პუტინის თავის ტკივილი და ლუკაშენკოს პორტფელში შენახული საიდუმლო - გზაპრესი

პუტინის თავის ტკივილი და ლუკაშენკოს პორტფელში შენახული საიდუმლო

პოლიტიკური ექსპერტების ერთმა ნაწილმა საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის მოგვარების წინა პირობად მიიჩნია და ივარაუდა, რომ ლუკაშენკო ჩვენს ქვეყანაში პუტინის დავალებით ჩამოვიდა. ამ ვერსიას "მარტივი ფორმულა" უწოდა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა. მისი აზრით, ქართველი და ბელორუსი პრეზიდენტების შეხვედრას სხვა საფუძველი აქვს და ეს ფაქტი გაცილებით სიღრმისეულია, ვიდრე ეს მავანთ წარმოუდგენიათ.

- ბატონო სოსო, რატომ გამორიცხავთ, რომ ლუკაშენკო საქართველოში პუტინის დავალებით იყო ჩამოსული?

- ალექსანდრე ლუკაშენკო ის აღარაა, რაც 15-20 წლის წინ იყო. ბელორუსი პრეზიდენტი ძნელად პროგნოზირებადი პოლიტიკოსია და ამაში დარწმუნება ყველაზე ხშირად სწორედ პუტინს უწევდა. როდესაც ლუკაშენკო ერთიან სახელმწიფოზე საუბარს წამოიწყებდა, პუტინს ეგონა, რომ ბელორუსი პრეზიდენტი ერთიან რუსეთსა და ბელორუსიას მოიაზრებდა, ბოლოს კი აღმოჩნდებოდა, რომ ლუკაშენკოს თავად ჰქონდა პრეტენზია, გამხდარიყო ერთიანი სახელმწიფოს პრეზიდენტი. წლების განმავლობაში ის მუდმივი თავის ტკივილი იყო რუსეთისთვის. უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას კი აშკარად გაემიჯნა მოსკოვს. ლუკაშენკო უკვე საჯაროდ ამბობდა, რომ უკრაინა მათი აკვანია და მისი მიტოვება, დანაწევრება მიუღებელია.Bბოლო დროს დასავლეთის ისეთი დიდი ნდობა დაიმსახურა, რომ მასთან სტუმრობას საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები არ თაკილობენ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ლუკაშენკოს ამ ორ ქვეყანაში სტუმრობა აკრძალული აქვს. პუტინს საქართველოს ხელისუფლებისთვის რაიმე სათქმელი რომ ჰქონოდა, ამას ბატონი კარასინის საშუალებითაც მოახერხებდა. გარდა ამისა, ჟენევის ფორმატშიც შეეძლო, ნებისმიერი შინაარსის გზავნილის შემოთვლა. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ლუკაშენკოსთვის პუტინის ფოსტალიონის სტატუსი ძალზე დამაკნინებელია. თბილისში მისი სტუმრობა გაცილებით მასშტაბური და მნიშვნელოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ ორ პრეზიდენტს შორის რუსებთან ურთიერთობის შესახებაც შემდგარიყო საუბარი, მაგრამ არა მგონია, ლუკაშენკოს აღტაცება გამოეთქვა ბელორუსიისა და რუსეთის თანაარსებობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - საქართველოს ძველი და ახალი პრეზიდენტების მიმართ მადლიერების გამოხატვის სურვილიც იყო. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობისას არაერთხელ მიმართა დასავლეთის ლიდერებს თხოვნით, არ გაერიყათ ბელორუსია ევროპული სივრცისგან და არ დაეტოვებინათ რუსეთის ბრჭყალებში. ამასთანავე, ჩვენი სახელმწიფოს მეთაურსაც ჰქონდა ბუნებრივი სურვილი, მადლობა ეთქვა ლუკაშენკოსთვის იმის გამო, რომ კრემლის საკმაოდ მძიმე ზეწოლას გაუძლო და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. უფრო მეტიც, ეს თემა განხილვის საგნადაც კი არ აქცია. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი საინტერესო სტუმარი იყო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამ ვიზიტის მიმართ საკმაოდ დიდ ინტერესს გამოხატავს ევროპაც.

- შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ ბელორუსიისა და საქართველოს უსაფრთხოება. თქვენი აზრით, ამ მიმართულებით რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

GzaPress- დეკლარაციაში, რომელსაც ლუკაშენკომ და მარგველაშვილმა მოაწერეს ხელი, პირველ რიგში ხაზგასმული იყო საქართველოსა და ბელორუსიის მეთაურების მიერ ერთმანეთის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და დაცვა. ლუკაშენკოს შესანიშნავად ესმის, პუტინის ახირების შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ბელორუსია. ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინა არ დაინდო, კიდევ უფრო მყიფეს ხდის ბელორუსი ხალხისთვის სიმშვიდის განცდას. პუტინს ძალიან მარტივად შეუძლია, გამონახოს ბელორუსიის "დონეცკიც და ლუგანსკიც". ამ ვითარებაში ლუკაშენკოსთვის უსაფრთხოების თემა ძალზე მნიშვნელოვანია.

- პოლიტოლოგები და ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტების შეხვედრისას, იმ თემების გარდა, რაზეც ლუკაშენკომ და მარგველაშვილმა ღიად ისაუბრეს, განხილული იყო თემები, რომლებიც გასაიდუმლოებულია. რა საიდუმლო გეგულებათ ლუკაშენკოს პორტფელში?

- ლუკაშენკოს პორტფელში შენახულ საიდუმლოზე პუტინმა იდარდოს. როგორც უკვე გითხარით, ლუკაშენკომ სისხლი გაუშრო ჯერ მედვედევს, შემდეგ - პუტინს, თავისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკით. სხვათა შორის, ლუკაშენკომ სწორედ ასეთი მიდგომებით გახადა საკუთარი პერსონა საინტერესო, როგორც რუსეთისთვის, ისე - დასავლეთისთვის. შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს ქალბატონ სობჩაკთან. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკვე შეეჩვია რუსეთის ლიდერისგან მის მიმართ შეფურთხებას. ისიც პირდაპირ თქვა, - არ ვარ ევროპის უკანასკნელი დიქტატორიო. ეს ფრაზა რომ პუტინის მისამართით იყო ნათქვამი, დარწმუნებული ვარ, თავად რუსეთის პრეზიდენტმაც მშვენივრად იცის.

- პუტინის გაღიზიანება და მისთვის თავის ატკივება ჩვენც და ბელორუსიასაც ძვირად ხომ არ დაგვიჯდება?

- როგორც ჩანს, ბელორუსიის პრეზიდენტს ყველაფერი აწონ-დაწონილი აქვს. ის თავისი გამონათქვამებითა და ქცევებით, თბილისისა და მოსკოვის გარდა, ევროპისკენაც უშვებს გზავნილებს - იმ ევროპისკენ, რომელიც რუსეთისთვის სანქციების შესუსტებას არ აპირებს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს პუტინის წინაშე თავის მართლებისთვის ის ერთი-ორი ფრაზაც აქვს შემონახული, რომელმაც სკეპტიკოსთა ყურადღება მიიპყრო და მარგველაშვილი-ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოს პრორუსულ ვექტორზე გადასვლის საწყის ეტაპად მიიჩნია.

- იმის შესახებ რას იტყვით, რომ ლუკაშენკომ რუსეთთან პოზიციების დაახლოებასა და "ერთიან ოჯახში" დაბრუნებაზე ისაუბრა?

- სწორედ ეს თემები მქონდა მხედველობაში, როდესაც გითხარით, პუტინის წინაშე თავის მართლებისთვის ერთი-ორი ფრაზა აქვს შემონახული-მეთქი. დიახ, მან ნამდვილად ისაუბრა "ერთიან ოჯახში" დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც "ქოთანს ყურს საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ". კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბელორუსი პრეზიდენტი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ლუკაშენკოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულმა პოზიციამ ყაზახეთის პრეზიდენტ ნაზარბაევზეც იქონია გავლენა. მან სწორედ ლუკაშენკოს განცხადებების შემდეგ გამოხატა მზადყოფნა, დახმარებოდა უკრაინას, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.

- გავრცელებული ინფორმაციით, მარგველაშვილისა და ლუკაშენკოს შეხვედრისთვის თბილისი ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის პრემიერი საქმის კურსში არ იყო?

- აშკარაა, რომ ლუკაშენკო ბევრად უფრო გონიერი სახელმწიფო მოღვაწეა, ვიდრე ჩვენს ხელისუფალთა გარკვეული ნაწილი. მან სრულიად უმტკივნეულოდ აუარა გვერდი საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერს შორის არსებულ გაუგებრობას და აკადემიური სიზუსტით განიხილა პოლიტიკური საკითხები საქართველოს პრეზიდენტან, ხოლო ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თემების განსახილველად, პრემიერ-მინისტრი მინსკში მიიწვია. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ განვლილი 21 წელი არ ყოფილა წყალში გადაყრილი დრო და ლუკაშენკო სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ხათუნა ბახტურიძე