"რიგგარეშე არჩევნების გარდა, არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს" - გზაპრესი

"რიგგარეშე არჩევნების გარდა, არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს"

არადა, პრემიერი სასწრაფო წესით ითხოვდა ახალი მინისტრების წარდგენასა და დამტკიცებას. იმასაც ამბობენ, თითქმის ქუთაისამდე იყვნენ ჩასულები პრემიერი და მომავალი მინისტრები - პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად მიეშურებოდნენ, როცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიტყვეს და იძულებული გახდნენ, უკან ხელმოცარულები დაბრუნებულიყვნენო. არახალია, პრეზიდენტი და პრემიერი ბევრ რამეში ვერ თანხმდებიან. ბევრჯერ ვნახეთ მათი კინკლაობა. ხან ვიზიტებს ვერ იყოფენ, ხანაც სასახლიდან გამოყვანით ემუქრებიან მარგველაშვილს. ყველას გვახსოვს, როგორი გავლენა და უფლებები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და იმ ფონზე პრეზიდენტ მარგველაშვილის უუფლებობა საზოგადოებისთვის თვალში საცემია.

კონსტიტუციით, ის უფლებები, რაც პრეზიდენტს ადრე ჰქონდა, პრემიერ- მინისტრს აქვს მინიჭებული. 2010 წელს ახალი კონსტიტუცია დაიწერა და ყველამ იცის, რომ სააკაშვილი პრემიერობისთვის ემზადებოდა, ამიტომ პრეზიდენტის უფლებები ახალი კონსტიტუციით, პრემიერს მიანიჭეს.

ახალმა ხელისუფლებამ კი კონსტიტუცია უცვლელად დატოვა. კონსტიტუციონალისტი ვახტან ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ახალ ხელისუფლებას ქვეყანაში ცვლილებები კონსტიტუციის შეცვლით უნდა დაეწყო.

- ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს? ცალსახაა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.

GzaPress- დღეს მთავარი სამთავრობო ცვლილებებია. საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში იყო მოლოდინი, რომ ცვლილებები განხორციელდებოდა ეკონომიკურ გუნდში, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, მიღებული გადაწყვეტილება სწორია. მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის ცვლილები შედეგს ამ ეტაპზე ვერ გამოიღებდა. სანამ ახალი მინისტრები გაერკვეოდნენ, იმ გეგმას გაეცნობოდნენ, რომელიც იმედია, მთავრობას აქვს, მეტ დროს დაკარგავდა ხელისუფლება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე მართლა ჯობდა, დარჩენილიყვნენ ეკონომიკური გუნდის მინისტრები. როგორც ჩანს, მთავრობას აქვს ლარის კურსთან დაკავშირებული რაღაც გეგმები და ალბათ უნდათ, ეს ამოწურონ. ახალი შემადგენლობისთვის პარლამენტის ნდობის გამოცხადების შემდეგ, თუ აუცილებლობა მოითხოვს, პრემიერს უპრობლემოდ შეეძლება კიდევ 6 მინისტრის შეცვლა. მგონია, რაღაც პროცესი დაიწყო და ეს არ ამოიწურება ამ ცვლილებებით, რაც განხორციელდა. ველოდები უფრო კარდინალურ ცვლილებებს.

- რადიკალურ ცვლილებებში პრემიერ-მინისტრის შეცვლას გულისხმობთ?

- ვფიქრობ, მოხდება მთლიანი გუნდის, მათ შორის - პრემიერის შეცვლა. თუ მთავრობა განახორციელებს რადიკალურ ცვლილებებს და სახელისუფლებო გუნდი წავა, ამას უნდა მიებას აუცილებლად საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნები. ჩემი აზრით, არ არსებობს სხვა მექანიზმი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა. ეს პროცესი ვადამდელ არჩევნებამდე მიგვიყვანს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ საიმისოდ, რომ მმართველმა გუნდმა შეინარჩუნოს ძალაუფლება. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, 2016 წლის არჩევნებისთვის საკმაოდ რთული ვითარება იქნება ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მმართველი გუნდის პრობლემები ნაკლებად მაწუხებს, 2016 წლის არჩევნები შეიძლება აღმოჩნდეს დესტაბილიზაციის გამომწვევი, მაპროვოცირებელი და ეს მაწუხებს. დღევანდელ ხელისუფლებას არ გააჩნია ის პოლიტიკური კაპიტალი, რომ მან რადიკალური რეფორმები განახორციელოს ქვეყანაში და აქედან მიღებული შედეგი აღმოჩნდეს საკმარისი, რომ 2016 წელს შეინარჩუნოს თუნდაც ის რეიტინგი, რაც დღეს აქვს. დღეს მმართველ პოლიტიკურ გუნდს ნდობის მოპოვება სჭირდება და ეს უნდა განხორციელდეს. რიგგარეშე არჩევნები იმასაც ნათელს გახდის, ივანიშვილი ისევ პოლიტიკაშია თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი ერევა მთავრობის საქმიანობაში?

- რა დოზით ერევა ის ხელისუფლების საქმიანობაში, ამის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ მოსახლეობაში ეს განცდა არის. რიგგარეშე არჩევნებით პოლიტიკური ვერდიქტი გამოტანილი იქნება "ნაცმოძრაობის" მიმართაც. ბუნებრივია, სამართლებრივი პროცესი თავისი გზით უნდა წავიდეს. ფაქტია, ხელისუფლებამ ვერ თუ არ შეძლო პოლიტიკური შეფასება მიეცა 9-წლიანი მმართველობისთვის. რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება იმის ძახილიც - 9 წელი რას აკეთებდით? ანუ რიგგარეშე არჩევნები მოგვიტანს სტაბილურობას, მოსახლეობის ადეკვატური განწყობა ასახული იქნება და გამოაჩენს ივანიშვილი მონაწილეობს თუ არა პოლიტიკაში. იმედი მაქვს, მმართველი გუნდი შეინარჩუნებს უმრავლესობას პარლამენტში, თუმცა, ეს უმრავლესობა არ იქნება ისეთი მყარი, როგორიც დღეს არის.

- ვერ გაამართლა ამ მთავრობამ?

- თუ ობიექტური ვიქნები და ღვთის წინაშე მართალი, ვიტყვი: ჩვენ იმდენად რთული პრობლემები გვაქვს და იმდენად ბევრია პრობლემა ქვეყანაში, რომ არ არსებობს მთავრობა, რომელიც 4-5 წელიწადში ქვეყანას ამ პრობლემებიდან გამოიყვანს. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა დაეწყოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, ეს არ მოხდა. ეს იყო ყველაზე აუცილებელი, რაც სტაბილურად განავითარებდა ქვეყანას. ჩვენ ხომ იმავე სისტემაში ვცხოვრობთ, რაც სააკაშვილმა დაგვიტოვა.

- კონსტიტუციის ცვლილებას გულისხმობთ?

- კონსტიტუციასთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან დაკავშირებული პრობლემები სახეზეა. კონსტიტუციაში რა ეწერა, ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა სააკაშვილისთვის. ის რასაც იტყოდა, ისე შედიოდა შესწორება კონსტიტუციაში. ეს პრობლემები უნდა გამოესწორებინა პირველ რიგში ხელისუფლებას. ერმა უნდა გადაწყვიტოს, ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტები დემოკრატიული პროცედურებით თუ უნდა წავიდეთ ავტორიტარიზმისკენ. ავტორიტარულ მმართველობას ცხადია, ვერ შევეგუებით. წესით, უნდა შევძლოთ და გადავიდეთ დემოკრატიისკენ. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით უნდა დაეწყო "ქართული ოცნებას" მუშაობა.

GzaPressეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია, რაც გაკეთდა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, კარგია, მაგრამ ზოგად სურათს ეს ვერ შეცვლის, ეს იქნება დროებითი, თუ არ გამყარდება დემოკრატიული ინსტიტუტები.

- მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ და ყველა ამბობდა, რომ კონსტიტუაცია მოირგო. დღეს რა გამოდის, ახალმა ხელისუფლებამ მოირგო სააკაშვილის შეტანილი ცვლილებები?

- კიდევ ერთხელ ვამბობ: რა თქმა უნდა, კონსტიტუციის შეცვლით უნდა დაეწყოთ ყველაფერი. საარჩევნო კოდექსი, თვითმმართველობის კოდექსი, მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ანუ ის, რაც ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ეს ყველაფერი მთლიანად, ერთ კონტექსტში უნდა განიხილონ და სახელმწიფო პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაცია უნდა მოხდეს. დავტოვეთ ის კონსტიტუცია, რომელიც 2010 წელს მიიღეს. სააკაშვილი ხვდებოდა, რომ მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ იქნებოდა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები გადმოწერა პრემიერის უფლებამოსილებებში. ამით კონსტიტუციის არსი არ შეცვლილა.

- ვხედავთ კონფლიქტებს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. ბოლო მაგალითი სახეზეა: მთავრობის შემადგენლობის წარდგენა პრეზიდენტმა ერთი კვირით გადასწია და გზიდან მობრუნდა პრემიერი. მსგავსი ფაქტები რომ არ მოხდეს, ამის დასარეგულირებლად თქვენი აზრით, ისევ პრეზიდენტს უნდა დაუბრუნდეს უფლებები თუ სხვა მოდელი უნდა არსებობდეს ქვეყანაში?

- პრეზიდენტი ვერ ჩაერევა მთავრობის დაკომპლექტებაში. აბსოლუტურად გაუგებარია, რაც მარგველაშვილმა გააკეთა. "მინდა და ვაკეთებ", - ამას ნიშნავს მარგველაშვილის ქმედება. თუ პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ რაღაც შედეგს გამოიღებდა, ეს, მაშინ უფრო რთულად ყოფილა საქმე, ვიდრე გვგონია და ის რეალობასაა მოწყვეტილი. თუ ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტი ისევ ამ შემადგენლობას არ წარადგენს, დაარღვევს კონსტიტუციას. პრეზიდენტი ვერ მონაწილეობს მთავრობის ფორმირებაში, ამას უნდა შეეგუოს ყველა. კანონს უნდა დავემორჩილოთ. თუ კანონი არ ვარგა, მაშინ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ კანონი და არა იმაზე, - როგორ დავარღვიოთ. კანონი არ უნდა იძლეოდეს ორმაგი წაკითხვის საშუალებას. პარლამენტსაც აქვს ერთი კვირა, რომ რეალურად განიხილოს საკითხი. მსგავსი რაღაცები რომ არ მოხდეს, კონსტიტუცია შესაცვლელია. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც იმუშავებს სახელმწიფო მოწყობაზე. ეს უნდა გაკეთდეს კონსტიტუციით, სხვა კანონპროექტებითა თუ კოდექსებით, რომელიც საბოლოოდ დემოკრატიულ სისტემას შექმნის.

- დღეს მართვის რა მოდელი მოქმედებს ჩვენთან?

- საპარლამენტო მმართველობა ძალიან დიდი ავტორიტარული ხასიათით. თავისთავად, მარტო საპარლამენტო მმართველობა ვერაფერს შეცვლის, თუ არ იქნა განშტოებები. ჩვენ გვჭირდება კლასიკური საპარლამენტო მმართველობა. ეს იქნება მნიშვნელოვანი. მგონია, რომ ამ მიმართულებით წასვლა ჯობია. ამ კონსტიტუციით ფაქტობრივად, შეუძლებელია, პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადოს თავისსავე დანიშნულ ხელისუფლებას. მნიშვნელობა არა აქვს, ერთპიროვნული მმართველი პრეზიდენტი იქნება თუ პრემიერი, პარლამენტი უნდა იქცეს იმ ორგანოდ, რომელიც აკონტროლებს მთავრობას. საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობს ამ ერთკვირიანი დროის აღებით მარგველაშვილი? კანონით ნამდვილად შეუძლია დრო გაჭიმოს. ცუდია, რომ ისევ გრძელდება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ბავშური კინკლაობა. ქვეყანაში იმდენად ბევრი პრობლემაა, არ შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, იჯდეს თუ არა პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლეში.

- ბევრს საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია სასახლიდან მარგველაშვილის გამოყვანა.

- ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ის ფართობი ვერც ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას და ვერც ლარის კურსს დაასტაბილურებს. სახელმწიფოს მეთაური უნდა იჯდეს იქ, კონსტიტუციაში ასე წერია და ჩემი აზრითაც, იქ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური. ეს თემა რომ ხდება საზოგადოების განსჯის საგანი, ეს არის ცუდი. პრემიერსა და პრეზიდენტს ადამიანური ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ. თავის დროზე კაჩინსკისა და ტუსკს ჰქონდათ პრობლემები პოლონეთში. საფრანგეთშიც იყო თავის დროზე მსგავსი პრობლემები.

- თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი რა დოზით ერევა მიმდინარე პროცესებში?

- არ ვიცი, რამდენად ერევა, მაგრამ მისი ინტერვიუებიდან თუ ვიმსჯელებთ, ამბობს, მექანიზმები არა მაქვსო, მაგრამ ფაქტია, მისი სიტყვა კანონზე მაღლა დგას და რა მნიშვნელობა აქვს მექანიზმს? მის გამოთქმულ მოსაზრებებს მოსდევს ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქციები. ესაა პრობლემა.

- თქვენი აზრით, დაბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში?

- თავიდანვე ვიყავი მომხრე, მისი პოლიტიკაში ყოფნის. ვგულისხმობ მის გავლენას ქართველ საზოგადოებაზე. ამიტომ მგონია, რომ ის უნდა დაბრუნდეს. ეს იქნებოდა ძალიან კარგი. მოსახლეობის განაწყენების მიუხედავად, რეალურადDდღეს სხვა გამოკვეთილი ლიდერი არ არის, თუმცა, შეიძლება გამოჩნდეს სხვაც. 2012 წლის არჩევნებში აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა არა კოალიციას, არამედ - ივანიშვილს. ნდობის მანდატი მას ეკუთვნოდა და წასვლის დროს თან გაიყოლა ნდობის მანდატიც. ხელისუფლება დარჩა პოლიტიკური კაპიტალის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ხიდაშელი და აგულაშვილი კარგი მინისტრები იქნებიან. რომ გითხრათ, მათი მოსვლა თანამდებობაზე რამეს კარდინალურად შეცვლის, სულ მცირე, მმართველი გუნდის რეიტინგს აწევს-მეთქი, ტყუილი იქნება.

თეა ხურცილავა