამიანის მონაწილეობა ხდება და შესაბამისად, "ჯი-დი-ესის" მფლობელიც ამ რანგში თანამშრომლობს საზოგადოებასთან. სხვა მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, მფლობელი ღიად არის წარმოდგენილი და მიზნებსაც და ამოცანებსაც ღიად აფიქსირებს.

- პირველი გადაცემა საზოგადოებამ საკმაოდ მკაცრად შეაფასა, ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- ჩვენთან საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს მკაცრად აფასებს. მშვენიერია. ეს მხოლოდ მოტივატორია. გადაცემა შედგა. ეს პრეცედენტი უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ანონსი მხოლოდ წინა დღეს დაიდო. მე მიხარია, რომ ასე დეტალურად გაარჩიეს გადაცემა, "ზმნიან-პრეფიქს-სუფიქსიანად" და ერთი მცირე ამოსუნთქვაც კი არ აპატიეს გადაცემის მონაწილეებს. ყურადღება იყო მაქსიმალური და მეტიც, ვიდრე ველოდი. მსგავსი გადაცემა ჩვენს მედიაში არ ყფილა. ვგუისხმობ იმას, რომ ანალიტიკოსი იყოს წამყვანი და გადაცემა მიმდინარეობდეს აკადემიური მსჯელობის, ანალიზის ფორმატში. ჩვენ უფრო შეჩვეული ვართ სტუდიურ დინამიკას, კონფლიქტებს, დემაგოგიურ შეტევებს. ამიტომ, კვალიფიციური ადამიანების მშვიდ მსჯელობას აკადემიურ გარემოში ასე მარტივად ვერ ვუყურებთ, სულ გვინდა, რომ რაღაც მოხდეს, ვიღაცამ ვიღაცა გამოიწვიოს, ჭიქა ჩაარტყას, ლანძღოს, დემაგოგიური ისტერიკა დაიმართოს და ა.შ. ეს მოსთხოვეს გადაცემას მაყურებლებმა, სოციალურ ქსელში დააფიქსირეს ასეთი აზრი, მაგრამ გადაცემა საქმეზე, ჩვენს დღევანდელ დღესა და მომავალზეა ორიენტირებული. სხვების დემაგოგიას ჩვენ მხოლოდ საქმეზე მსჯელობით ვპასუხობთ. ეს ნაკლებად დინამიკურს ხდის გადაცემას, რადგან მაღალი რეიტინგის მომტანი და განსაკუთრებული სანახაობრივი ეფექტებით დატვირთული არ გახლავთ.

GzaPress

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თუ იქნებიან თქვენი სტუმრები?

- ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებას ემსახუროს, იქნება კვალიფიციური, მოტივირებული და არა - დემაგოგი ან პოლიტიკურად აჟიტირებული. ჩვენი გადაცემა ღიაა, ნებისმიერისთვის.

- ვინ იქნებოდა თქვენთვის სასურველი სტუმარი?

- სტუმარი ყველა სასურველია. აუცილებლად შევეცდებით, ჩვენი საზოგადოების ჩართულობა გავზარდოთ. გამოცდილი, კვალიფიციური სპეციალისტებიც სასურველი სტუმრები არიან, ახალი სახეებიც, ახალი თაობაც, ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეებიც, რომლებიც აქტიურები არიან, ცდილობენ პროცესებში ჩართვას და მათ ბევრი აქვთ სათქმელი, ჩვენ კი - მოსასმენი.

- ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ხომ არა აწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ თუნდაც "სკაიპით" ჩართოთ გადაცემაში და მისი და ბიძინა ივანიშვილის დებატები შედგეს?

-"კვირის 20/30" არის ანალიტიკური გადაცემა. შესაბამისად, პირადად მე, როგორც გადაცემის წამყვანი და პროდიუსერი, არც კი განვიხილავ ძებნილ პირთან რაიმეს განხილვას... თუ რაიმე სხვა იდეა გაჩნდება, რაც ნაკლებად მგონია, მაშინ, ცხადია, საზოგადოებას ვამცნობთ.

ლადო გოგოლაძე, სპეციალურად, საიტისთვის