რა ელის ჩვენს ეროვნულ ვალუტას?! - გზაპრესი

რა ელის ჩვენს ეროვნულ ვალუტას?!

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გვამშვიდებს და გვაიმედებს, ეროვნული ვალუტა სიმშვიდის საფუძველს სულაც არ იძლევა. დიდი დაკვირვება სულაც არ სჭირდება იმას, რომ ლარი არ ტოვებს სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდას. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ ეროვნული ვალუტების გაუფასურება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო ხანებში პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი, ადგილობრივი ვალუტების გამყარების ტენდენცია შეინიშნება: გამყარდა რუბლი, უკრაინული გრივნა და აზერბაიჯანული მანათი... რა ელის ლარს და რით არის გამოწვეული ეს უსიამოვნო პროცესი, რომელსაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჰქვია?

ქეთი კრიალაშვილი, ეკონომიკური განათლებისა და სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

GzaPress- სამწუხაროდ, ბოლო დღეებში ლარის კურსის რეკორდული გაუფასურება დაფიქსირდა: თუ რამდენიმე თვით ადრე 1 დოლარი 1,7 ლარი ღირდა, დღეს მისმა ფასმა 2,28 ლარს გადააჭარბა (ინტერვიუ ჩაწერილია 27 აპრილს. - რედ.). ლარი გაუფასურდა, რამაც ჩვენი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ძალზე შეამცირა. ეს თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე აისახება, მით უმეტეს, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა. გვყავს ღარიბი და სოციალურად დაუცველი ფენები, ხალხი, რომელიც არ მუშაობს ან მინიმალური ხელფასი აქვს, პენსიონერები, შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანები და ლარის გაუფასურება მათ ცხოვრებაზე საგრძნობლად აისახა. მოსახლეობას უდიდეს ნაწილს ზიანი მიადგა.

- პირველ რიგში რა ახდენს გავლენას ლარის კურსზე?

- საქართველო არ არის ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომ ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ სერიოზული გავლენა მოახდინოს აქ მოქმედ მეორე ვალუტაზე ანუ - დოლარზე. ქართულ ლარს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში იყენებენ ანუ საქართველოში ტრიალებს ლარის გარკვეული მასა, რომელიც არ იცვლება. ჩვენთან კურსი ყალიბდება ორ ვალუტას შორის და დამოკიდებულია მათ რაოდენობაზე. როგორც გითხარით, ლარის რაოდენობა არ იცვლება, რადგან ის არსად გადის და სხვა ქვეყანაში არ გამოიყენება ანუ ყურადღება უნდა მივაქციოთ დოლარის რაოდენობას. ბუნებრივია, როდესაც ლარის რაოდენობა არ იცვლება, მაშინ მეორე ვალუტა ახდენს გავლენას მის კურსზე. პირველი მიზეზი, რომელზეც სპეციალისტები ხშირად საუბრობენ, ექსპორტის შემცირებაა: თუ 2014 წლის მონაცემებს დავაკვირდებით, საქართველოში ექსპორტი მართლაც შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა. სერიოზულ გავლენას ახდენს ლარის კურსზე ფულადი გზავნილების რაოდენობაც. ცნობილია, რომ ბოლო თვეებში ფულადი გზავნილები ყველა ქვეყნიდან შეგვიმცირდა. ამ მხრივ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პარტნიორი იყო რუსეთი, საიდანაც ჩვენში დოლარის ძირითადი მასა შემოდიოდა. 2014 წლის მესამე კვარტალსა და 2015 წლის პირველ თვეებს თუ შევადარებთ, რუსეთიდან გზავნილების რაოდენობა ძალიან შემცირებულია. ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამ მხრივ საბერძნეთიც. გზავნილების რაოდენობა იქიდანაც შემცირებულია ისევე, როგორც იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, საიდანაც ქართველი ემიგრანტები დოლარს გზავნიდნენ. ასე რომ, ე.წ. დონორი ქვეყნებიდან გზავნილები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რამაც ჩვენს ქვეყანაში დოლარის მასის შემცირება გამოიწვია. ამას ისიც დაერთო, რომ შემცირდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ჩვენი პროდუქციის ექსპორტიც.

- რა როლი შეასრულა ამ პროცესში ტურიზმმა?

- ვერ ვიტყვი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შეგვიმცირდა, ამიტომ, ამ ფაქტორს ვერ დავაბრალებთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. თანაც, ტურისტისთვის, რომელიც აქ ჩამოდის, ლარის გაუფასურება ძალიან კარგია: თუ შარშან 100 დოლარს 160-170 ლარად ყიდულობდა, დღეს ამავე თანხით 228 ლარს ყიდულობს და უფრო მეტი თანხა უჩნდება. დღეს ბევრი ამყარებს იმედს, რომ ზაფხული მოდის, ქვეყანაში ტურისტები შემოვლენ და უცხოური ვალუტის მასა გაიზრდება, მაგრამ ეს იმედიც არ არის რეალური: ჩვენ, ერთი მხრივ, რეგულაციები და სავიზო რეჟიმები შემოგვაქვს ტურისტებისთვის და მეორე მხრივ, მათი შემოტანილი ვალუტა გვსურს. გეკითხებით - რატომ უნდა ვიყოთ ტურისტების იმედზე? ეს ხომ დროებითი შემოსავალია? პირველ რიგში, ჩვენი ეკონომიკის იმედზე უნდა ვიყოთ და არა - უცხო ქვეყნებიდან შემოსული თანხის, რომელსაც სეზონური ხასიათი აქვს. სწორედ ასეთი, არასწორი მიდგომის ბრალია, რომ საგარეო ვალი, რომელიც დოლარებში გვაქვს აღებული, გაგვეზარდა, ხოლო ჩვენი მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა: ლარის კურსის დაცემის გამო მოსახლეობას ნაკლები შესაძლებლობა აქვს იყიდოს ის, რაც შეეძლო, 2-3 წლის წინ იმავე თანხით შეეძინა.

GzaPress

- ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ დოლარის გამყარების ტენდენცია მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში შეინიშნება.

- დიახ, დოლარის გამყარების ტენდენცია ყველგან დაიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ ტენდენციას არასწორი პოლიტიკა და შეცდომებიც დაერთო.

- ეროვნულ ბანკს ხომ არ გულისხმობთ, რომელსაც ლარის გაუფასურების გამო ხშირად აკრიტიკებენ?

- დავუშვათ, ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა, მაგრამ როდესაც იმოქმედა, შედეგი მივიღეთ?.. ეს იყო მხოლოდ ორდღიანი შედეგი, მაგრამ მერე ლარის გაუფასურება გაგრძელდა. ამიტომ, ეროვნული ბანკის დადანაშაულება ამაში გამართლებულად არ მიმაჩნია. თანაც, ეროვნულმა ბანკმა სერიოზული რეზერვები დახარჯა; ხვალ და ზეგ რომ დაგვჭირდეს, ეს რეზერვები აღარ გვექნება. ამიტომ ჯობია, მიზეზი სხვაგან ვეძებოთ. პრობლემა ეკონომიკური სტაბილურობის სფეროშია. ქვეყანაში არ ვითარდება ბიზნესი, რომელიც დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის აღმავლობას გამოიწვევდა. თანამედროვე ქვეყანაში მთავრობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ბიზნესს, ჩვენთან კი ისეთი რეგულაციები შემოდის, რომელიც მას ხელს უშლის. პარლამენტში არსებობენ ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ხელს უშლიან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. საწარმოო პროგრამები ერთ წრეზე ტრიალებს და მთავრობის ფულიც ერთი ჯიბიდან მეორეში გადადის. ქვეყანაში რეალური წინსვლა არ გვაქვს: 2-3-%-იანი ეკონომიკური ზრდა არაფერია, ეს პირიქით - უკუსვლაა. ამიტომ, როგორიც არის ქვეყნის ეკონომიკა, ასევე იქცევა ეროვნული ვალუტაც. როდესაც ქვეყანაში ბიზნესი არ ვითარდება, ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. თანაც, არსებობს ეჭვი, რომ ჩვენი ქვეყნიდან მოხდა დოლარის გადინება, რამაც მისი რაოდენობის შემცირება გამოიწვია. ეს არის მთავარი მიზეზი, თორემ ჩემს ჩამოთვლილ ფაქტორებს არ შეეძლო, ლარის კურსზე ასე ემოქმედა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა სპეკულაციურ გარიგებებს და საქართველოდან დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა გავიდა ან სადღაც გაჩერდა. სამწუხაროდ, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს თანხა ქვეყანას უკან დაუბრუნდება და ლარიც სტაბილური გახდება.

- ასეა თუ ისე, ექსპერტების ნაწილი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს ლარის მომავალი კურსის გამო...

- ამ პესიმიზმს საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან უცხოური ვალუტის მთავარი წყარო არის ბიზნესი, რომლითაც ქვეყანაში ვალუტა შემოდის. ჩვენ არ გვაქვს ბიზნესი, მაგრამ გვაქვს მთელი რიგი რეგულაციები, რომლებიც ბიზნესს "ჭამს" და თრგუნავს. ამიტომ, ეს რეგულაციები როგორღაც უნდა შევარბილოთ. ნაცვლად ამისა, არსებობს მოლოდინი, რომ მომავალში რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება და რადგან ქვეყანაში ბიზნესი არ ვითარდება, ლარის კურსის გამყარების ილუზია უახლოესი თვეების განმავლობაში არ უნდა გვქონდეს. ეს ყველაფერი არასწორი პოლიტიკის, არასწორი რეგულაციების ბრალია. ადამიანებში ჩახშულია იმედი და სურვილი, რომ ბიზნესი აწარმოონ. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ხომ საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ ბანკებში ანაბრების რაოდენობა იზრდება: ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანებმა თანხა ბიზნესში ჩადონ, ანაბრებს ზრდიან, რადგან ეს უფრო სტაბილური გახდა, ვინაიდან არ არის სტაბილური გარემო ბიზნესის წამოსაწყებად. ვხედავ - რაც ცუდი ხდება ქვეყანაში, "ნაციონალურ მოძრაობას" ჰბრალდება, ეროვნული ბანკი კი, რატომღაც მასთან არის ასოცირებული. ამიტომ, შეკითხვა მაქვს: თუ ამ ქვეყანაში ყველაფერს "ნაციონალები" აკონტროლებენ, კრიმინალს ისინი უწყობენ ხელს, არასტაბილურობასაც, მაშინ მთავრობა რაღას აკეთებს? ხელისუფლებამ ხომ უნდა შეძლოს, ქვეყანაში სიტუაცია აკონტროლოს, რომ სადავეები რომელიღაც პოლიტიკური პარტიის ხელში არ აღმოჩნდეს?! თუ ქვეყანას მართავ, მაშინ ის შედეგი უნდა გქონდეს, რასაც ხალხს ჰპირდებოდი, - ეს არის და ეს!