ვისი წინასწარმეტყველება აუხდა ნაციონალ ანდრო ბარნოვს? - გზაპრესი

ვისი წინასწარმეტყველება აუხდა ნაციონალ ანდრო ბარნოვს?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი აქტიური სახე - ანდრო ბარნოვი ამჟამად მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარეა. "აქ ბევრი ის წიგნია, უმეტესად, ინგლისურენოვანი, რომლებსაც პირადად ექსპრეზიდენტს ჩუქნიან, ზოგს კი ჩვენ ვიძენთ. მიხეილ სააკაშვილი ბევრ ადამიანს ეკონტაქტება, რომ ამ ლიტერატურას თავი მოუყაროს და წიგნებს ახლაც გვიგზავნის. მასთან კონტაქტი სულ გვაქვს", - აღნიშნა მან. მაშ ასე, ანდრო ბარნოვის პოლიტიკური და პირადი ცხოვრება!

- საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია გაქვთ, წამყვან თანამდებობებზე გიმუშავიათ. როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

GzaPress- მართალია, ბებერი არ ვარ, მაგრამ ბევრი რამ გამოვიარე, რადგან თანამდებობებს ხშირად ვიცვლიდი. თავიდან უნივერსიტეტში დავიწყე მუშაობა. განათლებით კლასიკური ფილოლოგი ვარ. დიდი მიზნები მქონდა, ბევრს ვშრომობდი და რაღაცების გაკეთება იქაც მოვასწარი. მერე მოხდე ისე, რომ ჯარში წასვლა ნებაყოფლობით გადავწყვიტე. მაშინ "საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო" ახალი შექმნილი იყო, უცხო ენები ვიცოდი და სავალდებულო სამსახურის მოხდამ იქ მომიწია. ამ სფერომ იმდენად დამაინტერესა, რაღაცები ვისწავლე კიდეც და 4-5 წელი ამ მიმართულებას მივყევი. პარალელურად, უნივერსიტეტსა და თავდაცვაში ვმუშაობდი და როცა არჩევანის გაკეთების დრო დადგა, საჯარო სამსახურის სასარგებლოდ გავაკეთე. თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ შტაბში ოფიცრად რამდენიმე წელი ვიმუშავე, პარლამენტის უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი როცა ვიყავი, ექვს უწყებას ვკურირებდი და მთელი სისტემა ხელისგულივით გავიცანი, ბევრი საინტერესო რამ გავაკეთეთ. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი - გახსოვთ ალბათ, ჩემი ექსპერტული პერიოდი. ამის მერე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გავხდი, მნიშვნელოვანი სფერო მებარა - ანალიტიკა. 2012 წლის ივლისში თავდაცვიდან წამოვედი და უნივერსიტეტში, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანად დავიწყე მუშაობა. ქართლში გუბერნატორად გადასვლა კი მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება გახლდათ, რასაც იმიტომ დავთანხმდი, რომ რთული დრო იყო.

- "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება ხალხის ნაწილს დღემდე აქვს, პირადად თქვენ მიმართ თუ გიგრძნიათ რაიმე?

- პირადად - არა, გუბერნატორობისას ხალხთან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა, კაბინეტში არ დავმჯდარვარ, სულ გარეთ ვიყავი და აგრესია იქაც კი არ მიგრძნია. რაც უფრო იკლებს მმართველი გუნდის რეიტინგი, მით უფრო მცირდება აგრესია.

- ხელისუფლების წევრები და მათი კადრები არაპროფესიონალებად მიგაჩნიათ, თუ ეს სიზარმაცისა და სხვა ფაქტორების ბრალია?

- არაპროფესიონალიზმი რომ ყველა ეშელონში სახეზეა, ვხედავთ. არ მეგულება ადამიანი, რომელზეც გაბედულად ვიტყოდი - დიახ, ის პროფესიონალია-მეთქი. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, შეიძლება შეგეშალოს, ფინანსების მართვა კარგად არ გესმოდეს, მაგრამ როცა მაგალითად, მიწების გაყიდვას შეაჩერებ, დიდი ცოდნა ხომ არ სჭირდება, რომ ეს შეამცირებს ინვესტიციებს, სამუშაო ადგილებს, მთლიან შიდა პროდუქტს, ეკონომიკას უკან დასწევს და ა.შ. რუსებისთვის რომ ოკუპანტი უნდა დაეძახებინათ, ამაზე ოპოზიციის ჩიჩინი სჭირდებოდათ. მავთულხლართები მანამდე რატომ არ ჩნდებოდა? ბოძებს მანამდეც ასობდნენ, მაგრამ ჩვენი მხირდან ისეთი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ მერე ქრებოდა და წინ ვეღარ მოიწევდნენ.

- უარესი - ომი იყო.

- ის ომი იმიტომ კი არ იყო, რომ წინა ხელისუფლებას აგრესიული მიდგომა ჰქონდა, ზუსტად იცოდა, რომ ჩვენ როგორც უნდა მოვქცეულიყავით, რუსეთს თავისი გეგმა ჰქონდა, რომელსაც სისრულეში მოიყვანდა. ომის თავიდან აცილების ერთადერთი ვარიანტი ყველანაირ კავშირში შესვლა იყო, რასაც რუსეთი გვთავაზობდა და რუსეთის ორბიტაზე მონის მდგომარეობაში უნდა ვყოფილიყავით. მაშინ ომი არ იქნებოდა, მაგრამ 20%-ის ნაცვლად, 100% იქნებოდა ოკუპირებული.

- ისევ თქვენ დაგიბრუნდებით. რა ინტერესები და გატაცებები გქონდათ მოზარდობისას?

- სპორტის რომელიმე ერთ სახეობას არ მივყოლილვარ, მაგრამ "სპორტული" ყოველთვის ვიყავი. ძალიან კარგად ვსწავლობდი. კარგი მეხსიერება მქონდა და შრომა ზომიერად მიწევდა, შედეგები კი გამორჩეული იყო. მათემატიკა, ფიზიკა მაინტერესებდა, თუმცა ჰუმანიტარული საგნებიც - ლიტერატურა, ფილოსოფია. 6-7 წლის რომ ვიყავი, მანქანებს, ვერტმფრენებსა და ტანკებს ვაწყობდი ხოლმე ჩემით, თუმცა ის ტექნოლოგიები, რომლებსაც მე მივმართავდი, ცხადია, სასაცილო იყო, ბავშვური ფანტაზია. სულ რაღაცებს ვწერდი - ლექსებს, მოთხრობებს, "ფილოსოფიურ ნაშრომებს", 10-12 წლის ბავშვს რაც შეიძლება მიესადაგებოდეს.

- როგორი ხართ მეგობრების წრეში? ზოგადად, მკაცრი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, თუმცა პირადი კონტაქტისას ეს არ იგრძნობა.

- სხვათა შორის, მკაცრი სულაც არ ვარ, თუმცა საქმეში ძალიან მკაცრი ვარ, რადგან როცა რაიმეზე პასუხისმგებლობას ვიღებ, ძალიან სერიოზულად ვეკიდები. თანაც, ეს ხომ ისეთი საქმეებია, რომლებიც მხოლოდ პირადად მე არ მეხება და თუ ენერგია მთლიანად არ დაახარჯე, არაფერი გამოვა. ასევე უნდა მოიქცნენ სხვებიც. ამიტომ, როცა ვხედავ, ვიღაც ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა, სიმკაცრის გამოვლენა მიწევს. ბუნებით ძალიან ლიბერალი ვარ.

- განტვირთვასა და გართობას სად ახერხებთ?

- ძირითადად, მეგობრებთან ერთად, რაც თვეში ან ორ თვეში ერთხელ შეიძლება მოხდეს. გააჩნია, როგორ შევძლებ დროის გამონახვას. ზოგჯერ ისე ვიღლები, რამეზე რომ არ გადავერთო, არ შეიძლება. მეგობრებს დავურეკავ ხოლმე ან თვითონ შემომეხმიანებიან და სადმე მივდივართ. მაინცდამაინც დალევა არ არის აუცილებელი, ისე დავსხდებით ხოლმე, რაღაცებს ვიხსენებთ და ვიცინით, კარგ მუსიკას ვუსმენთ, ბუნებაში გავდივართ და ა.შ. ჩვეულებრივ, როგორც ყველა. ერთი რამ არ მაქვს ამოჩემებული. თუ დრო მაქვს, რაც ბოლოს 2010 წელს მოხდა - ერთი თვე მქონდა, ინტენსიურად ვკითხულობ საყვარელ წიგნებს, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება აღარ მაქვს და მხოლოდ იმას ვკითხულობ, რაც უშუალოდ მჭირდება.

- მოგზაურობა გიყვართ?

- კი, მაგრამ უცხოეთში, ძირითადად, საქმიანი ვიზიტებია, სამოგზაუროდ წასვლის დრო არ მაქვს. დასასვენებლად, ბოლოს, 2007 წელს ვიყავი. მანამდე - 6-7 წლით ადრე. მაშინ უფრო დავდიოდი ჩემით. როცა სადმე საქმიანი ვიზიტით ჩადიხარ, ნახევარ ან ერთ დღეს თუ იპოვი თავისუფალს, რომ რაიმე დაათვალიერო და ესეც დიდი ბედნიერებაა. მუზეუმებში სიარული არ მიყვარს, რადგან თავის დროზე იმდენი ვიარე, ახლა მირჩევნია, უბრალოდ ქალაქში ვიბოდიალო, რომ იქაური ატმოსფერო შევიგრძნო. უბრალო ხალხს გამოველაპარაკო, "ბომჟებთან" ჩამოვჯდე, რომ გავიგო, რაზე ლაპარაკობენ, რა აწუხებთ. სადმე მიკარგულ და უბრალო კაფეში შევიდე, რომ გავიგო, რა ხდება და სინამდვილეში როგორ ცხოვრობს ის ხალხი. ტურისტულ ადგილებში, როგორც წესი, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ერთ სტანდარტზეა მოჭრილი.

- განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით საიდან წამოხვედით?

- ერთხელ, ტაილანდში, ბანგკოკის მთავარ ბუდისტურ ტაძარში შევედი დასათვალიერებლად და იქაური ბერი - მონქი, რასაც ჰქვია, ამედევნა. კინოებში როგორიც გინახავთ, ზუსტად ისეთი იყო. გადამეკიდა, უნდა გიმკითხაოო. ბევრი ვეცადე, მომეშორებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ბოლოს, რამდენიც უნდოდა, მივეცი ფული, თავისი წიგნი გადაშალა და ჩემ შესახებ რაღაცებს მიყვებოდა. თავიდან უცნაურად ვუყურებდი, მაგრამ მერე, ზოგი რამ რეალურად გამართლდა და სულ მიკვირს ხოლმე, როცა რამე ისეთი მოხდება, რაც მან მითხრა. იქ 2011 წლის სექტემბერში ვიყავი.

- მაგალითად, რა გითხრათ? კარიერასთან და პოლიტიკასთან იყო კავშირში?

- სხვათა შორის, ბევრი რამ. არა მხოლოდ ჩემი. უცნაური კაცი აღმოჩნდა... გლობალურ თემებზე მელაპარაკებოდა. აქამდე რაც მითხრა, ყველაფერი მოხდა და თუ კიდევ მოხდება, ესე იგი, ყველაფერი კარგად იქნება (იცინის).

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- განსაკუთრებული არაფერი ხდება, სიმართლე გითხრათ, ბევრი დრო ამისთვისაც არ არის.

- ერთ ხანს, თქვენსა და ნუკი კოშკელიშვილის რომანზე საუბრობდნენ...

GzaPress- რაღაცები მეც წავიკითხე, მაგრამ ამაზე რა უნდა ვთქვა? უბრალოდ, გორის ღვინის ფესტივალზე ვნახე ერთხელ. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი, ვიღაც რაღაცას მოიგონებს და მერე ჭორს ააგორებს.

- როგორი მანდილოსნები მოგწონთ და ვინ შეიძლება მიიქციოს თქვენი ყურადღება?

- საინტერესო ქალები მომწონს. გადამწყვეტ როლს გარეგნობა იშვიათად ასრულებს, ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია, ცხადია, მაგრამ თუ შინაარსიანი ადამიანი არ არის, ვიზუალურად "ვარსკვლავებსაც რომ წყვეტდეს", შეიძლება ისე ჩაიაროს, საერთოდ ვერ შევნიშნო. ინტელექტს, ხასიათს, თავისუფლების ხარისხს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ჩარჩოებში ჩაკეტილი ხალხი არ მაინტერესებს.

- შეყვარებული ყოფილხართ?

- რა თქმა უნდა. ბევრჯერ.

- როგორი ხართ ასეთ დროს? თუ იცვლებით?

- კი, განწყობა და ენერგია, რომლის ნაკლებობას ისედაც არ ვუჩივი, ათი ათასზე მრავლდება ხოლმე (იცინის). ადამიანის ზედმეტად შეწუხება არ მიყვარს, მაგრამ ძალიან გამომგონებელი, კრეატიული ვხდები და ჩემს მიზანს აუცილებლად ვაღწევ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაძალების გარეშე. რაც საინტერესო გაქვს, ის უნდა წარმოაჩინო, რომ ყურადღება მიიპყრო. ეს თავისთავად საინტერესო პროცესია და ამ დროსაც დიდ თავისუფლებას გრძნობ.

- ყველაზე კომფორტულად სად გრძნობთ თავს?

- ჩემს სოფელში, ჰამაკში წამოწოლილი. როცა ვიცი, რომ გარშემო ყველაფერი დალაგებულია, ყველა კარგადაა, სანერვიულო არავისზე მაქვს, გვერდზე ერთი-ორი კარგი წიგნი და ერთი ჭიქა კარგი ღვინო მიდევს.

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"